დიდი ცვლილება ფერარიში
2019 წლის სეზონში ფერარის ფორმულა 1-ის გუნდს მატია ბინოტო უხელმძღვანელებს. ეს ინფორმაცია დღეს გაავრცელა გაძეტა დელო სპორტმა. ბინოტო ბოლო წლებში სკუდერიას ტექნიკური დეპარტამენტის შეფი გახლდათ.
გუნდის ახლა უკვე ყოფილ ხელმძღვანელ მაურიციო არივაბენეს და ბინოტოს შორის ურთიერთობა შარშანდელი სეზონის მეორე ნახევარში დაიძაბა, როცა შედეგები გაუარესდა. ფორმულა 1-ის ყველაზე წარმატებულმა გუნდმა 2018 წელი კარგად დაიწყო, სებასტიან ფეტელი ჩემპიონატს, ფერარი კი კონსტრუქტორთა თასის საერთო ჩათვლას ლიდერობდა. ზაფხულის შესვენების შემდეგ კი მერსედესმა ორივე ასპარეზზე მოიპოვა უპირატესობა და წელიც ჩემპიონის ტიტულებით დაასრულა.
გაძეტა დელო სპორტის ინფორმაციით, ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ფერარი უახლოეს დღეებში გაავრცელებს ოფიციალურ განცხადებას.
61 წლის მაურიციო არივაბენე 2014 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა ფერარის. მან მარკო მატიაჩი შეცვალა. აქვე გეტყვით, რომ არივაბენე 2012 წლიდან ტურინის იუვენტუსის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრია.
მატია ბინოტო ფერარის ფორმულა 1-ის გუნდს 1995 წელს შეუერთდა ძრავის ინჟინერად. 2007 წელს ის ამ მიმართულების ხელმძღვანელი გახდა, 2016 წელს კი მთავარი ტექნიკური ოფიცრის თანამდებობა დაიკავა – ბრიტანელი ჯეიმს ელისონი შეცვალა.
ფერარი 2019 წლის ბოლიდს 15 თებერვალს წარადგენს.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 7 იანვარი)