ჩვენი ბრძოლა

რამდენიმე საათში თბილისის ლოკომოტივი ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოსკოვის დინამოს უმასპინძლებს.
თავს არ მოვიტყუებ: ერთმატჩიან ევროპაექრობაში მეტოქეა ფავორიტი (მიზეზებს აღარ ჩამოვთვლი), მაგრამ ფეხბურთი ზუსტად იმიტომ მიყვარს, რომ იქ, მწვანე მინდორზე, ფავორიტი პირობითი ცნებაა და ყოველთვის ვერ იგებს.

თუ მოინდომებ, შენზე ძლიერსაც აჯობებ.

რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრებმა ყველაფრის მომგებ ესპანელებს მათსავე მინდორზე მოუგო. კი, ამხანაგური იყო ის თამაში, მაგრამ ის ესპანეთი მსოფლიო-ევრომატჩებს კი არა, ამხანაგურსაც იშვიათად აგებდა.

ჰოდა, რატომაც არა? მოინდომონ ბიჭებმა და გვაჩუქონ პატარა დღესასწაული!

მჯერა ამ გახრწნილ და უბედურებებით დატანჯულ ქვეყანაში ლოკომოტივის გამარჯვება მხოლოდ ფეხბურთზე გადარეულებს არ გაგვეხარდება. მათაც ესიამოვნებათ, წლების მანძილზე ერთი-ორჯერ რომ შემოიხედავენ სტადიონზე.

თავს არც იმით მოვიტყუებ, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ.

გონიერი კაცისთვის სპორტიც პოლიტიკაა. და რიგ შემთხვევაში უთვალავ თოფ-იარაღზე მჭრელი და სასურველი.

თბილისის ლოკომოტივის მეტოქე მოსკოვის დინამო რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ტიტულიანი კლუბია.

მოსკოვი რუსეთის დედაქალაქია, რუსეთი კი ოკუპანტია. და ოკუპანტია ორ საუკუნეზე მეტია.

როგორც ასეთ დროს იტყვიან: ორჯერ ორი ოთხია.

უბრალოდ, ვიღაცები წლებია ცდილობენ დაგვაჯერონ რომ ორჯერ ორი ოთხს არ უდრის.

თუ ვინმე არ აკლდა საქართველოს, მედროვეები და ოცდაათ ვერცხლად გაყიდულები – ისინი იყვნენ, არიან და თუ მე, შენ, ჩვენ ასეთებს პირში არ მივახალეთ სათქმელი, არც ხვალ გაქრებიან.

მათი სახელი ლეგიონია.

ოკუპანტს კი, ჩემგან არ გესწავლებათ, ყველგან და ყოველთვის უნდა ეომო.

რუსეთი 24 წლის წინ, 1996 წლის 24 სექტემბერსაც ოკუპანტი იყო.

იმ საღამოს თბილისის დინამო უეფას თასის 1/32ფინალის საპასუხო შეხვედრაში მოსკოვის ტორპედოს დაუპირისპირდა. თამაში 1:1 დასრულდა – გოჩა ჯამარაულის ეფექტური გოლით დინამო 83ე წუთამდე იგებდა.

ის პაექრობა ვერა, მაგრამ ორმატჩიანი დუელი კი მოიგო დინამომ. ორი კვირით ადრე, მოსკოვში, იმავე ჯამარაულის ერთადერთი ბურთით, ჩვენ გავიხარეთ.

რატომ გამახსენდა 1996 წლის 24 სექტემბრის სარბიელი?

თბილისური 1:1ის შემდეგ, ჩამოტყავებულ საკონფერენციო დარბაზში მოსულმა დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა დავით ყიფიანმა ჩვენთან, უზომოდ გახარებულ ჟურნალისტებთან შეხვედრა სარბიელისადმი მადლობით დაიწყო: დილით, სახლიდან გამოსულმა გაზეთი რომ დავინახე, ოცამდე ნომერი ვიყიდე და თანამშრომლებს მთელ ბაზაზე გავაკვრევინე, უკეთესს ბიჭებს ვერაფერს ვეტყოდიო…

დღევანდელ ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკას ძალიან აკლია ის ძველი სარბიელი, ქართულ ფეხბურთს კი აკლია ბრძოლა და გამარჯვებები.

1996 წლის 24 სექტემბერს დინამოზე მისული 70 ათასიდან თითქმის ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით, რომ მოსკოვის ტორპედოსთან მოგება აფხაზეთს არ დაგვიბრუნებდა, ვერც ჩამოქცეულ მე9 ენერგობლოკს შეაკეთებდა, დენი კვლავაც გრაფიკით გვექნებოდა და პურის რიგებიც არსად გაქრებოდა, მაგრამ დინამოს გამარჯვებამ მაინც უდიდესი სიხარული მოგვანიჭა!

იმიტომ, რომ ყველამ ვიცოდით: პატარა საქართველომ ოკუპანტს სილა გააწნა!

ლამის 25 წელი გავიდა და იმ ამბებს ვიხსენებ.

რატომ? ნაღდი იყო და ამიტომ!

ის პატარა ომი ქართველმა ფეხბურთელებმა მოიგეს, ჩვენ კი ბედნიერები ვიყავით.

ძალიან მინდა, რომ ამ საღამოს ლოკომოტივმაც გამახაროს.

ვიცი, რომ ეს ბევრს არაფერს შეცვლის – სალდაფონები კვლავ მავთულხლართებით ეცდებიან ქართული მიწის მიტაცებას, მაგრამ…

ოკუპანტს ყველგან უნდა ებრძოლო!

თუნდაც მწვანე მინდორზე და თუნდაც ცარიელი ტრიბუნების წინ.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 17 სექტემბერი)

ka_GEGeorgian