დაკარი 2020: მეორე მსხვერპლი
დაკარის რალის მეორე მოტომრბოლი შეეწირა: 48 წლის ნიდერლანდელი ედვინ სტრევერი 16 იანვარს, XI ეტაპზე მძიმედ დაშავდა, გუშინ კი ერ რიადის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რალის 42-წლიან ისტორიაში რბოლა პირველად ჩატარდა საუდის არაბეთში. შეჯიბრება 5-17 იანვარს გაიმართა.
„დაკარის რალის საორგანიზაციო კომიტეტი ღრმა მწუხარებით იუწყება ნიდერლანდელი მოტომრბოლის ედვინ სტრევერის გარდაცვალებას. შემთხვევის ადგილიდან ის ვერტმფრენით გადაიყვანეს შესაბამის დაწესებულებაში, ექიმებს ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ სამწუხაროდ, სპორტსმენი ვერ გადავარჩინეთ. თანავუგრძნობთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და მოტოსპორტის ყველა მოყვარულს“, – ნათქვამია საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ედვინ სტრევერამდე პორტუგალიელი მოტომრბოლი პაულო გონსალვეში გარდაიცვალა – ის მაღალი სიჩქარით შეასკდა ლოდს და სასიკვდილოდ დაშავდა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 25 იანვარი)