დიეგო 60: ფეისბუქჩანახატები

სანამ ჩემ ვებ-გვერდს გავაკეთებდი და წლების წინანდელ ან ახალ ჩანაწერებს ერთად მოვუყრიდი თავს, ფეისბუქზე შევქმენი ალბომი ფეოლა.
იქ ისეთ საფეხბურთო ფოტოებს ვდებდი (ახლაც ვდებ), რომელიც მომწონდა (მომწონს) და თან პატარა ისტორიებსაც ვაქვეყნებდი (ვაქვეყნებ).
გუშინ ვნახე და ამ რამდენიმე წელიწადში 200ზე მეტი ფოტო გამომიქვეყნებია. 200 ჩანახატი არაა პატარა ამბავი, თქვენ ხართ ჩემი ბატონი!
ჰოდა ამ 200ზე ცოტა მეტი ფოტოდან 5 ეხება დიეგო მარადონას, მაგრამ როგორც ნეტარხსენებული შალიკო ხვინგიაძე იტყოდა: ერთს ვერ გაკადრებთ, ნამეტანი ზედაპირული ტექსტია და აგერ ბატონო ის 4 ჩანაწერი, რომელიც თქვენთვის, დიეგო მარადონას დამფასებლებისთვის შევაუკეთესე!
დღეს ხომ დიეგოს დაბდღეა? ჰოდა ამიტომაც, უინტერესო არ იქნება ამ 3 ჩანახატის წაკითხვა.
და თუ წერილის ბოლოს ფრუსტრირებული აღმოჩნდით, მაშინ მე ბოდიში.

პოსტი #12016 წლის 5 სექტემბერი
ცხონებული ბიძაჩემის ფირფიტების საკმაოდ დიდი კოლექციიდან ყველაზე ხშირად Queenის ფირფიტას ვატრიალებდი.

დილით, ფეხბურთით, კალათბურთით ან დესნა/აისტით გართობამდე მთელ ხმაზე ჩავრთავდი დიდ, ხით მოპირკეთებულ მაგნიტოფონს, Queenის სუპერჰიტებით ჩემებურად დავიმუხტებოდი და მერე იცოცხლე, გადარეული დავრბოდი აღმა-დაღმა.

ბაბუა-ბებიების ხვეწნა-მუდარაზე, ხმას ჩაუწიე ან ხანდახან სხვა რამე მაინც ჩართე მაგ დასაღუპზეო, მხოლოდ ვხარხარებდი.

და ასე გრძელდებოდა ლამის ყოველ ზაფხულს. იმ წლებში ფეხბურთის გამო უკვე ღამეებს ვათენებდი და დაახლოებით იმავე პერიოდში შემიყვარდა Queenიც…

დღეს 5 სექტემბერია, ფაროხ ბულსარას, იგივე ფრედი მერკურის დაბადების დღე. Queenის სუპერსოლისტი 70 წლის გახდებოდა. მოლოცვის რა გითხრათ, უბრალოდ შეგახსენეთ ყველას ვისაც Queen და ეს ძალიან მაგარი მომღერალი ბავშვობიდან მოგვყვება…

ეს ფოტო 1981ის 8 მარტსაა გადაღებული ბაირესში, ესტადიო ხოსე ამალფიტანის კულისებში, ბრიტანელების არგენტინული ტურნეს დროს.

მსოფლიო ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი დიეგო არმანდო მარადონა Queenთან გადაღებული ფოტოსთვის და განსაკუთრებით უნიონ ჯეკისთვის გვარიანად ლანძღეს. იმ დროს არგენტინასა და ინგლისს შორის მაინცდამაინც თბილი ურთიერთობა არ იყო.

ამ მშვენიერი ფოტოს გადაღებიდან წელიწადსა და რამდენიმე დღეში ფოლკლენდის კუნძულების ის ცნობილი ომი დაიწყო, 10 წელიწადში კი ფრედიც გარდაიცვალა…

პოსტი #2 – 2020 წლის 20 მარტი
მოგზაურობა წარსულში, სერია მეორე: მექსიკა 1986, 1/4ფინალი, არგენტინა 2:1 ინგლისი.

ეს თამაშიც, 82ის იტალია-ბრაზილიის არ იყოს, 90ებში ვნახე სრულად და გუშინ საღამოს მეორედ ჩავუჯექი.

თუ ვინმე იგივეს დააპირებთ, ჩემი შეცდომა არ გაიმეოროთ: I ტაიმი შეგიძლიათ სრულად გამოტოვოთ – ორ ფსევდო სახიფათო მომენტზე 45 წუთის მოცდენა არ ღირს, ყველაზე საინტერესო კი 36ე წუთი იყო, როცა დიეგომ კუთხურის დროს ალამი ძირს დააგდო და თანამსაჯმა სანამ უკანვე არ დააბრუნებინა, ბურთის ჩაწოდების უფლება არ მისცა.

ხოლო რაც შეეხება ამ თამაშის ჩემეულ შეფასებას, ის ასეთია:

1) არავითარი კლასიკა ეს მატჩი არაა. მესმის რომ ფოლკლენდის კუნძულების ამბების გამო 86ში ამ დაპირისპირებას დიდი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, მაგრამ წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი შეხვედრა გამოდგა – დუნე და არ შემეშინდება ამის თქმა, მოსაწყენიც. ნუ, ამაზე საინტერესო 1/4ფინალები კიარა, ჯგუფური ეტაპის მატჩებიც ბლომად მინახავს და საერთოდ, ამ მეოთხედფინალს მსოფლიო თასის ყველა დროის 25 საუკეთესო მატჩშიც არ შევიტანდი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ არაერთი მსგავსი ჩამონათვალი მინახავს და ეს არგენტინა-ინგლისი ლამის ყველგან ათეულშია.

2) სულ რომ პირველად უყურებდე ფეხბურთს, მალევე მიხვდები რომ არგენტინის ათიანი სხვა დონის მოთამაშეა – პასები, მოედნის ხედვა, კარში დარტყმა…

ინგლისელები მარადონას უჯარიმოდ ფაქტიურად ვერ აჩერებენ, თან ლამის ყველა სტანდარტულს დიეგო ასრულებს.
ერთი სიტყვით, მარადონა არგენტინის ლიდერია!

2:1ზე არგენტინა ძელს ახვედრებს ბურთს (ტაპია) და ის შეტევა მთლიანად დიეგოს დამსახურებაა. ინგლისელები კი ეცადნენ, მაგრამ ვერაფრით წააქციეს და ამან კიდე ლამის ერთი-ერთზე გაიყვანა თანაგუნდელი.

მოკლედ, დიეგო აშკარად დიდია!

3) „ღმერთის ხელი“ იმდენად აშკარაა, რომ პიტერ შილტონი დღემდე რომ ვერ პატიობს მარადონას. არ მიკვირს.

და საერთოდ, მე თუ მკითხავთ ასეთი დონის შეხვედრები მეორე-მესამე დონის (საფეხბურთო თვალსაზრისით) ქვეყნების წარმომადგენელ მსაჯებს არ უნდა ანდო. რატომღაც მგონია, რომ ამ დონის მატჩებს მიუჩვევლები, ზედმეტად დაძაბულები არიან და ასეთ დროს, თქვენც კარგად იცით, შეცდომის ალბათობა მატულობს.

ერთი სიტყვით, იმ ბულგარელ თანამსაჯს, დიეგოს ცრუპენტელობას რომ უყურებდა, წითელი ალამი დაუყოვნებლივ უნდა აეწია. რატომ და იმიტომ, რომ მშვენივრად ხედავდა მომენტს!

4) „ღმერთის ფეხზე“ ახალს ვერაფერს ვიტყვი – შედევრია!

წლების წინ ამ თამაშზე ვკითხულობდი და ექტორ ენრიკეს სიტყვები დამამახსოვრდა, აი იმის, დიეგოს თავის ნახევარზე რომ მიუგორა ბურთი: ისეთი პასი მივეცი მარადონას, გოლის გატანის მეტი არაფერი დარჩენოდაო.

5) ინგლისელებიდან ყველაზე მეტად ტერი ბაჩერი და გლენ ჰოდლი მომეწონა.

სხვებთან შედარებით ორივე გონივრულად თამაშობდა, რაც შეეხება საპასუხო გოლის ავტორ გარი ლინეკერს, ბარნსის გამოჩენამდე ჩაკარგული იყო.

6) მე თუ მკითხავთ, ცხონებულ რობსონს ჯონ ბარნსი მეორე ტაიმშივე უნდა ჩაერთო თამაშში. გამოვიდა თუ არა ბარნსი, ეგრევე საგოლე პასი შეასრულა და მეორედაც თავზე დაასვა ბურთი ლინეკერს, უბრალოდ, ამას ორ მცველთან ორთაბრძოლაში აღარ გაუმართლა.

ერთი სიტყვით, ბარნსის დარი მოთამაშე გყავდეს და მხოლოდ 10 წუთს აძლევდე, დანაშაულია.

7) არ ვიცი დღეს რა ფიქრობენ ბერდსლი, რიდი, ბაჩერი და ფენვიკი (დიეგომ ამათ ჩაუდრიბლინგა, ბაჩერს ორჯერ) მაგრამ მათ ადგილზე, ვთქვათ ფერდინანდს და ტერის რომ წარმოვიდგენ, მეეჭვება დიეგოს შილტონამდე მიეღწია.

8) 86ის შემდეგ ფეხბურთი აშკარად უკეთესობისკენ შეიცვალა და ეს მხოლოდ მახარებს.

პოსტი #3 – 2020 წლის 3 მაისი
Матч Планетаზე დღეს დილით „დიეგო მარადონა“ აჩვენეს და მინდა გითხრათ, რომ საუკეთესო საფეხბურთო დოკუმენტური ფილმია, რაც კი მინახავს! ხოლო ზოგადად ამ ჟანრის სპორტულ ფილმებს თუ გავიხსენებ, ნომერ პირველია „სენასთან“ ერთად…

უმაგრესი კადრები, დიეგოს მშობლების, და-ძმის, მეუღლის და ოჯახის ახლობლების კომენტარები, თვითონ დიეგოს ჩანაწერები და ინტერვიუები, მატჩების მომენტები და არგენტინის ნაკრების და ნაპოლის გასახელები…

ყველაფერი იყო სუპერ!

პატარა სპოილერიც: „აზრზე არ ხართ რა გამაზეთ“ – ნაპოლის ტიფოზებმა ასეთი ბანერი გააკრეს ქალაქის სასაფლაოზე 87 წლის მაისში, სკუდეტოს მოგების მეორე დილით. შავი იუმორის პიკი!

ჰოდა მეც იგივეს ხომ არ დავწერ?

ვისაც არ გინახავთ, გირჩევთ, გირჩევთ, გირჩევთ!

ორსაათიანი საფეხბურთო სიამოვნებაა, ერთ ამოსუნთქვასავით!

ეს ფოტო კიდე, ამ ჩანაწერს რაც დავურთე, ასე ვთქვათ „წუხანდელი სიზმარია“: 6 თვის წინ, 6 ოქტომბერს გადავიღე ულამაზეს რიომაჯიორეში.

იქაც უნდა მოხვდეთ. ჩინკუ ტერე ზღაპარია!

პოსტი #4 – 2020 წლის 10 მაისი

33 წლის წინ, 1987 წლის 10 მაისს, ნაპოლიმ ისტორიაში პირველად მოიგო სკუდეტო. ზეიმი სტადიონზევე დაიწყო და ლამის ორი თვე გაგრძელდა!

აზრზე არ ხართ რა გამაზეთ – საჩემპიონო ღამით ვიღაც ენაკვიმატმა ტიფოზიმ ასეთი წარწერით დაამშვენა ქალაქის სასაფლაოს გალავანი.

ნეაპოლელთა ისტორიული გამარჯვება დიეგო არმანდო მარადონას უკავშირდება. სამხრეთიტალიურმა კლუბმა დიადი არგენტინელი 1984 წლის 30 ივნისს 5 მილიონ გირვანქად შეიძინა ბარსელონიდან.

იმ დროს ეს უძვირფასესი საფეხბურთო ტრანსფერი იყო.

ეს ფოტო კი 1984 წლის 5 ივლისაა გადაღებული, როცა დიეგომ პირველად შეაბიჯა სან პაოლოზე – არგენტინელს 75 ათასი გულშემატკივარი შეეგება.

ვერაფერს იტყვი: მშვენიერი ფოტოა!

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 30 ოქტომბერი)

ka_GEGeorgian