დინამო 1964: ჩვენ გვახსოვს!
ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ, 1964 წლის 18 ნოემბერს თბილისის დინამომ პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული.
ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით შესული გამარჯვებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მდებარე ქართული სპორტის დიდების მუზეუმში დაიწყო და დღეს მთელ ქალაქში გაგრძელდა.
დღეს, 18 ნოემბერს, ოქროს ბიჭების ნახევარსაუკუნოვან იუბილეს 3 ღონისძიება მიეძღვნა: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე თბილისის დინამოს 1964 წლის შემადგენლობისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა განთავსდა; შატბერაშვილის ქუჩაზე მდებარე #1 სახლზე, იქ, სადაც დიდებული მეკარე სერგო კოტრიკაძე ცხოვრობდა, ფეხბურთელის ხსოვნას მემორიალური დაფა მიეძღვნა; დღის ბოლოს კი ჩემპიონებს ქალაქის მესვეურებმა დედაქალაქის საკრებულოს განახლებულ შენობაში საზეიმო ვითარებაში უმასპინძლეს.
„ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ საქართველოში ფეხბურთი დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. სულით და გულით ვულოცავ ბატონ გიორგის, ბატონ ილიას და ბატონ ვლადიმერს ამ საიუბილეო თარიღს! ვულოცავ მთელ საქართველოს! თქვენ ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრეთ“! – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა დინამო არენაზე, მემორიალური დაფის გახსნისას.
მინისტრთან და საბჭოთა კავშირის 1964 წლის ჩემპიონებთან ერთად საიუბილეო ღონისძიებაში გულშემატკივრები, ჟურნალისტები, თბილისის დინამოს 70-80იანი წლების ვარსკვლავები, ასევე სპეციალურად ამ დღეებისთვის საქართველოში სტუმრად მყოფი ალექსანდრე აფშევის ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ.
„ეს ორი დღეა ძალიან აღელვებული და უზომოდ ბედნიერი ვარ! მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ჩვენ, ვეტერანებს, ეს დღეები გვაჩუქეს! თვალზე ცრემლი მადგება, როცა ვხედავ, თუ როგორ ზრუნავენ ჩვენზე! დიდი მადლობა ყველას“! – თქვა 1964 წლის 18 ნოემბერს ტაშკენტში გამართული ოქროს მატჩის გმირმა ილია დათუნაშვილმა.
ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენიდან ვეტერანი ფეხბურთელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მესვეურები და ქომაგები შატბერაშვილის ქუჩისკენ დაიძრნენ, სადაც #1 სახლზე სერგო კოტრიკაძისადმი მიძღვნილი ძალიან ლამაზი მემორიალური დაფა განთავსდა.ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მეკარის თანაგუნდელმა, სოჭიდან თბილისში რამდენიმე დღით ჩამოსულმა გიორგი სიჭინავამ თქვა: „სერგო უტკბილესი ადამიანი, დიდებული კაცი იყო! სამწუხაროა, რომ დღეს ის ჩვენ გვერდით აღარაა. ამაყი ვარ, რომ აქ ვდგავარ და ჩემი მეგობრისადმი მიძღვნილ მემორიალურ დაფას ვხსნი“!
17 საათზე მთავრობის წევრებს, 1964 წლის სსრკ ჩემპიონებს და იუბილეს მონაწილეებს თბილისის საკრებულომ განახლებულ შენობაში უმასპინძლა.
„ჩვენთვის დიდი პატივია ამ ახალ შენობაში თქვენი მიღება. ქალაქის საკრებულოს სახელით მსურს მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის! თითოეული თქვენგანის სახელი სამუდამოდ შევიდა ქართული სპორტის, ქართული ფეხბურთის ისტორიაში და ჩვენთვის საამაყოა ამ საიუბილეო საღამოს თქვენი მასპინძლობა! დიდ მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ქალაქისთვის, მთელი ქვეყნისთვის გააკეთეთ“! – განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.
„ქართულ ფეხბურთს არაერთი დიდებული მოთამაშე ახსოვს და საამაყოა, რომ დღეს ჩვენი ფეხბურთის პირველ ჩემპიონებს, ოქროს ბიჭებს ვმასპინძლობთ! მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმ სიხარულისთვის, რაც მთელ ქვეყანას მიანიჭეთ 50 წლის წინ! როგორც მთავრობის წევრმა, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უახლოეს ხანებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის ხელმძღვანელობით ამუშავდება ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომლის მეშვეობითაც, დარწმუნებული ვარ, ქართული ფეხბურთი კვლავ აღორძინდება“! – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ.
თბილისის საკრებულომ ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და გიორგი სიჭინავა, ასევე დინამოს 1964 წლის შემადგენლობის ოჯახის წევრები სამახსოვრო პრიზებით და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა, საღამო კი დაამშვენა ანსამბლმა ქართულმა ხმებმა.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 18 ნოემბერი)
ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო