და ლევანდოვსკი?

ოქროს ბურთი ინდივიდუალური ჯილდოა და ამ კუთხით თუ შევხედავთ, 2021 წელი, პირველ რიგში, რობერტ ლევანდოვსკის იყო. მესიზე როგორ უნდა ვთქვა ჯილდოს არ იმსახურებსო, მაგრამ გუშინდელი ამბავი გადაჭარბებული მგონია.

ზედიზედ მეორე წელია ლევანდოვსკი საუკეთესოა ტიტულებით და პირადი სტატისტიკით, მაგრამ ფრანს ფუტბოლი ჯიუტად არ სწყალობს პოლონელს – ფრანგული გამოცემა ათობით საკლუბო გოლისთვის ამ რამდენიმე წლის წინ ლეოს ზედიზედ უძღვნიდა ოქროს ბურთებს, დაახლოებით მსგავსი სტაბილური თამაშისთვის და სტატისტიკისთვის კი ბაიერნის ფორვარდს შარშან ლამის გარანტირებული პრიზი არ გადასცა – საერთოდ გააუქმა, გუშინ კი რაღაც ახალი თასით, წლის ფორვარდის წოდებით ანუგეშა. და ეს ამბავი ძალიან არ მომეწონა, უსამართლობა მგონია.

შვიდი ოქროს ბურთი ექნება, ექვსი თუ ათი, ამით მესის სიდიადეს არაფერი დაემატება და არაფერი დააკლდება. ის ძალიან დიდია და ამაზე ყველა ვთანხმდებით.

ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ ამ შვიდი ჯილდოდან მინიმუმ ორი ლეოს უსამართლოდ ჩაახუტეს: 2010 წლის და წლევანდელი. 2012ის გამარჯვებაზეც შეიძლება კამათი. პირველ შემთხვევაში უესლი სნეიდერი დაიჩაგრა, წელს – ლევანდოვსკი, 2012ში კიდე ინიესტა იყო საოცარი. მაგრამ იყოს რაც არის – ჩვენი კამათით არაფერი შეიცვლება.

კოპა ამერიკაზე დაგლიჯაო, ლეოს მხარდამჭერების კომენტარები შემომხვდა. 1993 წლის შემდეგ პირველად მოგებული სამხრეთ ამერიკის პირველობა, თან ბრაზილიაში და თან მასპინძლებთან გადამწყვეტ მატჩში დიახ, უდიდესი წარმატებაა. მაგრამ იმ ერთი თვის გარდა ლეოს წელს ნორმალურად არ უთამაშია. კი, გაზაფხულზე ლა ლიგის ბომბარდირი გახდა და ოსასუნა-სალამანკებთან ზედიზედ ყრიდა გოლებს, მაგრამ ლიგაზე ბარსა ყველამ ათრია, ვისაც არ დაეზარა, პარი სენ-ჟერმენში გადასვლის შემდეგ კი ლეო ისიც აღარაა, რაც თუნდაც იმ წყალწაღებულ ბარსაში.

რობერტს კი ევრო დიდად არ გამოუვიდა, მაგრამ ბაიერნთან ერთად მთელი წელი შეუჩერებელია: რეკორდს რეკორდზე აუმჯობესებს და ისეთი შედეგიანია, როგორც მესი და რონალდუ საუკეთესო წლებში. გაუგებარი კი ისაა რომ არგენტინელი და პორტუგალიელი ჰეთ-თრიქების, პოკერების და ზღაპრული გოლებისთვის ოქროს ბურთებს ზედიზედ იღებდნენ, აი ლევანდოვსკიმ კი, რატომღაც, ჯერ ბოლომდე ვერ მოიგო ჟურნალისტების გულები.

უნდა ვთქვა ისიც, რასაც გუშინდელი ცერემონიალის ცქერისას ვფიქრობდი: მესისთვის გადაცემული ოქროს ბურთით ფრანს ფუტბოლმა ფრანგული საკლუბო ფეხბურთის რეკლამა სცადა, ირიბად კი პარი სენ-ჟერმენში ლამის მილიარდი ევროს დამხარჯველს, კატარელ ნასერ ალ ხელაიფის დაგვიანებული მადლობა უძღვნა. ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, ზუსტად მესის უკან იჯდა.

მეათე წელიწადია ალ ხაიფის კომპანია პარი სენ-ჟერმენს ფლობს, მაგრამ მიუხედავად ყოველ წელს ასობით მილიონი ევროს ხარჯისა, საერთაშორისო ჯილდო ჯერ კიდევ სანატრელია. შიდა ასპარეზზე იცოცხლე, პსჟ საუკეთესოა, მაგრამ კატარელი პარიზში ნიმთან ან ლორიენთან ტრიუმფისთვის არ მისულა, მას სხვა მიზნები აქვს. ლიგაზე წარუმატებლობა პრეზიდენტს, ცხადია აღიზიანებს და ეს თუ ვინმემ იცის, პირველ რიგში ამ გამოცემის რედაქციამ.

ფრანს ფუტბოლმა გუშინ 65ედ გამოავლინა ოქროს ბურთის მფლობელი და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ მეორედ გაიმარჯვა ფრანგულ კლუბში მოთამაშემ. მაგრამ თუ 1991 წელს ჟან-პიერ პაპენი მართლა ნომერ პირველი გახლდათ, მესიზე იგივეს ვერ ვიტყვი.

და ბოლოს: მე თუ მკითხავთ, როცა მხოლოდ ევროპელი ჟურნალისტები მონაწილეობდნენ გამოკითხვაში, შედეგი ყოველთვის ლოგიკური იყო.

დღეს ნათელია, რომ დიდებული პოლონელი ფეხბურთელი, 80იანი წლების კალჩოს ვარსკვლავი და ამჟამად უეფას ვიცე-პრეზიდენტი ზბიგნევ ბონეკი ცამდე მართალი გახლდათ, როცა ივარაუდა, რომ ლევანდოვსკის ბრწყინვალე სეზონის მიუხედავად ოქროს ბურთს, სავარაუდოდ, მაინც ლეო მოიგებდა.

ბონეკმა თქვა: „რეფერენდუმში აფრიკელები და ამერიკელებიც მონაწილეობენ, იქ კი მხოლოდ ორი ფეხბურთელი იციან – მესი და რონალდუ. ასეთ დროს ძნელია ლოგიკური შედეგის მიღება“.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 30 ნოემბერი)
ფოტო: France Football

ka_GEGeorgian