ჩვენ ჯერ არაფერი გვინახავს
ხვიჩა კვარაცხელიას მეათე თამაში სერია ა-ში, კიდევ ერთი საგოლე გადაცემა და მორიგი კომპლიმენტი, ამჯერად ვიქტორ ოსიმენისგან.
ნიგერიელმა თავდამსხმელმა კვარაცხელიას პასით შეაგდო გამარჯვების ბურთი, მატჩის შემდეგ კი ჟურნალისტს, რომელმაც ჰკითხა, კვარამ უკვე ყველა მოხიბლა თუ არაო, ასე უპასუხა: თქვენ ჯერ არაფერი გინახავთ.
ჩვენი ბიჭის თავგადასავალი იტალიურ საკლუბო ფეხბურთში სულ უფრო საინტერესო ხდება, რადგან ნაპოლი ყოველ თამაშში ისტორიას წერს:
1: ლუჩანო სპალეტის გუნდმა სეზონში ზედიზედ მე-10 მატჩი მოიგო და ეს სერია კაი ხანია სარეკორდოა;
2: შეცვლაზე შესულმა ნეაპოლელებმა უკვე 7 გოლი გაიტანეს ამ ჩემპიონატში და ევროპის საუკეთესო ხუთ ლიგაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;
3: ჟუან ჟეზუსი ნაპოლის მე-15(!) ფეხბურთელია, რომელმაც მიმდინარე სეზონში გოლი გაიტანა და სპალეტის გუნდი ამ მხრივაც პირველია ევროპაში;
და რაც არანაკლებ შთამბეჭდავია: ნაპოლიმ მეხუთედ ითამაშა ოქტომბერში, ხუთივე შეხვედრა მოიგო და ყველა მეტოქეს მინიმუმ სამი გოლი უსახსოვრა: 3:1 ტორინოსთან, 4:1 კრემონეზესთან, 3:2 ბოლონიასთან და 6:1 და 4:2 აიაქსთან.
ხვიჩას და რეკორდებზე მონადირე მის თანაკლუბელებს ერთ კვირაში შევხვდებით სუპერთამაშით: 23 ოქტომბერს სერია ა-ს ლიდერ ნაპოლის რომა უმასპინძლებს.
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 16 ოქტომბერი)
ფოტო: sscnapoli.it