დინამოელი: გიორგი გველესიანი
„15 წლიდან ვთამაშობ კლუბში და აქ გატარებული თითოეული წუთი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს“, – ეს სიტყვები 23 წლის ცენტრალურმა მცველმა გიორგი გველესიანმა ორიოდ წლის წინ განაცხადა.
დღეს ის დინამოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი და გამოცდილი ფეხბურთელია: საქართველოს 2გზის ჩემპიონი და თასის მფლობელი, სუპერთასის გამარჯვებული, ათობით საერთაშორისო შეხვედრის მონაწილე…
წინ ახალი მიზანია: ეროვნულ გუნდში დამკვიდრება.
ამ და სხვა საინტერესო თემებზე გიორგისთან ახალი წლის წინა დღეებში ვისაუბრეთ.
…ჰარმონიული ოჯახი და წარმატებული კარიერა – ბედნიერების ჩემეული ფორმულა ასეთია.
…მეთქმის თუ არა წარმატებული ფეხბურთელი? მგონი კი – საქართველოს საუკეთესო კლუბში თამაში და მოგებული ტიტულები ნამდვილად მაძლევს ამის თქმის საბაბსაც და უფლებასაც.
…დინამოში თავს ბედნიერად ვგრძნობ. გარდა იმისა, რომ 2014 წელს 3 თასი მოვიგეთ, მოედანზე კარგი ბიჭების მხარდამხარ გავდივარ: ზურა ხიზანიშვილი, ლაშა თოთაძე, ნიკა ჭანტურია… მიხარია, რომ ჩვენ თანაგუნდელები ვართ!
…13 წლის წინ, როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე, აქ მოხვედრაზე მხოლოდ ვოცნებობდი. 15 წლისამ პირველად შევაღე დიღმის ბაზის კარი და… თითქოს სხვა განზომილებაში მოვხვდი, თავი სიზმარში მეგონა!
…ჯერ მეორე შემადგენლობაში ვიყავი. პირველი დიდი მიზანი მაშინ დავისახე – მთავარ გუნდში მოხვედრა. ვშრომობდი, რეჟიმს ვიცავდი, ყველაფერს ვაკეთებდი ოცნების ასასრულებლად და ნელ-ნელა პირველ გუნდშიც დავწინაურდი.
…ის გზა, რომელიც მაშინ გავიარე, ჩემთვის ცხოვრებისეული გაკვეთილი გამოდგა: თუ მიზანს დაისახავ, არ უნდა გადაუხვიო. შედეგი აუცილებლად მოვა.
…მინდა, რომ ახლო მომავალში ეროვნულ ნაკრებშიც მოვხვდე. და დინამოსთან ერთად მივაღწიო იმ მიზნებს, რაც აქ ყველამ ერთად დავისახეთ. იმედია შევძლებთ.
…შორეულ მომავალს რაც შეეხება, სიამოვნებით ვითამაშებდი ინგლისის პრემიერლიგაში – საუკეთესო ლიგაა, გრანდებზე რომ არაფერი ვთქვა, აუტსაიდერების თამაშიც სანახაობრივია! სხვათა შორის, ფეხბურთის ყურება ჩემპიონთა ლიგაში მანჩესტერ იუნაიტედის პირველი გამარჯვებით დავიწყე – 1999 წლის სასწაული ფინალი ბაიერნთან… გახსოვთ?
…ჩემ შესახებ რა ვთქვა? პოკერი მიყვარს – ჩემი ჰობია! კიდევ, ალკოჰოლური სასმელების კარგი კოლექცია მაქვს და ლუდის კათხებსაც ვაგროვებ. ფავორიტი მსახიობი ტომ ჰენკსია, მწერალი – დოსტოევსკი, წიგნი – ძმები კარამაზოვები.
…და კიდევ: ახალი წლის დღეებში შვილს ველოდები. გულით მინდა, რომ ყველაფერი კარგად იყოს და ახალი წელი ძველს სჯობდეს. თქვენც იგივეს გისურვებთ.
გიორგი გველესიანი
დაიბადა 1991 წლის 5 მაისს
კლუბები: დინამო (თბილისი; 2010 წლიდან)
ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი – 2013, 2014; საქართველოს თასი – 2013, 2014; საქართველოს სუპერთასი – 2014
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი დინამო; #3, ზამთარი; 2015)
ფოტო: დინამო თბილისი