დინამოელი: მათე ცინცაძე

19 წლის მათე ცინცაძის კარიერა ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდა: ბავშვთა კლუბებს ასაკობრივი ნაკრები მოჰყვა, აღმასვლა უმაღლესი ლიგის გუნდში გადასვლით დაიწყო, შემდეგი საფეხური საოცნებო დინამო და ეროვნულ ნაკრებში მიწვევა იყო.
არაერთი მატჩი 17 და 19წლამდელთა შორის, დებიუტი ახალგაზრდულ ნაკრებში, ზედიზედ მოგებული ჩემპიონობა, თასი და სუპერთასი…
აქ წარმატებული ვარ. დინამოში სწორედ ამიტომ გადმოვედი, ვიცოდი, რომ ბევრს მივაღწევდი! – ამბობს მათე.
ჩვენი კლუბის საყრდენ ნახევარმცველს სუპერთასის მოგების შემდეგ შევხვდით.

…2014 წელი ჩემთვის გამორჩეული იყო: ჯერ თბილისის დინამოში ჩავირიცხე, გაზაფხულზე პირველი ტიტულები მოვიგე, შემდეგ ერთი დიდი ოცნება ამიხდა და ეროვნულ ნაკრებში მოვხვდი, წლის ბოლოს კი სუპერთასიც მოვიპოვე! მოკლედ, კარგი წელი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ 2015 უკეთესი იქნება!

…მიხარია, რომ ჩემი წარმატება გარშემომყოფთ ახარებთ. თუ რამე მსიამოვნებს, ეს ოჯახის წევრების და მეგობრების ბედნიერი სახეებია და კარგია, რომ გარშემო მრავლადაა ასეთი ხალხი – შურიანებს ყოველთვის თავს ვარიდებდი.

…რა თქმა უნდა მეც ვოცნებობ ხოლმე. აი, მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, რომ იუვენტუსში მოხვედრა დიდებული იქნებოდა. იუვე ჩემი საყვარელი კლუბია! ფავორიტი ფეხბურთელი? ანდრეა პირლო, ის შეუდარებელია, მასთან ერთად თამაში ზღაპული იქნებოდა!

…საერთოდ, ჩემთვის პირლო პროფესიონალიზმის განსახიერებაა. ისევე, როგორც იუვეს სიმბოლო ალესანდრო დელ პიერო… ჩვენებიდან კახი კალაძეს, ლევან კობიაშვილს და ზურაბ ხიზანიშვილს გამოვარჩევდი – მათ ყველაფერს შრომით მიაღწიეს, ჩემთვის ისინი სწორედ პროფესიონალიზმის გამო არიან სამაგალითონი!

…6 წლიდან დავიწყე ფეხბურთის თამაში – მაშინ ფოთში ვიყავი და ბაბუამ წამიყვანა ვარჯიშზე. იმ დღიდან მოყოლებული, ყოველთვის ყველაფერს ვაკეთებდი წარმატებისთვის და ბედნიერი ვარ, რომ გაცემული ათმაგად მიბრუნდებოდა: 11 წლისამ პირველი ტიტული მოვიგე – გახსოვთ ჯეტიქსის თასი? მაშინ უკვე თბილისის ლოკომოტივში ვთამაშობდი… რამდენიმე წელიწადში 17-წლამდელთა ნაკრებში მოვხვდი, მერე 19-წლამდელებშიც, ახალგაზრდულ ნაკრებშიც ვითამაშე, სექტემბერში კი თემურ ქეცბაიამ ეროვნული გუნდის შეკრებაზე დამიძახა!

…თბილისის დინამოსთან ერთად საქართველოში ყველა ტიტული მოვიგე, მაგრამ მეტი მინდა. თუნდაც, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში – ეს დიდებული იქნებოდა! იმედი მაქვს, მალე ეს ოცნება დინამოელებს აგვიხდება!

…წლების შემდეგ, როცა ფეხბურთიდან წავალ, მინდა ვთქვა, რომ კარგი კარიერა მქონდა. ეს მაშინ მოხდება, თუ ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ! თუმცა, იქამდე ჯერ დინამოა – ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს დასამტკიცებელი.

 

მათე ცინცაძე
დაიბადა 1995 წლის 7 იანვარს
კლუბები: ლოკომოტივი (თბილისი; 2011-13), ტორპედო (ქუთაისი; 2013-14), დინამო (თბილისი; 2014 წლიდან)
ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი – 2014; საქართველოს თასი – 2014; საქართველოს სუპერთასი – 2014; ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 2012
U21 ნაკრებში: 1 მატჩი
U19 ნაკრებში: 10 მატჩი, 3 გოლი
U17 ნაკრებში: 20 მატჩი, 1 გოლი

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი დინამო; #3, ზამთარი; 2015)
ფოტო:
დინამო თბილისი

ka_GEGeorgian