დავით ყიფიანი – 70

რომელიმე დასავლურ კლუბში რომ თამაშობდეს, სუპერვარსკვლავი იქნებოდა.
ვესტ ჰემ იუნაიტედის და თბილისის დინამოს 1981 წლის 4 მარტის ლონდონური მატჩის ოფიციალურ პროგრამაში ქართველი ფეხბურთელები არიან დახასიათებულნი და იქ დინამოელთა ათიანზე ყველაზე მეტი წერია, მათ შორის ეს სიტყვები.

მე იმ დროს დავიწყე სტადიონზე სიარული, როცა ყიფიანი უკვე მწვრთნელი იყო.

ახლა მხოლოდ იმას თუ დავწერ, რომ გული მწყდება მის დინამოს რომ ვერ მოვესწარი. საბედნიეროდ, იმ გუნდის ჩანაწერები საკმაოდაა და მეც თითქმის ყველა ნანახი მაქვს. საბჭოთა კავშირის ნაკრების ის იშვიათი მომენტებიც, სადაც დათო ჩანს.

რა უნდა ვთქვა? მართლა ძალიან მაგარი იყო!

ისე მოხდა, რომ 1996 წლის ზაფხული დინამოს პრესცენტრში ვიმუშავე და ივლის-ოქტომბერი გუნდის სიახლოვეს გავატარე: ევრომეტოქეებს – გრევენმახერს, მიოლდეს, მოსკოვის ტორპედოს და ბოავიშტას აეროპორტში ვხვდებოდით, მათთან და დინამოელებთან ინტერვიუებს ვწერდით, კლუბის ისტორიაში პირველ ოფიციალურ გაზეთს ვაკეთებდით…

იმ დინამოს მთავარი მწვრთნელი დავით ყიფიანი იყო. თუ გახსოვთ, ჰო კაი და თუ არა, გეტყვით რომ ქართულმა კლუბმა ევროთასებზე ზედიზედ სამი ეტაპი მაშინ პირველად გაიარა, თან დაუმარცხებლად.

ქართველი მწვრთნელები იშვიათად ემადლიერებიან ჟურნალისტებს საჯაროდ და მე რაც მახსოვს, პირველი ყიფიანი იყო, რომელმაც გაზეთ სარბიელის რედაქციას გადაუხადა მადლობა მოსკოვის ტორპედოსთან თბილისური მატჩის წინ დასტამბული იმ ცნობილი სიტყვების გამო – ზრია ნაძეეწეს, პაბედა ბუძიტ ზა ნამი! რუსულად ეწერა სარბიელის პირველ გვერდზე…

ახლაც მახსოვს ის დღე, როცა პირველად მივედი დიღომში, ბაზაზე. სანამ ჭიშკარში შევიდოდი, ნერვიულობისგან კინაღამ გული წამივიდა და მეორე სართულზე, კიბეებთან, მთავარი მწვრთნელის კაბინეტში რომ შევყევი უფროს მეგობარს, თავი სიზმარში მეგონა. ინტერვიუს წერდნენ, მე კი სულგანაბული ვუსმენდი. მას კიდევ რამდენჯერმე ვესტუმრეთ ბაზაზე და ყველა შემთხვევაში სიზმარში ვხვდებოდი…

1997ის პირველ დღეებშიც, იამანიძის ხუთ ნომერ სახლთან ვიდექი უფროს მეგობარ-ჟურნალისტებთან ერთად, როცა დავით ყიფიანი ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაამტკიცა.

ეროვნულის გამო არაერთ დიდ ქართველ ფეხბურთელს ეტკინა გული და გამონაკლისი არც ყიფიანი გამოდგა. 1997ის მერე 2000ში დაუბრუნდა ნაკრებს, მაშინ უკვე რეზო ძოძუაშვილთან ერთად. 2001ის ივნისში, უნგრეთთან წაგების შემდეგ, ისინი გადადგნენ, სექტემბერში კი, იმ ავადსახსენებელი ავარიით დიდი და ლამაზი ისტორიაც დასრულდა. ავარიები და ქართული ფეხბურთი კიდე ცალკე თემაა…

2016 წელს, 1981 წლის გამარჯვების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წიგნი გავაკეთე, სადაც იმ ტრიუმფის შესახებ სხვადასხვა ჟურნალისტების მიერ დაწერილი საუკეთესო წერილებია თავმოყრილი. და საუკეთესო ფოტოებიც.

ეს ფოტოც მაშინ ვნახე. როგორ გითხრათ, არის რამდენიმე ფოტო, რომელიც ძალიან მიყვარს: მაგალითად ვიტალი დარასელიას რომ მაიმუნი აზის მხარზე, ან ბარქაიას პლაჟი, ან ჯემალ კასრაძის მიერ გადაღებული ყიფიანის და ჩივაძის ის ცნობილი ფოტო, ბადრი კეთილაძის რამდენიმე სუპერკადრი…

ჩემთვის ეს ფოტოც ერთ-ერთი ფავორიტია. რაღაცნაირად მეგემრიელება და ასე მგონია, რომ ეს დიდი ფეხბურთელი ისევ ჩვენ შორისაა, ხელის გაწვდენაზე.

დღეს 18 ივნისია, დავით ყიფიანის დაბადების დღე. ყველაზე დიდი ქართველი ათიანი 70 წლის გახდებოდა.

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 18 ივნისი)
ფოტო: sport.gov.ge

ka_GEGeorgian