კლასიკა – არგენტინა 2:1 ინგლისი

სხვების რა გითხრათ და პირადად მე ფეისბუქი ძალიან ბევრ საქმეში წამადგა. ახლა ამ სოციალური ქსელის პლუსებსა და მინუსებზე საუბარს არ დავიწყებ, მხოლოდ იმას დავწერ რომ დღეს კიდევ ერთი სასიამოვნო მოგონება შემახსენა:
შარშან
ამ დროს საქართველოში, ისევე როგორც ყველგან, ნამეტანი მძიმე სიტუაცია იყო ამ კოვიდ 19ის გამო. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდით რა ჯანდაბა იყო ეს დაავადება და მთავრობის ლოგიკური გადაწყვეტილებით, საყოველთაო უსაფრთხოების პირობებში ვცხოვრობდით – კარჩაკეტილები და შეზღუდულები.
ჰოდა იმ პერიოდს რომ ვიხსენებ, კარგი ბევრი არაფერი მაგონდება. ის კი ნათლად მახსოვს, რომ დაძაბულობისგან რომ არ გავგიჟებულიყავი, 40-50-60იანი წლების ფილმებს ვუყურებდი, ჩემი ფავორიტი ჯეიმს ბონდის სერიებით ვერთობოდი და დროგამოშვებით კლასიკური საფეხბურთო მატჩების ჩანაწერებითაც ვტკბებოდი. გაიხაროს ფიფამ!
ერთი წლის წინ, დაახლოებით ამ დროს ესპანეთი 82ის მშვენებას, იტალია-ბრაზილიის ლეგენდარულ თამაშს ჩავუჯექი და ნააზრევი ფეისბუქზეც გამოვფინე. მერე რაც მოხდა, ძალიან მესიამოვნა და გამეხარდა – ბევრმა მეგობარმა დაწერა თავის აზრი და ყველამ ერთად მცირე ხნით მაინც დავივიწყეთ კოვიდ 19.

რამდენიმე დღის შემდეგ კიდევ ერთი მატჩი ვნახე: მექსიკა 86ის მეოთხედფინალი მსოფლიოს მომავალი ჩემპიონის, არგენტინის ნაკრების და მშვენიერი ინგლისის მონაწილეობით. ისევ ჩემეული გარჩევა, ისევ მეგობრების გამოხმაურება და იმ ძველი და გემრიელი ამბების გახსენება.
დღეს დილით ფეისბუქმა ეს ამბავი გამახსენა და მეც ამიტომ გადავწყვიტე იმ პოსტის კიდევ ერთხელ გაზიარება:

მოგზაურობა წარსულში, სერია მეორე: მექსიკა 1986, 1/4ფინალი, არგენტინა 2:1 ინგლისი.

ეს თამაშიც, 82ის იტალია-ბრაზილიის არ იყოს, 90ებში ვნახე სრულად და გუშინ საღამოს მეორედ ჩავუჯექი.

თუ ვინმე იგივეს დააპირებთ, ჩემი შეცდომა არ გაიმეოროთ – I ტაიმი შეგიძლიათ სრულად გამოტოვოთ, 2 ფსევდო სახიფათო მომენტზე 45 წუთის მოცდენა არ ღირს.

ყველაზე საინტერესო 36ე წუთი იყო, როცა დიეგომ კუთხურის დროს ალამი ძირს დააგდო და თანამსაჯმა სანამ უკანვე არ დააბრუნებინა, ბურთის ჩაწოდების უფლება არ მისცა.

ხოლო რაც შეეხება ჩემეულ შეფასებას, ასეთია:

1: არავითარი კლასიკა ეს მატჩი არაა. მესმის რომ ფოლკლენდის კუნძულების ამბების გამო 86ში ამ თამაშს დიდი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, მაგრამ წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მატჩია – დუნე და არ შემეშინდება ამის თქმა, მოსაწყენიც.
ნუ, ამაზე საინტერესო 1/4ფინალები კიარა, ჯგუფური ეტაპის მატჩებიც ბლომად მინახავს, ამავდროულად მსოფლიო თასის ყველა დროის 25 საუკეთესო მატჩშიც არ შევიტანდი. არაერთი ასეთი ჩამონათვალი მინახავს და ლამის ყველგან ათეულშია.

2: სულ რომ პირველად უყურებდე ფეხბურთს, მალევე მიხვდები რომ არგენტინის 10იანი სხვა დონის მოთამაშეა – პასები, მოედნის ხედვა, კარში დარტყმა… ინგლისელები უჯარიმოდ ფაქტიურად ვერ აჩერებენ და ლამის ყველა სტანდარტულს ის ასრულებს. ერთი სიტყვით, ლიდერი!
2:1ზე არგენტინა ძელს ახვედრებს ბურთს (ტაპია) და ის შეტევა მთლიანად დიეგოს დამსახურებაა. ეცადნენ მაგრამ ვერ წააქციეს და ამან კიდე ლამის ერთი ერთზე გაიყვანა თანაგუნდელი.
მოკლედ, დიეგო აშკარად დიდია!

3: „ღმერთის ხელი“ იმდენად აშკარაა, რომ პიტერ შილტონი დღემდე რომ ვერ პატიობს მარადონას, არ მიკვირს.
და საერთოდ, მე თუ მკითხავთ ასეთი დონის შეხვედრები საფეხბურთო თვალსაზრისით მეორე-მესამე დონის ქვეყნების წარმომადგენელ მსაჯებს არ უნდა ანდო. რატომღაც მგონია, რომ ასეთ მატჩებს მიუჩვევლები, ზედმეტად დაძაბულნი არიან და ასეთ დროს, თქვენც კარგად იცით, შეცდომის ალბათობა იმატებს.
ერთი სიტყვით, იმ ბულგარელ თანამსაჯს, დიეგოს ცრუპენტელობას რომ უყურებდა, წითელი ალამი დაუყოვნებლივ უნდა აღემართა. მშვენივარდ ხედავდა მომენტს და ამიტომ!

4: „ღმერთის ფეხზე“ ახალს ვერაფერს ვიტყვი – შედევრია!
წლების წინ ამ თამაშზე ვკითხულობდი და ექტორ ენრიკეს სიტყვები დამამახსოვრდა, აი იმის, დიეგოს თავის ნახევარზე რომ დაუგორა ბურთი და მერე მარადონამ ის ლეგენდარული რეიდი რომ დაიწყო: ისეთი პასი მივეცი მარადონას, გოლის გატანის მეტი არაფერი დარჩენოდაო!!!

5: ინგლისელებიდან ყველაზე მეტად ტერი ბაჩერი და გლენ ჰოდლი მომეწონა. სხვებთან შედარებით ორივე გონივრულად თამაშობდა, რაც შეეხება ერთადერთი საპასუხო გოლის ავტორ ლინეკერს, ბარნსის გამოჩენამდე ჩაკარგული იყო.

6: მე თუ მკითხავთ, ცხონებულ ბობი რობსონს ჯონ ბარნსი მეორე ტაიმშივე უნდა შეეშვა. გამოვიდა თუ არა, ეგრევე საგოლე პასი შეასრულა და მეორედაც თავზე დაასვა ბურთი ლინეკერს, უბრალოდ ამას ორ მცველთან ორთაბრძოლაში აღარ გაუმართლა.
ერთი სიტყვით, ბარნსის დარი მოთამაშე გყავდეს და მხოლოდ 10 წუთს აძლევდე, ჩემი აზრით დანაშაულია.

7: არ ვიცი დღეს რა ფიქრობენ ბერდსლი, რიდი, ბაჩერი და ფენვიკი (დიეგომ ამათ ჩაუდრიბლინგა, ბაჩერს 2ჯერ) მაგრამ მათ ადგილზე, ვთქვათ ფერდინანდს და ტერის რომ წარმოვიდგენ, მეეჭვება დიეგოს შილტონამდე მიეღწია.

8: 86ის შემდეგ ფეხბურთი აშკარად უკეთესობისკენ შეიცვალა და ეს მხოლოდ მახარებს!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 22 მარტი)
ფოტო:
FIFA.com

ka_GEGeorgian