ეროვნული ნაკრების ისტორია: აზერბაიჯანი 1:0 საქართველო

ჩვენი ნაკრების ისტორიაში რამდენიმე ისეთი თამაშია, რომელიც ძირითადი შემადგენლობისთვის არ დაიგეგმა, მეტოქის წინააღმდეგ ახალგაზრდულმა გუნდმა ან კლუბების ნაკრებმა ითამაშა, მაგრამ მატჩი მაინც ეროვნული ნაკრების ჩამონათვალში მოხვდა.

ასეთი შეხვედრების ჩამონათვალი ჩემთვის 1993 წლის 25 მაისს, აზერბაიჯანში, ქალაქ განჯაში მეზობლებთან მარცხით იწყება. მეორე დღეს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე, საქართველოს თასის ფინალი იყო დანიშნული და სწორედ ამიტომ ალექსანდრე ჩივაძის გუნდი განჯაში თბილისის და ბათუმის დინამოელების გარეშე გაემგზავრა, ანუ ლიდერების გარეშე. ის შეხვედრა მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

შემდეგია 1996 წლის დეკემბრის ტურნე ლიბანში, რომელიც ახალგაზრდული ნაკრები გუნდებისთვის დაიგეგმა, მაგრამ საბოლოოდ მატჩები ეროვნულს ჩაეწერა. არადა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არათუ გუნდის შესაკრებად არ ეცალა, ალექსანდრე ჩივაძის შემცვლელიც არ ჰყავდა შერჩეული. იმხანად ახალგაზრდულის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ გუცაევმაც ლიბანში ასაკობრივი ნაკრების წევრები და ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე რამდენიმე უფროსი ფეხბურთელი იახლა. ქართველები ორჯერ დამარცხდნენ – 2:4 და 2:3. თითქოს იმ პერიოდში ჩვენ გუნდს მარცხი არ აკლდა, ჰოდა, ეს ორი გაუგებარი თამაშიც საქართველოს პირველი გუნდის „საკუთრებაა“.

მეოთხე ასეთ მატჩად კი 1998 წლის 12 აგვისტოს, იმავე განჯაში გამართული ამხანაგური შეხვედრა მიმაჩნია. ამ თამაშის შესახებ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ გუცაევმა ორი თვით ადრე, ჯერ კიდევ მაისში, რუსებთან თბილისური 1:1-ის შემდეგ გვამცნო.

ფეხბურთზე მწერალმა ჟურნალისტებმა ვიცოდით, რომ გუნდის თავკაცი აზერბაიჯანში კანდიდატების გამოცდას აპირებდა, რადგან რამდენიმე დღეში უკრაინაში მიემგზავრებოდა ძირითად შემადგენლობასთან ერთად. მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში, ივლისის დასაწყისში გაირკვა, რომ განჯაში კლუბების ნაკრები ითამაშებდა, ხოლო გუნდს გუცაევის ნაცვლად ახალგაზრდულის მთავარი მწვრთნელი გიგლა იმნაძე უხელმძღვანელებმდა. საბოლოოდ ასეც მოხდა, მაგრამ თამაშის შედეგი, რატომღაც, კვლავ ეროვნული ნაკრების ისტორიაში ჩაიწერა.

გიგლა იმნაძემ საწვრთნელი მატჩისთვის მიწვეული ფეხბურთელების სია ვლადიმერ გუცაევთან შეთანხმების და ფედერაციის დასტურის შემდეგ გაავრცელა:

მეკარეები: სოსო გრიშიკაშვილი (რიგის ვენტსპილსი, ლატვია), გიორგი გაბელია (თბილისის თსუ)

მცველები: გიორგი ჭანკოტაძე (თბილისის ვიტ ჯორჯია), ირაკლი გემეზაშვილი (თბილისის არსენალი), ირაკლი ვაშაკიძე (ქუთაისის ტორპედო), გიორგი დავითნიძე (თბილისის მერანი 1991), მამუკა წერეთელი (ვლადიკავკაზის ალანია, რუსეთი), ზურაბ ფოფხაძე (სამარის კრილია სოვეტოვი, რუსეთი)

