დიადი: ლუის ჰემილტონი (I ნაწილი)

ეს წერილი თითქმის 2 წლის წინ, 2019 წლის გაზაფხულზე დავწერე, ფორმულა 1ის შარშანდელი სეზონის სტარტის წინ.
მერსედესის ბრიტანელი სუპერვარსკვლავი იმ ჩემპიონატს მთავარი ფავორიტის სტატუსით და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მსოფლიოს 5გზის ჩემპიონის რანგში შეხვდა.
ლუის ჰემილტონმა 2019 წელს მეექვსედ, ახლახანს კი მეშვიდედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს გაუთანაბრდა – მათზე მეტჯერ ყველაზე პრესტიჟული სარბოლო სერია, ფანები სამეფო რბოლასაც რომ უწოდებენ, არავის მოუგია!
მაგრამ 7 ტიტული ლუის ჰემილტონის ერთადერთი მიღწევა არ არის. ბრიტანელი ფორმულა 1ის ლამის ყველა რეკორდს ფლობს და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნებს: ყველაზე მეტი დიდი პრიზი – გრან პრი… ყველაზე მეტი პოდიუმი… ყველაზე მეტი პოული… ყველაზე მეტი გამარჯვება სხვადასხვა ქვეყანაში…
ყველა დროის უდიდესი ავტომრბოლის სახელამდე ბრიტანელმა დიდი და საინტერესო გზა განვლო. ეს ჩანახატი სწორედ იმ ამბებზეა.

 

ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე: საყვარელ საქმეს აკეთებ, გზას მიუყვები, მიზნებს ისახავ და აღწევ, ხან – ვერ, წლების შემდეგ კი აღმოაჩენ, რომ თურმე სრულიად უცნობი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ყოფილხარ, მისაბაძი, უყვარდი, გაღმერთებდნენ, უნდოდათ რომ შენსავით წარმატებულნი ყოფილიყვნენ…

ასეთ სიტუაციებში უფრო ისინი აღმოჩნდებიან ხოლმე, ვინც, ჩვენი ცოდვილი ყვითელი ჟურნალისტიკის ენით რომ ვთქვათ, ცნობადი სახეები არიან.

მაგალითად კარლ ლუისი, დიდებული ამერიკელი მძლეოსანი, უამრავი ოქროს მედლის მფლობელი, ათობით რეკორდის ავტორი, მოკლედ რომ ვთქვა სახელგავარდნილი კაცი და ზღაპრული წარმატებებიდან გამომდინარე, ათასებისთვის მისაბაძი სპორტსმენი.

კარლ ლუისი 1984 წელს ლოს ანჯელესში ჩატარებული ოლიმპიური თამაშების მთავარი ვარსკვლავი გახდა – 4 ოქრო მოიგო!

კარლ ლუისი, კარლ ლუისმა, კარლ ლუისს…

ყველა მასზე საუბრობდა პრეზიდენტ რონალდ რეიგანით დაწყებული დალაი ლამათი დასრულებული.

ფენომენალური მძლეოსნის სახელი მთელ მსოფლიოში ჰქუხდა და გამონაკლისი არც დიდი ბრიტანეთი იყო: აღმოსავლეთ ინგლისში, ჰერტფორდშირის საგრაფოს პატარა ქალაქ სტივენეიჯში მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა, მათ შორის ინგლისელი კარმენ ლოკჰერტის და გრენადელი ენტონი ჰემილტონის ოჯახი.

ახალგაზრდა წყვილს ისე უყვარდა კარლ ლუისი, რომ ლოსანჯელესური ტრიუმფიდან ნახევარ წელიწადში მოვლენილ ვაჟს მის საპატივცემულოდ ლუის კარლი დაარქვეს. პატარა 1985 წლის 7 იანვარს დაიბადა.

წლების შემდეგ, ამერიკის დიდი პრიზის გათამაშებისას, კარლ ლუისი ახალგაზრდა სეხნიას ბოქსებში ესტუმრა და მხურვალედ უქომაგა, თან სამეფო რბოლის პატარ-პატარა საიდუმლოებებსაც ეზიარა.

„რომ ვიცოდეთ რამდენი ფანი გვყავს და როგორ ვუყვარვართ, ალბათ, ოდნავ უკეთესები ვიქნებოდით. ყოველ შემთხვევაში ვეცდებოდით მაინც რომ ბევრი სისულელე არ ჩაგვედინა“, – თქვა იმ რბოლის შემდეგ ლუის ჰემილტონმა და მშობლების კერპთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.

ჰემილტონების ოჯახი კი ლუის კარლის დაბადებიდან ორ წელიწადში დაინგრა. მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი 12 წლამდე დედასთან და ორ ნახევარდასთან ერთად იზრდებოდა, მერე კი მამასთან გადაბარგდა, რადგან ამ უკანასკნელმა მასში პერსპექტიული ავტომრბოლი დაინახა და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

1991 წლის შობის დღესასწაულზე მამამ შვილი დისტანციურად მართული სარბოლო ავტოთი გაახარა. იცოდა, რომ პატარას მანქანები ყველაზე ძალიან უყვარდა. ერთი წლის შემდეგ, კვლავ შობის დღესასწაულზე, ენტონი ჰემილტონმა ვაჟი კარტინგით გააოცა და ზღაპრული ისტორიაც, რომელმაც უდიდესი წარმატებები დაიტია, კაცმა რომ თქვას სწორედ იმ დღიდან იწყება:
1994 და 1995 წლებში ლუის კარლი კარტინგში სტივენეიჯის ჩემპიონატს იგებს, 1995 და 1996 წლებში კი უკვე ინგლისში ხდება უძლიერესი.

მიუხედავად ამისა, 12 წლისას ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა ფეხბურთს გაჰყოლოდა თუ ავტოსპორტს: კარტინგში წარმატებების კვალდაკვალ ის ჯონ ჰენრი ნიუმანის სკოლის საფეხბურთო გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახლდათ. არ დაიჯერებთ: მასთან ერთად იქ მანჩესტერ იუნაიტედის მომავალი კაპიტანი ეშლი იანგიც თამაშობდა!

„ფეხბურთი ახლაც მიყვარს… ბოლიდის მართვის შემდეგ ბურთის გორება ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ვმეგობრობ თუ არა იანგთან? დიახ, ჩვენ ბევრი თამაში მოგვიგია, ამას რა დამავიწყებს“! – ამბობს ლუის ჰემილტონი.

1997 წელს ლუის კარლი იამაჰას იუნიორთა თასს იგებს და ენტონი ჰემილტონი ხვდება, რომ შვილს მეტი ყურადღება სჭირდება. ბიჭს ავტომრბოლის ყველა მონაცემი აქვს და მხოლოდ თანადგომა და დახმარება სჭირდება, მასზე უკეთ კი ამას ვერავინ გააკეთებს. უფროსი ჰემილტონი ერთი შეხედვით სარისკო გადაწყვეტილებას იღებს: დიდ კომპანიაში საკმაოდ მაღალშემოსავლიან თანამდებობას ტოვებს მხოლოდ იმიტომ, რომ მეტი თავისუფალი დრო ჰქონდეს და ის მთლიანად ლუისს დაუთმოს. ენტონი შვილს მთელ ქვეყანაში დაჰყვება, საჭირო შემოსავალს კი სამ სხვადასხვა სამსახურში ნახევარგანაკვეთზე მუშაობით იღებს.

„მამა ყველაზე დიდი გულშემატკივარია! აღარც კი მახსოვს რამდენ რბოლაზე ვყოფილვართ ერთად… ხანდახან თავს ვეკითხები: შევძლებდი კი იმავეს, რაც მამამ გამიკეთა? პასუხის მეშინია… ასეთი თავგანწირვა უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს“, – მსოფლიოს ჩემპიონის ერთი ძველი ინტერვიუდან.

1998 წელს 13 წლის ლუისი სუპერ 1ის სარბოლო სერიას იგებს, ბრიტანეთის ჩემპიონატში კი II ადგილზე გადის. ამ შედეგებით მან მაკლარენის ყურადღება მიიქცია და ფორმულა 1ის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა ბიჭი ახალგაზრდა პილოტების განვითარების პროგრამაში ჩართო.

ხელშეკრულებაში, რომელიც ენტონი ჰემილტონის და მაკლარენის შეფის რონ დენისის ხელმოწერით დამშვენდა, შავით თეთრზე ეწერა, რომ კონკრეტული შედეგების შემთხვევაში ლუისს ფორმულა 1ში ადგილი გარანტირებული ექნებოდა. არც მანამდე და არც მას შემდეგ მაკლარენს მსგავსი კონტრაქტი არავისთან გაუფორმებია.

1998-2000 წლებში ჰემილტონი გამოცდილებას ისევ კარტინგში იღებს: ჯერ საკონტინენტთაშორისო სერია A, შემდეგ ფორმულა A, ფორმულა სუპერ A… ის თითქმის ყველგან უძლიერესია, 2000 წელს კი ევროპის ჩემპიონი ხდება ქულათა მაქსიმუმით – ყველა რბოლას იგებს!

ფორმულა 1ის პილოტები დროგამოშვებით მონაწილეობენ კარტინგის ტურნირებში. ასეთი შეჯიბრები წინასადღესასწაულო დღეებში ტარდება ხოლმე. 2001 წელს ერთი ასეთი თასი ლონდონშიც გათამაშდა, სადაც სხვებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი მიხაელ შუმახერიც გამოჩნდა. ის ტურნირი წითელმა ბარონმა III დაასრულა, ლუის კარლ ჰემილტონი კი სუპერვარსკვლავს მხოლოდ 4 პოზიციით ჩამორჩა! მიუხედავად ამისა ფორმულა 1ის ლეგენდა მიხვდა, რომ 16 წლის ბიჭის სახით დიდი პილოტი იზრდებოდა: „ის ნიჭიერია, ჩინებულად მართავს ავტოს და თუ საკუთარ თავზე იმუშავა, ბევრს, ძალიან ბევრს მიაღწევს! აშკარაა, რომ მას ყველა საჭირო თვისება აქვს. ახლა მთავარია შრომა არ დაიზაროს“, – განაცხადა შუმახერმა.

2001 წლიდან ლუის ჰემილტონი ბრიტანეთის ფორმულა რენოში გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მე3 რბოლაში ავარია შეემთხვა, მენორ მოტორსპორტის ხელმძღვანელობამ 2002 წლისთვის სრულფასოვანი ხელშეკრულება გაუფორმა.

დებიუტანტმა იმედები გაამართლა: 3 ეტაპი მოიგო, 3ჯერ მოიპოვა პოული და სეზონი III ადგილზე დაასრულა.

2003 წელს პირველი დიდი ჩემპიონობაც იზეიმა: ფორმულა რენოს ბრიტანეთის ჩემპიონის ტიტული სეზონის დასრულებამდე კარგა ხნით ადრე მოიგო – 10 ეტაპზე გაიმარჯვა და 419 ქულით კონკურენტებისთვის მიუღწეველი აღმოჩნდა. ბოლო 2 ეტაპი მან საერთოდ გამოტოვა – დრო ფორმულა 3ში დებიუტისთვის მოსამზადებლად გამოიყენა…

2004 წელს ლუისი პირველად მიუჯდა ფორმულა 1ის ბოლიდის საჭეს, თუმცა მხოლოდ ტესტებზე: მაკლარენმა თინეიჯერ პილოტს სილვერსტოუნში ანდო ძვირადღირებული სპორტული მანქანა.

2005 წელს ფორმულა 3ის ჩემპიონატი ჰემილტონის ტრიუმფით სრულდება: ASMის შემადგენლობაში 20დან 15 ეტაპს იგებს, ჩაროზად ზანდვოორტში (ნიდერლანდები) გამართულ ფორმულა 3ის მასტერსზე ტრიუმფი, ეს ყველაფერი  კი სრულიად საკმარისია, რომ ბრიტანულმა გამოცემა ავტოსპორტმა ფორმულა 1ის მომავალ ვარსკვლავებს შორის დაასახელოს.

2006 წელს ლუის ჰემილტონი რანგით უკეთეს სერიაში იმარჯვებს – GP2ში მისი კონკურენტები ნელსონ პიკე უმცროსი და ტიმო გლოკი არიან, თუმცა ბრიტანელი ძალიან შთამბეჭდავია: 21 რბოლიდან 5 მოიგო, 14ჯერ დადგა პოდიუმზე და 114 ქულით ჩემპიონის რანგში შესვა შამპანური!

„იმ დროს, როცა თასით დამაჯილდოვეს, უკვე ვიცოდი, რომ ფორმულა 1 ხელის გაწვდენაზე იყო. ყველას ეგონა, რომ GP2-ის მოგება მახარებდა, თუმცა ის უფრო მაბედნიერებდა, ფორმულა 1-ში რომ ვერთვებოდი“, – იხსენებს ჰემილტონი.

მაკლარენი ფინელი კიმი რაიკონენის შემცვლელს ეძებდა. უფრო სწორად, კანდიდატები ნაპოვნი ჰყავდა, მხოლოდ ფიქრობდა რომელზე შეეჩერებინა არჩევანი: ლუის ჰემილტონი, პედრო დე ლა როსა თუ ჰარი პაფეტი? ერთ-ერთი მათგანი მსოფლიოს ჩემპიონის ფერნანდო ალონსოს თანაგუნდელი გახდებოდა. ესპანელმა 2005 და 2006 წლებში რენოსთან ერთად მოიგო ფორმულა 1 და მაკლარენში გადასული მორიგი ტრიუმფისთვის ემზადებოდა…

საბოლოო სიტყვა გუნდის მენეჯერ რონ დენისს ეკუთვნოდა და მან არჩევანი ჰემილტონზე შეაჩერა.

რატომ?

„ლუისი ცივსისხლიანია, ძალიან მშვიდი, სწრაფი და ამავდროულად, უკანასკნელ წამამდე იბრძვის. ასაკის მიუხედავად საკმაოდ გამოცდილია და რაც მთავარია, დიდი ხანია რაც ჩვენი გუნდის წევრია“, – ასე ახსნა გადაწყვეტილება გუნდის ხელმძღვანელმა.

ჰემილტონმა კი ბოსს ავტოგრაფების გაცრეცილი წიგნაკი უჩვენა, რომლის ერთ-ერთ გვერდს დენისის ასეთი ჩანაწერი ამშვენებდა: „ლუის, ყოჩაღი ბიჭი ხარ, კარგად დადიხარ და რამდენიმე წელიწადში აუცილებლად შემეხმიანე. გული მიგრძნობს რაღაც გამოგვივა. რონი“. ის წერილი ჰემილტონმა დენისს 11 წლით ადრე, 1995 წელს ჩამოართვა…

ახალწვეული მაკლარენმა მსოფლიოს ჩემპიონი ალონსოს მეწყვილედ 2006 წლის 30 სექტემბერს დაამტკიცა, მაგრამ ამის შესახებ ოფიციალურად მხოლოდ 24 ნოემბერს ითქვა. საქმე ისაა, რომ მიხაელ შუმახერი ფორმულა 1დან წავიდა, ბრიტანელებს კი არ სურდათ დიდებულ გერმანელს ჰემილტონის ამბავი დაეჩრდილა…

ლუის ჰემილტონი (ლუის კარლ დევიდსონ ჰემილტონი)
(სტატისტიკა 2020 წლის 17 ნოემბრისთვის)
დაიბადა 1985 წლის 7 იანვარს ინგლისის ქალაქ სტივენეიჯში
ფორმულა 1ის პილოტი
გუნდები: მაკლარენი (2007-12), მერსედესი (2013 წლიდან)
ტიტულები: მსოფლიოს ჩემპიონი – 2008, 2014, 2015, 2017, 2018, 2019, 2020; მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი – 2007, 2016; ფორმულა 3 (ევროპა) – 2005; ფორმულა რენო (დიდი ბრიტანეთი) – 2003; მსოფლიოს საუკეთესო ავტომრბოლი (ჟურნალი ავტოსპორტი) – 2007, 2008, 2014, 2015, 2017, 2018, 2019; წლის დებიუტანტი (ჟურნალი ავტოსპორტი) – 2006, 2007; წლის სპორტსმენი (BBC) – 2014; მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენი (ლაუროსი) – 2020

ლუის ჰემილტონის რეკორდები ფორმულა 1ში
ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტული – 7 (მიხაელ შუმახერთან ერთად)
ყველაზე მეტი გრან პრი – 94
ყველაზე მეტი გრან პრი სადებიუტო სეზონში – 4 (2007)
ყველაზე მეტი გრან პრი ერთ გუნდში – 73 (მერსედესი)
ყველაზე მეტი გრან პრი ერთ ქვეყანაში – 8 (უნგრეთი)
ყველაზე მეტი გრან პრი სამშობლოში, დიდ ბრიტანეთში – 7
ყველაზე მეტი გრან პრი სხვადასხვა ტრასაზე – 29
ყველაზე მეტი სეზონი მინიმუმ ერთი გრან პრით – 14
ყველაზე მეტი გრან პრი სასტარტო პირველი ადგილით (პოული) – 57
ყველაზე მეტი პოული – 97
ყველაზე მეტი პოული სადებიუტო სეზონში – 6 (2007)
ყველაზე მეტი პოული ერთ ქვეყანაში – 8 (ავსტრია)
ყველაზე მეტი პოული სხვადასხვა ტრასაზე – 29
ყველაზე მეტი ქულა – 3738
ყველაზე მეტი ქულა სადებიუტო სეზონში – 109 (2007)
ყველაზე მეტი ქულა საჩემპიონო სეზონში – 413 (2019)
ყველაზე მეტი ქულა ჩემპიონის ტიტულის გარეშე – 380 (2016)
ყველაზე მეტი რბოლა ქულათა ზონაში – 227
ყველაზე მეტი მიჯრით რბოლა ქულათა ზონაში – 47 (მიმდინარე სერია)
ყველაზე მეტი პოდიუმი – 163
ყველაზე მეტი პოდიუმი სეზონში – 17 (2015, 2016, 2018, 2019)
ყველაზე მეტი რბოლა ზედიზედ – 264 (მიმდინარე სერია)
ყველაზე მეტი რბოლა პირველი სასტარტო ხაზიდან – 157
ყველაზე მეტი რბოლა პირველიდან ბოლო წრემდე ლიდერობით – 22

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 12 აპრილი)

ka_GEGeorgian