დატყვევებული ლეგენდა
პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ამბავია: 1914 წლის ივლისში, იმ ავბედითი ტყვიის გავარდნისთანავე, გერმანიაში სამუშაოდ წასული ათასობით ბრიტანელის ცხოვრება თავდაყირა დადგა – მომდევნო რამდენიმე წელიწადი მათ ბერლინთან ახლოს, რულებენის ტყვეთა ბანაკში გაატარეს.
უიღბლოთა შორის იყო სტივ ბლუმერიც, XX საუკუნის პირველი წლების ინგლისური ფეხბურთის ვარსკვლავი, დერბი ქაუნთის ისტორიაში უდიდესი მოთამაშე და იმ წლების ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი.
გერმანიას ის ომის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე ეწვია – ბერლინის ბრიტანიამ (ახლა ამ კლუბს ბერლინერ SV92 ეწოდება) მწვრთნელის თანამდებობაზე მიიწვია.
ბლუმერის იქ ჩასვლა და ომის დაწყება თითქმის ერთი იყო. ხელისუფლების საგანგებო ბრძანებით, უკლებლივ ყველა ბრიტანელ მამაკაცს რამდენიმე დღეში უნდა დაეტოვებინა გერმანია, წინააღმდეგ შემთხვევაში დააპატიმრებდნენ. სტივმა, ასობით თანამემამულის მსგავსად, გასვლა ვერ მოასწრო და თითქმის ხუთ ათასამდე ბრიტანელთან ერთად პატიმრად იქცა.
უიღბლოებს რულებენში უკრეს თავი. ეს ბერლინთან ახლომდებარე იპოდრომი იყო, რომელიც ომის წლებში ტყვეთა ბანაკად გადაკეთდა. პატიმრები თავლებში შეყარეს, თან იმდენი, რომ ლამის ერთმანეთზე ეძინათ.
„გაუსაძლისი პირობები იყო – საშინელი კვება, მხოლოდ ცივი წყალი, აბაზანა კვირაში ერთხელ… ბანაკს ორასამდე სამხედრო დარაჯობდა, ტერიტორიაზე გადაადგილება კი მკაცრად შეზღუდული გვქონდა… რამდენიმე დღეში ფრედ პენტლენდი შემხვდა. წლების წინ ის ჩემთან ერთად თამაშობდა მიდლსბროში, მერე კი ნაკრებშიც დაწინაურდა… მოგვიანებით ჯონ კემერონი ვნახე, შოტლანდიის ნაკრების და ევერტონის ვარსკვლავი, ტოტენჰემის მოთამაშე-მწვრთნელი… მალევე მივხვდით, რომ იმ დამთრგუნველი მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი საფეხბურთო მატჩის ჩატარება იქნებოდა. ასე დაიწყო ყველაფერი“… – სტივ ბლუმერის მოგონებებიდან.
სამეულის წამოწყებას ყველა დიდი ენთუზიაზმით შეხვდა და მალე ბანაკის თასიც გათამაშდა. გუნდებს ინგლისური კლუბების სახელები ეწოდა, მთავარი ჯილდო კი რულებენ სფურზს ერგო, რომელმაც ფინალში ოლდემ ატლეტიკს 9:2 მოუგო.
ამ სანახაობით ბანაკის კომენდანტი, გრაფი შვერინი ფრიად კმაყოფილი დარჩა და თანაშემწეს, ავყია ბარონ ფონ ტაუბეს ტყვეებისთვის ბურთების და სხვა საჭირო ინვენტარის გადაცემა უბრძანა.
1915 წლის დასაწყისში იქაურობა გენერალმა ფონ კესელმაც მოინახულა. ის კაიზერ ვილემ IIის უახლოეს კაცად ითვლებოდა და შესაბამისად, განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობდა. ტყვეთა სახელით მას ჯოზეფ პაუელი შეხვდა, გერმანულად შესანიშნავად მოსაუბრე ლიდსელი კაცი, რომელმაც ფონ კესელს ბანაკის ტერიტორიაზე სრულფასოვანი საფეხბურთო მოედნის მოწყობის უფლება სთხოვა.
ფონ კესელმა ნებართვა გასცა, ამის შემდეგ, 22 მარტს, ოფიციალურად დაფუძნდა რულებენის საფეხბურთო ასოციაცია, კიდევ ოთხ დღეში კი ახალ მოედანზე პირველი მატჩი შედგა – სტივ ბლუმერის გუნდი ბანაკის ნაკრებს დაუპირისპირდა. აშკარად გამოცდილმა ბლუმერის გუნდმა, რომლის რიგებშიც ინგლისის და შოტლანდიის ნაკრების რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელი თამაშობდა, 4:2 გაიმარჯვა.
„ის დღე და ის თამაში გაზაფხულის ნანატრ სიოს ჰგავდა – რამდენიმე საათით ყველამ დაივიწყა ტყვეობა, თითქოს კვლავ თავისუფლები ვიყავით“, – იტყვის წლების შემდეგ ბლუმერი.
რამდენიმე დღეში რულებენის საფეხბურთო ლიგა ჩამოყალიბდა, გუნდები კი ბარაკების მიხედვით დაინომრა – გუნდი ნომერი ერთი, გუნდი ნომერი ორი…
„მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში მთელი ბანაკი ფეხბურთით ცხოვრობდა – სამასამდე მატჩი გაიმართა! ფინალის დღე კი, 1915 წლის 9 ივნისი ნამდვილი დღესასწაული გამოდგა – ოთხ ათასამდე ბრიტანელი დილიდან საღამომდე ღრიალებდა! ვიფიქრე კიდეც, ჩვენი არმია ხომ არ შემოიჭრა მეთქი“… – კვლავ ბლუმერის მოგონებებიდან.
1918 წლის მაისში, ბანაკში გატარებული სამი წელიწადისა და ექვსი თვის შემდეგ, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის შუამდგომლობით, სტივ ბლუმერი ტყვეობიდან გათავისუფლდა. ის ნიდერლანდებში გადავიდა – ამსტერდამის ბლაუ-ვიტის მოთამაშე-მწვრთნელი გახდა. გავიდა კიდევ ნახევარი წელიწადი და მას ინგლისში დაბრუნების უფლება მისცეს…
პირველი მსოფლიო ომი 1918 წლის 11 ნოემბერს დასრულდა და მასთან ერთად დამთავრდა რულებენის ტყვეთა ბანაკის და რულებენის საფეხბურთო ასოციაციის ისტორიაც.
ბანაკის გაუქმების შემდეგ დარაჯად გაფორმებულმა გერმანელმა სამხედროებმა ფორმები ყველას დასანახად დაწვეს, გათავისუფლებულ პატიმრებს კი, უკლებლივ ყველას, სპეციალურად დასტამბული ბარათი უსახსოვრეს: „მშვიდობა გქონდეთ, გვაპატიეთ და გთხოვთ დაივიწყოთ“.
იმ ამბების შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა…
1923 წელს სტივ ბლუმერი ესპანეთში წავიდა – ბასკეთის მხარის, გიპუსკოას საფეხბურთო კლუბი რეალ უნიონი ჩაიბარა. ერთი წლის შემდეგ მისმა გუნდმა ესპანეთის, იგივე მეფის თასი აღმართა – ნახევარფინალში ბარსელონა გაანადგურა – 5:1, ფინალში კი მადრიდის რეალი – 1:0. დღეს რეალ უნიონი დაბალ ლიგაშია, ხოლო მისი მფლობელი… უნაი ემერი გახლავთ.
სტივ ბლუმერი 64 წლის ასაკში, 1938 წლის 16 აპრილს, დერბიში გარდაიცვალა.
ინგლისის ჩემპიონატის 536 მატჩში გატანილი 314 გოლით ის პირველი დივიზიონის (პრემიერლიგის წინამორბედი) ყველა დროის მეორე საუკეთესო ბომბარდირია, მხოლოდ ჯიმი გრივზს (357) ჩამორჩება…
ლაშა გოდუაძე (2022 წლის 7 თებერვალი)
ფოტო: FourFourTwo