ნახევარმცველები: გია ჩხაიძე, კახა კვეტენაძე (ორივე ტორპედო), ლაშა მონასელიძე (თბილისის ლოკომოტივი), ლევან კობიაშვილი (თბილისის დინამო), გოჩა ჯამარაული (უკლუბოდ), გიორგი ღუდუშაური (უკლუბოდ), გიორგი რევაზიშვილი (სამარის კრილია სოვეტოვი, რუსეთი)

თავდამსხმელები: გია მეგრელაძე, გიორგი ყიფიანი (ორივე ქუთაისის ტორპედო), ალექსანდრე კაიდარაშვილი (გორის დილა), გიორგი დემეტრაძე (ალანია, რუსეთი).

თბილისის და ბათუმის დინამოელები ამ სიაში იმიტომ ვერ მოხვდნენ, რომ ევრომატჩებისთვის ემზადებოდნენ. მურთაზ ხურცილავას გაწვრთნილ დედაქალაქელებს, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის ვლაჟნიასთან გვარიანი ნერვიულობის შემდეგ, ესპანეთის ვიცე-ჩემპიონ ბილბაოს ატლეტიკთან ორმატჩიანი დაპირისპირება ელოდათ. ბათუმელებს კი თასების მფლობელთა თასის უკანასკნელი, 1998-1999 წლების გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქედ ბელგრადის პარტიზანი ერგოთ.

სხვა ქართული კლუბების წევრები კი საერთაშორისო თამაშებისგან თავისუფლები იყვნენ, მათ შორის ქუთაისის ტორპედოელები. იმერლებმა ინტერტოტოს თასის სტარტზე სომხეთის ერებუნი გაანადგურეს (6:0, 1:1), მაგრამ მეორე ეტაპზე ბელგიის ლომელთან მოეცარათ ხელი. მართალია სტუმრად 1:0 დაამარცხეს მეტოქე, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში, ქუთაისში, ლომელმა 2:1 გაიმარჯვა.

გიგლა იმნაძის გუნდი აზერბაიჯანს მატჩის წინა დღეს, 11 აგვისტოს ესტუმრა. ოფიციალურ დელეგაციაში იყვნენ ვლადიმერ გუცაევის თანაშემწეები სერგო კუტივაძე და ვლადიმერ პანოვი. ეს უკანასკნელი ივნის-ივლისში, მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში, სარბიელის ექსპერტი გახლდათ, ხშირად გვიზიარებდა საკუთარ მოსაზრებებს საფრანგეთში გამართული თამაშების შესახებ.

განჯაში გამართულ მატჩზე ბევრი არაფერია სათქმელი. გიგლა იმნაძემ კარი სოსო გრიშიკაშვილს ანდო, ვინც მხოლოდ მეორედ ითამაშა ნაკრებში. 24 წლის გოლკიპერის დებიუტი ქვეყნის პირველ გუნდში ოთხი წლით ადრე, 1994 წლის 11 ივნისს შედგა ნიგერიაში, სადაც მან პენალტიც მოიგერია.

მინდვრის მოთამაშეთა ტაქტიკური განლაგება ასეთი იყო: დაცვის ფლანგებზე, მარჯვნივ და მარცხნივ, შესაბამისად ზურაბ ფოფხაძემ და კახა ჩხეტიანმა ითამაშეს, ხოლო ცენტრში სეხნიებმა, გიორგი ჭანკოტაძემ და გიორგი დავითნიძემ.

საყრდენ ნახევარმცველად გერმანიიდან თბილისის დინამოში დროებით დაბრუნებული ლევან კობიაშვილი დადგა, მის წინ, გამთამაშებლად, იმ შემადგენლობიდან ყველაზე გამოცდილი და ტიტულიანი, თუმცა დროებით უკლუბო გოჩა ჯამარაული, მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე კი გიორგი ღუდუშაური და ირაკლი გემეზაშვილი. თავდასხმაში გია მეგრელაძემ და ალექსანდრე კაიდარაშვილმა ითამაშეს.

კაპიტანი ჯამარაული გახლდათ, რომელმაც აზერბაიჯანელთა წინააღმდეგ 29-ედ ითამაშა ნაკრებში და ამ მხრივ გაცილებით უსწრებდა ყველა დანარჩენს. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ განჯის სტადიონზე გასული 14 ქართველიდან 11-მა(!) პირველად ითამაშა ნაკრების მაისურით, ჯამარაულის, კობიაშვილის, გრიშიკაშვილის და ღუდუშაურის გარდა სანაკრებო გამოცდილება არავის ჰქონდა. რაც შეეხება ფორმებს, ქართველებმა ადიდასის ეკიპირებით იასპარეზეს: თეთრი გეტრებით და შორტებით და შინდისფერი მაისურებით, მასპინძლებმა კი ლურჯი გეტრებითა და შორტებით და ლურჯ-თეთრ ზოლიანი მაისურებით.

იმ დღეს ერთადერთი გოლი გავიდა, რომელიც აზერბაიჯანელებმა მეორე ტაიმის დასაწყისში შეაგდეს. მახაჩყალის ანჟიში მოთამაშე აგაევმა მარჯვნიდან შეუტია, მცველები შეცდნენ, აგაევი პირისპირ დარჩა გრიშიკაშვილთან და იშვიათი შანსი ხელიდან არ გაუშვა, 1:0. გაზეთ ქართული ფეხბურთის მიმომხილველი დავით ბერიაშვილი, რომელიც გუნდს ახლდა, 14 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნავს, რომ აგაევმა უხეშად ითამაშა მეკარის წინააღმდეგ, თუმცა მსაჯმა, რომელიც ასევე აზერბაიჯანელი იყო, წესის დარღვევა ვერ ან არ შენიშნა.

იმავე დღეს, 12 აგვისტოს, საღამოს, თბილისის დინამომ ეროვნულ სტადიონზე 2:1 დაამარცხა ბილბაოს ატლეტიკი და ხელის გაწვდენაზე მიუახლოვდა ჩემპიონთა ლიგას. 13 აგვისტოს სარბიელის მთავარი თემა სწორედ ბასკებთან გამარჯვება იყო. ლხინი აქა! დინამო 2:1 ატლეტიკი – ასეთი სათაური ამშვენებდა იმდღევანდელი გამოცემის პირველ გვერდს, დაბლა, წვრილი შრიფტით კი ეწერა: „განჯაში ისევ სირცხვილი ვჭამეთ“.

„გუნდის თამაშით ნამდვილად უკმაყოფილო ვარ, უამრავი ხარვეზი დავინახე. ჩემი ძირითადი საზრუნავი ახალგაზრდული ნაკრების წევრებზე დაკვირვება იყო. ჩხეტიანმა, ჭანკოტაძემ და დავითნიძემ ასე თუ ისე კარგად წარმოაჩინეს თავი. რაც შეეხება გემეზაშვილს, მას ტრავმის გამო თითქმის ორი თვე გაუცდა და სათანადოდ ვერ გამოიყურებოდა, მაგრამ სამომავლოდ მისი იმედიც გვაქვს. ძალიან უკმაყოფილო ვარ მეგრელაძის თამაშით“, – ასე შეაფასა განჯაში წაგება გიგლა იმნაძემ (სარბიელი; 1998 წლის 14 აგვისტო).

მომდევნო, 15 აგვისტოს ნომერში კი აზერბაიჯანში მარცხს კონსტანტინე გოგიშვილიც გამოეხმაურა ვრცელი წერილით „ვინ არის შენი ამხანაგი“?

წინასიტყვაობაში ეწერა: „12 აგვისტოს განჯაში საქართველოს „გადაზრდილი“ ახალგაზრდული თუ კლუბების ნაკრების სამარცხვინო მარცხმა დინამოსგან ესპანეთის ვიცე-ჩემპიონის ძლევა ჩაგვიშხამა. წაგებაცაა და წაგებაც, ვისთან ვაგებთ, ან ვის ვეთამაშებით და ვეამხანაგებით“?!

