კრის ფრუმი ვუელტა 2011-ის გამარჯვებულად გამოცხადდა

ბრიტანელი კრის ფრუმი 2011 წლის ვუელტას გამარჯვებულად გამოცხადდა! ეს ინფორმაცია ახლახანს გაავრცელა ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირმა (UCI).

ფრუმმა, ვინც მიმდინარე ტურ დე ფრანსს ტრავმის გამო ტოვებს, 2011 წლის ვუელტა II ადგილზე დაასრულა, თუმცა გრან ტურის გამარჯვებული, ესპანელი ხუან ხოსე კობო ახლახანს დოპინგზე ჩავარდა და ტიტული ჩამოერთვა.

ის ვუელტა ფრუმმა II ადგილზე დაასრულა, კიდევ ერთი ბრიტანელი სერ ბრედლი უიგინსი კი III იყო. კობოს დისკვალიფიკაციის შემდეგ ფრუმი ჩემპიონად გამოცხადდა, უიგინსი ვიცე-ჩემპიონად, III ადგილზე კი ნიდერლანდელი ბაუკე მოლემა აღზევდა.

UCI-იმ კობოს დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება ერთი თვის წინ მიიღო. ფორმალურად ფრუმი მაშინვე გახდა ჩემპიონი, თუმცა ხუან კობოს 30 დღის ვადაში შეეძლო სასჯელის გასაჩივრება. 38 წლის ესპანელმა, ვინც კარიერა უკვე დაასრულა, ხსენებული უფლებით არ ისარგებლა და დღეს ფრუმს ოფიციალურად მიენიჭა 2011 წლის ვუელტის ჩემპიონის ტიტული.

საერთაშორისო კავშირის ამ ნაბიჯით ფრუმს გრან ტურებზე 7 გამარჯვება დაუგროვდა: ვუელტა მან 2017 წელსაც მოიგო, ამას გარდა 4-ჯერ გაიმარჯვა ტურ დე ფრანსზე, ერთხელაც ჯირო დ’იტალიაზე.

გრან ტურებზე 7 ტრიუმფით კრის ფრუმი იტალიელი ფაუსტო კოპის და ესპანელების – მიგელ ინდურაინის და ალბერტო კონტადორის გვერდით დადგა. მათზე წინ მხოლოდ ლეგენდარული ბელგიელი ედი მერქსი (11 გამარჯვება) და ფრანგები ბერნარ ინო (10) და ჟაკ ანკეტილი (8) არიან.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 18 ივლისი)

ka_GEGeorgian