დიადი: ლუის ჰემილტონი (II ნაწილი)

ეს წერილი თითქმის 2 წლის წინ, 2019 წლის გაზაფხულზე დავწერე, ფორმულა 1ის შარშანდელი სეზონის სტარტის წინ.
მერსედესის ბრიტანელი სუპერვარსკვლავი იმ ჩემპიონატს მთავარი ფავორიტის სტატუსით და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მსოფლიოს 5გზის ჩემპიონის რანგში შეხვდა.
ლუის ჰემილტონმა 2019 წელს მეექვსედ, ახლახანს კი მეშვიდედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს გაუთანაბრდა – მათზე მეტჯერ ყველაზე პრესტიჟული სარბოლო სერია, ფანები სამეფო რბოლასაც რომ უწოდებენ, არავის მოუგია!
მაგრამ 7 ტიტული ლუის ჰემილტონის ერთადერთი მიღწევა არ არის. ბრიტანელი ფორმულა 1ის ლამის ყველა რეკორდს ფლობს და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნებს: ყველაზე მეტი დიდი პრიზი – გრან პრი… ყველაზე მეტი პოდიუმი… ყველაზე მეტი პოული… ყველაზე მეტი გამარჯვება სხვადასხვა ქვეყანაში…
ყველა დროის უდიდესი ავტომრბოლის სახელამდე ბრიტანელმა დიდი და საინტერესო გზა განვლო. ეს ჩანახატი სწორედ იმ ამბებზეა.

ბრიტანელი პილოტის წარმატებებით დახუნძლული კარიერა ორ ნაწილად უნდა გავყოთ: 2007-12 წლები, როცა მაკლარენს მართავდა და 2013 წელი და შემდგომი პერიოდი, მერსედესთან ერთად ტრიუმფით განვლილი გზა.

ყველაზე რთულ სარბოლო სერიაში სადებიუტო წელიწადი ლუისმა 4 დიდი პრიზით, 6 პოულით, 12 პოდიუმით, 109 ქულით და ვიცე-ჩემპიონის ტიტულით დაასრულა. ეს სტატისტიკა მხოლოდ აპლოდისმენტებს იმსახურებს! გასათვალისწინებელია ისიც, რომ მან ჩემპიონის ტიტული მხოლოდ ქულით დათმო კიმი რაიკონენთან და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მსოფლიოს 2გზის ჩემპიონ თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს აჯობა!

2007 წლის ჩემპიონატიდან რამდენიმე მოვლენა ცალკე აღნიშვნას იმსახურებს: სადებიუტო, ავსტრალიის დიდი პრიზი ლუისმა III ადგილზე დაასრულა და გახდა მხოლოდ და მხოლოდ მე13, რომელმაც სულ პირველ რბოლაში შეძლო პრიზიორთა შორის მოხვედრა; მომდევნო ეტაპებზე, ბაჰრეინსა და ბარსელონაში მაკლარენის ახალწვეული II იყო, საერთო ჩათვლაში კი I ადგილზე გადაინაცვლა – ფორმულა 1ის ჩემპიონატს მასზე ახალგაზრდა ლიდერი არასდროს ჰყოლია; სილვერსტოუნის გრან პრიზე III ადგილით ჰემილტონმა 60იანი წლების ვარსკვლავის ჯიმ კლარკის რეკორდი გაიმეორა – მხოლოდ მე2 ბრიტანელი შეიქნა, ვინც ზედიზედ 9 რბოლა დაასრულა სამეულში!

დებიუტანტის საოცარმა სტარტმა ჭირვეული ხასიათით ცნობილ ესპანელ თანაგუნდელზე არცთუ კარგად იმოქმედა: ალონსო ჩემპიონობის კანდიდატად ითვლებოდა, თუმცა არასტაბილური იყო და ამის გამო ხშირად ბრაზობდა. გუნდში სიტუაცია პირველად მონაკოს დიდი პრიზის შემდეგ დაიძაბა – ჰემილტონი ხელმძღვანელების მხრიდან შეზღუდვაზე ალაპარაკდა, მაგრამ უნგრეთში ჩასვლამდე თქვა, რომ პრობლემა მოგვარდა.

ყველა ხვდებოდა, რომ განხეთქილება მხოლოდ დროის ამბავი იყო. ასეც მოხდა: მას შემდეგ, რაც ჰემილტონმა სადებიუტო სეზონი ვიცე-ჩემპიონის რანგში დაასრულა, ალონსომ მაკლარენთან გაფორმებული მრავალმილიონიანი კონტრაქტი ნაადრევად შეწყვიტა.

2008 წლის სეზონში ჰემილტონს ფინელი ჰეიკი კოვალაინენი შეუწყვილდა. გადაწყვეტილებამ გაამართლა – სიტუაცია დალაგდა. 5 გრან პრი, 7 პოული, 10 პოდიუმი და 98 ქულა – ეს ყველაფერი ჩემპიონატის მოსაგებად საკმარისი გამოდგა. დეიმონ ჰილის შემდეგ (1996) ლუის ჰემილტონი პირველი ბრიტანელი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

ამავდროულად, ის იყო ყველაზე ახალგაზრდა ტრიუმფატორი და… პირველი შავკანიანი მსოფლიოს ჩემპიონი! ამ ფაქტს მხოლოდ იმიტომ აღვნიშნავ, რომ მომდევნო სეზონის დაწყების წინ, ბარსელონაში გამართულ ტესტებზე, ფერნანდო ალონსოს ფანებმა ლუისი უდიერად მოიხსენიეს და რასისტული შეურაცხჰყოფა მიაყენეს. სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, რომ ალონსომ მომხდარი დაგმო, FIAმ კი იმ ფაქტის შემდეგ სპეციალური კამპანია დაიწყო „რბოლა რასიზმის წინააღმდეგ“.

„რასისტები არ მაღიზიანებენ, ისინი მეცოდებიან“, – ასე უპასუხა საჩემპიონო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის შეკითხვას ჰემილტონმა და დასძინა – „საბრალო ხალხია… ცუდია, რომ XXI საუკუნეში ჯერ კიდევ არიან რასისტები, რომლებიც ადამიანებს კანის ფერის გამო შეურაცხჰყოფენ“.

2009 წლიდან ჰემილტონის კარიერაში რთული პერიოდი დაიწყო. ფორმულა 1 ინდივიდუალური სპორტი კია, მაგრამ შედეგები დიდადაა დამოკიდებული ბოლიდზე. იმის თქმა მსურს, რომ მაღალი დონის პილოტს შესაბამისი მანქანაც უნდა ჰყავდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ პრიზებს სხვა ჩაიბარებს.

ლუისს სწორედ ეს პრობლემა შეექმნა – მაკლარენი მოწინავეებს კონკურენციას ვეღარ უწევდა და ჰემილტონსაც სულ უფრო უჭირდა პოდიუმზე შედგომა. სტატისტიკა ზემოთქმულის უტყუარი დასტურია: პირველ 2 სეზონში, როცა ლუისმა ჯერ II ადგილი დაიკავა, შემდეგ კი გაიმარჯვა, ის 22ჯერ მოხვდა საუკეთესო სამეულში, მომდევნო 4 სეზონში კი, მიუხედავად იმისა, რომ ფორმულა 1ის კალენდარი გაიზარდა, მხოლოდ 27ჯერ.

2010 წლის დეკემბერში ჰემილტონი რედ ბულს დაუკავშირეს, მაგრამ გავრცელებულ ინფორმაციას პილოტმა აბსურდი უწოდა: „ვერ გადავალ იმ გუნდში, რომელიც მხოლოდ სასმელთან ასოცირდება“.

2012ის სეზონის მიწურულს ოფიციალურად ითქვა, რომ 2013 წლიდან მსოფლიოს პირველი შავკანიანი ჩემპიონი მერსედესის საჭეს მიუჯდებოდა.

„სიახლეები არ მაშინებს, პირიქით, მხიბლავს. ამბობენ, რომ მერსედესი გამოუცდელია და არასწორი ნაბიჯი გადავდგი, მაგრამ ასე არ ვფიქრობ. გადაწყვეტილება სიტუაციის კარგად გაანალიზების შემდეგ მივიღე და დარწმუნებული ვარ, ეს ნაბიჯი ბევრ სიკეთეს მომიტანს. მეცინება, როცა ამბობენ, რომ მერსედესი გამოუცდელია და გაუჭირდება. ყველაფერი შეგიძლიათ დააბრალოთ ამ გუნდს, მაგრამ სწრაფი და საიმედო ავტოს ვერშექმნა – ნამდვილად არა“, – სარკაზმი, იუმორი და მოსწრებული პასუხი ჰემილტონს ნამდვილად არ დაეწუნება.

