დიდი გამარჯვების 55 წლის იუბილე – წიგნის პრეზენტაცია

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ქართული სპორტის მუზეუმის მიერ გამოცემული წიგნის „დიდი გამარჯვების 55 წლის იუბილე“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი თბილისის დინამოს კალათბურთელთა უდიდეს გამარჯვებაზე, 1962 წლის 29 ივნისს მოგებულ ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე და მასთან დაკავშირებულ ამბებზე მოგვითხრობს.

55 წლის წინ დინამოელებმა მთავარი საკალათბურთო ევროტურნირის ფინალში მადრიდის რეალს 90:83 სძლიეს. გადამწყვეტი შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში გაიმართა.

48-გვერდიან გამოცემაში თავმოყრილია ჩემპიონთა თასის მოგებასთან დაკავშირებით ქართულ პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილები, ასევე ის იშვიათი ფოტომასალა, რომელიც 55 წლის წინანდელ ფინალს ეხება.

ღონისძიებას დინამო 1962-ის ერთ-ერთი წევრი ამირან სხიერელი (იმ შემადგენლობიდან ჩვენ შორის მხოლოდ ის და ლევან მოსეშვილი არიან), სხვადასხვა თაობის ვეტერანი კალათბურთელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, საკალათბურთო კლუბ თბილისის დინამოს პრეზიდენტი ვახტანგ ნაცვლიშვილი და მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია, ასევე გულშემატკივრები დაესწრნენ.

„ბოლო ხანებში ძალიან განებივრებულნი ვართ კარგი გამოცემებით…
ქართული სპორტის მუზეუმმა მშვენიერი წიგნი მიუძღვნა თბილისის დინამოს უდიდეს გამარჯვებას და მინდა მადლობა გადავუხადო მუზეუმს, მის ხელმძღვანელებს ასეთი კარგი საჩუქრისთვის. რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ჩვენ ძვირფას კალათბურთელებს – ჩემპიონთა თასის მოგებით ისინი ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერნენ.
სიმბოლურია, რომ ჩვენი კალათბურთის სულ ბოლო გამარჯვება, ეროვნული ნაკრების კაპიტნის ზაზა ფაჩულიას ჩემპიონობას ვგულისხმობ, დინამოელთა დიდებული ტრიუმფის 55 წლის იუბილეს დაემთხვა.
ახალგაზრდა კალათბურთელების შემხედვარე მჯერა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ნაკრები არაერთი დასამახსოვრებელი წარმატებით გაგვახარებს“! – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

თბილისის დინამოს პრეზიდენტმა ვახტანგ ნაცვლიშვილმა მინისტრს 1962 წლის 29 ივნისის ფინალური მატჩის ოქმი გადასცა, რომელიც ტარიელ ხეჩიკაშვილმა, თავის მხრივ, ქართული სპორტის მუზეუმს უსახსოვრა.

„ქართული სპორტის მუზეუმი ცდილობს გულშემატკივარს ყველა გამორჩეული თარიღი შეახსენოს და ეს წიგნიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. 1962 წლის 29 ივნისს დინამოელებმა უდიდესი გამარჯვება იზეიმეს და მიუხედავად იმისა, რომ იმ ტრიუმფის შესახებ ცოტა მასალა მოგვეპოვება, ვეცადეთ და მგონი, კარგი წიგნიც გამოვეცით. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას ყველა ჩვენი კარგი წამოწყების მხარდაჭერისთვის, ასევე ამ წიგნის ავტორს ლაშა გოდუაძეს, რომელთან ერთად რამდენიმე კარგი პროექტი განვახორციელეთ. და დიდი მადლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აუდიო-რადიო ფონდს იმ სიურპრიზისთვის, რასაც 55 წლის წინანდელი რადიოჩანაწერის აღმოჩენა ჰქვია“, – განაცხადა ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორმა ნანა მიქაძემ.

იმ ფინალიდან მხოლოდ სამი ფოტოა შემონახული. საგულისხმოა, რომ ისინი, ასევე ფინალის ოქმი, მწერალმა დათო ტურაშვილმა ესპანელი მეგობრების დახმარებით მოიპოვა ერთ-ერთ მადრიდულ არქივში.

წიგნს ასევე თან ერთვის აუდიოდისკი, რომელზეც ჩაწერილია საქართველოს რადიოს მიერ 55 წლის წინ განხორციელებული რადიოჩართვა ჟენევიდან. ფინალის პერიპეტიებზე თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი ოთარ ქორქია, გუნდის კაპიტანი გურამ მინაშვილი და ალექსანდრე კილაძე საუბრობენ, ასევე გასული საუკუნის პოპულარული საბჭოთა კომენტატორი ნიკოლაი ოზეროვი, რომელიც მატჩის რეპორტაჟს უძღვებოდა.

წიგნის შემდგენელია სპორტული ჟურნალისტი ლაშა გოდუაძე. „დიდი გამარჯვების 55 წლის იუბილე“ მისი და ქართული სპორტის მუზეუმის ერთობლივი მესამე გამოცემაა: 2015 წელს, მუზეუმის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კატალოგი დაისტამბა, შარშან კი სპეციალური გამოცემით აღინიშნა თასების მფლობელთა თასის მოგების 35 წლის იუბილე.

ლაშა გოდუაძე (www.www.msy.gov.ge; 2017 წლის 29 ივნისი)

ka_GEGeorgian