დასასრული მარყუჟით

27 ნოემბერს უელსის ნაკრების ექს-ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი გარი სპიდი ჩეშირის საგრაფოში, დაბა ჰენტინგტონში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცავთა ინფორმაციით მან თავი ჩამოიხრჩო.

„მასთან ერთად 13 წლის განმავლობაში ვთამაშობდი ნაკრებში – ის ბრწყინვალე ადამიანი და შესანიშნავი თანაგუნდელი იყო. ახლაც არ მჯერა ეს ამბავი,“ – მანჩესტერ იუნაიტედის უბერებელი ლიდერი რაიან გიგზი.

„ძნელია, როცა ასეთი კარგი კაცი გტოვებს. ჩვენ წლების მანძილზე თანაგუნდელები ვიყავით. ერთადერთი, რაც ახლა შემიძლია, მისი ოჯახის თანაგრძნობაა,“ – უელსის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მარკ ჰიუზი.

„მეამაყება, რომ ვმეგობრობდით. რამდენიმე საათით ადრე ერთად ვიყავით სტადიონზე და თურმე უკანასკნელ წუთებს ვატარებდი მის გვერდით,“ – პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ალან შირერი.

გიგზს, ჰიუზს და შირერს უამრავი სახელგანთქმული ფეხბურთელი შეუერთდა: კენი დალგლიში, გორდონ სტრაჩანი, დევიდ ბექემი, ჰოვარდ უილკინსონი…

ოჯახს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა, უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ და ფიფას თავკაცმა ზეპ ბლატერმაც მიუსამძიმრეს.

გარი სპიდი ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. 2003 წელს, როცა ლიგის 10 წლის იუბილე აღინიშნა და სიმბოლური ნაკრებიც დასახელდა, უელსელი ნახევარმცველი უპრობლემოდ მოხვდა 11 რჩეულს შორის.

ფეხბურთელის კარიერა მან ლიდს იუნაიტედში დაიწყო: 1990 წელს მეორე დივიზიონში იმარჯვა, 1992 წელს კი ძველ პირველ დივიზიონში ინგლისის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. კლუბის ისტორიაში საჩემპიონო სეზონის ნახევარმცველთა ოთხეული – გორდონ სტრაჩანი, გარი მაკალისტერი, დევიდ ბეტი, გარი სპიდი – საუკეთესოდ მიიჩნევა.

ელანდ როუდი უელსელმა 1996 წლის ზაფხულში დატოვა: სეზონნახევარი ლივერპულის ევერტონში ითამაშა, გუნდში, რომელსაც ბავშვობაში ქომაგობდა, 1998 წელს კი ნიუკასლ იუნაიტედში გადაინაცვლა და 2004 წლის ზაფხულამდე უერთგულა ჩრდილოინგლისურ კლუბს. მერე ბოლტონ უონდერერსი იყო, სულ ბოლოს კი შეფილდ იუნაიტედი.

გარი სპიდი პირველი იყო, ვინც 500ჯერ ითამაშა ინგლისის პრემიერლიგაში.

კარიერა 535 მატჩით დაასრულა – ეს რეკორდი წლების შემდეგ დევიდ ჯეიმსმა, მოგვიანებით კი მეორე უელსელმა რაიან გიგზმა გააუმჯობესა.

„40 წლის ვარ და თითქმის წელიწადია მოედანზე ვერ გავსულვარ – ხან რა მაწუხებს, ხან რა. მენატრება თუ არა თამაში? სიმართლე გითხრათ ახლა სათადარიგოთა შორის ყოფნა და თანაგუნდელთათვის თვალის დევნება უფრო მსიამოვნებს,“ – ეს სიტყვები სპიდმა 2009 წლის ოქტომბერში თქვა.

რამდენიმე თვეში მან ოფიციალურად დაასრულა კარიერა, თუმცა შეფილდ იუნაიტედი მაინც არ დატოვა – მწვრთნელი გახდა.

2010 წლის სექტემბერში უელსის ნაკრების მენეჯერი ჯონ ტოშაკი თანამდებობიდან გადადგა. საფეხბურთო ასოციაცია სპიდს შეეხმიანა და მალე ექს-ფეხბურთელს ქვეყნის პირველი გუნდიც ჩააბარა. 12 ნოემბერს უელსმა ამხანაგურ მატჩში 4:1 მოუგო ნორვეგიას – ეს ლომების უკანასკნელი გამარჯვება აღმოჩნდა სპიდის ხელმძღვანელობით…

26 ნოემბერს გარი სპიდი BBCის ერთ-ერთი საფეხბურთო გადაცემის სტუმარი იყო, მოგვიანებით ალან შირერთან ერთად ოლდ ტრაფორდზე მანჩესტერ იუნაიტედის და ნიუკასლ იუნაიტედის სალიგო მატჩს დაესწრო, შემდეგ კი შინ გაემგზავრა.

რამდენიმე საათში გარდაცვლილი იპოვეს.

მას მეუღლე და ორი ვაჟი დარჩა.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2011 წლის 30 ნოემბერი)

ka_GEGeorgian