დინამო 1964: დიდი იუბილე
შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ოქროს ბიჭების 50 წლის იუბილე აღინიშნა.
ღონისძიებას უამრავი სტუმარი დაესწრო: ვეტერანი ფეხბურთელები, საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი, ჟურნალისტები, გულშემატკივრები, ოლიმპიური ჩემპიონები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ასევე თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელები და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები.
1964 წლის 18 ნოემბერს თბილისის დინამოს ფეხბურთელთა გუნდმა ისტორიაში პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული! ეს ქართული ფეხბურთის პირველი დიდი გამარჯვება გახლდათ! გადამწყვეტ შეხვედრაში დინამოელებმა მოსკოვის ტორპედოს 4:1 სძლიეს.
„1964 წლის 18 ნოემბერი ჩვენი ფეხბურთის და ზოგადად, ქართული სპორტის ისტორიაში გამორჩეული თარიღია. მიხარია, რომ საიუბილეო საღამოზე ამდენი საინტერესო ადამიანი შეიკრიბა. ჩვენ ყოველთვის დავაფასებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ქართული სპორტის ისტორიაში“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.
საღამოს წამყვანებმა ნინო კასრაძემ და სოსო ლაღიძემ ქომაგებთან ერთად გაიხსენეს 1964 წლის ტაშკენტის ოქროს მატჩის პერიპეტიები. სტუმრებმა იხილეს ნაწყვეტი ჟურნალისტ დავით ქლიბაძის ფილმიდან, რუსთაველის თეატრის ვარსკვლავმა კახი კავსაძემ რამდენიმე მოგონებით გაახალისა მაყურებლები, ძველი თაობის ქომაგებმა, ვერისბაღელებმა კი იმდროინდელი დინამოს ვარსკვლავები მოიგონეს.
საიუბილეო საღამო ქართული სიმღერის ვარსკვლავებმაც დაამშვენეს: ანსამბლებმა შვიდკაცამ და ცისფერმა ტრიომ, ასევე ლიზა ბაგრატიონმა და მაია ჯაბუამ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ლევან ყიფიანის გადაწყვეტილებით, 1964 წლის თბილისის დინამოს მთელი შემადგენლობა სამინისტროს უმაღლესი წოდებით – ქართული სპორტის რაინდის ტიტულით დაჯილდოვდა. მინისტრმა სპეციალური მედლები და დიპლომები რუსთაველის თეატრის სცენაზე გადასცა ოქროს ბიჭებს: ილია დათუნაშვილს, გიორგი სიჭინავას და ვლადიმერ ბარქაიას, ასევე ნომალ მაისურაძეს, ელგუჯა ხუციშვილს და ნოდარ ლეჟავას, რომლებმაც არასაკმარისი მატჩების გამო 1964 წელს სსრ კავშირის ჩემპიონის ტიტული არ ერგოთ.
საიუბილეო საღამოს დაწყებამდე რუსთაველის თეატრში ოქროს ბიჭებისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ კი ქომაგებს ორი წიგნი წარუდგინდა: ჩვენი დინამო – ოქროს ბიჭები 50 (შემდგენელი ლაშა გოდუაძე) და ანდრო ჟორდანიას მოგონებათა კრებული ფიქრები ქართულ ფეხბურთზე. ორივე გამოცემა საიუბილეო საღამოს სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2014 წლის 20 ნოემბერი)
ფოტო: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო