დავით მოძმანაშვილს ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლი ჩამოართვეს

დავით მოძმანაშვილს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული ვერცხლის მედალი ჩამოერთვა. ეს ინფორმაცია საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ახლახანს გაავრცელა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სადისციპლინო კომისიამ დენის ოსვალდის (თავმჯდომარე), გუნილა ლინდბერგის და ხუან ანტონიო სამარანჩი უმცროსის შემადგენლობით, დაადგინა: დავით მოძმანაშვილმა დაარღვია სოკ-ის დოპინგსაწინააღმდეგო წესები და დისკვალიფიცირებულია. ამავდროულად, სპორტსმენმა ოლიმპიური ვერცხლის მედალი სოკ-ს უნდა დაუბრუნოს.

ქართველი ფალავნის 2012 წლის დოპინგ-სინჯები საერთაშორისო ტესტირების სააგენტოში გადამოწმდა, რის შემდეგაც მათში აკრძალული ნივთიერების დეჰიდროქლორმეთილტესტოსტერონის შემცველობა დადასტურდა.

მძიმეწონოსანმა ფალავანმა ვერცხლის მედალი ლონდონში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მოიპოვა. ის ფინალში უზბეკ არტურ ტაიმაზოვთან დამარცხდა, მანამდე კი მექსიკელი ხესე რუისი, ყაზახი დაულეტ შაბანბაი და რუსი ბილიალ მახოვი დაამარცხა. აქვე შეგახსენებთ, რომ დოპინგ-კონტროლზე ჩავარდნის გამო არტურ ტაიმაზოვს, თავის მხრივ, პეკინის ოლიმპიადის ოქროს მედალი ჩამოერთვა.

დავით მოძმანაშვილი 2017 წლიდან უზბეკეთის სახელით ასპარეზობს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 17 იანვარი)

ka_GEGeorgian