ცვლილება ბრილიანტის ლიგაში

მსოფლიო მძლეოსნობამ ბრილიანტის ლიგის სპორტული პროგრამა შეამცირა – 4 დისციპლინა საგაისო კალენდრიდან ამოიღო.

ორგანიზაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 200 მეტრზე სპრინტი და სტიპლჩეიზი 3000 მეტრზე საგაისო 15 ეტაპიდან 10-ში დარჩა, ბადროს ტყორცნა და სამხტომი კი მხოლოდ 2 ეტაპის პროგრამაში იქნება. გადაწყვეტილება ხსენებული დისციპლინების ნაკლები პოპულარობით აიხსნა.

„ჩვენი მიზანია ბრილიანტის ლიგის პირდაპირი რეპორტაჟები საათნახევრამდე შევკვეცოთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შეჯიბრები ამოვიღეთ, რომლებიც ნაკლებ ყურადღებას იქცევდა“, – განაცხადა მსოფლიო მძლეოსნობის პრეზიდენტმა და ბრილიანტის ლიგის თავმჯდომარემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლორდმა სებასტიან კოემ.

მის განცხადებას 400 მეტრზე თარჯრბენში მსოფლიოს ექს-ჩემპიონმა დეი გრინმა მცდარი უწოდა: „მძლეოსნობაში არ არსებობს ნაკლებად პოპულარული დისციპლინები. სხვა საქმეა, რომ მსოფლიო მძლეოსნობის ხელმძღვანელებს ფინანსური დაინტერესება ამოძრავებთ. ვუთანაგრძნობ ათლეტებს“.

2020 წელს ბრილიანტის ლიგა 17 აპრილს, კატარის დედაქალაქ დოჰაში დაიწყება, ფინალს კი სექტემბერში ციურიხი (შვეიცარია) უმასპინძლებს. შემაჯამებელი ეტაპის პროგრამაში ხსენებული 4 დისციპლინა არ იქნება.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 4 ნოემბერი)

ka_GEGeorgian