ენრიკე ომარ სივორი: იუვენტუსის ყველაზე დიდი ორიუნდი
ის მხოლოდ მაშინ ურტყამდა თერთმეტმეტრიანებს, როცა სხვა უარობდა.
ერთხელ თქვა კიდეც: პირველად პენალტის ნიშნულთან რომ მივედი და დამფრთხალი მეკარე დავინახე, მივხვდი – უიარაღოს დახვრეტა არ შემეძლოო.
პენალტისადმი ასეთი დამოკიდებულების მიუხედავად, ენრიკე ომარ სივორი რამდენიმე წლის მანძილზე მუდმივად ხვდებოდა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა შორის. მსოფლიოს ერთ–ერთი უძლიერესი ლიგის გოლეადორთა შორის მუდმივად ყოფნა კი მხოლოდ ერთი მიზეზით თუ აიხსნება – სივორი შესანიშნავი თავდამსხმელი და იტალიური ფეხბურთის პირველი დიდი ორიუნდი იყო.
1957 წლის ზაფხულიდან იწყება სივორის აპენინური კარიერა.
ტანდაბალი და ფიზიკურად სუსტი ბიჭისთვის რთული იყო იტალიური ფეხბურთის ბებერ ქალბატონად წოდებული ტურინის იუვენტუსის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება, მაგრამ მოთმინებამ და შრომამ, როგორც ყოველთვის, მაშინაც თავისი გაიტანა – წელიწადზე მცირე დროში სივორი იუვეს ძირითადის წევრი გახდა, ორიოდ სეზონში კი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.
იტალიაში გადასვლამდე მან არგენტინის ნაკრებთან ერთად სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატში იმარჯვა – კოპა ამერიკა მოიგო!
ვეტერანი არგენტინელი გოლეადორის გილერმო სტაბილეს გაწვრთნილმა არგენტინის ნაკრებმა იმ გათამაშებაში საწყისი 5 თამაში მოიგო და ნაადრევად მოიპოვა კონტინენტის უძლიერესი გუნდის ტიტული.
ტრიუმფატორთა თავდასხმაში სივორი-მასკიო-ანხილიოს სამეული თამაშობდა, რომელსაც გულშემატკივრები და ჟურნალისტები „ბინძურ ანგელოზებს“ ეძახდნენ.
ევროპაში გადასვლით სივორის არგენტინული კარიერა დასრულდა და მანაც იტალიის ნაკრების მაისური მოირგო. და ამით ორიუნდების გზა გააგრძელა – სკუადრა აძურას არგენტინელებს ხომ ასე უწოდებენ…
მიუხედავად სუსტი აღნაგობისა, ტურინელთა მარცხენაფლანგელი მცველებს ჯალათად ევლინებოდა. მის წინააღმდეგ თამაში ტანმაღალ, ახოვან და ბრგე უკანახაზელებსაც უჭირდათ. მეტოქე მეკარით დაწყებული და თავდამსხმელებით დამთავრებული, სივორის ყველა ეუხეშებოდა, მაგრამ საუკეთესო წლებში მისი გამჩერებელი მაინც არავინ იყო.
ისიც სათქმელია, რომ იუვენტუსის არგენტინელი გოლეადორი ახირებული კაცი გახლდათ: ჩაჩაჩული წინდებით თამაშობდა, წვივსაფრებს კი იშვიათად იკეთებდა. ცოტა უცნაურია ყველაზე ხისტი მცველების წინააღმდეგ ასეთი რისკი, თან იმ დროში, მაგრამ:
„მკვლელი უნდა იყო, წვივსაფრის გარეშე მოთამაშე მეტოქეს ფეხში რომ ჩაარტყა. ვფიქრობდი, რომ ჩემი საქციელი მოწინააღმდეგის თავშეკავებას გამოიწვევდა და მართლაც, არ მახსოვს ვინმეს ჩემთან ეუხეშოს. რა თქმა უნდა, მცველები ხისტად მეთამაშებოდნენ, მაგრამ ფეხებში, წვივებში იშვიათად მირტყამდნენ. იცით კიდევ რატომ იყო წვივსაფრების გარეშე თამაში უკეთესი? გაცილებით მსუბუქად და სწრაფად დავრბოდი“.
ეს სიტყვები ენრიკე ომარ სივორიმ ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ თქვა, როცა მუხლი ძველებურად აღარ უჭრიდა და სამწვრთნელო ასპარეზზე ცდიდა ბედს…
ერთხელ, ბაზაზე რადიოთი მოისმინა, რომ შვედეთში ვიღაც ბიჭმა ბურთი 2 საათი კენწლა და ამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
საღამოს, როცა თანაგუნდელებმა სივორი მოიკითხეს, ვერსად მიაგნეს. იუვენტუსის ლეგენდარული კაპიტანი ჯამპიერო ბონიპერტი იმ ამბავს ასე იგონებს:
„როცა მითხრა, ვიღაცამ ბურთის კენწვლით მსოფლიო რეკორდი დაამყარაო, ყურადღება არ მივაქციე. თურმე ერთი სული ჰქონდა განმარტოვებულიყო და პირველ რიგში საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა, რომ იმ უცნობზე უკეთ შეეძლო ბურთით ჟონგლიორობა… საღამოს დიდხანს ვეძებდით და ბოლოს მოშორებით, საკალათბურთო დარბაზში მივაგენით – ერთიანად გაოფლილი სივორი თავდავიწყებით კენწლიდა ბურთს, სპეციალურად დანიშნული წამზომი კი 2 საათს კარგა ხნის წინ გადაცილებულიყო“.
1960-61 წლების სეზონი თავდამსხმელის კარიერის პიკად იქცა. გარდა იმისა, რომ იუვენტუსთან ერთად იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიგო, ფრანს ფუტბოლმა ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და „ოქროს ბურთი“ გადასცა!
აღიარება რომ უდიდესი იყო, ამას დაჩრდილული კონკურენტებიც მოწმობენ: ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანო, გენიალური ბომბარდირი ფერენც პუშკაში, ბრწყინვალე ლუის სუარესი, ფრანსისკო ჰენტო… სკუდეტოს და „ოქროს ბურთის“ გარდა სივორიმ იტალიის თასი და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულიც მოიგო!
1961 წლის 16 აპრილს, ჩემპიონატის 28-ე ტურში, იუვენტუსმა მთავარ კონკურენტს, მილანის ინტერს უმასპინძლა. ტურინელებმა 2:0 მოიგეს, მაგრამ მეტოქემ, აქაოდა მსაჯი მასპინძლებს ემხრობოდაო, შედეგი გააპროტესტა და გადათამაშება მოითხოვა.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ თხოვნა დააკმაყოფილა, თუმცა მატჩი 10 ივლისისთვის დანიშნა. იმ დროისთვის ჩემპიონატი დასრულებული იყო და სკუდეტოც იუვენტუსს მოეგო. და რადგან თამაშს პრინციპული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მილანელებმა ჩემპიონებს სათადარიგო შემადგენლობა დაუპირისპირეს.
ამ ნაბიჯის გამო ინტერი მწარედ დაისაჯა: იუვენტუსმა არ დაინდო – 9:1 აჯობა, სივორიმ კი… 6 გოლი გაიტანა!
ის 1:9 ინტერისთვის დღემდე ანტირეკორდია, სივორიმ კი 6 გოლით 30-იანი წლების იტალიელი ბომბარდირის სილვიო პიოლას რეკორდი გაიმეორა!
1962 წლის 26 თებერვალს, ჩემპიონთა თასის გათამაშებაში რეალი იუვენტუსთან მადრიდში 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ტურინელთა ბომბარდირმა შეაგდო. ეს მარცხი იმითაცაა აღსანიშნავი, რომ რეალი იმ დღეს ჩემპიონთა თასის მატჩებში პირველად დამარცხდა შინ.
„ბევრი ჩინებული თავდამსხმელი მინახავს, მაგრამ ისეთი ცბიერი და მოუხელთებელი, როგორიც სივორია, ძალიან იშვიათად“, – ალფრედო დი სტეფანო.
ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთი“ ევროპის 1961 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ ორიუნდის – ენრიკე ომარ სივორის რეალთან დაპირისპირებამდე გადასცეს.
„ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოგება პირველად ჩვენმა ვიცე–პრეზიდენტმა მახარა. სიმართლე გითხრათ, მანამდე არც ვიცოდი „ოქროს ბურთის“ არსებობის შესახებ და საერთოდ, იმ დღეებში მხოლოდ რეალის დამარცხებაზე ვფიქრობდი… აღიარებამ გამახარა, ჯილდო კი, ერთი ხანი შინ, გამოსაჩენ ადგილზე მედგა, თუმცა როცა არგენტინაში დავბრუნი, ბანკში შევინახე. იქ თითქმის 20 წელიწადი გაატარა“, – ენრიკე ომარ სივორი.
1968-69 წლების სეზონში, სერია ა-ს ერთ-ერთ მატჩში ჩხუბის შემდეგ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა სივორი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
რამდენიმე დღეში ფეხბურთელი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და განაცხადა, რომ მოთამაშის კარიერა დაასრულა. იმ დროს ის უკვე ნაპოლის ღირსებას იცავდა.
* * *
ბომბარდირი 2005 წლის 17 თებერვალს გულის შეტევით გარდაიცვალა.
საფეხბურთო ისტორიას ენრიკე ომარ სივორი იტალიელად შემორჩა.
ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთსაც“, როგორც იტალიელი, ისე დაეუფლა, მაგრამ ის მაინც ორიუნდი გახლდათ, კაცი, რომელმაც სახელ-დიდება არგენტინაში კი არა, იტალიაში მოიპოვა.
ადიოს, გიგანტე!
იტალიის ყველაზე პოპულარული სპორტული გამოცემა გაძეტა დელო სპორტი სივორის ამ სიტყვებით დაემშვიდობა.
ენრიკე ომარ სივორი
დაიბადა 1935 წლის 2 ოქტომბერს არგენტინის ქალაქ სან ნიკოლასში. გარდაიცვალა 2005 წლის 17 თებერვალს
თავდამსხმელი
კლუბები: რივერ პლეიტი (ბუენოს აირესი, არგენტინა; 1951-57), იუვენტუსი (ტურინი, იტალია; 1957-65), ნაპოლი (ნეაპოლი, იტალია; 1965-69)
ტიტულები: არგენტინის ჩემპიონი – 1955, 1956; იტალიის ჩემპიონი – 1958, 1960, 1961; იტალიის თასი – 1959, 1960, 1965; სამხრეთი ამერიკის ჩემპიონი – 1957; სამხრეთი ამერიკის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1956
ინდივიდუალური ტიტულები: იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი – 1960, 1961; ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი (ფრანს ფუტბოლი) – 1961; იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი – 1960 (27 გოლი)
არგენტინის ნაკრებში: 18 თამაში, 9 გოლი (1956-57)
იტალიის ნაკრებში: 9 თამაში, 8 გოლი (1961-62)
ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ათიანი; 2007)