დოილესთაუნის ავტოგამოფენა

ესპანეთის და არგენტინის ნაკრები გუნდების ფინალის სანახავად კვლავ ფილადელფიას მივაშურე. მეგობარმა, ვისთანაც მანამდე თითქმის სამი კვირა გავატარე, კიდევ ერთხელ მიმიწვია, ჯერ ფეხბურთი ვნახოთ და შემდეგ აქვე, მეზობელ ქალაქში ავტოგამოფენას დავესწროთო.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი აღმოსავლეთ ამერიკის დროით შუადღით, 3 საათზე დაიწყო, დოილესთაუნის ავტოშოუს გახსნა კი 5 საათზე იყო დანიშნული. ღონისძიება ერთი დღით ადრე, შაბათს უნდა გამართულიყო, მაგრამ თავსხმა წვიმის გამო კვირას გადაიტანეს.

დასრულდა თუ არა უდიდესი ტურნირისთვის შეუფერებლად უფერული ფინალი, ცალკარა – ესპანეთმა ძალიან დაჩაგრა არგენტინა, მეგობარს და მასთან თავმოყრილ ქართველ ბიჭებს დავემშვიდობე და დოილესთაუნისკენ გავემართე. დაახლოებით ოც წუთში მანქანა ამ კოხტა ქალაქის მთავარ ტაძართან დავტოვე და ფეხით გავეშურე ქუჩისკენ, რომელიც ავტოგამოფენისთვის დღის ბოლომდე იყო დაკეტილი.

დოილესთაუნი შებინდებისას – ოფიციალურად სწორედ ასე ეწოდება ძველებური, კლასიკური და დღეს უკვე საკოლექციოდ ქცეული ავტომობილების ტრადიციულ გამოფენას, რომელიც პენსილვანიის შტატის პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზ ქალაქში მეჩვიდმეტედ გაიმართა.

უცხოეთში მოგზაურობის დროს, თუ სადმე ავტომუზეუმია ან მანქანებთან დაკავშირებული რაიმე დაწესებულება, აუცილებლად ვსტუმრობ და შინ, როგორც წესი, ძალიან კმაყოფილი ვბრუნდები. გამონაკლისი არც 19 ივლისის გამოფენა გამოდგა. ახალგაზრდა და მოხუცებულმა ავტომოყვარულებმა, რომლებიც თვალის ჩინივით უფრთხილდებიან თავიანთ „სათამაშოებს“, საერთო ჯამში დაახლოებით სამასამდე ავტომობილი გამოფინეს.

ფერარის, ლამბორგინის, პორშეს, მაკლარენის და სხვა თანამედროვე მოდელების გარდა ბევრი გამორჩეული მანქანა ვნახე. მაგალითად 1953 წლის კადილაკი, რომელიც საბოლოოდ მთავარი პრიზით დაჯილდოვდა. ძალიან ეფექტური იყო 1970 წლის შევროლე შეველი, 1967 წლის ფორდ მუსტანგი, 1956 წლის ბიუიკ როადმასტერი, 1957 წლის შევროლე ბელ ეირი, 1954 წლის ფორდ F100 და მისი „თანატოლი“ – შევროლე აპაჩე, 1972 წლის დეტომასო პანტერა, 1973 წლის პონტიაკ ლემანსი…

გაპრიალებულმა ყვითელმა სატვირთო კენვორთმა, ქუჩის თავში რომ დაეყენებინა პატრონს, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ფავორიტი მხატვრული ფილმი გამახსენა – „მთელი ძალით“, სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით.

მთავარ გზაჯვარედინთან ვიპოვე ორი „კინოვარსკვლავი“: დელორეანი რობერტ ზემეკისის უკვდავი ტრილოგიიდან „უკან, მომავალში!“ (პატრონს სპორტული ალმანახი და მფრინავი სკეიტბორდიც თან ჰქონდა) და თეთრი ჯიპი ფილმიდან „მოჩვენებებზე მონადირეები“. ყველაზე გრძელი რიგი სწორედ დელორეანთან იყო, პატარა გოგო-ბიჭებთან ხელჩაკიდებული ჩემი ასაკის მამაკაცები მოთმინებით ელოდნენ თავიანთ ჯერს, რათა საოცნებო ავტომობილის საჭესთან მოკალათებულიყვნენ და სამახსოვრო ფოტო გადაეღოთ.

„უხუცესებსაც“ ვახსენებ: 1928 წლის პაკარდის კუპე და 1930 წლის ფორდ მოდელ A. ორივეს ისტორიას მათი პირველი მფლობელების შვილიშვილები ყვებოდნენ.

მოგვიანებით ისიც გავარკვიე, რომ მსგავსი და უფრო მასშტაბური ავტოგამოფენები თითქმის ყოველ კვირა ეწყობა სხვადასხვა შტატებში, რაც პირადად ჩემთვის კიდევ ერთი მიზეზია ამ უზარმაზარ, ლამაზ, საინტერესო და მრავალფეროვან ქვეყანაში დასაბრუნებლად.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 29 ივლისი
დოილესთაუნი

ka_GEGeorgian