დიდი სახელები: პრეზენტაცია ქართული სპორტის მუზეუმში

ქართული სპორტის მუზეუმში სახელოვანი სპორტსმენების და გუნდებისადმი მიძღვნილი პირველი ფოტოკრებულის – „ქართული სპორტის დიდი სახელები“ – პრეზენტაცია გაიმართა.

2017 წელი არაერთი მნიშვნელოვანი თარიღითაა გამორჩეული, ბევრი სპორტსმენის და რამდენიმე დიდი გამარჯვების იუბილე აღინიშნება.

55 წელი გავიდა საკალათბურთო თბილისის დინამოს მიერ ევროპის ჩემპიონთა თასის მოგებიდან. ასევე 55 წლის წინ მოიგეს თბილისის ბურევესნიკის ხელბურთელებმა საკავშირო ჩემპიონატი პირველად. 50 წელი გავიდა ავტორბოლაში თბილისის დიდი პრიზის გათამაშებიდან.

80 წელი შეუსრულდებოდათ ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელებს მიხეილ მესხს, შოთა იამანიძეს და გივი ჩოხელს. ასევე 80 წლის გახდებოდა ფარიკაობაში ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი ნუგზარ ასათიანი. 60 წლის იუბილეს იზეიმებდნენ თასების მფლობელთა თასის 1980-81 წლების გათამაშებაში გამარჯვებული თბილისის დინამოს ლიდერები რამაზ შენგელია და ვიტალი დარასელია. 50 წელი შეუსრულდებოდა 1983 წელს კანადის ქალაქ ედმონტონში, მსოფლიო უნივერსიადაზე დაღუპულ წყალში მხტომელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონსა და თასის მფლობელს სერგო შალიბაშვილს…

ამ თარიღებს ქართული სპორტის მუზეუმმა 16 ბარათისგან შემდგარი ფოტოკრებული მიუძღვნა. ფოტოები, რომელთა ავტორები სახელოვანი ფოტოგრაფები მიხეილ ზარგარიანი, ალექსანდრე კოტორაშვილი და სხვები არიან, სპორტის მუზეუმის ფონდებშია დაცული.

„ქართული სპორტის მუზეუმში ერთი ლამაზი ტრადიცია გვაქვს: ყოვეწლიურად მივაგებთ პატივს გამოჩენილ სპორტსმენებს, მწვრთნელებს და სპორტის მოღვაწეებს. წლეულს ამ დღის აღნიშვნა საფოსტო ბარათების გამოცემით გადავწყვიტეთ. მუზეუმის ფონდებში დაცული უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფოტოდან 19 გამოვარჩიეთ, თითოეულს კონკრეტული ამბავი და მონაცემი დავურთეთ და აი, ქართული სპორტის მუზეუმის პირველი, 16-ბარათიანი ფოტოკრებული თქვენს წინაშეა“, – განაცხადა ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორმა ნანა მიქაძემ.

„გულშემატკივარს ბევრი დიდებული სპორტსმენი ახსოვს. რთული იყო ამ ბარათებში ყველას ჩატევა, ამიტომ, ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ: პირველ კრებულში იმ სპორტსმენთა ფოტოები შევიტანეთ, რომელთა იუბილე წლეულს აღინიშნა ან აღინიშნება. მაგალითად, ლეგენდარული მოჭიდავეები, ოლიმპიური ჩემპიონები არსენ მეკოკიშვილი და მირიან ცალქალამანიძე, ასევე ოლიმპიური ჩემპიონი, მოფარიკავე ნუგზარ ასათიანი, ფეხბურთელები: ავთანდილ ღოღობერიძე, გივი ჩოხელი, მიხეილ მესხი, შოთა იამანიძე, კახი ასათიანი, რამაზ შენგელია, ვიტალი დარასელია… ვიმედოვნებთ, გულშემატკივარი ქართული სპორტის მუზეუმის წამოწყებას დიდი ინტერესით და სიხარულით შეხვდება, ეს ფოტოკრებულები კი ტრადიციული გახდება“, – ქართული სპორტის მუზეუმის მთავარმა მცველმა ქალბატონმა ლილი ლომსაძემ არაერთი საინტერესო ისტორია შეახსენა სტუმრებს.

ღონისძიებას ოთარ ქორქიას, გურამ მინაშვილის, მიხეილ მესხის, რამაზ შენგელიას, ვიტალი დარასელიას და სხვა სახელოვანი სპორტსმენების ოჯახის წევრები, ოლიმპიური ჩემპიონები ნინო სალუქვაძე, გიორგი ასანიძე და კახი კახიაშვილი, ლეგენდარული მოჭადრაკე, XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარებული ნონა გაფრინდაშვილი, თბილისის დინამოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კაპიტანი ალექსანდრე ჩივაძე, სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

ქართული სპორტის მუზეუმის მესვეურთა გადაწყვეტილებით, ფოტოკრებულის გამოცემა ტრადიციული გახდება, ხოლო ყოველ წელს მუზეუმი მსგავსი ღონისძიებით პატივს მიაგებს იმ სპორტსმენთა ხსოვნას, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ქართული სპორტის ისტორიაში.

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2017 წლის 19 აპრილი)
ფოტო: ქართული სპორტის მუზეუმი

ka_GEGeorgian