ჟურნალისტმა წერილი ასე დაასრულა: „ასეთი (ლიბანური და მისი მსგავსი) ტურნეები არაფრად გვჭირდება. მსგავსი რაღაცები ადრინდელ „გეგმიანობას“ გვახსენებს, როცა მთავარი იყო გეგმის შესრულება (გახსოვთ?). წავიდა ის დრო ხალხო და თუ მაინც და მაინც ძველებურად გსურთ გაუტიოთ, მაშინდელ ლოზუნგს მაინც დაუჯერეთ, მთავარი ხარისხია და არა რაოდენობა, რომ გვასწავლიდა.

ასეცაა, სჯობს ერთხელ ეთამაშო ატლეტიკს ჩემპიონთა ლიგაში შესასვლელად, ვიდრე ასჯერ ისპარინგო განჯაში დაბალ დონეზე. ეს ისეთი ჭეშმარიტებაა, დრო რომ ვერაფერს აკლებს – ძველადაც და ახლაც ჭეშმარიტებად რჩებოდა და რჩება“.

აზერბაიჯანულ სირცხვილზე ჩვენი ფეხბურთის მაშინდელ მესვეურებს თითქმის არაფერი უთქვამთ. ქართული ფეხბურთის მმართველი სახლის მაღალჩინოსნები ნაკრების კიევში ვიზიტისთვის ემზადებოდნენ, პარალელურად კი ფეხბურთის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაც ახლოვდებოდა.

1998 წლის ზაფხულის მთავარი „ქართული“ თემა სწორედ სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები იყო. აზერბაიჯანში სტუმრობის წინ ყველა კანდიდატი გაცხადდა: ალექსანდრე ჩივაძის და ილია დათუნაშვილის შემდეგ ასპარეზზე ქართული სპორტის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი რამაზ გოგლიძე, მოგვიანებით კი თბილისის დინამოს პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გამოჩნდნენ.

„ჩემი გადაწყვეტილება ფეხბურთის ნამდვილი გულშემატკივრების კეთილგანწყობამ განაპირობა. ვინ აღარ მთხოვა კენჭი მეყარა, მიზეზი მარტივი იყო – ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! გარდა ამისა, საამისო განწყობაც გამაჩნია. არის კიდევ ერთი მომენტი: შედეგი, რომელსაც ჩვენი დონის სახელმწიფომ შეიძლება მიაღწიოს. თუკი ირანელებს, დანიელებს, ნორვეგიელებს ძალუძთ ითამაშონ მსოფლიო კლასის ფეხბურთი, ჩვენ რატომ ვერ უნდა შევძლოთ? ერი ერთად უნდა დადგეს და გავიმარჯვებთ, მაგრამ ამას ძალიან დიდი გარჯა სჭირდება“, – განაცხადა რამაზ გოგლიძემ 1998 წლის 25 ივნისს, როცა ჟურნალისტებს უმასპინძლა და სამოქმედო პროგრამის ძირითადი ნაწილი გააცნო.

1982-1986 წლებში გოგლიძე საქართველოს რესპუბლიკის სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელი გახლდათ, შემდეგ კი ბეიზბოლის და სოფტბოლის ეროვნულ ფედერაციას ჩაუდგა სათავეში. მედიასთან შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა:

„ნურავინ იფიქრებს სახელმწიფოს დახმარების გარეშეც იოლად გავალო. მე გეტყვით რისთვის არის სახელმწიფო საჭირო: ერთი და ორი პირი არაფერს წყვეტს, ქვეყანაში განწყობა უნდა იყოს სხვაგვარი. ექვსი წელი ვიბრძოდი ბეიზბოლის სტადიონისთვის მიწა რომ გადმოეცათ. ასე არ შეიძლება, თუ ქვეყანას სჭირდება, ეს ერთ დღეში უნდა გადაწყდეს, ამიტომ პოლიტიკოსი ჩვენს გვერდით უნდა დადგეს. ახლა რომ პატარა მოედნის გაკეთება მოგინდეს, მიწას არავინ მოგცემს, ბენზინგასამართი სადგურებისთვის კი ყოველთვის მოიძებნება ადგილი…

პოლიტიკოსმა, ანუ სახელმწიფომ ხელი არ უნდა შემიშალოს იმაში, რომ ვინმეს ფული გამოვართვა. როცა ბეიზბოლისა და სოფტბოლის ფედერაციის პრეზიდენტი ვიყავი, ერთ დღეში მოვაგვარე უნივერსიტეტის გვერდით ქალაქის საბჭოს მიერ ტერიტორიის გამოყოფასთან დაკავშირებული პრობლემები. მერე დოქტორ მაცუმაის 3,5 მილიონი დოლარი გამოვართვი. ამასთან, მოლაპარაკებას ვაწარმოებდი ნაგოიას ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორთან, რომელიც თბილისში ბეიზბოლის სტადიონის და ბაზის აშენებას აპირებდა…

სპორტკომიტეტში რომ ვმუშაობდი, სახელმწიფო არც მაშინ იძლეოდა დიდ ფულს, მაგრამ კონტაქტებით და რაღაც-რაღაცებით მოვახერხე და სპორტლოტოსგან შემოსული ფული, რომელიც მოსკოვში იგზავნებოდა, თბილისში დარჩენილიყო. შემდეგ სასტუმრო ამირანი აშენდა, რომელიც სპორტკომიტეტისა უნდა ყოფილიყო, მაგრამ…

დღესდღეობით არავინ ფიქრობს სპორტულ ინდუსტრიაზე. მარტო ფალსიფიცირებულ პროდუქტებზე ვსაუბრობთ, ფალსიფიცირებულ ტანსაცმელზე კი არავინ არაფერს ამბობს. სპორტული ტანსაცმლისა და ბურთების უმეტესობა პაკისტანიდან შემოდის, არადა თბილისის ერთ-ერთ ფაბრიკას სუფთა ტყავის ბურთის წარმოება შეუძლია, ტანსაცმელზე ლაპარაკიც ზედმეტია. ყოველივე ამის თქმა იმიტომ დამჭირდა, რომ ფინანსების მოზიდვის საშუალება გამაჩნია…

ამ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ფიფას დიდძალი ფული შეუვა და ამის განაწილებისას თუ დიდი კოვზი გიჭირავს ხელში, ხომ კარგი. მე შემიძლია მარიო ვასკეს რანიასგან (მექსიკის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი; ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების ასოციაციის პრეზიდენტი; საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი – ლ.გ.) ფული წამოვიღო. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ეს პიროვნება ბლატერსა და იუჰანსონს ჯიბეში ჩაისვამს! იგივეს თქმა შემიძლია იაპონურ კაპიტალზეც, მაგრამ სახელმწიფო უნდა დამეხმაროს და ფული არ უნდა დამიბეგროს, თორემ რა გამოდის: მე დავდივარ, ფულს ვშოულობ, ესენი კი 34,7%-ს მართმევენ. ასე საქმე არ აეწყობა. მე რომ ეს ფული მქონდეს, სულ არ წავალ სამათხოვროდ“.

შეხვედრის დასასრულს რამაზ გოგლიძემ განაცხადა, რომ პუნქტებად გაწერილ სამოქმედო პროგრამას საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამდე ორი კვირით ადრე წარადგენდა.

ხუთ დღეში, 30 ივნისს, სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატთა სია ოთხამდე გაიზარდა: თბილისის დინამოს პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ოფიციალურად მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. 2 ივლისს, შუადღით, მან ჟურნალისტებს, საფეხბურთო წრეების წარმომადგენლებს და გულშემატკივრებს ეროვნულ სტადიონზე, ეგრეთ წოდებულ ოსტატთა კლუბში უმასპინძლა. ჟორდანიას პრესკონფერენციის წარმართვაში საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი დაეხმარა.

„ქართული ფეხბურთის სამყაროსგან, ახალგაზრდა ბიზნესმენებისგან, ფეხბურთზე შეყვარებული ხალხისგან დიდ ზეწოლას განვიცდიდი კარგი გაგებით. მათ მიბიძგეს, მხარდაჭერა აღმითქვეს და გადაწყვეტილებაც მივიღე. დღეიდან ვიწყებ საარჩევნო კამპანიას…

დიდი იმედი მაქვს, რომ დიდძალ ინვესტიციას მოვიზიდავ, საუბარია მილიონობით გერმანულ მარკაზე, რომელიც ჩვენი ფეხბურთის აღორძინებას მოხმარდება. ვინც ფულს შემპირდა, ბუნებრივია მოგებაც აინტერესებს, ქართული ფეხბურთის დიდი ავტორიტეტი კი სწორედ ამის წინაპირობაა…

უეჭველად შევქმნი პროფესიულ საფეხბურთო ლიგას, ეს საჭირო და აუცილებელია, რათა ეროვნული ჩემპიონატის დონე ამაღლდეს. თითოეულ მონაწილე გუნდს მოვთხოვთ ფინანსურ გარანტიას, კლუბები მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვებიან გათამაშებაში. ფედერაციაში შეიქმნება თხუთმეტი-ოცი კომიტეტი, რომელიც ყველაფერს გააკონტროლებს. გპირდებით, ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს შემძლე სპონსორი ჰყავდეს…

აუცილებლად გარემონტდება ფედერაციის შენობა. ჩემპიონატის მასპინძელ ყველა ქალაქში სტადიონები აღიჭურვება კომპიუტერებით და სწორი ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდება მნიშვნელოვნად გააადვილებს მუშაობას…

ამ ეტაპზე მსაჯთა კორპუსის დამოუკიდებლად მუშაობა მიუღებლად მიმაჩნია. მსურს მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო…

მართალია უეფას თხოვნაა, რომ ყველა ქვეყნის ჩემპიონატში გუნდების რაოდენობა 16-დან 18-მდე იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, მონაწილეთა რაოდენობის შემცირება აუცილებელია. დღეისათვის ყველაზე ოპტიმალურად ეს მიმაჩნია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ როცა გუნდების დონე ამაღლდება, კლუბების რაოდენობა ისევ გაიზარდოს…

ვერ გეტყვით, რომ გასული ყრილობიდან დღემდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არაფერი გაუკეთებია. სასიკეთო ბევრი რამ იყო, მაგრამ გაცილებით მეტი შეიძლებოდა…

არჩევნებში პირველად ვმონაწილეობ, ჯერ გამოუცდელი ვარ. დელეგატთა სიას მოვიძიებ, ყველას, როგორც გითხარით, შევხვდები და ვნახოთ რა გამოვა…

ჩემი პრეზიდენტობის დროს ფეხბურთის ფედერაცია ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური იქნება. ამის თქმის უფლებას მოსალოდნელი ინვესტიციები მაძლევს. ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში ყოველ თეთრს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ანგარიშზე იქნება, გამოვამზეურებ. დასამალი არაფერი მაქვს…

სფფ-ის პრეზიდენტობის სხვა შესაძლო კანდიდატებთან გაერთიანება არ მგონია უპრიანი იყოს. ყველას სათითაოდ შევხვდები, ჩემს პროგრამას გავაცნობ, ვეცდები დავარწმუნო, რომ საუკეთესო კანდიდატი ვარ. ისე, არაა გამორიცხული, სხვისმა პროგრამამ მომხიბლოს და ჩემი სიმპათიები მისკენ გადაიხაროს…

არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ალექსანდრე ჩივაძეს აუცილებლად გვერდში ამოვიყენებ, ხოლო თუ ვერ გავიმარჯვე, ფედერაციაში ჩემი სხვა პოსტზე მუშაობით არა მგონია საქმეს ეშველოს…

სამივე კონკურენტთან ძალიან ახლოს ვარ: გოგლიძეებთან ოჯახით ვმეგობრობ, ილია დათუნაშვილი მამაჩემის ძმაკაცია, მის ხელში ვარ გაზრდილი, საშა ჩივაძეზე კი უკვე ვთქვი…

ფედერაციის პრეზიდენტობის შემთხვევაში ორ თანამდებობას ვეღარ შევწვდები. დინამოს პრეზიდენტი სხვა იქნება. მე, რაკი კანდიდატურა წამოვაყენე, ფედერაციაში დავრჩები“.

