დინამო მერვედ!

ჩვენი საფეხბურთო სეზონი სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასით დაიწყო: თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩემპიონმა დინამომ დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი გაგრა პენალტების სერიაში 5:4 დაამარცხა. ძირითადი და დამატებითი დრო 2:2 დასრულდა.
მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ფრანგი სპეციალისტი ვილი სანიოლიც დაესწრო, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებთან ერთად ესტუმრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს. კოვიდ 19ის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, სუპერთასი გულშემატკივრების გარეშე გათამაშდა.

მე13 წუთზე გაგრა გიორგი ქობულაძის ზუსტი დარტყმით დაწინაურდა – 1:0. ზოგადად, პირველი 45 წუთი გაგრამ უკეთ ითამაშა და რომ არა რამდენიმე გაფუჭებული ხელსაყრელი მომენტი, გუნდი I ტაიმს უფრო დიდი უპირატესობითაც მოიგებდა.

47ე წუთზე დინამოელებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, სერბმა ახალწვეულმა ზორან მარუშიჩმა ჯერ საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო მეტოქის საჯარიმოში, შემდეგ კი თანაგუნდელის პასი გოლად აქცია: უძლიერესად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1. გაგრელთა მეკარე დავით კერესელიძეს ბურთის მოგერიების შანსი არ ჰქონდა.

67ე წუთზე გიორგი გაბედავამ დააწინაურა დინამო: მცველები შეცდნენ და საჯარიმოში შეჭრილმა არცთუ ძლიერად, მაგრამ ზუსტად დაარტყა – 2:1.

78ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა: ლუკა ნოზაძემ როინ კვასხვაძეს მეორედ გამოატანინა ბურთი კარიდან – 2:2.

დამატებით დროში ანგარიში არ შეცვლილა, პენალტების სერიაში კი როინ კვასხვაძემ ჯერ თემურ მარკოზაშვილს აჯობა, შემდეგ კი ბურთთან თავად მივიდა და დინამო დააწინაურა – 4:3. თამაზ მაქაცარიამ ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ გიორგი გაბედავამ შანსი ხელიდან არ გაუშვა და დინამოს სუპერთასი არგუნა – 5:4!

გამარჯვებულები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დააჯილდოვა. გიორგი პაპავამ კარიერაში მეორედ მოიგო სუპერთასი, თუმცა კაპიტნის რანგში – პირველად.

სლავა მეტრეველის სუპერთასი მეოცედ გათამაშდა და ეს იყო ყველაზე შედეგიანი ფინალი XI გათამაშების შემდეგ – 4 გოლი ბოლოს 2012 წლის 29 მაისს გავიდა, როცა ზესტაფონმა გაგრას 3:1 აჯობა.

გაგრას კვლავ არ გაუმართლა – მეორე ფინალში დამარცხდა, თბილისის დინამომ კი 2015 წლის შემდეგ პირველად, ხოლო ისტორიაში მერვედ მოიგო სუპერთასი. ეს, ცხადია, რეკორდია.

„რთული თამაში გამოდგა, მაგრამ საბედნიეროდ გავიმარჯვეთ. სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოვიგე და მსურს ბიჭებს მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ.

საქართველოს ჩემპიონის ტიტულის დაცვას დინამოელები 27 თებერვალს თბილისში, წყალტუბოს სამგურალთან მატჩით დაიწყებენ, თამაში 18 საათზეა დანიშნული. გაგრა კი ეროვნულ ლიგა 2ში პირველი თამაში 2 მარტს, მარტვილის მერანთან ელის.

XX სუპერთასის 5 საინტერესო ფაქტი
*
-გუშინდელი გამარჯვებით როინ კვასხვაძემ და გიორგი გაბედავამ გიორგი დათუნაიშვილის რეკორდი გაიმეორეს – მე3 კლუბის მაისურით აღმართეს ეს ჯილდო!
დინამომდე კვასხვაძე ზესტაფონში (2012) და ქუთაისის ტორპედოში (2018, 2019) თამაშისას გახდა სუპერთასის ჩემპიონი, გაბედავა კი 2013 წელს ჩიხურას, 2020 წელს კი საბურთალოს შემადგენლობაში. საინტერესოა, რომ 2013 და 2020 წლებში გაბედავას გუნდებმა სწორედ თბილისის დინამო დაამარცხეს.
გიორგი დათუნაიშვილმა ეს თასი 2009 წელს ვიტ ჯორჯიაში თამაშის დროს, 2013 წელს საჩხერის ჩიხურაში ასპარეზობისას, 2017 წელს კი სამტრედიასთან ერთად მოიპოვა.

*-სუპერთასის ისტორიაში პენალტების სერია მხოლოდ მეორედ დაინიშნა. კვასხვაძე იმ პირველ „საფეხბურთო ლატარეაშიც“ მონაწილეობდა და ერთი დარტყმა მაშინაც მოიგერია. 2013 წლის 22 თებერვალს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ძირითადის და დამატებითის 0:0ის შემდეგ ზესტაფონმა დილას 4:2 სძლია. კვასხვაძემ იმ სერიაში გორელთა ბრაზილიელ ლეგიონერ ლეონარდოს არ გაატანინა.

*-კვასხვაძემ მე4 სუპერთასი მოიგო და გრიგოლ დოლიძის შედეგი გაიმეორა. მათზე წინ მხოლოდ გივი დიდავაა 5 ტრიუმფით.

*-სერბი ზორან მარუშიჩი მე4 ლეგიონერია, ვინც საქართველოს სუპერთასის მატჩში გოლი გაიტანა.
პირველი უცხოელი გაგრას ნიგერიელი ლეგიონერი ჯონ ჯერემია გახლდათ, რომელმაც XI გათამაშებაში, 2012 წლის 29 მაისს დალაშქრა ზესტაფონის კარი. იმავე ფინალში ზესტაფონელთა ასევე ნიგერიელმა ლეგიონერმა აბაიომი ოვონიკოკომ თავის გუნდის მე3 გოლი გაიტანა – 3:1.
XIV გათამაშებაში (2014) თბილისის დინამომ ესპანელი ჩისკო მუნიოსის მიერ მატჩის უკანასკნელ წუთზე გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა საჩხერის ჩიხურა.

*-გიორგი ნემსაძემ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიპოვა.

სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასიXX გათამაშება
21 თებერვალი, 2020. თბილისი, მიხეილ მესხი. უმაყურებლოდ
დინამო (თბილისი) 2:2 (პენ 5:4) გაგრა
გოლები: 0:1 გიორგი ქობულაძე (13), 1:1 ზორან მარუშიჩი (47), 2:1 გიორგი გაბედავა (67), 2:2 ლუკა ნოზაძე (78)
პენალტების სერია: 0:1 ვასილ ხოსიტაშვილი, 1:1 ფაბიან სპორსკლედე, 1:2 რატი კაკიაშვილი, 2:2 გიორგი კუცია, 2:3 გია ჩადუნელი, 3:3 ვიქტორ მონხილი, 3:3 თემურ მარკოზაშვილი (მეკარე), 4:3 როინ კვასხვაძე, 4:4 თამაზ მაქაცარია, 5:4 გიორგი გაბედავა
დინამო: როინ კვასხვაძე, ვიქტორ მონხილი (ესპანეთი), ფაბიან სპორსკლედე (ნიდერლანდები), დავით კობოური (თორნიკე ახვლედიანი 79), საიმონ ბენიო (ტოგო), გიორგი პაპავა (კაპ), მილან რადინი (სერბეთი), ბაქარ ქარდავა (გიორგი კუცია 59), ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი გაბედავა, ზორან მარუშიჩი (სერბეთი) (ნოდარ იაშვილი 79)
მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
გაგრა: დავით კერესელიძე, გია ჩადუნელი, ლუკა ნოზაძე, ვასილ ხოსიტაშვილი, ლუკა კიკაბიძე (რატი კაკიაშვილი 59), ერეკლე სულთანიშვილი (თორნიკე მუმლაძე 59), ვაკო ხაბელაშვილი (დავით იონანიძე 65), გიორგი ქობულაძე, გიორგი ვეკუა (დავით საჯაია 71), გურამ სამუშია (თემურ მარკოზაშვილი 71), თამაზ მაქაცარია
მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
გაფრთხილება: გია ჩადუნელი, გიორგი კუცია
მსაჯები: ირაკლი ხერხაძე; დავით ახვლედიანი, ირაკლი კაკაბაძე

 

ლაშა გოდუაძე (2021 წლის 22 თებერვალი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian