დიადი: ვიქტორ სანეევი
2012 წლის ზაფხულში, ლონდონის ოლიმპიური თამაშების დღეებში, ქალაქის მეტროს სადგურებს ლეგენდარული სპორტსმენების სახელი მიენიჭა: სებასტიან კოე, ლასლო პაპი, შუგარ რეი ლეონარდი, ფლოიდ პატერსონი, ემილ ზატოპეკი, ჯორჯ ფორმენი, მარკ სპიცი, როჯერ ფედერერი, ლეო მესი, ლებრონ ჯეიმსი…
საერთო ჯამში ოლიმპიური თამაშების ისტორიაში გამორჩეული 361 სპორტსმენის სახელი და გვარი ამდენივე სადგურს დროებით დაენათლა.
XXX ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის რჩეულთა შორის ვიქტორ სანეევიც მოხვდა, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ვაჟ სპორტსმენად აღიარებული მძლეოსანი.
სანეევმა ეს საპატიო წოდება – ასწლეულის ნომერ პირველი ათლეტი – საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის 1999 წლის რეფერენდუმში გამარჯვებით მოიპოვა. ჩვენი სპორტის 48 სპეციალისტმა მძლეოსანი საუკეთესოდ დაასახელა, მეორე-მესამე ადგილებზე კი მასავით ლეგენდარული ფალავნები, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზია და თავისუფალი ჭიდაობის ლეგენდა ლევან თედიაშვილი გავიდნენ.
ვიქტორ სანეევი სამართლიანად გახდა ქართული სპორტის ისტორიაში ნომერ პირველი: ის ერთადერთია, რომელმაც უმაღლესი ჯილდო, ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი სამჯერ მოიგო! და თან სად? მძლეოსნობის ერთ-ერთ ურთულეს დისციპლინაში – სამხტომში!
სამხტომი ოლიმპიადის პროგრამაში პირველი, 1896 წლის ათენის თამაშებიდანაა, თუმცა ზედიზედ სამი ოქროს მედალი სანეევამდე ვერავინ მოიგო! და ვერც მის შემდეგ, სხვათა შორის.
მეხიკო 1968, მიუნხენი 1972, მონრეალი 1976 – სოხუმში დაბადებული მძლეოსანი ამ თამაშებზე საუკეთესო იყო. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მას ზედიზედ მეოთხე ოლიმპიადის მოსაგებად სანტიმეტრები დააკლდა – 1980 წელს მოსკოვში მეორე ადგილზე გავიდა, ადვილად გავიაზრებთ რა მასშტაბის სპორტსმენი გახლდათ სანეევი. ის სამაგალითო იყო და საუკეთესოობაზე მეოცნებე სამხტომელები სწორედ მას უნდა გაუტოლდნენ.
სამი ოქროს მედალი…
ოთხი ოლიმპიური ჯილდო…
ქართული სპორტის ისტორიაში ის ერთადერთია, რომელიც ოლიმპიადის სამ ოქროს და ოთხ მედალს ფლობს!
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ათლეტის ტიტულის მოსაგებად მას ოლიმპიური ოქრო-ვერცხლიც ეყოფოდა, თუმცა მისი ლამის ოცწლიანი სპორტული კარიერა სხვა, არანაკლებ დიდ გამარჯვებებსაც იტევს: სხვადასხვა დროს 8ჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, ამდენჯერვე მოიგო საბჭოთა კავშირის საუკეთესო სამხტომელის ტიტული), 4ჯერ გაიმარჯვა ევროპის თასის გათამაშებაში, საკავშირო ხალხთა სპარტაკიადის ორგზის და მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონია, საერთაშორისო ტურნირებს და იმ დროს პოპულარულ მძლეოსანთა ნაკრები გუნდების დაპირისპირებებში გამარჯვებას კი აღარ ჩამოვთვლი.
დაკვირვებული თვალი ადვილად შეამჩნევს, რომ სანეევის ოქროს მედლებს შორის არსადაა მსოფლიო პირველობის მთავარი ჯილდო. მიზეზი მარტივია – მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციამ – IAAF – მსოფლიო ჩემპიონატი პირველად 1983 წელს ჩაატარა. იმ დროს, როცა პლანეტის საუკეთესო სამხტომელები ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში იბრძოდნენ ოქროს მედლისთვის, ლეგენდარული სანეევი დიდ ავიაციას ჩამოშორებული გახლდათ. ღიმილის მომგვრელია ახლა ამაზე საუბარი, თუმცა გულის სიღრმეში მჯერა: მსოფლიო ჩემპიონატები ადრე რომ ჩატარებულიყო, სანეევი იქაც პირველი იქნებოდა…
ზღაპრული წარმატებების ისტორია სოხუმის ერთი პატარა ქუჩიდან იღებს სათავეს: მსოფლიო სპორტის მომავალი ვარსკვლავის მშობლები აფხაზეთში 1929 წელს დასახლდნენ. ვიქტორ სანეევი იქ დაიბადა და გაიზარდა, სამხტომში ვარჯიში კი აკოფ კერსელიანის გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა: „სოხუმის მე8 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი. სამხტომში, სიგრძეზე ხტომასა და 100 მეტრზე სირბილში კარგი შედეგები მქონდა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სპორტსმენობას ვაპირებდი. ერთ მშვენიერ დღეს ჩვენი სკოლის დირექტორმა ტაისია მალიგინამ მიხმო და ტანხმელ სტუმართან წარმადგინა. ასე შევხვდი აკოფ კერსელიანს, კაცს, რომელმაც ცხოვრების გზა მიჩვენა და ვისაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ყველა წარმატებაში“.
რატომ სამხტომი? ამაზე ლეგენდარულ სპორტსმენს საინტერესო პასუხი აქვს: „ფრენის შეგრძნება ბავშვობიდან მხიბლავს, სამხტომში კი ის დიდხანს მოგყვება. ყველა ნახტომი ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას მანჭებდა“.
შრომა, შრომა და შრომა – დიდი სპორტში წარმატებას სხვაგვარად ვერ მიაღწევ. დღე დღეს ცვლიდა, ვარჯიში – ვარჯიშს, ნელ-ნელა კი შედეგებიც გაუმჯობესდა. პირველი შთამბეჭდავი ნახტომი 14.90 მეტრი იყო, მალე კი ვარჯიშებზე სტაბილურად ხტებოდა 17 მეტრის სიახლოვეს.
„შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მწვრთნელის უპირველესი ამოცანა ჩემი სტადიონზე სავარჯიშოდ გაყვანა კი არა, ვარჯიშიდან გაგდება იყო. ამის გამო ცხონებული დედაჩემი გადარეულს მეძახდა. ახლაც მახსოვს მომქანცველი ვარჯიშის შემდეგ როგორ მტკიოდა მთელი სხეული და რა ტკბილად მეჩვენებოდა ის „მხსნელი“ აზრი, გონებას რომ მიღრღნიდა: ვიქტორ, არაფერი დაშავდება თუ დღეს დაისვენებ… ერთი ვარჯიშის გაცდენით ქვეყანა არ დაიქცევა… მიხარია, რომ ცდუნების დაძლევას და კვლავ სარბენ ბილიკზე გასვლას ვახერხებდი“… – ვიქტორ სანეევის მოგონებებიდან.
1963 წელს ის მოსწავლეთა საკავშირო სპარტაკიადაში მონაწილეობს. სოხუმელი ახალგაზრდა ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტია, მაგრამ მხოლოდ ბრინჯაოს მედალს იგებს.
ოთხი წლის შემდეგ უკვე საუკეთესოთა შორის ასპარეზობს – საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე უძლიერეს კონკურენტებთან ცდის ძალებს. ოქრო კვლავ მეტოქეს რჩება.
1967 წლის ხალხთა სპარტაკიადას საბჭოთა სპორტის მესვეურები ოლიმპიური გუნდის დასაკომპლექტებლად იყენებდნენ. მეორე ადგილით ნაკრებში ვერ მოხვდებოდი, თუმცა მწვრთნელებმა ვიქტორს კიდევ ერთი შანსი მისცეს – კიევში გათამაშებულ ევროპის თასზე ალექსანდრ ზოლოტარიოვის ნაცვლად დააყენეს. ვიქტორი 16.67 მეტრზე ხტება, ევროპის თასს ეუფლება და მეხიკოს ოლიმპიადისთვის გუნდის განაცხადში ხვდება: „ჩემპიონობამ თავბრუ დამახვია, მაგრამ ყველაზე ძლიერ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონთან, იოზეფ შმიდტთან გამარჯვება გამეხარდა“. პოლონელი სამხტომელი რომის (1960) და ტოკიოს (1964) თამაშების ოქროსმედალოსანი გახლდათ.
მეხიკოს ოლიმპიადას არაერთი გმირი ჰყავდა, სამხტომელთა ფინალი კი იმ თამაშების მშვენებად იქცა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ 17 აგვისტოს, როცა ოლიმპიური ჩემპიონი გამოვლინდა, ოთხჯერ დამყარდა მსოფლიოს რეკორდი!
ყველაფერს თანმიმდევრულად გეტყვით: ფინალში გასული ცამეტი ათლეტიდან მსოფლიო რეკორდი პირველად იტალიელმა ჯუზეპე ჯენტილემ დაამყარა, პირველივე ცდით – 17.22 მეტრზე გადაფრინდა.
მესამე ცდაზე სანეევი ერთი სანტიმეტრით აუმჯობესებს ამ მიღწევას, ბოლოსწინა, მეხუთე გამორბენის შემდეგ კი ოქროს მედლის მთავარი პრეტენდენტი და მსოფლიოს ახალი რეკორდის მფლობელი ბრაზილიელი ნელსონ პრუდენსიოა – სამხრეთამერიკელი 17.27 მეტრზე გადახტა!
სოხუმელი მძლეოსანი უკანასკნელად წყდება მეხიკოს ოლიმპიური სტადიონის სარბენ ბილიკს, თვალის დახამხამებაში სილაში ეშვება, რამდენიმე წამში კი მსაჯები ახალ მსოფლიო რეკორდს აფიქსირებენ: 17 მეტრი და 39 სანტიმეტრი!
ვიქტორ სანეევი ოლიმპიური ჩემპიონია!
„ყველაზე ტკბილად 1968 წელი, მეხიკოს ოლიმპიური თამაშები მახსენდება – კარიერის განმავლობაში ყველაზე დიდი ბრძოლა სწორედ იქ მოვიგე. ეს იყო ნამდვილი სპორტული ფოიერვერკი, მარტო ის რად ღირს, რომ იმ პაექრობის დროს ოთხჯერ დამყარდა მსოფლიო რეკორდი! ოქრო საუკეთესო ნახტომით მოვიგე“! – ლეგენდარული ჩემპიონის ერთი ძველი ინტერვიუდან.
ცნობისათვის: 1967-72 წლებში ვიქტორ სანეევი 110 ტურნირში მონაწილეობს და 90ს იგებს! შთამბეჭდავი სტატისტიკაა, ვერაფერს იტყვი.
მეხიკოს ტრიუმფი მომდევნო, მიუნხენის თამაშებზეც გაგრძელდა, თუმცა მშვენიერ ოლიმპიაშტადიონზე ქართველს ნაკლები ბრძოლა შეხვდა: მეორე ცდით გადახტა 17 მეტრსა და 35 სანტიმეტრზე, ეს შედეგი კი თერთმეტი კონკურენტისთვის დაუძლეველი გამოდგა.
ამ გამარჯვებისთვის სანეევი მოსკოვში უმაღლესი სამოქალაქო, ვლადიმერ ილიას ძე ლენინის სახელობის ორდენით დააჯილდოვეს, თბილისში კი ბინა აჩუქეს: „ჩემთვის მთავარი ყოველთვის სპორტულ არენაზე გამარჯვება იყო, თუმცა უყურადღებობის გამო გულიც ხშირად დამწყვეტია. დასამალი რაა, 1968 წელს, მეხიკოდან ოლიმპიური ოქროთი რომ დავბრუნდი, სოხუმში ბინა არ მომცეს – არ გვაქვს მაგის საშუალებაო. 1972 წელს, მიუნხენში მეორე ოლიმპიური ოქროს მოგების შემდეგ საქართველოს სპორტკომიტეტის მაშინდელმა ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ დამიბარა და თბილისში, დიღმის მასივში ბინა გადმომცა. მართალია 14სართულიანი კორპუსის ბოლო სართული იყო, მაგრამ იმ დროს უკვე დაოჯახებული ვიყავი და ბინა ჩემთვის დიდი შეღავათი იყო“.
1976 წელს ვიქტორ სანეევი მესამედ დგება ოლიმპიურ ბილიკზე, ამჯერად მონრეალში. 29 ივლისს 16.77 მეტრით დაძლია საკვალიფიკაციო ეტაპი, 30 ივლისს კი ფინალი 17.29 მეტრით მოიგო. მთავარი კონკურენტი, ბრაზილიელი მსოფლიო რეკორდსმენი ჟოაო კარლუშ დე ოლივეირა, რომელიც ერთი წლით ადრე მეხიკოში 17.89 მეტრზე გადაფრინდა, საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა – სანეევის გარდა ამერიკელ ჯეიმს ბატსაც ჩამორჩა.
ვიქტორი კი თამაშების ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ მესამე მძლეოსანი გახდა, რომელმაც ერთ დისციპლინაში ზედიზედ სამი ოლიმპიადა მოიგო! 1900, 1904 და 1908 წლებში ეს ამერიკელმა ჯონ ფლენეგენმა შეძლო (ურო), 1956, 1960, 1964 და 1968 წლებში კი მისმა თანამემამულემ, ბადროს მტყორცნელმა ალ ორტერმა.
მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადამდე ოთხი წელი რჩებოდა. გამარჯვების შემთხვევაში ქართველი ორტერს გაუთანაბრდებოდა. კარიერის ოქროს მედლით დასრულებაც ძალიან მაცდუნებლად ჟღერდა.
ლეგენდარული სპორტსმენის ერთ-ერთი ინტერვიუდან: „70იანი წლების მიწურულს, მოსკოვის ოლიმპიადის მოსამზადებელ პერიოდში, საბჭოთა ნაკრებს ვიტოლდ კრეერი ხელმძღვანელობდა. ის ნორმალური მწვრთნელი იყო, მაგრამ ცუდი მასწავლებელი აღმოჩნდა. ჩვენ ერთმანეთს იმიტომ დავშორდით, რომ იმ პერიოდში მას ჩემი არ სჯეროდა, არადა წლების მანძილზე ვთანამშრომლობდით. პირდაპირ გეტყვით – იმ თამაშების წინ დამაყვედრეს, რომ ოლიმპიადაზე საერთოდ დამიშვეს! გახსოვთ ალბათ, საოლიმპიადოდ შესარჩევ ჩემპიონატზე მეოთხე ადგილი დავიკავე – მხოლოდ და მხოლოდ სანტიმეტრი წავაგე საკვალიფიკაციო ტურნირის მესამეადგილოსანთან. მეოთხე ადგილი ოლიმპიური ლიცენზიისთვის საკმარისი იყო, ეს კარგად ვიცოდი და ფეხებს ზედმეტად არ ვტვირთავდი. კრეერმა კი ეს ამბავი დაიხვია ხელზე… იმ დღეებში არაერთი უსიამოვნო საუბრის გადატანა მომიხდა, არ მიყვარს ხოლმე იმ დღეების გახსენება… მოსკოვის თამაშები ჩემი მეოთხე ოლიმპიადა იყო. არავის სჯეროდა, საბჭოთა სპორტის მესვეურები ფიქრობდნენ რომ ასაკის გამო უშანსოდ ვიყავი… სულ მარტო დამტოვეს! ისე, მათ არც გაემტყუნებათ – 35 წლისას მეოთხე ოლიმპიურ ოქროზე რომ გაქვს პრეტენზია… ლამის ხეიბარ კაცს… თან სამხტომში, არ უნდა გაგიკვიდეს ალმაცერად რომ შემოგხედონ“.
მოსკოვი 1980 სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეორე ადგილზე დაასრულა – ესტონელ თანაგუნდელ იააკ უუდმიაეს ჩამორჩა. ბალტიისპირელმა მესამე ცდაზე 17.35 მეტრი დააფიქსირა და დაწინაურდა, სანეევმა კი ვერცხლი უკანასკნელი, მეექვსე ნახტომით მოიგო – 17.24 მეტრზე გადახტა და ძველი ნაცნობი, ჟოაო კარლუშ დე ოლივეირა ისევ მესამე ადგილზე დატოვა – 17.22.
სამი ოლიმპიური ოქრო და ვერცხლი, ათობით საერთაშორისო ტიტული და მედალი. და ყველაზე მთავარი: გულშემატკივრების უდიდესი სიყვარული და პატივისცემა! ამის გათვალისწინებით, კარიერის დასრულება ნამდვილად შეიძლებოდა: „ყველა წარმატება ორმა თვისებამ მომიტანა. ერთი თანდაყოლილია – გამარჯვების წყურვილი. მეორე კი წლების განმავლობაში გამომიმუშავდა, რომელსაც პირობითად წარმატებისგან გაუცხოება შეიძლება ვუწოდოთ – დაივიწყე გუშინდელი შედეგი, გვერდზე გადადე უკვე აღებული მედალი და დღეიდანვე შეუდექი ხვალინდელი შეჯიბრებისთვის მზადებას. რა თქმა უნდა, ეს არ არის რაღაც ახალი რეცეპტი, მაგრამ უკეთესი ჯერ არავის მოუგონია… ყოველ მომდევნო შეჯიბრებაზე ვცდილობდი იმ მომენტისთვის მაქსიმუმი მეჩვენებინა. თუ საჭიროება მოითხოვდა, ხანდახან შეუძლებელიც უნდა გამეკეთებინა… დიდ სპორტში მხოლოდ ნიჭის ამარა ვერაფერს გახდები. მხოლოდ უმძიმესი, აუტანელი, ინტენსიური შრომით ყალიბდება კარგი სპორტსმენი. ვარჯიში არ უნდა დაგეზაროს – ის ხომ შენი ძალების რწმენის და საკუთარი თავის გაწვრთნის საუკეთესო საშუალებაა. და კიდევ: მაღალ შედეგზე ორიენტირებულმა მძლეოსანმა საკუთარი თავისადმი ჭეშმარიტად პროფესიული დამოკიდებულება უნდა გამოიმუშავოს. ყველგან და ყველაფერში! გარკვეული თვალსაზრისით, ის ასკეტურ ცხოვრებასაც უნდა ეწეოდეს, უნდა ჰქონდეს ანალიზის უნარი, შეცდომებზე დაფიქრების სურვილი, არ უნდა დაკომპლექსდეს მარცხით… ლამის 20 წელი ასე ვცხოვრობდი, მოსკოვის ოლიმპიადის შემდეგ კი მივხვდი, რომ წერტილის დასმის დრო დადგა“.
ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში ვიქტორ სანეევის დონის სპორტსმენს მშვიდი სიბერე გარანტირებული ექნებოდა. თუმცა იმ ქვეყანას, რომლის სახელითაც მან უამრავი გამარჯვება მოიპოვა, რა რა და ნორმალური ნაღდად არ ერქვა.
80იანი წლების მიწურული საბჭოეთის გარდაქმნის პერიოდს დაემთხვა, რკინის ფარდაც გაცვდა, ცხოვრება კი ნელ-ნელა აირია.
