დანიამ აღიარა: ლაუდრუპი!
42 წლის მიქაელ ლაუდრუპი დანიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. კოპენჰაგენში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე ფეხბურთელმა ჯილდო უეფას პრეზიდენტობის კანდიდატ მიშელ პლატინისგან მიიღო.
„ძალიან მიხარია, მე ხომ მთელი კარიერისთვის დამაჯილდოვეს და არა ერთი სეზონისთვის“, – განაცხადა მიქაელ ლაუდრუპმა, რომელმაც საუკეთესო წლები ტურინის იუვენტუსში, ესპანეთის ბარსელონასა და რეალში, ასევე ამსტერდამის აიაქსში გაატარა.
მიქაელ ლაუდრუპი 1964 წლის 15 ივნისს დაიბადა ფედერიკსბერგში, ფეხბურთის თამაში კი პატარა კლუბ ვანლოსეში დაიწყო.
1973 წელს მამამისი, ფინ ლაუდრუპი ბრონდბიუს მოთამაშე-მწვრთნელად დაინიშნა და მიქაელმაც, უმცროს ძმა ბრაიანთან ერთად, ამ კლუბის საბავშვო სკოლაში გადაინაცვლა.
1976 წელს ფინ ლაუდრუპი კბ კოპენჰაგენის ფეხბურთელი გახდა და მიქაელიც კბის საბავშვო სკოლაში გადავიდა.
13 წლისა ამსტერდამის აიაქსის სელექციონერებმა შეამჩნიეს და თავიანთ სკოლაში გადასვლა შესთავაზეს, თუმცა მიქაელი სამშობლოში დარჩა. მოგვიანებით დანიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში 25 შეხვედრაში ითამაშა და 14 გოლიც გაიტანა.
1981 წელს პირველად გამოჩნდა დანიის ჩემპიონაში, 1982 წლის 15 ივნისს კი, 18 წლის იუბილეზე, დანიის ნაკრების მაისურიც მოირგო – ნორვეგიელეთა წინააღმდეგ გავიდა მინდორზე და ჰარალდ ნილსენის შემდეგ, ნაკრების ყველა დროის მეორე ახალგაზრდა ფეხბურთელი შეიქნა!
1982 წელს მიქაელ ლაუდრუპი დანიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, 1983 წლის ივნისში კი ბრონდბიუდან ტურინის იუვენტუსში გადაინაცვლა – იტალიურმა კლუბმა მის სანაცვლოდ მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა, ეს კი დანიური ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერი იყო!
ტურინელებმა მიქაელი ორი წლით რომის ლაციოში გაანათხოვრეს, იუვენტუსში დაბრუნებულმა კი 1985-86 წლების სეზონში სერია ა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.
1985 წელს მიქაელ ლაუდრუპი მეორედ დაასახელეს დანიის წლის მოთამაშედ.
1989-94 წლებში მიქაელი ბარსელონის ღირსებას იცავდა: 1991-94 წლებში ზედიზედ 4ჯერ მოიგო პრიმერადივიზიონი, 1990 წელს ესპანეთის თასს დაეუფლა, 1990 და 1992 წლებში კი ესპანეთის სუპერთასი აღმართა. 1992 წელს ჩემპიონთა თასის მფლობელი გახდა, რამდენიმე თვეში კი ევროპის სუპერთასი მეორედ მოიპოვა.
1992 და 1993 წლებში მიქაელი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ მოთამაშედ აღიარეს.
1994 წელს დანიელმა მადრიდის რეალში გადაინაცვლა და სამეფო კლუბთან ერთად მოიგო პრიმერადივიზიონი.
1996-97 წლები იაპონიის ჯეი-ლიგის კლუბ ვისელ კოუბში გაატარა, 1997-98 წლების სეზონში კი ამსტერდამის აიაქსის ღირსებას იცავდა (შოთა არველაძის მხარდამხარ), 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კი ფეხბურთელის კარიერა დაასრულა.
1998 წლის გაზაფხულზე აიაქსთან ერთად ჰოლანდიის ჩემპიონის და თასის მფლობელის ტიტულები მოიპოვა.
დანიის ეროვნულ ნაკრებში მიქაელ ლაუდრუპმა 104 შეხვედრაში 37 გოლი გაიტანა.
1999 წელს, ბარსელონაში გამართულ საზეიმო ცერემონიალზე, მიქაელ ლაუდრუპი ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 25 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
2004 წელს, უეფას ნახევარსაუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, დანიის ფეხბურთის კავშირმა ლაუდრუპი 1954-2004 წლების ქვეყნის უძლიერეს ფეხბურთელად დაასახელა.
მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ მიქაელმა სამწვრთნელო ასპარეზზე სცადა ბედი და არცთუ წარუმატებლად: ბრონდბიუსთან ერთად 2003 და 2005 წლებში ქვეყნის თასი და სუპერთასი, 2005 წელს კი ჩემპიონატი მოიგო. 2003 და 2005 წლებში მიქაელ ლაუდრუპი დანიის საუკეთესო მწვრთნელადაც აღიარეს.
2005 წლის ზაფხულში მისმა გაწვრთნილმა ბრონდბიუმ ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩის ჯამში 5:1 სძლია თბილისის დინამოს: 2:0 თბილისში და 3:1 კოპენჰაგენში.
„ის ჩინებული ფეხბურთელი იყო, ლამაზად თამაში ეხერხებოდა და ამიტომაც იყო, რომ ყველა კლუბში ლიდერად გვევლინებოდა. მიქაელ ლაუდრუპს ჩინებულად ეხერხებოდა თამაშის გაძღოლა, ასეთ მოთამაშეებს კი ყოველთვის ვაფასებდი“, – ეს სიტყვები მიშელ პლატინის ეკუთვნის, კაცს, რომელიც 1983-85 წლებში ზედიზედ 3ჯერ დაასახელეს ევროპის საუკეთესო მოთამაშედ.
ლაშა გოდუაძე (www.gff.ge; 2006 წლის 24 ნოემბერი)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია