დინამო (ზაგრები) 2:0 დინამო

ევროთასებს შემორჩენილი ერთადერთი ქართული კლუბი დინამო თბილისი გუშინ ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ზაგრების დინამოსთან 0:2 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და თბილისელ ფეხბურთელებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ, საპასუხო თამაშის წინ მასპინძლებმა კარგი უპირატესობა მოიპოვეს. 

ხორვატებმა გოლები 3 წუთის ინტერვალით გაიტანეს: 38-ე წუთზე ანტე ჩორიჩმა მშვენიერი პასით მეკარეს შეატოვა ელ არაბი ჰილალ სუდანი და ალჟირელმაც ანგარიში გახსნა, 42-ე წუთზე კი ჟუნიორ ფერნანდესი მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა საჯარიმოში და ცარიელი კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილ ჩორიჩს დაუგორა ბურთი, რომელმაც მეორედ დალაშქრა საქართველოს ჩემპიონის და თასის მფლობელის კარი – 2:0.

იურაი იარაბეკის გაწვრთნილმა დინამო თბილისმა ანგარიშის შემცირების ყველაზე რეალური შანსი 55-ე წუთზე ვერ გამოიყენა. ლადო დვალიშვილის წაქცევისთვის დანიშნული საჯარიმო დარტყმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა სწრაფად გაუთამაშა შეცვლაზე შესულ ნიკოლოზ გელაშვილს, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასულმა თავდამსხმელმა ბურთი კარს ააცილა.

„სანამ პირველ გოლს გავუშვებდით, კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა იმ ბურთმა ძალიან აგვრია. გულდასაწყვეტი თამაში წავაგეთ, მაგრამ არ ვთვლი, რომ მეტოქემ ფლეი-ოფი გაინაღდა – საპასუხო მატჩში ყველაფერს ვიღონებთ, რათა ორი თამაშის ჯამში ჩვენ გავიმარჯვოთ“, – განაცხადა დინამოელთა სლოვაკმა თავკაცმა.

საპასუხო შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 2 აგვისტოს, 21 საათზე დაიწყება.

26 ივლისი, 2016. ჩემპიონთა ლიგა – III საკვალიფიკაციო ეტაპი. ხორვატია, ზაგრები, მაქსიმირი. 10 000
დინამო (ზაგრები, ხორვატია) 2:0 დინამო (თბილისი)
გოლები: 1:0 ელ არაბი ჰილალ სუდანი (38), 2:0 ანტე ჩორიჩი (42)
დინამო (ზაგრები): ედუარდო, ელ არაბი ჰილალ სუდანი, დომაგოი ანტოლიჩი (კაპ), პაულო მაჩადო (ჟუნიორ ფერნანდესი 9), არმინ ჰოჯიჩი (ჟონასი 62), იოსიპ პივარიჩი, ლეონარდო სიგალი, ანტე ჩორიჩი (ანხელო ენრიკესი 74), ფილიპ ბენკოვიჩი, მარკო როგი, პეტარ სტოიანოვიჩი
მწვრთნელი: ზლატკო კრანჩარი
დინამო: ანტონი სკრიბე, უჩა ლობჟანიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი (კაპ), რენე სანტოსი, ზაზა ჭელიძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ლაშა პარუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური, ლადო დვალიშვილი (მათე ცინცაძე 78), გიორგი პაპუნაშვილი (მათიას კურიე 56), ოთარ კიტეიშვილი (ნიკოლოზ გელაშვილი 46)
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი (სლოვაკეთი)
გაფრთხილება: ლეონარდო სიგალი
მსაჯები: ბობი მედენი; დევიდ მაკგი, შონ კარი (შოტლანდია)

ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2016 წლის 26 ივლისი)
ფოტო: დინამო თბილისი

ka_GEGeorgian