დინამოელი: გიორგი ჩირგაძე
ბევრ ქართველ ფეხბურთელს იცნობთ, რომელმაც ჯერ უცხოეთში ითამაშა და მხოლოდ ამის შემდეგ მოირგო დინამოს თეთრ-ლურჯი მაისური?
მგონი არა.
ჩვენი დინამოს 24 წლის თავდამსხმელი გიორგი ჩირგაძე სწორედ ასეთთა შორისაა – 2009-11 წლებში ის ნიუ იორკის რედ ბულზში ირიცხებოდა.
გიორგი დინამოში ამ სეზონის დასაწყისში მოხვდა, ახალ წლამდე კი პირველი ტიტულიც მოიპოვა – საქართველოს სუპერთასი აღმართა.
…6 წლის ვიყავი, დინამოს აკადემიაში ვარჯიში რომ დავიწყე, პაატა მეტრეველი გახლდათ ჩემი მწვრთნელი. მახსოვს, პირველივე შეხვედრაში 2 გოლი გავიტანე და ძალიან გამიხარდა! ეს იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას, პირველი საფეხბურთო ემოცია.
…13 წლამდე თბილისში ვცხოვრობდით, მერე კი მშობლებთან ერთად ამერიკაში გადავედი. ნიუ იორკის რედ ბულზშიც ასე მოვხვდი. 15 წლის ვიყავი, ძირითად გუნდში გასინჯვაზე რომ მიმიწვიეს, 2009 წელს კი პროფესიული კონტრაქტიც გამიფორმეს – ჩემთვის ეს ყველაფერი დაუვიწყარია!
…გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ იქ ფეხი ვერ მოვიკიდე – ამხანაგური შეხვედრებით მამზადებდნენ ძირითადისთვის, მაგრამ დებიუტამდე მცირე ხნით ადრე ტრავმა მივიღე, მერე თეძოზე გავიკეთე ოპერაცია და…
…საქართველოში დაბრუნებული დინამოში თამაშზე ვოცნებობდი, მაგრამ საყვარელ კლუბში მხოლოდ რუსთავის გავლით მოვხვდი.
…რედ ბულზის პირველ გუნდში ხშირად ვვარჯიშობდი ტიერი ანრისთან და რაფაელ მარკესთან ერთად. ანრი რომ დიდებული ფეხბურთელია, ეს ყველამ იცის, მაგრამ მე ის ახლოს გავიცანი და შემიძლია ვთქვა, რომ კარგი ადამიანიცაა იუმორის შესანიშნავი გრძნობით. ერთხელ ვილაპარაკეთ და მისი ნათქვამი დამამახსოვრდა: ბევრი უნდა ივარჯიშო, არჩეულ გზას არ უღალატო და ყველაფერი დაგიფასდებაო. დღეს მეც იგივეს ვეტყოდი დამწყებ ფეხბურთელებს – თუ მოინდომებენ, აუცილებლად ითამაშებენ დიდ ფეხბურთს!
…მიზანი? პირველ რიგში წარმატებული თამაში დინამოში. მარტო საქართველოში მოსაგებ ტიტულებს არ ვგულისხმობ, მეც და ბიჭებსაც გვინდა, რომ ევროთასებზეც კარგად გამოვიდეთ, ძალიან გამიხარდება ჩემპიონთა ლიგის ან ევროპალიგის ჯგუფში თუ მოვხვდებით. ამის მერე რომელიმე კარგ უცხოურ კლუბში გადასვლა.
…ბარსელონა მიყვარს ძალიან! ეს კლუბი მაშინ შემიყვარდა, როცა იქ რონალდინიო ბრწყინავდა. მის მხარდამხარ თამაშზე ვოცნებობდი!
…როგორი ადამიანია გიორგი ჩირგაძე? თავმდაბალი, თვლის, რომ ბედნიერება სიყვარულია, აფასებს გულშემატკივრებს, უყვარს კალათბურთის და ჩოგბურთის თამაში და ყოველთვის უზომოდ ახარებს ახალი წელი, რადგან ეს დღესასწაული მისთვის საყოველთაო ბედნიერებასთან ასოცირდება!
გიორგი ჩირგაძე
დაიბადა 1990 წლის 23 ნოემბერს
კლუბები: რედ ბულზი (ნიუ იორკი, აშშ; 2009-11), მეტალურგი (რუსთავი; 2013-14), დინამო (თბილისი; 2014 წლიდან)
ტიტულები: საქართველოს სუპერთასი – 2014
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი დინამო; #3, ზამთარი; 2015)
ფოტო: დინამო თბილისი