დინამო: დებიუტი თასების თასზე

1976 წლის 3 სექტემბრის საღამოს თბილისის ქუჩებში ავტომობილების საყვირის ხმა გამბულად ისმოდა – საბჭოთა კავშირის თასის ფინალში დინამომ ერევნის არარატი 3:0 დაამარცხა!
ქართველმა ფეხბურთელებმა პირველად აღმართეს საკავშირო თასი!
ეს უდიდესი და ნანატრი გამარჯვება იყო, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი ისაა, რომ სომეხ ფეხბურთელებთან პრინციპული მატჩის მოგებით დინამო ევროპის საკლუბო ტურნირებს დაუბრუნდა, ორწლიანი შესვენების შემდეგ.

ნოდარ ახალკაცის გუნდმა თასების მფლობელთა თასზე გამოსვლის უფლება მიიღო, ეს კი რანგით მეორე ევროშეჯიბრი იყო: ჩემპიონთა და უეფას თასებს შორის იდგა.

საბჭოთა კავშირის თასის მფლობელის მეტოქე საკვალიფიკაციო წრეში გამოვლინდა: უელსის კარდიფ სიტიმ შვეიცარიის სერვეტთან ორი მატჩის ჯამში 2:2 ითამაშა, თუმცა 1/16ფინალის საგზურს სტუმრად, ჟენევაში გატანილი გოლით დაეუფლა.

საინტერესოა, რომ უელსელებთან ხელმოცარულ სერვეტში ტოტენჰემ ჰოთსფურის ექს-ფორვარდი მარტინ ჩივერსიც თამაშობდა, სწორედ ის, რომელმაც 1973 წლის 12 დეკემბერს, ლონდონში, უეფას თასის მერვედფინალში, უაით ჰართ ლენზე ორი გოლი გაუტანა დინამოს. გემახსოვრებათ, ის მატჩი ინგლისელებმა 5:1 მოიგეს…

1976 წლის 15 სექტემბერს ახალკაცის გუნდი უელსის დედაქალაქ კარდიფს ესტუმრა და ნინიან პარკზე 0:1 დამარცხდა – ედრიან ოლსტონმა ერთადერთი გოლი 73ე წუთზე გაიტანა.

დინამოს ორი კარგი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა დავით  ყიფიანის დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა, მეკარე ბილ ირვინთან პირისპირ გასულ ვლადიმერ გუცაევს კი მეტოქემ აჯობა…

29 სექტემბერს დანიშნული საპასუხო მატჩით დინამო მშობლიურ სტადიონს დაუბრუნდა – რვაწლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ დიდუბეში მდგარმა ნაგებობამ სრულიად იცვალა სახე და ფეხბურთის მოყვარულებს 75ათასიანი ტრიბუნებით შეეგება.

თამაშინ წინ კარდიფელთა მთავარი მწვრთნელი ჯიმი ენდრიუსი ამბობდა, ჩემები ჯანმრთელად არიან, აი ტაქტიკას რაც შეეხება, ფრე კი გვაწყობს, მაგრამ მაინც შევუტევთო.

მისი არჩევანი მცდარი გამოდგა: ახალკაცის გუნდმა პირწმინდად დაჩაგრა მეტოქე:

23ე წუთზე ვლადიმერ გუცაევი მარცხნიდან შეიჭრა საჯარიმოში და რამდენიმე წამში დინამოს სტადიონის ახალ ტაბლოზე პირველად სწორედ მისი გვარი აინთო – 1:0!

73ე წუთზე დავით ყიფიანმა დაახლოებით იმავე სტილში გაიტანა, როგორც არარატთან თასის ფინალში – რევაზ ჩელებაძის ჩაწოდების შემდეგ თავურით შეაგდო ბურთი – 2:0!

მე80 წუთზე კი გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს სომხებთან მოგებული თასის ფინალი: ისევე როგორც მოსკოვში, კარდიფ სიტისთან მატჩშიც პენალტის ნიშნულს კვლავ ტანმაღალი მცველი ფირუზ კანთელაძე მიუახლოვდა და – 3:0!

„დინამოს განახლებული სტადიონი 1976 წლის ზაფხულში გაიხსნა, პირველ საშინაო მატჩში კი კარდიფ სიტის ვუმასპინძლეთ. ეს იყო თასების თასის პირველი ეტაპის საპასუხო თამაში…
დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ შეხვედრაში პირველ გოლს მე გავიტანდი და როცა გასახდელში თბილისის კონსერვატორიის რექტორი მოვიდა და სპეციალური პრიზი მოიტანა პირველი გოლის ავტორისთვის, ყველას გასაგონად ვთქვი: ჩემთან დადგით, პირველ ბურთს მე შევაგდებ-მეთქი!
წინათგრძნობა 23ე წუთზე ამიხდა – ანგარიში გავხსენი, ის თამაში კი 3:0 მოვიგეთ“, – იტყვის წლების შემდეგ ვლადიმერ გუცაევი.

შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ დინამოს მომდევნო მეტოქე გამოვლინდა – უნგრეთის მტკ. ქომაგებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს, აქაოდა ეს დინამო ბუდაპეშტურ კლუბსაც იოლად გაივლისო.

მაგრამ მტკმ პროგნოზები თავდაყირა დააყენა – თბილისში 4:1 გაიმარჯვა, შინ 1:0 და საბჭოთა კავშირის თასის მფლობელიც თასთა თასის გათამაშებას დაემშვიდობა.

„უნგრელებთან თამაში ძალიან ცუდად მახსენდება… ყველა ფეხბურთელს აქვს კარიერაში რამდენიმე მატჩი, რომელსაც სიამოვნებით დაივიწყებდა და ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი თამაში სწორედ მტკსთან 1:4 წაგებაა.
ეს იყო შეხვედრა, როცა ჩვენ არაფერი გამოგვივიდა, მოწინააღმდეგეს კი პირიქით, ყველაფერი! არადა, მტკ ნამდვილად არ იყო ის გუნდი, რომ ჩვენთვის თბილისში 4:1 მოეგო“… – მანუჩარ მაჩაიძის ერთი ძველი ინტერვიუდან.

თასების თასის გათამაშებას დინამო ოთხი წლის შემდეგ, 1980 წლის სექტემბერში დაუბრუნდა საკავშირო თასის ფინალში დონეცკის შახტიორთან… მარცხის შემდეგ.

როგორ და რატომ მოხდა ასე, ეს სულ სხვა და არანაკლებ საინტერესო ისტორიაა, მთავარი კი ისაა, რომ თასების თასზე დინამოს მეორე შეტევა ტრიუმფით დასრულდა.

1981 წლის 13 მაისის დაუვიწყარ ფინალზე სხვა დროს.

15 სექტემბერი, 1976. თასების მფლობელთა თასი1/16 ფინალი. უელსი, კარდიფი, ნინიან პარკი. 11 181
კარდიფ სიტი (კარდიფი, უელსი) 1:0 დინამო
გოლი: 1:0 ედრიან ოლსტონი (73)
კარდიფ სიტი: ბილ ირვინი, ფრედი პეტარდი, კლაივ ჩარლზი, ალან კემპბელი (დერეკ შოუერსი 60), რიჩი მორგანი, ალბერტ ლამური, ჯონ ბუჰენენი, დაგ ლივერმორი (კაპ), ტონი ევანსი, უილიამ ანდერსონი, ედრიან ოლსტონი (პიტერ სეიერი 75)
მწვრთნელი: ჯიმი ენდრიუსი
დინამო: დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, ზორბეგ ებრალიძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, მანუჩარ მაჩაიძე (კაპ), რევაზ ჩელებაძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, ვახტანგ კოპალეიშვილი
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
მსაჯები: ოლე ამუნდსენი; პეტერ ნილსენი, ერიკ სტენ იენსენი (დანია)

29 სექტემბერი, 1976. თასების მფლობელთა თასი1/16 ფინალი. თბილისი, ვ.ი.ლენინის სახელობის დინამოს სტადიონი. 80 000
დინამო 3:0 კარდიფ სიტი (კარდიფი, უელსი)
გოლები: 1:0 ვლადიმერ გუცაევი (23), 2:0 დავით ყიფიანი (73), 3:0 ფირუზ კანთელაძე (80, პენ)
დინამო: დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ზორბეგ ებრალიძე, გოჩა მაჩაიძე, მანუჩარ მაჩაიძე (კაპ), რევაზ ჩელებაძე, ვლადიმერ გუცაევი (ზურაბ წერეთელი 44), დავით ყიფიანი, ვახტანგ კოპალეიშვილი
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
კარდიფ სიტი: ბილ ირვინი, ფრედი პეტარდი, კლაივ ჩარლზი, ბრაიან ეტლი, ჯონი დუაიტერი, ალბერტ ლამური, ჯონ ბუჰენენი, დაგ ლივერმორი (კაპ), ტონი ევანსი, ედრიან ოლსტონი (პიტერ სეიერი 71), დერეკ შოუერსი (უილიამ ანდერსონი 71)
მწვრთნელი: ჯიმი ენდრიუსი
გაფრთხილება: ჯონ ბუჰენენი
მსაჯები: ვ.შპიგელი; ვ.კლოკერი, ი.ვიმერი (ავსტრია)

20 ოქტომბერი, 1976. თასების მფლობელთა თასი1/8 ფინალი. თბილისი, ვ.ი.ლენინის სახელობის დინამოს სტადიონი. 80 000
დინამო 1:4 მტკ (ბუდაპეშტი, უნგრეთი)
გოლები: 0:1 იანუშ შიკლოში (31), 0:2 ლასლო ტაკაჩი (51), 0:3 ლასლო ტაკაჩი (76), 0:4 ტიბორ კიში (86), 1:4 მანუჩარ მაჩაიძე (89)
დინამო: დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, ვახტანგ ჭელიძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ზორბეგ ებრალიძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, მანუჩარ მაჩაიძე (კაპ), ვახტანგ ქორიძე, რევაზ ჩელებაძე (ტარიელ დვალიშვილი 46), ვიტალი დარასელია, ზურაბ წერეთელი
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
მტკ: იოჟეფ გაშპარი, ანდრაშ სიგეტი, ჩაბა ჩეტენეი, იშტვან ნიერე, ბელა კოვაჩი, ლასლო ჩორნა, ლასლო ტაკაჩი, იანუშ შიკლოში, ტიბორ კიში, იანუშ ბორშო, ენო კუნსტი
მწვრთნელი: მიხაი კეშტელეი
მსაჯები: კ.გიკა; კ.ბარბუშესკუ, ა.ტუდორი (რუმინეთი)

3 ნოემბერი, 1976. თასების მფლობელთა თასი1/8 ფინალი. უნგრეთი, ბუდაპეშტი, ნეპშტადიონი. 10 000
მტკ (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 1:0 დინამო
გოლი: 1:0 ლაიოშ კორიტარი (89)
მტკ: იოჟეფ გაშპარი, ტიბორ პალიჩკო, ჩაბა ჩეტენეი, იშტვან ნიერე, ბელა კოვაჩი, ლასლო ჩორნა, ლასლო ტაკაჩი (ლაიოშ კორიტარი 75), იანუშ შიკლოში, ტიბორ კიში, იანუშ ბორშო (ლასლო ბურგი 79), ენო კუნსტი
მწვრთნელი: მიხაი კეშტელეი
დინამო: დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, დავით მუჯირი, ალექსანდრე ჩივაძე, მანუჩარ მაჩაიძე (კაპ), ვახტანგ კოპალეიშვილი, ვლადიმერ გუცაევი, ვიტალი დარასელია, ზურაბ წერეთელი
მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი
გაფრთხილება: ფირუზ კანთელაძე, ლასლო ჩორნა
მსაჯები: ნ.ზლატონოსი; ი.ლაციოსი, ნ.ლაგოიანისი (საბერძნეთი)

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 15 სექტემბერი)
ფოტო: Georgian Football Archive

ka_GEGeorgian