მერსედესთან 3წლიანი კონტრაქტი გაფორმდა, ბრიტანელის თანაგუნდელი კი ნიკო როსბერგი გახდა, ძველი ნაცნობი და მეგობარი. ორივენი ჯერ კიდევ ფორმულამდელ სერიებში გამოირჩეოდნენ.

სადებიუტო, 2014 წლის სეზონიდან გამოსარჩევი ბევრი არაფერია. მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი უნგრეთში ტრიუმფია. სტირლინგ მოსის შემდეგ (1955) ლუის ჰემილტონი პირველი ბრიტანელი გახდა, რომელმაც გრან პრი მერსედესის ბოლიდით მოიგო.

ჩემპიონატის დასრულების შემდეგ FIAმ რამდენიმე წესი შეცვალა, მათ შორის მრბოლებს კარიერის დასრულებამდე ფავორიტი ნომრით ასპარეზობის უფლება მიეცათ. ლუისმა 44 აირჩია: „ყველაზე ძალიან ეს რიცხვი მიყვარს… ჯერ კიდევ კარტინგში დავქროდი ამ ნომრით და ვიცი, რომ ის წარმატებას მომიტანს“!

11 გრან პრით, 7 პოულით და 384 ქულით მან მეორედ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, თუმცა ეს გამარჯვება მხოლოდ 44ე ნომრის დამსახურება არ იყო. სპეციალისტების აზრით, მერსედესმა საუკეთესოდ ისარგებლა FIAს ახალი რეგულაციებით და უბრალოდ უნაკლო ტურბო-ჰიბრიდული ძრავი დაამზადა. კონსტრუქტორთა თასიც გერმანელებს დარჩათ: მერსედესის პილოტებმა 19დან 16 ეტაპი მოიგეს, გუნდს 701 ქულა მოუტანეს, II ადგილზე კი რედ ბულ-რენო გავიდა… 405 ქულით.

2015 წელს ჰემილტონი მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი: 10 ტრიუმფი, 11 სასტარტო პირველი ადგილი, 17 პოდიუმი…

სეზონის შუაში, ევროპული ეტაპების წინ მერსედესმა ახალი 3წლიანი ხელშეკრულება გაუფორმა ბრიტანელს. ლუისის მოთხოვნით კონტრაქტს ერთი მუხლიც დაემატა: პილოტი ყველა ინდივიდუალურ ჯილდოს თავისთვის იტოვებდა, ისევე როგორც საჩემპიონო ბოლიდის ერთ ეგზემპლარს.

2016 წლის სეზონი ძალიან დაძაბულად წარიმართა, მსოფლიოს ჩემპიონი კი უკანასკნელ ეტაპზე, აბუ დაბიში გამოვლინდა: მიუხედავად იმისა, რომ გრან პრი ჰემილტონს დარჩა, ბრიტანელი ნიკო როსბერგს მთავარ რბოლაში 5 ქულით ჩამორჩა და ვიცე-ჩემპიონობით დაკმაყოფილდა. როსბერგი რამდენიმე დღეში წავიდა სამეფო რბოლიდან…

2017 და 2018 წლების ჩემპიონატებმა კვლავ მერსედესის დომინირებით ჩაიარა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი და დაძაბული შარშანდელი პირველობა გამოდგა. „ბრძოლა მეხუთესთვის“ – ასე მონათლეს ჟურნალისტებმა განვლილი სეზონი.

იგულისხმებოდა მსოფლიოს 4-4გზის ჩემპიონების სებასტიან ფეტელის და ლუის ჰემილტონის პაექრობა მე5 ტიტულისთვის.
პირველობა ფერარიმაც კარგად დაიწყო, მაგრამ იტალიელებმა სეზონის მეორე ნახევარი კვლავ ჩააგდეს, მერსედესმა კი შანსი ხელიდან აღარ გაუშვა. ჰემილტონმა ჩემპიონის მე5 ტიტული მექსიკაში გაინაღდა, ბრაზილიასა და აბუ დაბიში ტრიუმფით კი ფორმულა 1ის რამდენიმე რეკორდი მიითვისა: სეზონი 408 ქულით დაასრულა, რაც მანამდე ვერავინ შეძლო; კარიერაში პირველმა მოაგროვა 3 ათასი და მეტი ქულა; კვლავ 17ჯერ შედგა პოდიუმზე და გახდა პირველი, რომელმაც ეს მესამედ შეძლო.

