ეროვნული ნაკრების ისტორია: აზერბაიჯანი 1:0 საქართველო

1993 წელი ქართული ფეხბურთისთვის ძალიან საინტერესო გამოდგა: ფეხბურთის ფედერაცია უეფას სრულუფლებიანი წევრი გახდა; ევროპის საკლუბო ტურნირებში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, უმაღლესი ლიგის გამარჯვებული თბილისის დინამო ვიხილეთ; ჟურნალისტებმა პირველად გამოავლინეს სეზონის საუკეთესო მოთამაშე – გაზეთ სარბიელის მიერ დაწესებული პრიზი დინამოელთა ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ქინქლაძეს ერგო…

რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, ქვეყნის მთავარმა გუნდმა ნაკრებთა დონეზე ერთადერთხელ ითამაშა და თან, ძალიან უცნაურ დროს. ეს წერილი სწორედ ამ თამაშზეა, რომელიც მეექვსე იყო ჩვენი გუნდის ისტორიაში.

„ჯერჯერობით სპარინგ-პარტნიორს ვეძებთ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებას აწარმოებს სლოვენიის, უკრაინის და ესპანეთის ფედერაციებთან, ვნახოთ რა პასუხს მივიღებთ“.

ეს სიტყვები ეროვნული ნაკრების მენეჯერმა რამაზ შენგელიამ გაზეთ ლელოს კორესპონდენტს რამინ ყურაშვილს განუცხადა. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფორვარდის ინტერვიუ ყველაზე ძველ ქართულ სპორტულ გამოცემაში 1993 წლის 13 იანვარს გამოქვეყნდა.

იმავე ნომერში ლელომ მკითხველს საინტერესო საფეხბურთო ამბებიც ამცნო. პირველი იყო ის, რომ ნაკრების რიგით მეორე კაპიტანმა კახი ცხადაძემ მოსკოვის დინამოდან გერმანიის ბუნდესლიგას, კერძოდ ფრანკფურტის აინტრახტს მიაშურა.

რაც შეეხება მეორე სიახლეს, ის ასეთი იყო: თბილისის დინამოს ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ იანვრის მიწურულს კლუბი მოსკოვში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ჩემპიონთა თასის პირველ გათამაშებაში მიიღებდა მონაწილეობას. დაიწერა დინამოს სავარაუდო მეტოქეების შესახებაც: ქვეყნის ყველაზე წარმატებული კლუბი პირველ ეტაპზე, ჯგუფში, უზბეკეთის, მოლდოვის და თურქმენეთის ჩემპიონებს გაეჯიბრებოდა.

დინამომ მოსკოვს ტურნირის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მიაშურა. რევაზ ძოძუაშვილმა საუკეთესო შემადგენლობა იახლა. ვისაც მაშინდელი მიმოხილვები ახსოვს, დამეთანხმება, რომ ქართველების სტუმრობამ საყოველთაო ინტერესი გამოიწვია. ადგილობრივი ჟურნალისტები სტუმარი გუნდებიდან ყველაზე დიდ დროს სწორედ თბილისელებს უთმობდნენ.

საქართველოს სამგზის ჩემპიონმა პირველი თამაში 25 იანვარს გამართა და ტაშკენტის ფახთაქორს 5:2 აჯობა. შოთა არველაძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი გიორგი ქინქლაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და ალექსანდრე რეხვიაშვილმა გაიტანეს.

მეორე დღეს დინამო კიშინიოვის ზიმბრუს დაუპირისპირდა. ქართველებმა მოლდოველებიც იოლად დაამარცხეს – 3:1, შოთა არველაძემ კვლავ დუბლი შეასრულა, მესამე გოლი კი გელა ინალიშვილმა მიითვალა.

ჯგუფის უკანასკნელ მატჩში დინამომ 2:2 ითამაშა აშგაბატის კოპეტ-დაღთან. თურქმენებთან თამაშის წინ ცნობილი იყო, რომ დინამოს პირველ ადგილს ვერავინ შეეცილებოდა. ამის ბრალი თუ იყო, რომ ჩვენი ჩემპიონი თამაშის მსვლელობისას აგებდა კიდეც, ანგარიში მიხეილ ყაველაშვილმა გახსნა, ბოლო წუთებზე კი შოთა არველაძემ გაათანაბრა.

ნახევარფინალი, რომელიც 29 იანვარს გაიმართა ოლიმპიისკის სპორტული კომპლექსის დარბაზში, ყველამ ნაადრევ ფინალად მონათლა. სპარტაკის და დინამოს დაპირისპირებას დარბაზი გადავსებული შეხვდა, მატჩს ხუთი ათასი გულშემატკივარი დაესწრო! მურთაზ შელიას მიერ მე-40 წუთზე გატანილი ბურთით თბილისელებმა ტაიმი მოიგეს, თუმცა საბოლოოდ მაინც სპარტაკმა გაიმარჯვა: 53-ე წუთზე ვალერი კარპინმა გაათანაბრა ანგარიში, 85-ე წუთზე კი ვიქტორ ონოპკომ მეორე ბურთი შეაგდო. საბოლოოდ, თასი სპარტაკს დარჩა, რომელმაც ფინალში 8:0 დაამარცხა მინსკის ბელარუსი. თბილისელებმა ერთი თასი მაინც მიიღეს – შოთა არველაძე საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

საქართველოში დაბრუნებულმა დინამომ რამდენიმე დღე დაისვენა და თებერვლის დასაწყისში მინი-ფეხბურთის ტურნირში ჩაება, რომელიც საქართველოს სპორტის კომიტეტის ინიციატივით ჩატარდა სპორტის სასახლეში. უნდა ითქვას, რომ ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო შეჯიბრება მინი-ფეხბურთში, რაც კი იმ წლებში გაიმართა.

უმაღლესი ლიგის წევრების თამაშებამდე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ჭაბუკები (1980 წელს დაბადებულთა გუნდები), რომლის ფინალში თბილისის ვაკემ 4:2 დაამარცხა თბილისის მაისი. გადამწყვეტ შეხვედრაში მარცხის მიუხედავად, ორივე ინდივიდუალური პრიზი მაისელებს ერგოთ: საუკეთესო მოთამაშედ გიორგი დეკანოსიძე დასახელდა, ბომბარდირი კი ლაშა ჯაკობია გახდა.

რაც შეეხება უფროსებს, ორგანიზატორებმა რვა გუნდი ორ ჯგუფში გაანაწილეს. პირველში თბილისის დინამო და შევარდენი 1906, ასევე რუსთავის გორდა და გორის დილა მოხვდნენ, მეორეში კი თელავის კახეთი, გურჯაანის ალაზანი, სოხუმის ცხუმი და ჭიათურის მაღაროელი.

პირველი ჯგუფის გამარჯვებული დასკვნით, მესამე ტურში გამოვლინდა: გორდას და დინამოს დაპირისპირება 3:3 დასრულდა (ვარლამ და გია კილასონიები, გიორგი ღუდუშაური; მიხეილ ყაველაშვილი, შოთა არველაძე, გოჩა ჯამარაული), პენალტების სერიაში კი რუსთაველებმა იმარჯვეს. მეორე ჯგუფი თელავის კახეთმა მოიგო, რომელმაც სამივე მოწინააღმდეგეს სძლია.

თასი გორდას დარჩა, რომელმაც ფინალი გიორგი ღუდუშაურის და ვარლამ კილასონიას უპასუხო, გვიანი გოლებით მოიგო. რუსთაველებს 400 ათასი მანეთი გადაეცათ, თელაველებს – 250 ათასი, დინამოს კი, მესამე ადგილზე გასვლისთვის, 150 ათასი ერგო. საუკეთესო მეკარედ რუსთაველი მამუკა ქორიძე დასახელდა, დავით სოლოღაშვილს (კახეთი) საუკეთესო მცველისთვის განკუთვნილი ჯილდო ერგო, შოთა არველაძე საუკეთესო თავდამსხმელად აღიარეს, მიხეილ ჯიშკარიანი (ცხუმი) ბომბარდირი გახდა, ვარლამ კილასონია კი უძლიერეს მოთამაშედ მიიჩნიეს.

კიდევ რამდენიმე დღეში დინამომ გერმანიაში გაიარა შეკრება და სამი ამხანაგური შეხვედრაც გამართა: 14 თებერვალს ზაარბრიუკენში მასპინძლები დაამარცხა – 3:2 (გიორგი ქინქლაძე – 2, მიხეილ ყაველაშვილი), 5 თებერვალს შოთა არველაძის დუბლით ტრირის აინტრახტს მოუგო – 2:0, 7 თებერვალს კი ბუნდესლიგელ კაიზერსლაუტერნს შეხვდა – 0:4…

მეოთხე ეროვნული ჩემპიონატი მარტის დასაწყისში განახლდა, რამდენიმე დღეში კი ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით კვინიკაძემ ჟურნალისტებს უმასპინძლა. სფფ-ის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდს მალე ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლებოდა, ისეთი, ვინც კლუბში არ იყო დასაქმებული. გემახსოვრებათ: გიგა ნორაკიძე, ნაკრების პარალელურად, ქუთაისის ტორპედოს წვრთნიდა. კვინიკაძის თქმით, ფედერაცია რამდენიმე გამოცდილი სპეციალისტისგან ელოდა პასუხს.

27 მარტს, ლელოს პირველ გვერდზე, ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ სულ ერთი წინადადება დაიბეჭდა: „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რესპუბლიკის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნა სპორტის დამსახურებული ოსტატი ალექსანდრე ჩივაძე“.

ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა გამოცემამ, გაზეთმა ქართულმა ფეხბურთმა კი იგივე ცნობა 1993 წლის 1-15 აპრილის ნომერში (#10) გაავრცელა. იქვე დაიწერა ისიც, რომ ჩივაძეს სხვა ასაკობრივი გუნდების ზედამხედველობა დაევალა, პარალელურად კი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შეინარჩუნა.

31 მარტს, ლელოში გამოქვეყნებულ ინტერვიუში (საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგით მესამე მთავარ მწვრთნელს ჟურნალისტი ჯემალ ჭიპაშვილი ესაუბრა), ალექსანდრე ჩივაძემ განაცხადა:

„შეგნებული მაქვს, რაოდენ დიდი მისია დამეკისრა და ვეცდები მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება ჩავაქსოვო ამ საქმეში…
დაგეგმილი გვაქვს ფართო სელექციური მუშაობის გაშლა ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეების გამოსავლენად. ამ მიზნით დავესწრები მრავალ მატჩს ნებისმიერ დონეზე. ამჟამად მხოლოდ ერთს ვიტყვი: ნაკრების კარი ღიაა ყველა ღირსეულისთვის…

წინასწარი მოლაპარაკებების დონეზეა ირანის და უკრაინის ეროვნულ ნაკრებებთან შეხვედრების საკითხი…

ჩემი თანაშემწეების ვინაობას გულშემატკივრები უახლოეს ხანებში შეიტყობენ…

ამჟამად ვმართავთ მოლაპარაკებას, რათა 15 აპრილიდან საქართველოს კლუბების ნაკრები გაემგზავროს ესპანეთში ადგილობრივ კლუბებთან რამდენიმე მატჩის გასამართავად. ამ ტურნეში ძირითადი ბირთვი თბილისის დინამო იქნება“.

10 აპრილს დინამომ ძალიან დასუსტებულ ფოთის კოლხეთი 1913-ს უმასპინძლა და შოთა და არჩილ არველაძეების, ბადრი კვარაცხელიას და გიორგი ქინქლაძის გოლებით 4:0 გაიმარჯვა. ერთი თვით ადრე დინამომ ფოთელები თასის მერვედფინალში მიიღო და 7:0 გაანადგურა, საპასუხო შეხვედრაზე კი კოლხეთი 1913-მა უარი განაცხადა.

ფოთელებთან გამარჯვების შემდეგ დინამომ ორჯერ ითამაშა დასავლეთ საქართველოში: 14 აპრილს 2:3 დამარცხდა სამტრედიაში ზუგდიდის ოდიშთან (შოთა არველაძე, ბადრი კვარაცხელია), 17 აპრილს კი 1:1 ითამაშა ზესტაფონში მარგვეთთან (შოთა არველაძე), რის შემდეგაც გუნდი თბილისში დაბრუნდა და საქართველოს კლუბების ნაკრებად გარდაქმნილმა, ესპანეთში ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

აქვე დავწერ, რომ ზესტაფონში ფრე უკანასკნელი გამოდგა რევაზ ძოძუაშვილისთვის დინამოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე. კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, აპრილის მიწურულს მისი ადგილი გივი ნოდიამ დაიკავა.

ალექსანდრე ჩივაძემ კი პირველი უცხოური შეკრებისთვის შერჩეულ დინამოელებს მხოლოდ სამი მოთამაშე დაამატა: გოჩა გუჯაბიძე (გურჯაანის ალაზანი), ნუგზარ ლობჟანიძე (რუსთავის გორდა) და თბილისის შევარდენი 1906-ის ერთ-ერთი ლიდერი, იმ ჩემპიონატში შეუცვლელი ნახევარმცველი გიორგი ნემსაძე.

საქართველოს კლუბების ნაკრებმა ესპანეთში პირველად 23 აპრილს, ტოლედოს პროვინციის პატარა ქალაქ ტალავერა დე ლა რეინაში ითამაშა ადგილობრივ კლუბთან. ტალავერა იმ სეზონში რანგით მეოთხე ლიგის, ტერსერა დივიზიონის წევრი იყო. ჩვენმა ნაკრებმა ასეთი ძირითადი შემადგენლობით იასპარეზა: ირაკლი ზოიძე, ბესიკ ბერაძე, გოჩა გუჯაბიძე, მურთაზ შელია, ნუგზარ ლობჟანიძე, რევაზ არველაძე, გოჩა ჯამარაული, გიორგი ქინქლაძე, რევაზ არველაძე, შოთა არველაძე, არჩილ არველაძე. მეორე ტაიმში გამოჩნდნენ გიორგი ნემსაძე, გელა ინალიშვილი და გიორგი ანჩაბაძე. თამაში 1:1 დასრულდა, მასპინძლების მიერ 38-ე წუთზე გატანილი გოლი თამაშის დაწყებიდან ზუსტად ერთ საათში გიორგი ნემსაძემ გაქვითა. ეს უკანასკნელი მეორე ტაიმში გამოჩნდა რევაზ არველაძის ნაცვლად.

25 აპრილს ჩივაძის ბიჭები გაცილებით ძლიერ მეტოქეს დაუპირისპირდნენ, პრიმერა დივიზიონის წევრ ალბასეტეს. მწვრთნელმა ძირითადი შემადგენლობის ერთადერთი წევრი შეცვალა, არჩილ არველაძის ადგილი გიორგი ნემსაძემ დაიკავა. ქართველები 0:2 დამარცხდნენ.

27 აპრილს საქართველოს კლუბების ნაკრებს სეგუნდა ბ დივიზიონის წევრმა ბენიდორმმა უმასპინძლა. ჩივაძის გუნდმა საუკეთესოდ ითამაშა და გელა ინალიშვილის, არჩილ არველაძის, გიორგი ქინქლაძის და გიორგი ანჩაბაძის ოთხი უპასუხო გოლით გაიმარჯვა. ამ ოთხეულიდან მხოლოდ ანჩაბაძე შევიდა შეცვლაზე, 70-ე წუთზე ქინქლაძის ნაცვლად, დანარჩენები ძირითად შემადგენლობაში იყვნენ.

ტურნე 29 აპრილს დასრულდა ტოლედოში, ესტადიო სალტო დელ კაბალოზე, სადაც ქართველებმა ადგილობრივი დეპორტივო დაამარცხეს – 4:1. ეს კლუბი, რომელიც ხუთი დღით ადრე სამოცდახუთი წლის შესრულდა, იმ დროს ერთ-ერთი საუკეთესო იყო სეგუნდა ბ დივიზიონში. მიუხედავად ამისა, საქართველოს კლუბების ნაკრებმა დიდი ანგარიშით მოიგო: მე-17 წუთზე შოთა არველაძემ პირველი გოლი გაიტანა, 31-ე წუთზე ქინქლაძემ გააორმაგა უპირატესობა, 44-ე წუთზე რევაზ არველაძემ გამოიყენა პენალტი, მე-60 წუთზე კი მესამე არველაძემ, არჩილმაც გაიტანა.

საქართველოში დაბრუნებულმა დინამომ ახალი მთავარი მწვრთნელის, გივი ნოდიას ხელმძღვანელობით, ზედიზედ ოთხი თამაში მოიგო: 2 მაისს ჩემპიონატში ბათუმს უმასპინძლა და არჩილ არველაძის და გელა ინალიშვილის გოლებით 2:0 გაიმარჯვა; 6 მაისს, თასის ნახევარფინალის პირველ მატჩში, ტორპედო შოთა არველაძის ჰეთ-თრიქით გაისტუმრა; 14 მაისს ქუთაისს ეწვია და საპასუხო ნახევარფინალი ტუპების გოლებით 3:1 მოიგო – არჩილმა დუბლი შეასრულა, შოთამ ერთი შეაგდო, 18 მაისს კი წყალტუბოში 2:0 დაამარცხა სამგურალი. ორივე გოლები მცველებმა შეაგდეს, გია ქველაძემ ანგარიში გახსნა, პოლონეთიდან დაბრუნებულმა ზაზა რევიშვილმა კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1…

იმავე დღეებში გადაწყდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით პირველად 25 მაისს ითამაშებდა აზერბაიჯანში, განჯაში… საქართველოს თასის ფინალის წინა დღეს.

ახლა რთულია იმაზე მსჯელობა, თუ რატომ დაამთხვია ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ სანაკრებო თამაში თასის ფინალს. ფაქტი კი ისაა, რომ გუნდი განჯაში ფინალისტების, თბილისის დინამოელების და ბათუმელების გარეშე გაემგზავრა, რაც, ცხადია, ძალიან უარყოფითად აისახა ნაკრების თამაშზე.

ჩივაძის პირველ ოფიციალურ სანაკრებო სიაში უმაღლესი ლიგის ექვსი კლუბის, შევარდენი 1906-ის, მრეტების, რუსთავის გორდას, გურჯაანის ალაზანის, სოხუმის ცხუმის და ქუთაისის ტორპედოს უძლიერესი მოთამაშეები მოხვდნენ.

ნაკრებმა 0:1 წააგო. ძირითად შემადგენლობაში ორი დებიუტანტი ვიხილეთ, ვასილ სეფაშვილი (ალაზანი) და ნუგზარ ლობჟანიძე (გორდა). ავტოგოლი სწორედ ამ უკანასკნელმა გაიტანა: 53-ე წუთზე ბურთი უხეიროდ მოიგერია, აეჭრა და მისდა საუბედუროდ დავით ჯანელიძის კარში შევარდა. მრეტების ახალგაზრდა მეკარე მეორე ტაიმში გამოჩნდა შევარდენი 1906-ში მოთამაშე აკაკი დევაძის ნაცვლად…

„დარჩენილ დროში ჩვენები ბევრს ეცადნენ, მაგრამ საპასუხო გოლის გატანა ვერ შეძლეს“, – ამ სიტყვებს ლელოს 37-ე ნომერში ამოიკითხავთ (29 მაისი-1 ივნისი).

იმავე გაზეთის ცნობით, 25 მაისს განჯაში აზერბაიჯანის და საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები გუნდებიც დადგნენ ერთმანეთის პირისპირ და ის თამაშიც მასპინძლებმა მოიგეს, 2:0.

ეს ყველაფერი ლელოს მესამე გვერდზე წერია, პირველ და მესამე გვერდებს კი მეორე დღეს, 26 მაისს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული თასის ფინალის ფოტოები და ამბები ამშვენებს. უხვგოლიან თამაშში დინამომ 4:2 დაამარცხა ბათუმი და ერთი წლით ადრე მოგებული თასი შეინარჩუნა. ეს ფინალი იმითაა გამორჩეული, რომ გამარჯვებულთაგან ყველა გოლი ძმებმა გაიტანეს: რევაზ არველაძემ დუბლი შეასრულა, თითო ბურთი კი ტყუპებმა მიითვალეს. ზღვისპირელთა გოლები თემურ ტუღუშმა და ლევან ხომერიკმა შეაგდეს.

ხსენებულ მესამე გვერდზე, ეროვნული ნაკრების თამაშის მიმოხილვის ქვეშ, ლელო ერთ საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს იმ დროს ჩვენი მთავარი ლეგიონერის, ბუნდესლიგაში მოთამაშე კახი ცხადაძის შესახებ. ფრანკფურტის აინტრახტის ქართველი მცველი იტალიურმა გაძეტა დელო სპორტმა ევროპის სეზონის ნაკრებში დაასახელა ფერნანდუ კოუტუს (პორტუგალია; პორტუ), ლოთარ მათეუსის (გერმანია; ბაიერნი), მათიას ზამერის (გერმანია; დორტმუნდის ბორუსია), ლუის ენრიკეს (ესპანეთი; მადრიდის რეალი), ალენ ბოკშიჩის (ხორვატია; მარსელის ოლიმპიკი), ერიკ კანტონას (საფრანგეთი; მანჩესტერ იუნაიტედი) და სხვების მხარდამხარ. როგორც ლელოშია აღნიშნული, გაძეტა დელო სპორტმა ის სიმბოლური გუნდი არაიტალიელებისგან დააკომპლექტა…

მეოთხე ეროვნული ჩემპიონატი ივნისში დასრულდა, აგვისტოში კი საქართველოს ჩემპიონმა ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა. დინამო-ლინფილდის დაპირისპირებას რაც მოჰყვა, კარგად გემახსოვრებათ. მომდევნო წერილში სწორედ იმ ამბებს შეგახსენებთ. და რა თქმა უნდა სოხუმის დაცემას, რაც 1993 წელს საქართველოს მთავარ ტრაგედიად იქცა.

* * *

25 მაისი, 1993. ამხანაგური. აზერბაიჯანი, განჯა, მერკეზი. 9 500*
აზერბაიჯანი 1:0 საქართველო
გოლი: 1:0 ნუგზარ ლობჟანიძე (53, საკუთარ კარში)
აზერბაიჯანი: ელხან ჰასანოვი, ფაიქ ქაბაროვი, მეჰმან იუნუსოვი (არიფ ასადოვი 36), ზაურ ყარაევი, ემინ აღაევი (ალი აბიშოვი 60, იუნის ჰუსეინოვი 80), ტერლან აჰმედოვი (ჯეიჰუნ ტანრივერდიევი 18), ვიდადი რზაევი, შაჰინ დინიევი, ნიზამი სულეიმანოვი (კაპ), მეჰირ ალიევი (ყურბან ყურბანოვი 46, ნაზიმ ალიევი 70), სამირ ალეკბეროვი (მახმუდ ყურბანოვი 75)
მწვრთნელი: ალეკბერ მამადოვი
საქართველო: აკაკი დევაძე (დავით ჯანელიძე 46), გია ფირცხალავა, კახა სიდამონიძე, ნუგზარ ლობჟანიძე, გია ჯიშკარიანი (კაპ), კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, ვასილ სეფაშვილი (იური გაბისკირია 66), მელორ ბიგვავა (დავით ჯანაშია 46), გიორგი დარასელია, დავით ყიზილაშვილი
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
მსაჯები: რუსტამ რახიმოვი; მ.მამედოვი, ა.გულამი (აზერბაიჯანი)
*-ლელოს ინფორმაციით თამაშს 20 ათასი მაყურებელი დაესწრო

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 15 მაისი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
* – 2025 წლის 15 მაისს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian