ენდი მარის 33 ელფერი

31 წლის ენდი მარი ჩოგბურთს ეთხოვება. საუკეთესო ბრიტანელი ტრავმებისგან ვერ განიკურნა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაუჭირდა, მაინც მიიღო მტკივნეული გადაწყვეტილება.

ტკივილი ძალიან ძლიერია... მინდა ასეთ რეჟიმში თამაში. ყველაფერი გავაკეთე გამოჯანმრთელებისთვის, მაგრამ არაფერმა მიშველა. დაახლოებით ერთი თვის წინ გუნდთან ვისაუბრე. ვუთხარი, რომ ასე ვერ გაგრძელდებოდა. ვისურვებდი კარიერა უიმბლდონზე დამესრულებინა, მაგრამ ახლა დარწმუნებული არ ვარ, რომ ამდენი ხანი ვითამაშებ. კიდევ ერთი ოპერაციის გაკეთების ვარიანტიაშესაძლოა, შემდეგ ტკივილებს თავი ავარიდო. ახლა ამაზე სერიოზულად ვფიქრობ. ზოგიერთი სპორტსმენი ასეთი ოპერაციის შემდეგ ბრუნდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, გარანტიები არ არსებობს. ეს ოპერაცია არ კეთდება იმისთვის, რომ სპორტში დაბრუნდეის ემსახურება იმას, რომ ნორმალურად იცხოვრო“, – განაცხადა მარიმ.

ბრიტანელმა ჟურნალისტებმა ფავორიტი მოთამაშის კარიერიდან 33 საინტერესო ფაქტი გამოარჩიეს:

1 – ფრედ პერის 1936 წლის ტრიუმფის შემდეგ ენდი პირველი ბრიტანელია, რომელმაც უიმბლდონი მოიგო.

2 – მარი ერთადერთია (ქალთა და კაცთა შორის), რომელმაც ერთეულთა შორის ორჯერ მოიგო ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული.

3 – იმ ტურნირებიდან, რომელშიც დიდი ოთხეული – მარი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი, როჯერ ფედერერი – მონაწილეობდა, მხოლოდ 12 დასრულდა სხვისი ტრიუმფით.

4 – ენდი და მისი ძმა ჯეიმი წლების წინ დანბლეინის სკოლაში მომხდარ ტრაგედიას გადაურჩნენ.

5 – 30 წლის იყო, რაინდად რომ აკურთხეს.

6 – ენდი შოტლანდიელია.

7 – საუკეთესო ათეულში მყოფ მეტოქეებთან 101-ჯერ გაიმარჯვა.

8 – 2012 წელს დიდი სლემის ტურნირი მოიგო და 116 წლის მანძილზე პირველი შოტლანდიელი გახდა, ვინც ეს შეძლო.

9 – მხოლოდ ის, ივან ლენდლი და ფედერერი დამარცხებულან დიდი სლემის ყველა ტურნირის ფინალში.

10 – მხოლოდ ენდიმ და ნადალმა მოიგეს ოლიმპიადა და უიმბლდონი ერთსა და იმავე წელს.

11 – ერთ-ერთია იმ 6 მოთამაშიდან, ვისაც სამსეტიანი მატჩი ნულზე მოუგია – 6:0, 6:0, 6:0.

12 – ქუინსის ტურნირის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანია.

13 – ერთ კალენდარულ წელში – 2016 – მოგებული საპრიზო თანხით მხოლოდ ჯოკოვიჩს ჩამორჩება (2015).

14 – ისტორიაში დიდი სლემის ფინალის ყველაზე ხანგრძლივი ტაი-ბრეიკის მონაწილეა: ჯოკოვიჩთან 12:10 მოგებას 26 წუთი დასჭირდა.

15 – მარწყვს ხელით ჭამს.

16 – 18 წლის იყო პირველად რომ დაუპირისპირდა ფედერერს.

17 – მოგებული მატჩების მიხედვით 4-დან 3 გრანდ სლემზე პირველ ათეულშია.

18 – 9 მასტერსიდან 7-ის გამარჯვებულია.

19 – იმ 9 მოთამაშეს შორისაა, რომლებმაც იუნიორთა შორის ყველაზე პრესტიჟული ორინჯ ბოულის ღია პირველობა ორჯერ მოიგო.

20 – საერთო ჯამში 29-ჯერ სძლია ფედერერს, ნადალს და ჯოკოვიჩს. დიდ სამეულთან ამდენჯერ სხვას არ მოუგია.

21 – ენდი ნოვაკზე ზუსტად ერთი კვირით უფროსია.

22 – ჩოგბურთელებმა სახელად ენდი, დიდი სლემის ყველა, შვიდივე ფინალი წააგეს ფედერერთან.

23 – ჯეიმი მარიმ დიდი სლემის ტურნირი ენდიზე ადრე მოიგო.

24 – ATP-ის ტურში გამომუშავებული თანხით მხოლოდ დიდ სამეულს ჩამორჩება.

25 – მისი კერპი ანდრე აგასი იყო.

26 – ძალიან უყვარს შობის მოტივებით გაფორმებული სვიტერები.

27 – 663 გამარჯვებით ბრიტანელ ჩოგბურთელთა შორის საუკეთესოა.

28 – მისი სიმამრი ნაიჯელ სერსი წლების წინ ანა ივანოვიჩის მწვრთნელი იყო.

29 – 2004 წლის შემდეგ ერთადერთია ფედერერის, ნადალის და ჯოკოვიჩის გარდა, რომელიც ATP-ის რეიტინგს ლიდერობდა.

30 – კარიერის მანძილზე წაგებული 21 ფინალიდან 16-ში ფედერერთან, ნადალთან ან ჯოკოვიჩთან დამარცხდა.

31 – დიდი სლემის 11 ფინალში ითამაშა. ფედერერის და ჯოკოვიჩის გარდა ერთადერთხელ შეხვდა სხვას – 2016 წელს უიმბლდონზე მილოშ რაონიჩს.

32 – 5-სეტიან მატჩში, დიდი სამეულის გარდა, ერთადერთხელ დამარცხდა – მარიო ანჩიჩთან.

33 – 2016 წელს გახდა პირველი, რომელმაც ერთ კალენდარულ წელს მოიგო მასტერსი, დიდი სლემი, ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი და ოლიმპიადა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 12 იანვარი)

ka_GEGeorgian