დამოუკიდებლობამოპოვებულ საქართველოში ხალხმა, სხვა სიტუაციასა და შემთხვევაში წარმატებული სპორტსმენები, ბიზნესმენები, გნებავთ მსახიობები და იურისტები, ან უბრალოდ, ბედნიერი მეოჯახეები რომ უნდა ყოფილიყვნენ, იარაღი აისხა. ასეთ დროს კი, ხვდებით ალბათ, ლამის ყველაფერი უფერულდება და ცოტას თუ აღელვებს ხართ თუ არა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი.
90იანი წლების დასაწყისს ბევრმა ვერ აუღო ალღო. არც იმის თქმა იქნება შეცდომა, რომ უმრავლესობამ შეგნებულად თქვა უარი ცხოვრების იმ წესზე, ნაცრისფერმა დრომ რომ მოიტანა.
ვიქტორ სანეევიც დაიბნა: „ავსტრალიაში 1992 წელს კონტრაქტით წავედი, პრესტიჟულ კოლეჯ სენ-ჯოზეფში დავიწყე მუშაობა. არ იყო სპორტული კოლეჯი, მაგრამ სპორტში მეცადინეობისთვის იდეალური პირობები დამახვედრეს. კოლეჯმა ბინაც მომცა, ჩემი შვილიც კარგად მოეწყო. ვიფიქრე, ამასობაში საქართველოშიც დალაგდება ყველაფერი და დავბრუნდები-მეთქი… ხუთი წლის შემდეგ სიტუაცია ამერია – კონტრაქტი რომ დამიმთავრდა, მომთაბარე ცხოვრება დავიწყე, გაურკვევლობაში სამი წელი გაილია…
ერთი პერიოდი ძალიან გამიჭირდა – უმუშევრობა გამიგრძელდა და ლამის თავის მოკვლაზე დავფიქრდი. იქამდეც მივედი, რომ გაზეთში განცხადება გამოვაქვეყნე: მე, ესა და ეს, ოლიმპიური ჩემპიონის ოქროს მედლებს ვყიდი-მეთქი. მაგრამ უბედურება იცით რა იყო? ყველას მუქთად უნდოდა! ყველაზე მაღალი ფასი, რომელიც შემომთავაზეს, ხუთი ათასი დოლარი იყო. ავსტრალიაში ეს თანხა მაქსიმუმ ორ თვეს გეყოს. კიდევ კარგი ოჯახის წევრებმა და აქაურმა ნაცნობებმა მედლების გაყიდვა გადამაფიქრებინეს…
გაგეცინებათ, მაგრამ ავსტრალიაში პიცასაც დავატარებდი. ვთქვათ, ვიღაცას ნასადილევს ან ძილის წინ პიცა რომ მოუნდებოდა, დარეკავდა ჩვენთან ოფისში, შეუკვეთავდა და მეც გავრბოდი…
გიკვირთ? არადა იყო ასეთი დროც. თუმცა, მუშაობა არასდროს მითაკილია. ვმუშაობდი, ხომ არ ვიპარავდი? იმ დროს სხვა გზა, უბრალოდ არ მქონდა“.
წლების წინ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურებს სანეევის სამშობლოში დაბრუნება სურდათ. არ გამოვიდა.
XX საუკუნის უძლიერესი სპორტსმენის პრიზი ვიქტორ სანეევს 2000 წლის შემოდგომით, სიდნეიში, ოლიმპიადის მსვლელობისას მიართვეს.
მძლეოსნობის ლეგენდამ მაშინ თქვა: „სპორტული კარიერის განმავლობაში თითქმის ყველა პუბლიკაციაში მიწოდებდნენ „კენგურუს აფხაზეთიდან“ ან „კენგურუს საქართველოდან“. კენგურუს სამშობლო ავსტრალიაა და ალბათ სიმბოლურია, რომ ცხოვრების მიწურულს სწორედ აქ, ავსტრალიაში ვატარებ“.