ხანგრძლივი კითხვა-პასუხის შემდეგ მერაბ ჟორდანიამ თბილისის დინამოს და მრეტების გახმაურებულ საქმეზეც გააკეთა კომენტარი:

„დინამოს ახლანდელ ხელმძღვანელობას გიორგი ქინქლაძის კონტრაქტის გაფორმებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის, ჩვენ მაშინ გუნდში არ ვიყავით. დღეისთვის შექმნილი ვითარება დამაიმედებელია. მრეტებთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩვენ გვაქვს ჩვენსავე სიმართლეზე მეტყველი არგუმენტები. ბოლომდე ვიბრძოლებ, რათა მრეტებისთვის გერმანიაში გადასახდელი თანხა საქართველოში დარჩეს. რატომ უნდა მივცეთ ფული გერმანელებს? მგონი, სჯობს ის ფული საქართველომ მოიხმაროს“.

იმავე დღეს თბილისის დინამო სეზონისწინა შეკრებაზე ესტონეთში გაემგზავრა, მურთაზ ხურცილავამ ყველა ფეხბურთელი იახლა ნუგზარ ლობჟანიძის და გიორგი ანჩაბაძის გარდა. პირველმა საბერძნეთის ქსანტისთან გააფორმა ხელშეკრულება, ანჩაბაძემ კი, დავით უჯმაჯურიძესთან ერთად, ბელგიას მიაშურა, ქართველები სენტ-ტრუიდენმა მიიწვია.

მერაბ ჟორდანიას პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ელგუჯა ბერიშვილმა სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის წევრებს დარბაზში დარჩენა სთხოვა და პროფესიული დღე, 2 ივლისი მიულოცა. სსჟა-ს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა ახალი პრემიის დაწესების შესახებ: 1998 წლიდან ნოდარ გუგუშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემოდა იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში თავს გამოიჩენდნენ. პრემიის პირველი ლაურეატები ლელოს კორესპონდენტი ჯემალ ჭიპაშვილი და სარბიელელი ილია ბაბუნაშვილი გახდნენ. ამ უკანასკნელს ჯილდო 1997 წლის ზაფხულში, ათენში გამართული მძლეოსანთა მსოფლიო პირველობის მაღალ დონეზე გაშუქებისთვის გადაეცა.

გავიდა რამდენიმე დღე და ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების ტექნიკურ სპონსორთან დაკავშირებულ კითხვებს საბოლოო პასუხი გაეცა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ადიდასთან ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. იმ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ადიდასმა სფფ-ს დაახლოებით ორასი ათასი დოლარი გადაუხადა.

* * *
12 აგვისტო, 1998. ამხანაგური. აზერბაიჯანი, განჯა, მერკეზი. 5 000
აზერბაიჯანი 1:0 საქართველო
გოლი: 1:0 ემინ აგაევი (49)
აზერბაიჯანი: ჰუსეინ მაჰამადოვი, ემინ აგაევი, ფაიქ ჯაბაროვი, დენი ქაისუმოვი, ვიაჩესლავ ლიჩკინი, რასიმ აბუშევი (კაპ) (ხალიქ მერდანოვი 75), ასლან ქარიმოვი, არიფ ასადოვი (ფარუხ ისმაილოვი 87), ყურბან ყურბანოვი (ვიდადი რზაევი 71), ველი ქასიმოვი (ნაზიმ სულეიმანოვი 81), მახმუდ ყურბანოვი (იუნის ჰუსეინოვი 58)
მწვრთნელი: ვაგიფ სადიქოვი
საქართველო: სოსო გრიშიკაშვილი, ზურაბ ფოფხაძე, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი დავითნიძე (ირაკლი ვაშაკიძე 81), კახა ჩხეტიანი, გიორგი ღუდუშაური (კახა კვეტენაძე 76), ირაკლი გემეზაშვილი (გიორგი ყიფიანი 71), გოჩა ჯამარაული (კაპ), ლევან კობიაშვილი, გია მეგრელაძე (ლაშა მონასელიძე 46), ალექსანდრე კაიდარაშვილი
მწვრთნელი: გიგლა იმნაძე
გაფრთხილება: ზურაბ ფოფხაძე, არიფ ასადოვი, გიორგი დავითნიძე
მსაჯი: ასიმ ხუდიევი (აზერბაიჯანი)

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 7 მაისი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
*-2026 წლის 7 მაისს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian