კორინთოს არხი, ნაფპლიო და პოსეიდონის ტაძარი მითებით
საბერძნეთზე როცა ვსაუბრობ, ძალაუნებურად მითები მახსენდება: ოლიმპოს მთა და ზევსი, იქით ზღვის მბრძანებელი პოსეიდონი… თეზევსი, მეფე ეგეოსი, მინოტავრი… იასონი და არგონავტები, გრძნეული მედეა (ეს ქალბატონი კოლხი კი იყო, მაგრამ ათენში ჩასულმა იმისთანა ამბები დაატრიალა, სამუდამოდ ისტორიაში დარჩა)…
ბერძნული მითები ძალიან საინტერესოა და მეც ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვკითხულობ, მაგრამ ახლა მითებზე არა და, მათთან დაკავშირებულ ადგილებზე კი უნდა ვთქვა ორი სიტყვა: შემოდგომის ერთ მშვენიერ და მცხუნვარე დღეს ზედიზედ მოვინახულე კორინთოს არხი, ნაფპლიო და სუნიოში აღმართული პოსეიდონის ტაძარი (უფრო სწორად კი მისგან დარჩენილი სვეტები). სხვანაირად რომ ვთქვა, რამდენიმე საათით ზღაპრულ ამბებში ამოვყავი თავი!
ათენიდან დილით გასულებმა პირველად კორინთოს არხზე გადავიარეთ. იქაურობა საოცარი სანახავია! ადამიანის ხელით გაჭრილი ეს, ლამის 7-კილომეტრიანი არხი ორ, ეგეოსის და იონიის ზღვებს აკავშირებს ერთმანეთთან და რამდენადაც ვიცი, მსოფლიოს ყველაზე ვიწრო სანაოსნო არხია.
მისი მშენებლობა 1881 წელს დაიწყო და 12-წლიანი შრომის შემდეგ, 1893 წელს დიდი ზარ-ზეიმით გაიხსნა.
ხუმრობა ხომ არაა – ამ, 6,5 კილომეტრი სიგრძის, 22 მეტრი სიგანის და 8 მეტრი სიღრმის არხმა თითქმის 400 კილომეტრით შეუმოკლა გზა გამოცდილ და დამწყებ ზღვაოსნებს!
დღეს ლამის ყველა ბერძნული ტურისტული სააგენტოს გზამკვლევში ამოიკითხავთ, რომ კორინთოს არხით ყოველწლიურად 16 ათასამდე გემი სარგებლობს, სხვადასხვა მონაკვეთზე კი სარკინიგზო, 3 საავტომობილო და 2 საფეხმავლო ხიდია გადებული. არის სამხედრო დანიშნულების ხიდიც, მაგრამ მასზე გასავლელად სპეციალური ნებართვაა საჭირო.
ჩვენ მთავარზე, ეგრეთ წოდებულ ტურისტულ ხიდზე გავიარეთ, რომლის ჩრდილოეთ ნაპირს არხის მთავარი არქიტექტორების სამახსოვრო ქვა ამშვენებს. სხვათა შორის, ეს ადგილი ძალიან პოპულარულია ხიდიდან ხტომის მოყვარულებისთვის, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში ასეთი გართობა დროებით აკრძალული იყო. მიზეზი აღარ მიძებნია…
ბარემ აქვე დავწერ ერთ ბუკლეტში ამოკითხულ ამბავსაც (იმედია დაგაინტერესებთ): არხის გაჭრაზე ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნეში დაფიქრებულა კორინთოს მმართველი პერიანდი, მაგრამ იმის შიშით, წყალმა მიწები არ შთანთქოსო, განზრახვაზე ხელი აუღია. ათწლეულების შემდეგ იგივე მოუწადინებიათ იულიუს კეისარს, ნერონს, კალიგულას, ბიზანტიის იმპერატორებს, მაგრამ სიტყვა საქმედ, როგორც დავწერე, მხოლოდ XIX საუკუნის მიწურულს იქცა…
კორინთოს არხის შემდეგ ნაფპლიოს ჯერი დადგა. ეს პატარა ქალაქი არგოლისის ცენტრია და პოპულარულია ტურისტებს შორის. ნაფპლიოში ყველაზე ძალიან კლდეზე აღმართული მთავარი ციხესიმაგრე მომეწონა, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება და ქალაქის მთავარი საფეხბურთო კლუბის – ზაკინტოსის საფეხბურთო მოედანიც იდეალურად მოჩანს.
ის იყო ციხესიმაგრე მოვიარეთ და დაბლა, ქალაქში დავეშვით, რომ წვიმამაც დასცხო. ბედად, ერთი კოხტა ბერძნული ტავერნაც იქვე იყო და იქაურობას დიდი სიამოვნებით შევაფარეთ თავი…
სუნიოს პოსეიდონის ტაძარი კი ისევ მითიურ სამყაროში გვიბიძგებს: უხსოვარ დროში, მინოასთან დამარცხების შემდეგ, მეფე ეგეოსს ყოველწლიურად 14 ვაჟკაცის მინოტვარისთვის მსხვერპლად შეწირვა დაეკისრა. როცა ეგეოსის ვაჟი, ფისეასი წამოიზარდა, ეს ყველაფერი არ მოეწონა და მამას უთხრა, მე მივხედავ მაგ ამბავსო.
ომი კუნძულ კრეტაზე დაითქვა, ეგეოსმა კი შვილს სთხოვა: შავი იალქნებით კი მიდიხარ, მაგრამ თუ გაიმარჯვებ, შენ გახარებას, თეთრი იალქნები ააფრიალე და ასე დაბრუნდიო.
წავიდა ფისეასი, დაამარცხა მინოასი და სიხარულისგან მთვრალს იალქნების შეცვლა გადაავიწყდა, ეგეოსმა კი, ვინც სანაპიროზე ელოდა შვილს, შავ იალქნებს რომ მოჰკრა თვალი, არც აცია, არც აცხელა და ზღვაში, პოსეიდონთან გადაეშვა. მას შემდეგ დაერქვა იმ ზღვას ეგეოსისა…
მძიმე ამბავია, მაგრამ კარგით, იქ მაინც მოვასვენოთ ის პატიოსანი ხალხი. სუნიოს პოსეიდონის ტაძარი ტურისტებს შორის ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც დაისით ტკბობა უყვარს. მე არ მინახავს, მაგრამ მასპინძლებმა კი მითხრეს, რომ მზის ჩასვლის დროს იქაურობა ზღაპრულია. ინტერნეტში ფოტოები ვნახე და შეუძლებელია მათ სიტყვებს არ დაეთანხო. ნახეთ თქვენც, მართლა დიდებული სანახაობაა!
ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ათენი–კორინთო-ნაფპლიო-სუნიო-ათენი, საბერძნეთი; 2016 წლის 9 ნოემბერი