კრიშტიანუს ახალი რეკორდი
ჩემპიონთა თასის 9-გზის მფლობელმა მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნს 4:0 სძლია, ორი მატჩის ჯამში 5:0 გაიმარჯვა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
რეალის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ მიუნხენში დუბლი შეასრულა და ტურნირის ახალი რეკორდი დაამყარა – ერთ გათამაშებაში 16 გოლი აქამდე არავის გაუტანია!
ალიანც არენაზე გასვლამდე რონალდუს ამ გათამაშებაში 14 გოლი ჰქონდა გატანილი, რაც ჩემპიონთა თასის/ლიგის რეკორდის გამეორება იყო. ერთ გათამაშებაში ამდენი ბურთი მიმდინარე სეზონამდე მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა გაიტანა: 1962-63 წლების გათამაშებაში მილანის ბრაზილიელმა ფორვარდმა ჟოზე ალტაფინიმ, 2011-12 წლების სეზონში კი ბარსელონის არგენტინელმა მეგავარსკვლავმა ლეო მესიმ.
„გოლებით და ახალი რეკორდით, რა თქმა უნდა ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ფინალში გასვლით უფრო ვარ აღფრთოვანებული“! – განაცხადა რონალდუმ, რომელმაც პირველი გოლი 34-ე წუთზე შეაგდო, მეორე კი 90-ზე.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 24 მაისს რონალდუს სამშობლოში, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ესტადიო და ლუშზე გაიმართება.
გარდა იმისა, რომ რონალდუმ 16 გოლით ახალი რეკორდი დაამყარა, ჩემპიონთა თასის/ლიგის გათამაშების ყველა დროის მეგოლეთა სიაში ლეო მესის გადაასწრო და ახლა მხოლოდ სამეფო კლუბის ლეგენდას, 71 გოლის გამტან რაულს ჩამორჩება. კრიშტიანუს სადღეისოდ 68 გოლი აქვს გატანილი, მესის – ერთით ნაკლები.
რონალდუმ ლიგის ბომბარდირის ტიტულიც გაინაღდა. ის მესამედ გახდა ჩემპიონთა ლიგის მთავარი მეგოლე: 2007-08 წლების სეზონში, მანჩესტერ იუნაიტედში ასპარეზობისას 8 ბურთი შეაგდო, შარშანდელ სეზონში – 12.
ცნობისათვის: ჩემპიონთა თასის/ლიგის ბომბარდირი ყველაზე მეტჯერ მესი და დიდებული გერმანელი ფორვარდი გერდ მიულერი გახდნენ – 4-ჯერ. რონალდუს დარად, 3-ჯერ მოუგიათ ბომბარდირის ტიტული შეუდარებელ უნგრელს, ფერენც პუშკაშს, ლისაბონის ბენფიკის ლეგენდარულ პორტუგალიელ შემტევ ეუსებიოს, ახლო წარსულის მარსელის ოლიმპიკის ფრანგ ბომბარდირს, ჟან-პიერ პაპენს და ნიდერლანდელ რუუდ ვან ნისტელროის.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 30 აპრილი)