დედოფალი
პირველი თასი – თბილისის ჩემპიონობა…
ოთხი ოქროს მედალი საქართველოს ქალთა პირველობაზე…
თბილისი-ბათუმსა და თბილისი-სოხუმში გამართული ქალთა საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული…
პირველი ადგილი იუგოსლავიაში, ვრნიაჩკა-ბანიაში, კანდიდატთა შეჯიბრებაში…
და რამდენიმე სპორტული წოდება…
ასეთი მოკრძალებული იყო ნონა გაფრინდაშვილის მიღწევები სამოცი წლის წინ, როცა მსოფლიოს ჩემპიონთან, ორჯერ უფროს ელიზავეტა ბიკოვასთან სატიტულო მატჩისთვის მოსკოვს ეწვია. 1962 წლის შემოდგომა იდგა, ნონა 21 წლის იყო.
1962 წლის 17 სექტემბერს დაპირისპირება საზეიმოდ გაიხსნა და ზუსტად ერთ თვეში, 17 ოქტომბერს დასრულდა. წესდებით გათვალისწინებული თექვსმეტი პარტიის ნაცვლად, ჭადრაკის მოყვარულებმა მხოლოდ თერთმეტი იხილეს – ქართველმა პრეტენდენტმა შვიდჯერ დააშამათა მეტოქე, ოთხჯერ ყაიმზე დაეთანხმა და დაუმარცხებლად, 9:2 გაიმარჯვა!
ერთი დღის შემდეგ, 1962 წლის 18 ოქტომბერს, ნონა გაფრინდაშვილმა პირველად დაიდგა ჭადრაკის დედოფლის გვირგვინი.
ამ ისტორიულ, სამოცი წლის წინანდელ ტრიუმფამდე საქართველოს მსოფლიოს ათი ჩემპიონი ჰყავდა სპორტის სხვადასხვა სახეობაში.
ქართველმა ეს ტიტული პირველად 1953 წელს მოიპოვა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზიამ გადამწყვეტ შეხვედრაში დიდებულ შვედს, ლონდონის (1948) და ჰელსინკის (1952) ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორს, მსოფლიოს წინა პირველობის გამარჯვებულ აქსელ გრიონბერს სძლია. გივი კარტოზიამ სწორედ იმ ქალაქში გაიხარა, სადაც დღეს სხვა ქართველის სახელი ჰქუხს – იტალიის სამხრეთით, ნეაპოლში.
ლეგენდარული ფალავნის შემდეგ არანაკლებ დიდებული ათლეტების ჯერი დადგა: ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი, ტანმოვარჯიშე სერგო ჯაიანი, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ვახტანგ ბალავაძე, გიორგი სხირტლაძე და ვლადიმერ რუბაშვილი, კლასიკოსები როსტომ აბაშიძე და ავთანდილ ქორიძე, მოფარიკავე გურამ კოსტავა…
ამ ცხრა ვაჟკაცის მხარდამხარ იდგა ტანმოვარჯიშე გალინა შარაბიძეც, რომელმაც 1954 წელს, რომში, გუნდურ მრავალჭიდში მოიგო ოქროს მედალი.
1962 წლის შემოდგომით კი მეთერთმეტე მსოფლიოს ჩემპიონი გამოჩნდა!
მოსკოვში შთამბეჭდავი გამარჯვებით ნონა გაფრინდაშვილი ელვისებურად შეიჭრა ქალთა ჭადრაკში და მომდევნო წლებში ბევრზე ბევრი ტრიუმფით, სამუდამოდ დაიმკვიდრა ნომერ პირველი მოჭადრაკე ქალის სახელი.
ნონას 1962 წლის გამარჯვება სამი მიზეზითაა მნიშვნელოვანი.
პირველი ისაა, რომ 21 წლისა გახდა უძლიერესი და ლეგენდარული ჩეხის, ვერა მენჩიკის შედეგი გაიმეორა. მათზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი ქალთა ჭადრაკში მანამდე არავინ ყოფილა!
მეორე მნიშვნელოვან ფაქტად ის მიმაჩნია, რომ ქალბატონმა ნონამ საჩემპიონო პაექრობა დაუმარცხებლად მოიგო – შვიდი გამარჯვება და ოთხი ყაიმი, რაც ერთადერთი შემთხვევაა 1958-1996 წლებში, როცა ფიდე უძლიერესს კლასიკურად, თექვსმეტი პარტიისგან შემდგარი მატჩით ავლენდა!
და მესამე მიზეზი, რომელიც არაერთხელ აღუნიშნავთ ჭადრაკის თუ ზოგადად, ჩვენი სპორტის სპეციალისტებს და რომელსაც მეც სიამოვნებით გავიმეორებ: იმ მოსკოვური ტრიუმფით ნონა გაფრინდაშვილმა ქართველ ქალ მოჭადრაკეთა არნახული აღზევება განაპირობა, მაია ჩიბურდანიძის, ნანა ალექსანდრიას, ნანა იოსელიანის და სხვა არაერთი გამორჩეული მოთამაშის ძალიან მაღალ შედეგებს ვგულისხმობ მსოფლიო ჩემპიონატებსა თუ საჭადრაკო ოლიმპიადებზე.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ლოგიკურია, რომ ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო სპორტის ლეგენდად მოვიხსენიო.
და ეს უბრალოდ სადღეგრძელო რომ არაა, ფიდეს ცნობილი გადაწყვეტილებაც მოწმობს: მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადებზე მისი სახელობის ჯილდო თამაშდება – ნონა გაფრინდაშვილის ლამაზი თასი, ვაჟთა და ქალთა გუნდების საერთო შედეგების მიხედვით საუკეთესო ქვეყნისთვის.
ფიდეს ხსენებული ნაბიჯი დიადი მოჭადრაკის ზღაპრული კარიერის სათანადო დაფასებაა, რადგან მის მიერ განვლილი სპორტული გზა დიახაც რომ თვალისმომჭრელია.
ყველა ტიტულს არ შეგახსენებთ, სრულ ჩამონათვალს ამ წიგნის ბოლო გვერდებზე გაეცნობით, თუმცა რამდენიმეს აუცილებლად გამოვყოფ:
ნონა გაფრინდაშვილი პირველი საერთაშორისო დიდოსტატია ქალთა შორის!
ნონა გაფრინდაშვილი პირველი საერთაშორისო დიდოსტატია ვაჟთა შორის!
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია!
ნონა გაფრინდაშვილი საჭადრაკო ოლიმპიადების ერთადერთი თერთმეტგზის გამარჯვებულია!
ნონა გაფრინდაშვილი ქალთა საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელია!
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ლოგიკურია, რომ 1989 წელს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელმა კრებამ, სწორედ ქალბატონ ნონას შესთავაზა ახლადდაარსებული ორგანიზაციის პრეზიდენტობა. დელეგატებმაც ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ათი წლის შემდეგ, 1999 წელსაც იგივე მოხდა, როცა საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ასწლეულის რჩეულები გამოავლინა – ჩვენი ქვეყნის XX საუკუნის ნომერ პირველ ქალ სპორტსმენად ნონა გაფრინდაშვილი დასახელდა!
ამ წიგნის მზადების პროცესში ქალბატონი ნონას არაერთი ინტერვიუ წავიკითხე. ჩემს უფროს კოლეგასთან, ავთანდილ გურასაშვილთან საუბარში ქართული სპორტის ლეგენდა ამბობს:
„ჩემი ადგილი XXI საუკუნის ჭადრაკშიც იქნება. ასაკის მიუხედავად, თავს მოხუცად არ მივიჩნევ, ჭადრაკის თამაში კვლავ დიდ სიამოვნებას მანიჭებს და სანამ ასე იქნება, მანამდე ვითამაშებ. ახლა ერთადერთი რამ მაკლია – ვაჟ ვეტერანებში მსოფლიოს ჩემპიონი მინდა გავხდე და ალბათ, ამისთვის ვითამაშებ“.
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი წლებია ვეტერანთა ტურნირებზე თამაშობს და რა გასაკვირია რომ აქაც ძალიან წარმატებულია: შვიდჯერ მოიგო მსოფლიო პირველობა, კონტინენტის უძლიერესი მოჭადრაკის სახელი კი ხუთჯერ.
შეძლებს ქალბატონი ნონა მამაკაცთა შორის პირველობას?
ვნახოთ. დანამდვილებით მხოლოდ ის ვიცი, რომ დედოფლებს ყველაფერი ხელეწიფებათ, ნონა გაფრინდაშვილი კი სწორედ რომ დედოფალია, მსოფლიო ჭადრაკის დედოფალი.
რაც შეეხება ამ პატარა კრებულს, ეს ჩვენი, სპორტული ჟურნალისტების, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და ზოგადად, ქართული სპორტის მოყვარულების კიდევ ერთი მცდელობაა, რომ მადლობა ვუთხრათ ლეგენდარულ სპორტსმენს ყველაფრისთვის, იმ დაუვიწყარი გამარჯვებებისთვის და ულევი სიხარულისთვის, რაც განვლილი ათწლეულების მანძილზე ჩვენთვის მოუნიჭებია.
მადლობა, ქალბატონო ნონა!
მრავალჟამიერ!
პატივისცემით,
ლაშა გოდუაძე
სპორტული ჟურნალისტი
(წიგნის წინასიტყვაობა)
2022 წლის 17 ოქტომბერი