დინამოელი: გიორგი პაპავა
2 მატჩი 17წლამდელთა ნაკრებში, 11 – ორი წლით უფროსებში, 17 ოფიციალური და ამხანაგური თამაში ახალგაზრდულში, 3 – საქართველოს მთავარ გუნდში...
21 წლის ფეხბურთელისთვის შესანიშნავი მაჩვენებლებია.
გიორგი პაპავა დღეს ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მოთამაშედ ითვლება: სტაბილურად ასპარეზობს დინამოში და მის ერთ-ერთ ლიდერადაც ითვლება.
…6 წლის ვიყავი ვარჯიში რომ დავიწყე და იმ დღის შემდეგ ჩემი თავი ბურთის გარეშე ვერ წარმომიდგენია. მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდით და მეც სპარტაკის ბავშვთა გუნდში დავდიოდი. 3 წლის შემდეგ თბილისში დავბრუნდით და მას მერე აქ ვარ. საბედნიეროდ, შევძელი და დინამოში მოვხვდი. ამ კლუბში თამაში ყველა ქართველი ფეხბურთელის ოცნებაა და ძალიან მიხარია, რომ მე ეს მოვახერხე.
…რას ნიშნავს დინამოში მოხვედრა? როგორ გითხრათ, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა, მაგრამ თუ ორი სიტყვით უნდა ვთქვა, ეს ასრულებული ოცნებაა! მართლა ძალიან მეამაყება, რომ იმ კლუბის მაისურით გავდივარ მინდორზე, რომლითაც დიდებული, ლეგენდარული ფეხბურთელები თამაშობდნენ. მაგალითად დავით ყიფიანი, რომელიც ჩემთვის ყველაზე დიდი ქართველი მოთამაშეა!
…უცხოელებიდან? ზინედინ ზიდანი! ის სრულყოფილი იყო! ზიდანისდროინდელ რეალზე აბა რა ვთქვა? ეს იყო ზღაპრული კლუბი! რეალი მას შემდეგ მიყვარს და ვგულშემატკივრობ.
…დინამოში თამაშზე ვოცნებობდი-მეთქი, გითხარით. ეს სიმართლეა, მაგრამ რეალობასაც ვითვალისწინებ და ვხვდები, რომ მაღალ დონეზე სათამაშოდ მთელი კარიერის საქართველოს ჩემპიონატში გატარება არ ივარგებს. მინდა რამდენიმე წლის შემდეგ კარგ ევროპულ პირველობაზე ვიასპარეზო, მაგალითად იტალიაში ან ესპანეთში. საამისოდ დინამოში თამაში ძალიან წამადგება – ჩვენი კლუბი ევროპაში გზის გასაკვალად შესანიშნავი ტრამპლინია.
…იცით როდის ვიტყვი, რომ წარმატებული საფეხბურთო კარიერა მქონდა? თუ წლების შემდეგ სერია აში ან პრიმერადივიზიონში ვითამაშებ და ეროვნულ ნაკრებში მინიმუმ 50 შეხვედრა დამიგროვდება.
…საქართველოს პირველი გუნდი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ იქ უკვე 3ჯერ ვითამაშე. იცით, როცა ფეხბურთთან დაკავშირებულ ამბებს ვიხსენებ, პირველად სწორედ ნაკრები მაგონდება – პირველად თბილისში დავესწარით თამაშს, ახლაც მახსოვს ის ემოცია, რაც სტადიონზე მისვლისას განვიცადე… სამწუხაროდ, ვეღარ ვიხსენებ ვის ვეთამაშებოდით.
…რას ვეტყვი ქომაგებს? მესმის, რომ საერთაშორისო წარმატებებით ვერ ვანებივრებთ, მაგრამ გული არ აიცრუონ, ისევ გვიგულშემატკივრონ, რადგან ჩვენ ერთად უნდა გავიმარჯვოთ. ქომაგის გარეშე მოთამაშე წარმატებული ვერ იქნება.
გიორგი პაპავა
დაიბადა 1993 წლის 16 თებერვალს
კლუბები: დინამო (თბილისი; 2011 წლიდან)
ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი – 2013, 2014; საქართველოს თასი – 2013, 2014; საქართველოს სუპერთასი – 2014
ეროვნულ ნაკრებში: 3 მატჩი
U21 ნაკრებში: 17 მატჩი
U19 ნაკრებში: 11 მატჩი
U17 ნაკრებში: 2 მატჩი
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი დინამო; #3, ზამთარი; 2015)
ფოტო: დინამო თბილისი