„გამარჯვება ძალიან, ძალიან დიდ სიამოვნებას მგვრის! ჩემთან მოგება ურთულესია და მხოლოდ ფორმულას არ ვგულისხმობ. მაგიდის ჩოგბურთშიც კი სახიფათო მოწინააღმდეგე ვარ – ბოლომდე ვიბრძვი და მხოლოდ გამარჯვება მაკმაყოფილებს… მეგობრებთან ერთად წყალბურთს რომ ვთამაშობ, იქაც კი მოგება მინდა… ასეთი ვარ, სხვანაირად არ შემიძლია“, – ლუის ჰემილტონის ერთ-ერთი ინტერვიუდან.

მე5 საჩემპიონო ტიტულის შემდეგ მსოფლიოს ყველაზე სწრაფმა მძღოლმა თავს მოდუნების უფლება მისცა: მეგობრებთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში სამოგზაუროდ გაეშურა, მანამდე კი ნიუ იორკში 30 მილიონ დოლარად ულამაზესი აპარტამენტი შეიძინა ჰუძონის ხედით. მას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ავტოსპორტიდან წასვლის შემდეგ ამერიკაში აპირებს ცხოვრებას. რატომ? იქ ბევრისთვის უცნობია და პაპარაცებიც ნაკლებად აწუხებენ.

სწორედ პოპულარობა იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ლუისმა დიდი ბრიტანეთი დატოვა და საცხოვრებლად ჯერ ჟენევის ტბისპირა დაბა ლუინი აირჩია, მოგვიანებით კი მონაკო. ფორმულა 1ის ათობით ვეტერანი დღეს მონაკოში ცხოვრობს.

მსოფლიოს 5გზის ჩემპიონს პირადი ცხოვრების აფიშირება არ უყვარს, მაგრამ ყოვლისმოცდნე ბრიტანულ პრესაში დროდადრო ჩნდება სხვადასხვა ცნობები. მათ თუ ვენდობით, ჰემილტონი ნისლიანი ალბიონის ყველაზე მდიდარი და მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია წლიური 70მილიონიანი შემოსავლით. ხელფასის ნახევარი მერსედესზე მოდის, დანარჩენი – სარეკლამო კონტრაქტებია.

რაც შეეხება მეგობარ გოგონას, ის და პოპვარსკვლავი ნიკოლ შერცინგერი წლების განმავლობაში ერთად იყვნენ, თუმცა 2015 წლიდან ლუისი ხან ერთი ლამაზმანის თანხლებით ჩნდება საზოგადოებაში და ხან მეორესი…

„კერპი? აირტონ სენას ვქომაგობდი. მომწონდა მისი აგრესიული სტილი, სისწრაფე, სპორტული თავხედობა… მინდოდა მასავით მეტარებინა ბოლიდი და მგონი, ვახერხებ კიდეც. სენას სიკვდილი აუნაზღაურებელი დანაკლისია. მისნაირი პილოტები ასე არ უნდა ამთავრებდნენ, მათ ხომ ძალიან ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლიათ ჩვენი სპორტისთვის… ბრაზილიის დიდი პრიზის შემდეგ, როცა სენას ოჯახმა აირტონის ბოლო ჩაფხუტი მისახსოვრა, გულახდილად გეტყვით, ცრემლი მომერია. წლების შემდეგ, როცა ჩემ ჯილდოებს და თასებს გამოვფენ, ეს საჩუქარი გამორჩეულ ადგილს დაიჭერს მუზეუმში“, – ამბობს ლუის ჰემილტონი.

თვალისმომჭრელი კარიერის დასრულებამდე დიდი დრო, ალბათ, აღარ დარჩა. ფორმულა 1ში დაუნდობელი კონკურენციაა და ამოსუნთქვის საშუალება არავის აქვს, თუმცა 34 წლის ჰემილტონი იმ იშვიათთაგანია, ვინც ასეთი წნეხისგან ჯერ შორსაა: 5 საჩემპიონო გვირგვინი, 74 გრან პრი, 84 პოული და 136 პოდიუმი ნამდვილად აძლევს მშვიდად რბოლის საშუალებას.

