დიდი დღე: 17 ოქტომბერი
აქეთ კორონამ გაგვიწყალა გული, იქით არჩევნები ახლოვდება – ქოცები… ნაცები… სისხლიანი 9 წელი… გაუფასურებული ლარი…
და ვართ ასე, ერთი თანამედროვე მწერლის არ იყოს – გახურებულ თონეში ვიწვებით და ვიხრუკებით.
ამ უაზრო და გულისამრევ ორომტრიალში კი გვავიწყდება მართლა მაგარი გამარჯვებები, ისტორიული დღეები, დალაგებულ-დავარცხნილ ქვეყნებში ლამაზად რომ აღნიშნავდა საკუთარი ქვეყნის და წარსულის დამფასებელი ხალხი…
დღეს 17 ოქტომბერია, ჩვენი სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი დღე.
XX საუკუნის საქართველოს ნომერ პირველ სპორტსმენად აღიარებულმა ვიქტორ სანეევმა საოცარი გამარჯვებების დამტევ კარიერაში 3ჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი და ყველა შემთხვევაში ამ დღეს, 17 ოქტომბერს:
პირველი ორი 1968 წელს, მეხიკოში, ოლიმპიადის ფინალში, მესამე კი 1972 წელს, მშობლიურ სოხუმში, საკავშირო გათამაშებაში.
17.23 მეტრი…
17.39 მეტრი…
17.44 მეტრი…
მეხიკოს ოლიმპიადის სამმხტომელთა ფინალი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტული დაპირისპირებაა: სანეევმა, ბრაზილიელმა ნელსონ პრუდენსიომ და იტალიელმა ჯუზეპე ჯენტილემ 6 ფინალურ ტურში 4ჯერ გააუმჯობესეს მსოფლიო რეკორდი!
ჯერ ჯენტილე დაწინაურდა – 17.22 მეტრი, სანეევმა მის შედეგს სანტიმეტრი წაუმატა და ახლა ის გახდა რეკორდსმენი, პრუდენსიო მე5 ცდაზე 17.25ზე გადახტა, ვიქტორმა კი ბოლო ცდით 17.39 დააფიქსირა და პირველი ოლიმპიური ოქროც მოიგო!
გაივლის 4 წელიწადი და სანეევი სოხუმის სტადიონზე გაფრინდება – 17.44 მეტრი!
ახალი, მისთვის მესამე მსოფლიო რეკორდი!
…90ების დასაწყისში საქართველოს აფხაზეთი და სოხუმი წაართვეს.
დაახლოებით იმავე პერიოდში დატოვა საქართველო ვიქტორ სანეევმაც – ლეგენდარული მძლეოსანი დღემდე ავსტრალიაში ცხოვრობს.
ვიქტორ სანეევის ერთი ძველი ინტერვიუდან:
„სპორტული კარიერის მანძილზე თითქმის ყველა პუბლიკაციაში მიწოდებდნენ „კენგურუს აფხაზეთიდან“ ან „კენგურუს საქართველოდან“. კენგურუს სამშობლო ავსტრალიაა და ალბათ სიმბოლურია, რომ ცხოვრების მიწურულს სწორედ ავსტრალიაში ვატარებ“.
ისეთ თარიღებს, როგორიც 17 ოქტომბერია, გაფრთხილება სჭირდება.
მხოლოდ პოლიტიკით და ბინძური მედროვეების ცქერა-სმენით უბრალოდ გავგიჟდებით.
თქვენი არ ვიცი და მე ეს ვარიანტი არ მაწყობს, მე ასეთ საქართველოზე არ მიოცნებია.
რაც შეეხება ამ ფოტოს, ეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური გამოცემის სულ პირველი ნომრის გარეკანია, რომელსაც 3გზის ოლიმპიური ჩემპიონის ვიქტორ სანეევის ფოტო ამშვენებს.
სხვანაირად ვერც იქნებოდა!
ლაშა გოდუაძე (2020 წლის 17 ოქტომბერი)