კრიშტიანუ რონალდუ – 700!
ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩში, რომელიც კიევში, ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა, კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალია უკრაინასთან 1:2 დამარცხდა. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა 72-ე წუთზე პენალტით შეამცირა სხვაობა და მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა მატჩის გადარჩენა ვერ შეძლო, წლების შემდეგ ის 2019 წლის 14 ოქტომბერს, სავარაუდოდ, მაინც ტკბილად გაიხსენებს – ზუსტად შესრულებული პენალტი მისთვის მე-700 გოლი იყო კარიერაში!
რონალდუ მხოლოდ და მხოლოდ მე-6 ფეხბურთელია, რომელმაც ამ ნიშნულს უწია! პორტუგალიელმა 700 გოლი 973-ე ოფიციალურ თამაშში შეაგდო. 458 მატჩში ის მინიმუმ ერთ გოლს იტანდა.
უკრაინის ნაკრებს რონალდუმ პირველად შეუგდო, სანაკრებო გოლების რაოდენობა კი 95-მდე გაზარდა და კიდევ უფრო მიუახლოვდა მსოფლიოს რეკორდსმენს, ირანელ ალი დაეის – 109 გოლი.
ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის ფონდი მხოლოდ უმაღლეს დონეზე და ისიც ოფიციალურ მატჩებში გატანილ გოლებს ითვალისწინებს: ეროვნული ჩემპიონატები და თასები, საერთაშორისო საკლუბო ტურნირები, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები და შესარჩევი მატჩები…
ფისფ-ის ვერსიით, ისტორიაში საუკეთესო გოლეადორი ჩეხ-ავსტრიელი იოზეფ ბიკანია, რომელმაც 1931-55 წლებში 805 გოლი მიითვალა. ლეგენდარული ბრაზილიელი რომარიო (1985-2007) 772 გოლით მეორეა, ფეხბურთის მეფე პელე კი, ვინც ძალიან დიდხანს ითვლებოდა ყველაზე შედეგიან ფორვარდად, 1957-77 წლებში გატანილი 767 გოლით მე-3 ადგილს იკავებს. 746 ოფიციალური გოლით დაასრულა კარიერა ყველა დროის უდიდესმა უნგრელმა ფერენც პუშკაშმა (1943-66), საუკეთესო ხუთეულს კი გერმანელი „გოლების მანქანა“ გერდ მიულერი აგვირგვინებს 1961-81 წლებში შეგდებული 735 გოლით.
კრიშტიანუ რონალდუს 700 გოლი გუნდების მიხედვით ასე ნაწილდება: მადრიდის რეალი – 450, მანჩესტერ იუნაიტედი – 118, პორტუგალიის ნაკრები – 95, ტურინის იუვენტუსი – 32 და ლისაბონის სპორტინგი – 5.
სანაკრებო დონეზე რონალდუს საყვარელი მეტოქეები ანდორის, სომხეთის, ლატვიის და შვედეთის ნაკრები გუნდები არიან, რომელთა კარში მან 5-5 გოლი შეაგდო, კლუბებიდან კი ყველაზე მეტჯერ სევილია (27), მადრიდის ატლეტიკო (25), ხეტაფე (23) და ვიგოს სელტა (20) დაამწუხრა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 15 ოქტომბერი)