„ჯერ ვერ გეტყვით თუ როდის დავასრულებ კარიერას. იცით რა, ახალი წესების გამო ბოლიდი გაცილებით მარტივი სამართავია და რადგან რბოლა კვლავ უზომო სიამოვნებას მანიჭებს, წასვლას არ ვიჩქარებ. სანამ პოდიუმზე დადგომას და თასების აწევას მოვახერხებ, ადგილს ვერავის დავუთმობ. დიდი ბოდიში ბიჭებო, ცოტაც უნდა მოიცადოთ“, – ლუის ჰემილტონი.

ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე: საყვარელ საქმეს აკეთებ, გზას მიუყვები, მიზნებს ისახავ და აღწევ, წლების შემდეგ კი აღმოაჩენ, რომ თურმე სრულიად უცნობი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ყოფილხარ, მისაბაძი…

ბევრია ავტოსპორტის თავგადაკლული გულშემატკივარი და ბრიტანელი მსოფლიოს ჩემპიონის შესახებ მილიონობით ადამიანმა უკვე იცის. მათ შორის კი, ალბათ, ისეთებიც არიან, რომლებმაც შვილს ჰემილტონის საპატივცემულოდ ლუისი დაარქვეს.

ვინ იცის?

ლუის ჰემილტონი (ლუის კარლ დევიდსონ ჰემილტონი)
(სტატისტიკა 2020 წლის 17 ნოემბრისთვის)
დაიბადა 1985 წლის 7 იანვარს ინგლისის ქალაქ სტივენეიჯში
ფორმულა 1ის პილოტი
გუნდები: მაკლარენი (2007-12), მერსედესი (2013 წლიდან)
ტიტულები: მსოფლიოს ჩემპიონი – 2008, 2014, 2015, 2017, 2018, 2019, 2020; მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი – 2007, 2016; ფორმულა 3 (ევროპა) – 2005; ფორმულა რენო (დიდი ბრიტანეთი) – 2003; მსოფლიოს საუკეთესო ავტომრბოლი (ჟურნალი ავტოსპორტი) – 2007, 2008, 2014, 2015, 2017, 2018, 2019; წლის დებიუტანტი (ჟურნალი ავტოსპორტი) – 2006, 2007; წლის სპორტსმენი (BBC) – 2014; მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენი (ლაუროსი) – 2020

ლუის ჰემილტონის რეკორდები ფორმულა 1ში
ყველაზე მეტი საჩემპიონო ტიტული – 7 (მიხაელ შუმახერთან ერთად)
ყველაზე მეტი გრან პრი – 94
ყველაზე მეტი გრან პრი სადებიუტო სეზონში – 4 (2007)
ყველაზე მეტი გრან პრი ერთ გუნდში – 73 (მერსედესი)
ყველაზე მეტი გრან პრი ერთ ქვეყანაში – 8 (უნგრეთი)
ყველაზე მეტი გრან პრი სამშობლოში, დიდ ბრიტანეთში – 7
ყველაზე მეტი გრან პრი სხვადასხვა ტრასაზე – 29
ყველაზე მეტი სეზონი მინიმუმ ერთი გრან პრით – 14
ყველაზე მეტი გრან პრი სასტარტო პირველი ადგილით (პოული) – 57
ყველაზე მეტი პოული – 97
ყველაზე მეტი პოული სადებიუტო სეზონში – 6 (2007)
ყველაზე მეტი პოული ერთ ქვეყანაში – 8 (ავსტრია)
ყველაზე მეტი პოული სხვადასხვა ტრასაზე – 29
ყველაზე მეტი ქულა – 3738
ყველაზე მეტი ქულა სადებიუტო სეზონში – 109 (2007)
ყველაზე მეტი ქულა საჩემპიონო სეზონში – 413 (2019)
ყველაზე მეტი ქულა ჩემპიონის ტიტულის გარეშე – 380 (2016)
ყველაზე მეტი რბოლა ქულათა ზონაში – 227
ყველაზე მეტი მიჯრით რბოლა ქულათა ზონაში – 47 (მიმდინარე სერია)
ყველაზე მეტი პოდიუმი – 163
ყველაზე მეტი პოდიუმი სეზონში – 17 (2015, 2016, 2018, 2019)
ყველაზე მეტი რბოლა ზედიზედ – 264 (მიმდინარე სერია)
ყველაზე მეტი რბოლა პირველი სასტარტო ხაზიდან – 157
ყველაზე მეტი რბოლა პირველიდან ბოლო წრემდე ლიდერობით – 22

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 12 აპრილი)

ka_GEGeorgian