დინამო, შენ ისევ ცოცხალი ხარ?

გუშინ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონიდან შინ რომ მივდიოდი, საყვარელ კლუბზე ვფიქრობდი და ჩემი ბავშვობის ერთი გემრიელი წიგნი, „პელე, გარინჩა, ფეხბურთი“ და მისი ერთ-ერთი თავი გამახსენდა – „სან კრისტობაო, შენ ისევ ცოცხალი ხარ“?
ვინც იმ წიგნს იცნობთ (მგონი, ჩემი ასაკის ან უფროსი თაობის გულშემატკივრებს ყველას წაკითხული გაქვთ), ეს სევდიანი ამბავიც გემახსოვრებათ, ერთ დროს წარმატებულ, მაგრამ ჟამთა სიავის გამო დაბეჩავებულ კლუბზე რომ მოგვითხრობს. ჰოდა, შინ მიმავალმა ვიფიქრე, რომ ჩემი დინამო წლების წინ წიგნის ფურცლებიდან გაცნობილი სან კრისტობაოა.

ქართული ფეხბურთის დიად ხუთწლეულში დინამომ ევროთასი მოიგო, კიდევ სამი ტიტული მოიპოვა, დაამარცხა რამდენიმე გრანდი, ითამაშა საუკეთესო სტადიონებზე და გულშემატკივრებს უტკბესი მოგონებები დაგვიტოვა. იმ ფეხბურთთან ერთად, რამაც ის დინამო შეგვაყვარა, ბუნებრივია, რომ ჩვენი ამბიციაც გაიზარდა. უეფას წევრი ბევრი ქვეყნის გუნდებს ტოლ-სწორად აღარ მივიჩნევდით, საბჭოთა წლებს აღარ გავიხსენებ და ქართული ფეხბურთის გარიჟრაჟზე, ტიროლთან ან ბოავიშტასთან მარცხი ტრაგედიად მიგვაჩნდა, ვთვლიდით, რომ თუნდაც ბილბაოს ატლეტიკთან მეტოქეობის მიუხედავად, დინამოს ჩემპიონთა ლიგაში უნდა ეთამაშა.

არათუ თასების თასი და ის დიდი გუნდი, დღეს 90-იანი წლების დინამოც სანატრელია, რადგან აწმყო ძალიან მწარე და დამთრგუნველია. საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა ზედიზედ მეშვიდე ევროსეზონი დაასრულა პირველივე მეტოქესთან!

ფარერის კუნძულების კლაკსვიკი…
ესტონეთის პაიდე ლინამეესკონდი…
მალტის ჰამრუნ სპარტანსი…

მსგავსი კლუბების შესახებ მაშინ შევიტყობდი ხოლმე, როცა დინამო 90-იან წლებში სეზონისწინა შეკრებებზე გაემგზავრებოდა და მათ ეგრეთ წოდებული არასაფეხბურთო ანგარიშებით მოუგებდა.

გუშინ ამ ჩამონათვალს მონტენეგროს მორნარიც დაემატა, პატარა ქალაქ ბარის 101 წლის კლუბი, რომელიც 2500-იან სტადიონზე თამაშობს და რომელმაც ევროთასებზე პირველად… ერთი კვირის წინ, 11 ივლისს ითამაშა.

2:1 მონტენეგროში და 1:1 ვაკეში, მიხეილ მესხზე. ორი მატჩის ჯამში მორნარმა 3:2 გაიმარჯვა.

უნდა გენახათ რა ამბავი ატეხეს მონტენეგროელებმა თამაშის შემდეგ, მთელი გუნდი ცენტრში ხარობდა და ბოლოს ერთობლივი ფოტოც გადაიღეს ცარიელი ტრიბუნის ფონზე. ალალი იყოს მათზე, აი დინამოზე რა ვთქვა, ეგ უკვე აღარ ვიცი.

ერთ კვირაში დამთავრებული ევროსეზონი, მეხუთე ადგილი ეროვნულ ლიგაში (ორი წრის შემდეგ) და ჩვიდმეტქულიანი ჩამორჩენა ლიდერთან. რეალობა ასეთია.

ჰოდა, ლოგიკურია რომ ვიკითხო: დინამო, შენ ისევ ცოცხალი ხარ?

ლაშა გოდუაძე
2024 წლის 19 ივლისი
ფოტო:
Getty Images

ka_GEGeorgian