ვიქტორ სანეევი დღეს, 2021 წლის 3 ოქტომბერს 76 წლის გახდა. ამ ასაკში ადამიანი ხშირად წარსულზე ფიქრობს და განვლილ დღეებს იხსენებს. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, ჟურნალისტ ავთანდილ გურასაშვილთან საუბრისას, მან თქვა:
„ვნანობ თუ არა რამეს? არა! დაუფიქრებლად გავივლიდი იგივე გზას. ამბობენ, რომ სპორტში „გაუმაძღარი“ ვიყავი. პრინციპში, ეს სიმართლეა: არ ვოცნებობდი მანქანებზე, არც ბინაზე ან სხვა რამეზე – ცხოვრების მიზანი მხოლოდ სპორტული შედეგი იყო, მეტრები და სანტიმეტრები.
რა მომცა დიდმა სპორტმა? პირველ რიგში მოხდა ჩემი, როგორც პიროვნების შესაძლებლობების – ფიზიკურსაც ვგულისხობ და ინტელექტუალურსაც – რეალიზაცია. ჩემი სახელი სამუდამოდ შევიდა მსოფლიო სპორტის ისტორიაში. განა ეს ცოტაა? მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ დიდმა სპორტმა ურთულესი ტრავმებიც მომიტანა, აუტანელი ტკივილები და ავადმყოფობა…
ყველაზე ძალიან დედა მენატრება. ხშირად ვიხსენებ, როგორ ვერ ეგუებოდა დედაჩემი ერთადერთი ვაჟის შორეულ მგზავრობას. მახსენდება, როგორ ზრუნავდა, რომ შინ ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო. ინსტიტუტიდან თუ სტადიონიდან დაბრუნებულს, ყველანაირად ხელს მიწყობდა, რომ კარგად დამესვენა… როგორ მიწესრიგებდა სპორტულ ფორმას – სურდა სტადიონზე მისი შვილი არა მარტო ყველაზე ძლიერი, ყველაზე მოვლილი, სუფთა და ლამაზიც ყოფილიყო! ვერც კი წარმოიდგენთ რა ენერგიას ხარჯავდა გემრიელი წვენების, ნახარშების, მურაბების მომზადებაში! ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ იტანჯებოდა ჩემთან ერთად, როცა ტრავმას ვიშუშებდი. მახსენდება მისი ნაყენები, სველი საფენები, კომპრესები… საათზე დახედვა არ მჭირდებოდა: დედას არასდროს ავიწყდებოდა ჩემთვის სახვევის გამოცვლა, წამლის დალევა… ერთ მშვენიერ დღეს კი წავიდა. სამუდამოდ…
ვინ ვარ დღეს? მოგონებებით დაღლილი კაცი. უმეტესწილად შინ ვარ, ვკითხულობ და ვფიქრობ. ჩემი ცხოვრება მონოტონურია. ძალიან ხშირად მოგონებებში ვიძირები… ამდენი ფიქრისა ხანდახან მეშინია კიდეც“.
ლაშა გოდუაძე (2021 წლის 3 ოქტომბერი)
ფოტო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი; ჟურნალი ოლიმპიელი; sport.gov.ge
ვიქტორ სანეევი
დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში
მძლეოსნობა (სამხტომი)
ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი – 1968 (მეხიკო; 17.39სმ – მსოფლიო რეკორდი), 1972 (მიუნხენი; 17.35სმ), 1976 (მონრეალი; 17.29სმ)
ოლიმპიადის ვიცე–ჩემპიონი – 1980 (მოსკოვი; 17.24სმ)
ევროპის ჩემპიონი – 1969, 1974
ევროპის ჩემპიონი (ჭერქვეშა) – 1970, 1971, 1972, 1975, 1976, 1977
მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი – 1970
ევროპის თასი – 1970, 1973, 1974, 1975
სსრკ ჩემპიონი – 1968, 1969, 1970, 1971, 1973, 1974, 1975, 1978
სსრკ ვიცე–ჩემპიონი – 1967
სსრკ ხალხთა V და VI სპარტაკიადის ჩემპიონი – 1971, 1975
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) – 1999
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) – 1968, 1972, 1976
სსრკ საუკეთესო სპორტსმენი (სსრკ სპორტულ ჟურნალისტთა ფედერაცია) – 1968
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1968
სპორტის რაინდი – 2005
სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი – 1999
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი – 2018
ღირსების ორდენი – 1998.05.21
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვერცხლის მედალი – 1982
მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის (IAAF) ვერცხლის მედალი – 2005
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი – 2003
ვ.ი.ლენინის ორდენი (სსრკ) – 1972
ოქტომბრის რევოლუციის ორდენი (სსრკ) – 1980
შრომის წითელი დროშის ორდენი (სსრკ) – 1969
ხალხთა მეგობრობის ორდენი (სსრკ) – 1976
*-ერთადერთი სამმხტომელია, რომელმაც მძლეოსნობის ამ ურთულეს დისციპლინაში ზედიზედ 3 ოლიმპიადაზე გაიმარჯვა!
*-3ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი და სამივე შემთხვევაში ერთსა და იმავე დღეს, 17 ოქტომბერს. 1968 წელს, მეხიკოში, ოლიმპიადაზე ჯერ 17.23სმზე გადახტა, შემდეგ კი გააუმჯობესა მიღწევა და ჩემპიონიც გახდა 17.39სმით. 1972 წლის 17 ოქტომბერს კი სოხუმში დაამყარა მსოფლიო რეკორდი – 17.44სმ და ეს საუკეთესო მაჩვენებელია მის კარიერაში.
*-საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში მამაკაცთა შორის XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა სპეციალური ჯილდო მას 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადის დღეებში გადასცა, სადაც სანეევი საქართველოს ოლიმპიური გუნდის ატაშე გახლდათ.
*-ვიქტორ სანეევი პირველი სპორტსმენია საქართველოდან, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენით დაჯილდოვდა.
*-5ჯერ დაასრულა სეზონი საუკეთესო შედეგით. ეს მიღწევა მოგვიანებით ჯონათან ედვარდსმა (დიდი ბრიტანეთი) და ამერიკელმა ქრისტიან ტეილორმა გაიმეორეს.
ვიქტორ სანეევის შედეგები: 1968 – 17.39სმ (მეხიკო; ოლიმპიადა); 1969 – 16.94სმ (ათენი; ევროპის ჩემპიონატი); 1970 – 17.34სმ (სოხუმი; სსრკ ჩემპიონატი); 1972 – 17.44სმ (სოხუმი); 1974 – 17.23სმ (რომი; ევროპის ჩემპიონატი).
*-1968 წლის 17 ოქტომბერს, მეხიკოს ოლიმპიადაზე, სამმხტომელთა ფინალში 4ჯერ გაუმჯობესდა მსოფლიო რეკორდი, აქედან 2ჯერ ვიქტორ სანეევის მიერ.
*-1980 წელს, მოსკოვში, ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე, ვიქტორ სანეევს ოლიმპიური ჩირაღდნის ტარების პატივი ხვდა წილად. იშვიათი გამონაკლისის გარდა მოქმედი სპორტსმენები ამ უფლებით არ სარგებლობენ. სანეევი ერთადერთი სპორტსმენია საქართველოდან, რომელსაც ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მონაწილეობის პატივი მიაგეს.
*-1992 წლიდან ავსტრალიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად.
*-1999 წელს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ოფიციალური ჟურნალი – ოლიმპიელი გამოიცა. ყდას 1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალის დროს გადაღებული ვიქტორ სანეევის ფოტო ამშვენებდა.
*-2005 წელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა პაატა ნაცვლიშვილის წიგნი „ვიქტორ სანეევი“.
*-2012 წელს, ლონდონის ოლიმპიადის დღეებში, ქალაქის მეტროს სადგურთა დასახელება დროებით ყველა დროის უძლიერესი სპორტსმენების სახელებით და გვარებით შეიცვალა. ერთ-ერთ სადგურს ვიქტორ სანეევის სახელი ეწოდა.
*-2013 წლის 16 ნოემბრიდან ვიქტორ სანეევი მძლეოსნობის ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციის – IAAF – დიდების დარბაზის წევრია.