დინამოელი: საბა ლობჟანიძე
პირველად იყო ნორჩი დინამო: ვარჯიშები, შეკრებები, ტურნირები, მატჩები…
რამდენიმე წელიწადში პატარა დინამოელი 19წლამდელთა ნაკრებში დააწინაურეს, ცოტა ხანში კი ალექსანდრე ჩივაძემ ახალგაზრდულში უხმო.
დღეს საბა ლობჟანიძე საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბის პირველი გუნდის წევრია, უკვე სუპერთასსაც ფლობს და ფიქრობს რომ…
თუმცა რას ფიქრობს საბა, ამას თავად გვეტყვის. დინამოს ნახევარმცველს 19 დეკემბერს შევხვდით.
…ახალი წელი ძალიან მიყვარს, დღემდე ბავშვივით მიხარია 31 დეკემბრის მოსვლა! ალბათ იმიტომ, რომ ახალი წლისგან ყოველთვის საუკეთესოს ველი. ახლაც ასეა: მჯერა, რომ 2015 წელი უკეთესი იქნება, ჩემთვის ძვირფასი ხალხი ჯანმრთელად და კარგად მეყოლება, დინამოსთან ერთად ჩემპიონი გავხდები და რაც მთავარია – ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირში ვითამაშებ. ლიგაზე გასვლას განსაკუთრებით ვისურვებდი!
…რა არის ბედნიერება? მიზანს რომ მიაღწევ და რაღაც სასწაული გრძნობა რომ დაგეუფლება, ესაა ბედნიერება. 20 წლის ვარ, თბილისის დინამოში ვთამაშობ, საყვარელ კლუბთან ერთად პირველი ტიტულიც მოვიგე და… ცხადია, აქ თამაშზე მეც ვოცნებობდი და ძალიან მიხარია ფავორიტი გუნდის მაისური რომ მაცვია, თავიც ბედნიერ ადამიანად მიმაჩნია, მაგრამ ნელ-ნელა მეტზე ვფიქრობ – მინდა დინამოსთან ერთად ევროთასებზე კარგად ვითამაშო, რამდენიმე წელიწადში რომელიმე ძლიერ ჩემპიონატში ვიასპარეზო…
…რომ მკითხონ, რა შემთხვევაში ჩავთვლი თავს შემდგარ ფეხბურთელად, ასე ვუპასუხებდი: თუ იუვენტუსში ვითამაშებ! იუვე ბავშვობიდან მიყვარს, ალესანდრო დელ პიერო დღემდე უსაყვარლესი მოთამაშეა და დასამალი რაა, მის მხარდამხარ მოედანზე გასვლაზეც მიოცნებია.
…ქართველებიდან გიორგი ქინქლაძეს გამოვარჩევდი. კიდევ, ლეო მესის – ჩემი აზრით, ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა! მასთან ერთად ბურთის გაგორება ზღაპრული იქნებოდა!
…მიმაჩნია, რომ ფეხბურთში გუნდურობა ძალიან მნიშვნელოვანია – თუ მოთამაშეები ერთი მიზნის გარშემო არ გავერთიანდით, წარმატებას ვერ მივაღწევთ. სამი მუშკეტერი ხომ წაგიკითხავთ? ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვისო – აი, ამას ვგულისხმობ. სხვათა შორის, ჩემი ფავორიტი წიგნია. მწერალი? ნოდარ დუმბაძე – ძალიან მიყვარს! ფილმებიდან შოუშენკიდან გაქცევას გამოვარჩევ – ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვუყურებ.
…მამა საოცარი გულშემატკივარია – 5 წლის ვიყავი, ფეხბურთზე რომ შემიყვანა. მგონი, იშვიათია ოჯახი, სადაც 3 ძმა ფეხბურთელია. ეს მამის დამსახურებაა!
…როგორია საბა ლობჟანიძე? ერთი სიტყვით ვთქვა? მიზანდასახული!
საბა ლობჟანიძე
დაიბადა 1994 წლის 18 დეკემბერს
კლუბები: დინამო 2 (თბილისი; 2012-13), დინამო (თბილისი; 2014 წლიდან)
ტიტულები: საქართველოს სუპერთასი – 2014
U21 ნაკრებში: 1 მატჩი
U19 ნაკრებში: 6 მატჩი
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი დინამო; #3, ზამთარი; 2015)
ფოტო: დინამო თბილისი