დონალდ ტრამპმა კობი ბრაიანტის ოჯახს მიუსამძიმრა

„მიუხედავად იმისა, რომ კობი ბრაიანტი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი კალათბურთელი იყო, ის ახლა იწყებდა ცხოვრებას. მას უყვარდა ოჯახი, შვილები და სჯეროდა ნათელი მომავლის… მისი გარდაცვალება საშინელი ტრაგედიაა, კობის ქალიშვილის ამბავი კი უფრო ამძიმებს მომხდარს“.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წუხანდელ ტრაგედიას ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა და ახლახანს სოციალურ ქსელში კვლავ შეეხო ბრაიანტის გარდაცვალებას: „მე და მელანია თანავუგრძნობთ ვანესას და მათ მშვენიერ ოჯახს. ღმერთმა გაგაძლიეროთ“!

ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე კობი ბრაიანტი კვირა დილით, 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვერტმფრენი, რომლითად ის, 13 წლის ქალიშვილი ჯანა მარია ონორე და კიდევ 7 ადამიანი საკალათბურთო მატჩზე მიემგზავრებოდნენ, კალიფორნიაში, ქალაქ კალაბასასთან ახლოს ჩამოვარდა. სამწუხაროდ, ვერავინ გადარჩა.

ლოს ანჯელესის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბრაიანტის კუთვნილ ვერტმფრენს ძრავა გაუფუჭდა და ამიტომ ჩამოვარდა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 27 იანვარი)

ka_GEGeorgian