დაკარი 2019: კამაზის ერთი ეკიპაჟი დისკვალიფიცირებულია

წლევანდელ დაკარის რალის ტექნიკური ხარვეზის გამო 60-მდე ეკიპაჟი გამოეთიშა, თუმცა დისკვალიფიკაციის გამო დღეს პირველი გუნდი მოიხსნა: მსაჯებმა კამაზ-მასტერის გუნდის სამეული V ეტაპის 279-ე კილომეტრზე მომხდარი შემთხვევის გამო დასაჯეს.

ანდრეი კარგინოვის, ანდრეი მოკეევის და იგორ ლეონოვის ეკიპაჟმა სპეცმონაკვეთზე სვლის დროს შემთხვევით მაყურებელს გადაუარა. ფეხმოტეხილი დაზარალებული, 60 წლის მამაკაცი ვერტმფრენით არეკუიპას საავადმყოფოში გადააფრინეს. ბოლო ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაკარის მსაჯებმა რუსები მომხდარში არ დაადანაშაულეს – მაყურებელი იქ არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის, რომ გუნდმა რბოლა განაგრძო და დაშავებულს დახმარება არ აღმოუჩინა, უპატიებელ შეცდომად ჩაითვალა. დისკვალიფიკაციაც სწორედ ამას მოჰყვა.

„გუნდის სახელით მწუხარებას გამოვხატავ მომხდარის გამო, თუმცა კარგინოვს ვერ დავადანაშაულებ – მაყურებელი იქ, სადაც ტრასა გადის, უბრალოდ არ უნდა მდგარიყო. ეს იყო უსაფრთხოების წესის უხეში დარღვევა. ანდრეის უკვე ვესაუბრე, მან მომხდარის შესახებ მხოლოდ ფინიშზე გაიგო. ჩვენ შევისწავლეთ ის მომენტი და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მძღოლი იმ მომენტში უბრალოდ ვერ დაინახავდა ქომაგს, რადგან აღმართზე ადიოდა, ასეთ დროს კი საქარე მინიდან მხოლოდ ცა ჩანს. სხვა საქმეა, რომ მის თანაგუნდელებს გვერდითი სარკიდან უნდა გაეხედათ და მომხდარის შესახებ კარგინოვისთვის ეცნობებინათ“, – განაცხადა კამაზ-მასტერის გუნდის ხელმძღვანელმა, სატვირთო ავტომობილების კლასში დაკარის რალის 7-გზის ჩემპიონმა ვლადიმირ ჩაგინმა.

V ეტაპის შემდეგ კარგინოვი-მოკეევი-ლეონოვის სამეული III ადგილზე იყო და 16.45 წუთით ჩამორჩებოდა ლიდერს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 12 იანვარი)

ka_GEGeorgian