დინამოელი: გიორგი პაპუნაშვილი

2012 წელს საქართველოს 17წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება 10წლიანი შესვენების შემდეგ მოიპოვა. ვასილ მაისურაძის გუნდმა თბილისში გამართულ ელიტრაუნდში ესპანელებს, უკრაინელებს და ინგლისელებს აჯობა.
ინგლისთან გადამწყვეტ მატჩში ჩვენმა ბიჭებმა ერთადერთი და გამარჯვების გოლი 90 წუთზე შეაგდესსწრაფი და ლამაზი შეტევა გიორგი პაპუნაშვილმა დააგვირგვინა ძლიერი დარტყმით.
დღეს გიორგი ეროვნული ნაკრების წევრია, ამ სეზონში კი 7 გოლით დინამოს საუკეთესო ბომბარდირიც გახლავთ.

…1981 წლის თასების თასის ფინალს რომ ვუყურებ, ერთი სული მაქვს სათამაშოდ როდის გავალ – ბრძოლის ჟინზე მოვდივარ, მეც მინდა დათო ყიფიანივით, ვიტალი დარასელიასავით, რამაზ შენგელიასავით ვითამაშო და თასიც ავწიო!

…მეამაყება, რომ იმ კლუბში ვთამაშობ, სადაც ეს დიდებული ფეხბურთელები ბრწყინავდნენ. ბავშვობაში სულ მათი სახელები მესმოდა და ვერც წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ მეც დინამოში მოვხვდებოდი.

…სხვათა შორის, მშობლებს არ სურდათ, რომ ფეხბურთზე მევლო. ვერ ვიტყვი მიშლიდნენ-მეთქი, მაგრამ აი, ხელი ჩამჭიდეს და ფეხბურთზე მიმიყვანესო, ასე ნაღდად არ ყოფილა.

…ვარჯიში ჩვენი ოჯახის ახლობლის, ბატონ კოტე დოლიძის ინიციატივით დავიწყე. ის ვაკე 91ს ხელმძღვანელობდა და ჩემებს სთხოვა, ფეხბურთზე ვატარებო. მერე ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდა: ვარჯიშები, ტურნირები, მატჩები, გოლები.

…დინამოში მოხვედრაზე რა ვთქვა? ხომ ყველას გვქონია ცხოვრებაში ბედნიერი წამი? ჩემთვის ზუსტად ასეთი იყო ის წუთები, კლუბთან კონტრაქტი რომ გავაფორმე. მაშინ მივხვდი, რომ ტყუილად არ მიწვალია ამდენი. იგივე გრძნობა დამეუფლა ეროვნული ნაკრების მაისურით რომ გავედი სათამაშოდ.

…დღეს მე, თბილისის დინამოს ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი ძალიან ბედნიერი ვარ! ბევრი ჩემი თანატოლი ოცნებობდა ამაზე, მე კი ეს ოცნება ამიხდა! …როგორ შეიძლება უკმაყოფილო ვიყო? 19 წლის ვარ და საქართველოში უკვე ყველაფერი მოვიგე: ჩემპიონობა, თასი, სუპერთასი… როგორია?!

…ბედნიერებაც ალბათ ესაა: იყო წარმატებული საყვარელ საქმეში. ვიცი, ჯერ კიდევ ბევრი რამ წინ მაქვს, სხვების მსგავსად, მეც ვფიქრობ უცხოეთში წასვლაზე, საუკეთესო ლიგებში მინდა რომ ვითამაშო, ვარსკვლავებთან ერთად გავიდე სახელგანთქმულ სტადიონებზე, მაგრამ ჯერ აქაურობითაც კმაყოფილი ვარ.

…ცხოვრება მხოლოდ ფეხბურთი ხომ არაა? მართლა მაგარი მეგობრები მყავს, მათთან კარგად ვერთობი, კინოში წასვლაც გვიყვარს…

…ცოტა ხნის წინ რემარკის ტრიუმფალური თაღი წავიკითხე. ძალიან მომეწონა!

გიორგი პაპუნაშვილი
დაიბადა 1995 წლის 2 სექტემბერს
კლუბები: დინამო 2 (თბილისი; 2011-13), დინამო (თბილისი; 2014 წლიდან)
ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი – 2014; საქართველოს თასი – 2014; საქართველოს სუპერთასი – 2014; ევროპის 17წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 2012
ეროვნულ ნაკრებში: 2 მატჩი
U21 ნაკრებში: 1 მატჩი
U19 ნაკრებში: 12 მატჩი, 3 გოლი
U17 ნაკრებში: 21 მატჩი, 2 გოლი

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი დინამო; #3, ზამთარი; 2015)
ფოტო:
დინამო თბილისი

ka_GEGeorgian