დიადი: უეინ გრეცკი (I ნაწილი)

დროდადრო ვამბობთ, რომ გემოვნებაზე არ ვდაობთ, მაგრამ ლამის ყოველ დღე, უნებურად, საპირისპიროს ვამტკიცებთ. ჩვენ ხომ სწორედ განსხვავებული შეხედულებების გამო ვკამათობთ. გვიყვარს ფავორიტების ქება, საყვარელი მოთამაშეების გამორჩევა, სხვადასხვა სიმბოლური ნაკრების შედგენა, რჩეულების დასახელება…
პროფესიული სპორტი საუკუნეზე მეტს ითვლის. ბევრი ვარსკვლავი გვახსოვს, უფრო მეტზე წაგვიკითხავს ან გვსმენია, არაერთი ახლაც, ჩვენ თვალწინ ბრწყინავს…
არაა გასაკვირი, რომ თანამედროვეებს ახლო წარსულის გამორჩეულ მოთამაშეებს ვადარებთ. ამაში ახალი არაფერია – ასე იყო და ასე იქნება სანამ სპორტი იარსებებს.

ჩვენ ვიცით, რომ ფეხბურთის მეფის ტახტს 2 პრეტენდენტი ჰყავს (თუ მეტი არა), ყველა დროის საუკეთესო მძლეოსნად, შესაძლოა, 3 ან 4 ათლეტი დავასახელოთ, კალათბურთში, ჭიდაობასა და კრივშიც იგივეა, არც ჩოგბურთში, ცურვა თუ ავტოსპორტია გამონაკლისი…

აი ჰოკეიში კი ყველაფერი ნათელია: დღევანდელი ჩანახატის გმირი, ლეგენდარული კანადელი უეინ გრეცკი ყველა დროის უდიდესი მოთამაშეა! ამაზე კარგა ხნის წინ შეთანხმდა ბევრად გამოცდილი და მეტისმნახველი ხალხი.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ყველაზე დიდი ჰოკეისტს – უეინ გრეცკი დღეს 60 წლის გახდა!

დიდი სპორტსმენების კარიერა ბევრი რამით ჰგავს ერთმანეთს, მათ შორის ბავშვობის სურათებით. მსოფლიო სპორტის მომავალმა ვარსკვლავებმა თითქოს თავიდანვე ზუსტად იციან რა სურთ. ყოველ შემთხვევაში, მათი ავტობიოგრაფიებიდან ეს ნამდვილად იკითხება.

გრეცკი წააგავს მისნაირ დიდებს და ამავდროულად, გამორჩეულიცაა: 8-9 წლისამ კი არა, 3 წლიდან დაიწყო თამაში. ხომ წაგიკითხავთ: პირველად რომ მიმიყვანეს, ვთქვათ, სტადიონზე, „მოვიწამლე“ და ასეთები? უეინსაც დაახლოებით იგივე დაემართა:

„ძალიან პატარა ვიყავი ციგურები რომ მოვირგე. იმ დღიდან უკვე ვიცოდი, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჰოკეის თამაში მინდოდა. ერთი სული მქონდა, როდის შევაბიჯებდი ყინულზე. გამთენიისას ვდგებოდი, სკოლაში წასვლამდე ლამის საათნახევარი დავსრიალებდი, შინ მივდიოდი და ისევ სათამაშოდ მიმიწევდა გული… მერე დედა სადილად მიხმობდა, ერთ საათში კი ისევ ყინულზე ვიდექი საღამოს 9მდე… მოკლედ, დღეში ლამის 10 საათი ვსრიალებდი და ასე გრძელდებოდა 12 წლამდე“, – გრეცკის ავტობიოგრაფიიდან.

როგორ ირჩევენ ხოლმე პროფესიას? ვიღაც წიგნს ან ჟურნალს გადაფურცლავს, დააინტერესებს წაკითხული, მერე და მერე კი ცოდნას იღრმავებს, სხვა წარმატებული ადამიანით იხიბლება და გზაც არჩეულია… რა დასამალია და ისეთებიც არიან, მთავარი ნაბიჯის გადადგმისა მთელი ცხოვრება რომ ეშინიათ.

უეინის შემთხვევაში კი დიდი როლი ითამაშა მამამ, ვალტერ გრეცკიმ. როგორც ყველა კანადელს, უფროს გრეცკისაც უზომოდ უყვარდა ჰოკეი, თუმცა იუნიორთა შორის გამორჩეულმა მოთამაშემ პროფესიული კარიერა ვერ აიწყო. საბედნიეროდ, ხელი არ ჩაიქნია – შვილების და მათი მეგობრების მწვრთნელად იქცა და ბავშვებს ეზოში პატარა მოედანიც მოუწყო. უალი კოლიზეუმი – ასე დაერქვა იქაურობას, სადაც უეინის თქმით, პირველი და ყველაზე ფასეული გაკვეთილები მიიღო.

ის, ძმები კიტი, გლენი და ბრენტი, ასევე მათი დაიკო კიმი – ასეთი იყო გრეცკების ხუთეული. სანამ გუნდურად თამაშს დაიწყებდნენ, პატარა ყვანჯით და შაიბით ჩაუქროლებდნენ სხვადასხვა კუთხეში დალაგებულ „მეტოქეებს“ – ცარიელ ლუდის ქილებს, უშეცდომოდ გავლის შემთხვევაში კი კარში დარტყმის უფლებასაც იღებდნენ.

ყველა დროის უდიდეს მოთამაშედ აღიარებული გრეცკი წლების შემდეგ, კანადელთა შორის უზომოდ პოპულარულ ავტობიოგრაფიაში დაწერს: „ხშირად უთქვამთ, რომ მეექვსე გრძნობა მაქვს და მოვლენების წინასწარ შეცნობის უნარით ვარ დაჯილდოებული. სისულელეა! მამაჩემი რომ არა, არც კი ვიცი რამდენს მივაღწევდი. ჭკვიანური თამაში მან მასწავლა და სასწაულები და ღვთისგან რჩეულობა არაფერ შუაშია. უბრალოდ, მამა იმაზე კარგად აანალიზებდა თამაშს, ვიდრე ბევრი მწვრთნელი“.

იქვე მამასთან ერთ-ერთ საუბარსაც იხსენებს:
ის: საით იყურება მოთამაშე, სანამ პასს გააკეთებს?
მე: თანაგუნდელისკენ.
ის: და რას ნიშნავს ეს?
მე: რომ პასი უნდა ჩავჭრა.
ის: კარგია, საამისოდ საით უნდა გასრიალდე?
მე: იქითკენ, სადაც შაიბა მივა და არა იქ, სადაც არის.
ის: და თუ პასს ჩაჭრი, რა უნდა ქნა?
მე: უნდა გავსრიალდე.
ის: საით?
მე: მოწინააღმდეგისკენ არა, სხვა მიმართულებით.

სხარტი აზროვნება – უნარი, რითაც გამოირჩეოდა გრეცკი მთელი კარიერის მანძილზე და მთავარი მიზეზი, რის გამოც გახდა კიდეც უდიადესი.

როგორც კანადელები ამბობენ, სწორედ ესაა „გრეცკის ფენომენი“ – სწრაფი გადაწყვეტილებები და სიტუაციის ზედმიწევნით ზუსტად, თან უსწრაფესად ანალიზის უნარი.

გრეცკის ფენომენი ქომაგთა და ჰოკეის სპეციალისტთა ერთ-ერთი საყვარელი თემა გახლდათ. რიგითი გულშემატკივრებიდან დაწყებული უნივერსიტეტის პროფესორებით დასრულებული, ყველა დაუღალავად ამტკიცებდა, რომ ედმონტონელთა ლიდერი გენიოსი იყო. ამიტომ, იმიტომ, რადგან… ახსნა-განმარტებებს ბოლო არ უჩანდა.

პოპულარულმა კანადელმა რადიოწამყვანმა, მწერალმა და ჟურნალისტმა პეტერ ჯონ გზოვსკიმ CBCის პოპულარულ საავტორო შოუში „ამ ქვეყნის დილა“ ლეგენდარულ თანამემამულეს არაერთი გადაცემა დაუთმო. ერთ-ერთი რეპორტაჟისას მან თქვა: „ამბობენ, რომ გენიოსებს მოკვდავებისგან მოვლენების წინასწარ განჭვრეტის უნარი განასხვავებთ და მას ინსტინქტი ჰქვია. მე კი ვთვლი, რომ ეს ნიჭი ყველა ადამიანშია ჩადებული, უბრალოდ, უმრავლესობას ვარჯიში ეზარება და შესაბამისად, მას ვერ იყენებს“.

