დაგვიანებული მადლობა
დღეს ვიტალი დარასელიას დაბადების დღეა.
ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორს 2021 წლის 9 იანვარს 64ე დაბადების დღე უნდა აღენიშნა, მაგრამ ბედის უკუღმართობით აგერ უკვე 39 წელიწადია მასზე წარსულში ვსაუბრობთ.
2017 წლის დეკემბერში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის თანადგომით, ვიტალი დარასელიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მოგონებათა კრებული შევადგინე.
ეს წერილიც, ახლა რომ გთავაზობთ, იმ წიგნის წინასიტყვაობა იყო.
ძნელია იმ ფეხბურთელზე წერა, რომლის თამაში მხოლოდ ვიდეოჩანაწერებით გინახავს.
ასეთ მოთამაშეზე წიგნის შედგენა ათმაგად ძნელია.
თუმცა, როცა ვინმე ძალიან გიყვარს და აფასებ, შეუძლებელი არაფერია. ერთმა ჩინებულმა ფრანგმა მწერალმაც ხომ მოსწრებულად შენიშნა: მთავარს თვალზე უკეთ გულით დაინახავო.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ეს თხელტანიანი გამოცემაც ასე დაიბადა: ვიტალი დარასელიასადმი დიდი სიყვარულით და მონდომებით.
როცა წიგნის იდეა გაჩნდა, კარგა ხანს ვფიქრობდი რა როგორ გამეკეთებინა. დარასელიაზე, უფრო სწორად კი მასზე და დიუსელდორფის ტრიუმფზე (ისინი ხომ განუყოფელნი არიან) უკვე გამოცემულია რამდენიმე წიგნი – ალბომები და მოგონებების კრებულები, მე კი განსხვავებული მსურდა.
სამუშაო პროცესში რა როგორ იყო, ამას წინასიტყვაობის მიწურულს გეტყვით, თავდაპირველად კი ორიოდ სიტყვით გადმოგცემთ, ვინ იყო ჩემთვის ვიტალი დარასელია და რას ვგრძნობ და ვფიქრობ, როცა 25 წლის ასაკში გარდაცვლილი ფეხბურთელის თამაშს ვუყურებ ან მის ფოტოებს ვათვალიერებ.
ვგრძნობ გულისტკივილს, ფიქრით კი ერთადერთი აზრი მიტრიალებს გონებაში: ზამთრის იმ ნაცრისფერ საღამოს უბისასთან მომხდარი ავტოავარია რომ არა, 80იანი წლების თბილისის დინამო, ალბათ სულ სხვა, ძლიერი და კარგი გუნდი იქნებოდა, დარასელია კი არათუ საბჭოთა კავშირის, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე.
რატომღაც ასე მჯერა.
ხოლო ვინ იყო ჩემთვის ვიტალი დარასელია, მოკლედ ასე შეიძლება ითქვას: თბილისის დინამოსთან ერთად პირველი საფეხბურთო სიყვარული.
ცოტა შორიდან დავიწყებ: პირველი გამოცემა, რაც მახსოვს, ვიტალი დარასელიას შესახებ გამოსული წიგნებიდან პირველი, დემიკო ლოლაძის მიერ შედგენილი ფოტოალბომი „ვიტალი დარასელია“ იყო.
40 წლის წინ, 80იანი წლების დასაწყისში გადავინაცვლოთ: 5-6 წლის ვარ და შინ მარტო დარჩენილი, მამაჩემის წიგნებს ვათვალიერებ. იმ გამოცემამ ერთადერთი მიზეზით დამაინტერესა: მასში ბევრი საფეხბურთო ფოტო იყო, მათ შორის გუნდურიც. ფეხბურთი უკვე მაინტერესებდა (მაგრამ დინამოზე უფრო მამის ნაჩუქარი 25მანეთიანი ადიდას-ტანგოთი მეგობრებთან ერთად თამაში მიყვარდა), თუმცა ვიტალი დარასელია ვინ იყო, სიმართლე გითხრათ, არ ვიცოდი.
ის ფოტოალბომი ჩემი პატარა მაკრატლით კარგა გვარიანად მივჭერ-მოვჭერი – ფეხბურთელების ფოტოები სახატავ რვეულში დიდი მონდომებით ჩავაწებე. კარგა ხნის მერე, როცა საფეხბურთო წიგნებში გადავეშვი და ჩემი ბიბლიოთეკის შევსებაც დავიწყე, იმ გამოცემას კარგა ხანს ვეძებდი, მაგრამ ბუკინისტებისგან შინ ხელმოცარული ვბრუნდებოდი. დღეს, როცა ბატონი დემიკოს მიერ შედგენილ 1983 წლის ფოტოალბომს ვათვალიერებ, სულ ის დღე მახსენდება – მე და ჩემი მაკრატელი…
წლების შემდეგ სპორტულ, უფრო კონკრეტულად კი საფეხბურთო ჟურნალისტიკაში მოვხვდი. 90იანი წლების მიწურულს ბედმა გამიღიმა და რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარულ ქართულ გაზეთში, სარბიელშიც ვიმუშავე.
უცხოური ფეხბურთის განყოფილება – ასე ერქვა იმ სამუშაო კაბინეტს, სადაც რამდენიმე ჟურნალისტი მსოფლიო ფეხბურთის ამბებს ვუმზადებდით მკითხველს.
რატომ გავიხსენე სარბიელი? ვიტალი დარასელიას ის ფოტო, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავად მიმაჩნია და გამორჩეულად მიყვარს (გადაფურცლეთ ეს წიგნი მე10 გვერდზე), სწორედ სარბიელში აღმოვაჩინე.
1997 წლის 25 დეკემბერს, მისი გარდაცვალების 15 წლისთავთან დაკავშირებით, გაზეთში გიო ახვლედიანის მშვენიერი წერილი – ქართული ფეხბურთის უკვდავი ლეგენდა – გამოქვეყნდა. რედაქტორმა ჩემი ფავორიტი ფოტო დაურთო წერილს. ფოტოს ავტორი გურამ დოლენჯაშვილია (ბატონი გურამი 2 წლის წინ გარდაიცვალა – საქართველოს ნაკრების თამაშის გადასაღებად დინამო არენაზე მისული, საკონფერენციო დარბაზში შეუძლოდ შეიქნა, ექიმებმა კი ვეღარ უშველეს). დინამოს ქათქათა ფორმაში გამოწყობილი დარასელიას ის ფოტო კარგა ხანს სამუშაო მაგიდაზე, შუშის ქვეშ მედო…
შემართული ტანი, დაკუნთული ფეხები, მოხდენილი მხარ-ბეჭი… სამაგალითო ათლეტი!
ახლაც, მეგობრებთან ერთად ფეხბურთელების აღნაგობაზე როცა ვსაუბრობ, ამ ფოტოს მოვიშველიებ ხოლმე. უკეთესი მაგალითი სად მოვძებნო?
ბატონი გურამის ნამუშევარი პირველად რომ ვნახე, უნებურად წამოვიძახე: დარასელიას რობერტო კარლოსივით ფეხები ჰქონია-მეთქი. ერთ-ერთმა უფროსმა თანამშრომელმა, ვიტალიც და მისი წინამორბედი თაობაც მშვენივრად რომ ახსოვდა, შედარება მოიწონა, თუმცა ისიც შენიშნა, რობერტო კარლოსს აქვს ვიტალივით ფეხები და არა პირიქითო. ცხადია, ასეც იყო. რაც შეეხება ყველაფრის მომგებ რობერტო კარლოსს, XX და XXI საუკუნეების შესაყარზე ეს საოცარი ბრაზილიელი მცველი თავის პოზიციაზე ნაკრებშიც საუკეთესო და შეუცვლელი იყო და მადრიდის რეალშიც…
ჩემ პირველ წიგნზე გითხარით, გამორჩეულ ფოტოზეც, აი, იმდროინდელი დინამოს თამაშის ჩანაწერები კი, სამწუხაროდ, იშვიათობაა, განსაკუთრებით ამა თუ იმ ფეხბურთელის საუკეთესო მომენტების ვიდეოკოლაჟი. მოკლედ რომ ვთქვა, არჩევანი არცთუ დიდია.
1981 წლის 13 მაისის გადამწყვეტ შეხვედრაზე, დიუსელდორფში კარლ ცაისთან 2:1 მოგებულ ფინალში დარასელიას გოლზე შეგნებულად არაფერს ვიტყვი. რამდენი კაციც უყურებდა იმ თამაშს, იმდენი ფიქრი და განცდაა დაკავშირებული ლეგენდარულ გამარჯვებასთან და საუკუნის გოლთან.
მე ვიტალის სხვა თამაშს გავიხსენებ, რომლის სრული ჩანაწერი, მგონი, ასევე არ არსებობს. თუმცა, დაილოცოს ინტერნეტი: სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეორგოლით მაინც ადვილად მიხვდებით რა გაქანების და შესაძლებლობების მოთამაშე იყო დინამოს მე6 ნომერი.
1981 წლის 4 ნოემბერს თბილისში გამართულ თასების თასის საპასუხო მერვედფინალს ვგულისხმობ, საფრანგეთის ბასტიასთან 3:1 მოგებულ მატჩს. იმ შეხვედრაში ვიტალის გოლი არ გაუტანია, მაგრამ დინამოს გოლეადორმა რამაზ შენგელიამ ორივე ბურთი დარასელიას პასებით შეაგდო.
განსაკუთრებით პირველი გოლის მომენტი მიყვარს: მარცხენა ფლანგზე გაჭრილმა ვლადიმერ გუცაევმა საჯარიმოს კუთხესთან დარასელია მოძებნა, ვიტალიმ კი ერთი შეხებით აიგდო ბურთი და ისე, რომ არც გაუხედავს, კარისკენ ჩააწოდა. იქ შენგელიამ დასწრებაზე ჩვეულად ითამაშა და ანგარიშიც გაიხსნა.
დარწმუნებული ვარ რომ იმ წამებში დარასელიამ იგრძნო (და ამ საფეხბურთო ალღოთი მხოლოდ მისნაირი დიდოსტატები გამოირჩევიან) – ცენტრფორვარდი საჭირო ადგილზე იქნებოდა! იმისაც მჯერა, რომ შენგელიაც ელოდა თანაგუნდელის გადაცემას, ისიც ხომ არანაკლები დიდოსტატი იყო, მათ ხომ ჩინებულად ესმოდათ ერთმანეთის.
იმ თამაშის მეორე ტაიმშიც თითქმის იგივე მეორდება: კუთხურის შემდეგ, საჯარიმოს კიდესთან მდგარი დარასელია ბურთს აიგდებს და კვლავ ნახევარბრუნში, კარისკენ ზურგით მდგომი აწვდის მეკარის საჯარიმოში. იმ შემთხვევაში ბასტიას მცველმა კი იყოჩაღა, მაგრამ რამდენიმე წუთში ფრანგებმა დარასელია-შენგელიას წყვილისგან მეორე გოლი მაინც მიიღეს…
წაკითხული ან გაგებული გექნებათ: დინამოს მთავარი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი თასების თასის შემდგომი, ახალი გუნდის შენებას ვიტალი დარასელიას გარშემო აპირებდა. ამას ისედაც ყველა ხვდებოდა: მწვრთნელები, ფეხბურთელები და გულშემატკივრებიც.
დიდი დინამოს თამაშის წარმმართველი დავით ყიფიანი 1982ის შემოდგომით გამოეთხოვა ფეხბურთს. მალე დუბლშემადგენლობიდან რამდენიმე მართლა მაგარი ბიჭი დაწინაურდა, მოედნის გულში კი ლიდერის ტვირთი 25 წლის ვიტალის უნდა გაეწია. მინიმუმ 4-5 წლით მაინც. ის საამისოდ მზად იყო: ტრაგედიამდე 4 სეზონით ადრე დარასელია დინამოს შეუცვლელ მოთამაშედ იქცა. ჩახედეთ ამ წიგნის ბოლო გვერდებზე თავმოყრილ სტატისტიკას და მიხვდებით რასაც ვამბობ. და ვიტალი შეუცვლელი იყო არა მხოლოდ კლუბისთვის, დარასელია საბჭოთა კავშირის პირველი გუნდის ძირითადშიც მყარად იდგა თავის დაკუნთული ფეხებით…
თბილისელთა კაპიტანმა ალექსანდრე ჩივაძემ ერთ ძველ ინტერვიუში თქვა, როცა ვიტალი გარდაიცვალა, 80იანი წლების დიდ დინამოზე ოცნებაც მაშინ დასრულდაო. მოგვიანებით კაპიტანს იმ დიდი გუნდის სხვა ლიდერებიც დაეთანხმნენ. რამდენიმე უფროს კოლეგასაც იგივე უთქვამს ჩემთვის და არაერთ მრავლისმნახველ გულშემატკივარსაც…
80იანი წლების თბილისის დინამო ვიტალი დარასელიას გუნდი უნდა ყოფილიყო. და წინასიტყვაობის დასაწყისში რომ გითხარით, ჩემ წარმოდგენაში ის დინამო კარგი და ძლიერი იქნებოდა-მეთქი, მარტო ვიტალის გამო არა. ძირითადის ბირთვზე, ნაცად ვარსკვლავებზე არაფერს ვიტყვი, მხოლოდ დუბლებიდან დაწინაურებულ 3 ბიჭს შეგახსენებთ: გრიგოლ ცაავა, ვინც ყიფიანის შემცვლელად მოიაზრებოდა და არცთუ უსაფუძვლოდ; ვაჟა ჟვანია, საბჭოთა კავშირის ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, რამდენიმე საერთაშორისო ტურნირის ბომბარდირი და საუკეთესო მოთამაშე; და მიხეილ მესხი უმცროსი, მამამისივით ნიჭიერი, რომელმაც ლაღი ფეხბურთით მალევე შეაყვარა თავი ქომაგებს.
ახლა ყველანი ერთად წარმოიდგინეთ მწვანე მინდორზე, გამოცდილი ლიდერები და იმედისმომცემი ბიჭები: ოთარ გაბელია, თენგიზ სულაქველიძე, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ნოდარ ხიზანიშვილი, თამაზ კოსტავა, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი, რამაზ შენგელია, ზაურ სვანაძე, გია თავაძე, გრიგოლ ცაავა, ვაჟა ჟვანია, მიხეილ მესხი უმცროსი, ნუკრი კაკილაშვილი, გია ჯოხაძე, დავით მუჯირი… ამათ დამატებული დუბლების ამომავალი ვარსკვლავები გია გურული და მალხაზ არზიანი…
რა გასაკვირია, რომ ასეთი გუნდის შემხედვარე, თასებს და მედლებს მიჩვეულ გულშემატკივრებს კვლავ წარმატების იმედი ჰქონდათ, რეალობამ კი ყველას სილა გააწნა. 1983 წლიდან საბჭოთა კავშირის აღსასრულამდე ჩვენი დინამოს თამაშს ერთი დიდი იმედგაცრუება თუ ეთქმის, სხვა არაფერი…
ვიტალი დარასელია, ჩვენი ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი, ხვალის იმედი და… უდიდესი გულისტკივილი.
დეკემბრის იმ ღამით მარტო ერთი 25 წლის ბიჭის სიცოცხლე არ დასრულდა. მასთან ერთად ქართული ფეხბურთის ყველაზე შთამბეჭდავი გუნდიც დაიშალა.
ახლა კი, დაპირებისამებრ, წიგნის შესახებ:
მისი გამოცემა ვიტალის ქალიშვილთან, ქრისტინასთან შეთანხმების შემდეგ გადავწყვიტეთ.
ივნისის დასაწყისში სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ჩემი წიგნი – ბასკებით დაწყებული ისტორია-თბილისის დინამოს საერთაშორისო თამაშები 1937-2017 – გამოსცა.
პრეზენტაცია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა, ქრისტინას კი ასოციაციის პრეზიდენტ მიხეილ აბაიშვილთან ერთად სწორედ მაშინ შევხვდი. შევთანხმდით, რომ წიგნზე მუშაობას ზაფხულის მიწურულს დავიწყებდით, ოჯახი კი ფეხბურთელის არქივს დროებით დაგვითმობდა.
ყველა მასალა, რაც აქაა თავმოყრილი, სწორედ ვიტალი დარასელიას ოჯახშია დაცული: ფოტოები, გაზეთები და ჟურნალები, თბილისის დინამოს საკავშირო თუ საერთაშორისო მატჩების ოფიციალური პროგრამები…
მასალა საკმაო იყო, თუმცა მიზანი ამ წიგნის საოჯახო არქივში დაცული ყველა საგაზეთო წერილით და ფოტოთი შევსება ნამდვილად არ ყოფილა. მსურდა მხოლოდ საუკეთესო მასალები გამომექვეყნებინა, თან ისე, რომ მოგონებების ჩანართის ჩათვლით, მხოლოდ 13 საუკეთესო წერილი დაბეჭდილიყო. თუ რატომ 13, ამას არ ავხსნი და მგონი, არცაა საჭირო – ვიტალი დარასელიას ყველა დამფასებლისთვის ისედაც ცხადია რა დატვირთვა აქვს ამ რიცხვს.
ინტერვიუებსა და ჩანახატებზე არაფერს ვიტყვი, ხოლო რაც შეეხება მოგონებებს, წიგნში ასეთი 20მდე ჩანახატია. ცხადია, საოჯახო არქივში გაცილებით მეტი იყო, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანების წერილები შევარჩიე, ვინც ყველაზე ახლოს იცნობდა ვიტალის. მის თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და უახლოეს გარემოცვას ვგულისხმობ. ყველა მოგონებას ცალკე ფოტო ერთვის. აქვე შევნიშნავ, რომ ოჯახში დაცული რამდენიმე ფოტო პირველად ქვეყნდება, რაც ცხადია, წიგნის პლუსად შეიძლება ჩაითვალოს.
ასევე პირველად იბეჭდება ვიტალი დარასელიას მიერ უმაღლეს დონეზე გამართული ყველა მატჩის და გატანილი გოლის ჩამონათვალი: თბილისის დინამოს მაისურით საკავშირო პირველობაზე თუ თასის გათამაშებაში ჩატარებული შეხვედრები, ევროთასებზე ასპარეზობა და საერთაშორისო ამხანაგური მატჩები, ასევე საბჭოთა კავშირის ნაკრების მატჩები გოლებითურთ.
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის შესახებ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ გამოცემული ეს წიგნი, როგორც ვთქვი, რიგით მეოთხეა. რაც შეეხება პირველ სამს, ისინი სპორტულმა ჟურნალისტმა და ჩვენი ფეხბურთის ერთგულმა ქომაგმა დემიკო ლოლაძემ შეადგინა.
ბატონ დემიკოს გულშემატკივრების წინაშე წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ ამის მიუხედავად კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: არაერთი საფეხბურთო კრებულის თუ ფოტოალბომის შემდგენელი დემიკო ლოლაძე ის ერთადერთი ქართველია, რომელმაც 1981 წლის 13 მაისს, დიუსელდორფის რაინშტადიონზე გამართული თასების თასის ფინალი ფოტოფირზე შემოგვინახა. სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა ამ კაცს, მხოლოდ ამიტომ ეკუთვნის მადლობა, თუნდაც ამდენი წლის შემდეგ.
დემიკო ლოლაძის ავტორობით ვიტალი დარასელიას შესახებ პირველი წიგნი-ფოტოალბომი 1983 წელს, ფეხბურთელის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამოიცა. 1999 წელს გამოვიდა მის მიერ შედგენილი „ვიტალი დარასელიას და დიუსელდორფის გახსენება“, 2001 წელს კი, როცა თბილისში თასების მფლობელთა თასის მოგების 20 წლის იუბილე აღინიშნა, ბატონმა დემიკომ მე3, არაერთი ცნობილი ადამიანის მოგონებებით შევსებული სქელტანიანი კრებული გამოსცა – „ვიტალი დარასელია“.
და აი, 16 წლის შემდეგ, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ მე4 წიგნი მიუძღვნა ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული გოლის ავტორს.
ასოციაციის სათავეში დღეს ის თაობა ვართ, რომელსაც ფეხბურთი სწორედ ვიტალი დარასელიამ და მისმა თანაგუნდელებმა შეგვაყვარეს. აქედან გამომდინარე, ეს ჩვენი პირველი მცდელობაა საქმით მივაგოთ პატივი ვიტალი დარასელიას ნათელ ხსოვნას.
იმედია, ჩვენ ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია. თუმცა რა როგორ გამოგვივიდა, ამის განსჯა თქვენთვის მოგვინდვია.
ჩემი თაობის სპორტული ჟურნალისტების სახელით კი ვიტალი დარასელიას დაგვიანებულ მადლობას ვეტყვი.
მადლობას იმ მარადიული სიხარულისთვის, რასაც მისი ფეხბურთი, დიუსელდორფში გატანილი გოლი და თასების თასი ჰქვია.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის სახელით
ლაშა გოდუაძე
(წიგნიდან „ვიტალი დარასელია 60“; თბილისი, 2017 წლის დეკემბერი)
ფოტო: ვიტალი დარასელიას არქივი, გურამ დოლენჯაშვილი და sport.gov.ge