იმ დღეს მასთან სტუმრად მყოფმა ლეგენდამ უპასუხა: „აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. ათიდან ცხრა გიპასუხებთ, რომ ინსტინქტი მხოლოდ რჩეულებს გამოარჩევთ, მე კი გეტყვით, რომ მოვლენების წინასწარ გაანალიზების უნარი მხოლოდ და მხოლოდ მომქანცველი წვრთნის შედეგია. ვარჯიშობ, ნანახს აანალიზებ, ისევ ბოლომდე იხარჯები, ყველაფერს თავიდან იწყებ… მალე კი აღმოაჩენ რომ ზუსტად იცი სად იქნება შაიბა, ვთქვათ, სუსტი დარტყმის შემდეგ… როგორ ფიქრობთ, როგორ ადგენს ზუსტ დიაგნოზს უმაღლესი დონის ექიმი?
ყველა ვთანხმდებით, რომ ის წინასწარმეტყველი არ არის. უბრალოდ, მან თავის დროზე ბევრი იმეცადინა, ზუსტად ისწავლა რას რა მოსდევს და სწორი დასკვნებიც აქედან გამოაქვს.
ჰოკეიშიც ასეა: ძალიან ბევრი უნდა ივარჯიშო და ნახო საიმისოდ, რომ გამოიცნო სად აღმოჩნდება შაიბა. მამამ ბევრი რამ მასწავლა და ის, რასაც მივაღწიე, მისი დამსახურებაა! მე მამის მადლიერი ვარ“.

10 წლის უეინ გრეცკი ბრენტფორდის ბავშვთა გუნდის უპირობო ლიდერი გახლდათ, თანატოლთა ერთ ჩემპიონატში კი ზღაპრულად ბევრი – 378 შაიბა შეაგდო! წლების შემდეგ, როცა ჰკითხეს ეს როგორ შეძელითო, თქვა: „ბავშვები, როგორც წესი, 7-8 წლის ასაკიდან იწყებენ ვარჯიშს, მე კი 10 წლის ასაკში 7წლიანი გამოცდილება მიმაგრებდა ზურგს. პატარაობაში ეს ძალიან დიდი უპირატესობაა, წარმოუდგენლად დიდი“!

შედეგიან თამაშს აღიარებაც მოჰყვა – გაზეთ ტორონტო ტელეგრამში ჟურნალისტ ჯონ იაბონის ჩანახატი გამოქვეყნდა და გრეცკის შესახებ კანადის სხვა, დიდ ქალაქებშიც შეიტყვეს. მას და მის მშობლებს კი გაუხარდათ, მაგრამ ხომ იცით, როგორც ხდება ხოლმე – გამოჩნდა ხალხი, ვისაც ბავშვის შეშურდათ.

13 წლისას სხვადასხვა ლიგებში უკვე 1000ზე მეტი შაიბა ჰქონდა გატანილი, ერთი წლის შემდეგ კი ოჯახმა საბოლოოდ გადაწყვიტა – დრო იყო ბიჭს ძალა უძლიერესთა შორის ეცადა. თანაც, ბრენტფორდში უკვე ძალიან ბევრს აღიზიანებდა უეინის წარმატებები. თანაგუნდელთა მშობლები თვლიდნენ, რომ უეინი უსამართლოდ დიდ ყურადღებას იქცევდა, მათი შვილები კი იჩაგრებოდნენ.

15 წლისა იუნიორთა ლიგაში თამაშობს – ტორონტო ნეშენალსის თავდამსხმელია. 1975-76 წლების ჩემპიონატს გრეცკი სეზონის აღმოჩენის პრიზით ასრულებს – 28 თამაშში 60 ქულას აგროვებს. მომდევნო სეზონში უფრო შთამბეჭდავია – 32 მატჩი, 72 ქულა…

1977 წელს, ჭაბუკ ჰოკეისტთა ონტარიოს ლიგის დრაფტზე გრეცკი მე3 ნომერი გახლდათ. ის სოლტ სტეიტ მერი გრეიჰანდსის საკუთრება გახდა და ლეგენდარული 99ე ნომრით პირველად სწორედ იქ ითამაშა.

ავტობიოგრაფიაში წერს, რომ კერპის, გორდი ჰოუს დარად, მე9 ნომრით სრიალი სურდა, თუმცა ის თანაგუნდელ ბრაიან გუალაცის ეკუთვნოდა. „პრობლემა“ მწვრთნელმა მაზ მაკფერსონმა იოლად გადაჭრა – გრეცკის კიდევ ერთი ცხრიანი დააწერა – 99. მაკფერსონი, ცხადია, ვერც წარმოიდგენდა, რომ ამით უკვდავი ნომრის „ავტორი“ გახდა.

„უკვდავი“ არაა გადაჭარბებული ნათქვამი.

ჰოკეის ქომაგებს კი გეცოდინებათ, მაგრამ მათ, ვინც სპორტის სხვა სახეობები უფრო გიტაცებთ, გეტყვით: 2000 წელს, NHLის ყველა ვარსკვლავის მატჩის წინ, ლიგის მესვეურებმა ყველა დროის უძლიერესი მოთამაშის უკვდავსაყოფად 99ე ნომერი ხმარებიდან ამოიღეს. აქ კი ყურადღებით: მარტო ედმონტონ ოილერსმა კი არ დააფასა 99ე ნომერი, არა ბატონებო – ყველა კლუბმა! ასეთი რამ ამერიკული სპორტული ლიგების ისტორიაში პირველად მოხდა. მოგვიანებით ბეიზბოლის ლიგის ხელმძღვანელობამაც ასე დააფასა ჯეკი რობინსონი…

1978-79 წლების სეზონი პირველია, რომელიც გრეცკიმ პროფესიონალთა შორის გაატარა. ის 17 წლის იყო, როცა ინდიანაპოლის რეისერსთან 7წლიანი კონტრაქტი გააფორმა, კლუბი კი, თავის მხრივ, ჰოკეის მსოფლიო ასოციაციის – WHA – ეგიდით თამაშობდა. 8 ტურის შემდეგ, რომელშიც ამომავალმა ვარსკვლავმა 3 გოლი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რეისერსი გაკოტრდა.

„არ იყო იოლი პერიოდი. აქეთ ლიგა ებრძოდა NHLს, თავის მრივ, გუნდიც ვერ აუდიოდა პრობლემებს… ერთ მშვენიერ დღეს ჩვენმა პრეზიდენტმა ნელსონ სკალბანიამ დამიბარა და მითხრა, ცუდ დღეში ვართ, ყოველ თამაშზე მინიმუმ 40 ათასს ვკარგავთ და მგონი, ვკოტრდებით. 2 ვარიანტი მაქვს და უნდა გადაწყვიტო“, – გრეცკის ავტობიოგრაფიიდან.

ვინიპეგ ჯეტსს ბიჭმა ედმონტონ ოილერსი ამჯობინა და არც უნანია: დიდებულად ათამაშდა, მე18 დაბადების დღეზე კი, 1979 წლის 26 იანვარს, კლუბის პრეზიდენტის პიტერ პოკლინგტონის შეთავაზებული 10წლიანი ხელშეკრულება ხელმოწერით დაამშვენა. იმ დროს ეს ჰოკეის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი კონტრაქტი იყო.

ინდიანაპოლისში დაწყებული და ედმონტონში გაგრძელებული სეზონი გრეცკისთვის დიდებულად დასრულდა: 110 ქულით ბომბარდირებში მე3 იყო, დებიუტანტისთვის განკუთვნილ ლუ კაპლანის ჯილდოს კი ვერავინ შეეცილა. ვერაფერს იტყვი, 18 წლის მოთამაშისთვის მშვენიერი შედეგია!

მომდევნო სეზონი ედმონტონ ოილერსმა და გრეცკიმ NHLში დაიწყეს. საქმე ისაა, რომ WHAმ კონკურენციას ვერ გაუძლო და დაიშალა. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ლიგის სახელწოდებას, როცა ყინულზე ვარსკვლავი დაქრის?

უეინ გრეცკიმ სეზონი 137 ქულით დაასრულა: 51 გოლი და 86 შედეგიანი გადაცემა! ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც 50ჯერ შეაგდო. მიუხედავად იმისა, რომ ედმონტონელთა თავდამსხმელმა 137 ქულა 79 შეხვედრაში მიითვალა, ბომბარდირისთვის განკუთვნილი არტ როსის ჯილდო მარსელ დიონს ერგო, ვინც იმავე შედეგს 80 მატჩში უწია. გადამწყვეტი დიონის მიერ შეგდებული მეტი გოლი გამოდგა – 53. გრეცკი არც ლიგის საუკეთესო დებიუტანტისთვის განკუთვნილი კალდერის ტროფეით დააჯილდოვეს, აქაოდა, წინა სეზონში, WHAში მოიპოვა ასეთი აღიარებაო.

სამაგიეროდ, ლიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშისთვის განკუთვნილი დევიდ ჰარტის შთამბეჭდავი თასი მას გადასცეს!

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 26 იანვარი)
(I ნაწილის დასასრული)

ka_GEGeorgian