ეროვნული ნაკრების ისტორია: ბულგარეთი 2:0 საქართველო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ნაკრების ხელმძღვანელებმა მოლდოვის ნაკრებთან პირველი შესარჩევი მატჩის წინ დაშვებული შეცდომა აღარ გაიმეორეს და დიღმის საწვრთნელი ბაზის კარი ჟურნალისტებს ფართოდ გაუღეს. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ პრესის და ტელევიზიის რამდენიმე ათეულ წარმომადგენელს 9 ოქტომბერს უმასპინძლა.

„ამ ეტაპზე არჩილ არველაძის, გოჩა გოგრიჭიანის, დავით ყიზილაშვილის და მიხეილ ჯიშკარიანის მოწვევისგან თავი შევიკავეთ. გოჩა ჯამარაული ავად არის, რევაზ არველაძემ კი, ინსბრუკში თამაშის შემდეგ, თავად გვთხოვა არ მოგვეწვია. გვესმის მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა…

დინამოელთა განწყობა ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია. სამტრედიასთან მატჩი საგანგებოდ ჩემი მოთხოვნით დაინიშნა თბილისში (საქართველოს ჩემპიონატის თამაში – ლ.გ.), რათა სწორედ ამ ფაქტორის აღმოფხვრაში დაგვხმარებოდა, მაგრამ…

ნაკრებში ფსიქოლოგის მოწვევა აუცილებელია, თუმცა ასეთი ხანმოკლე შეკრებისას ეფექტური ვერ იქნება…

ამ ეტაპზე, მატჩისწინა საწვრთნელ შეკრებაზე, ორჯერადი ვარჯიშები მიღებული არ არის, მაგრამ ზოგი მოთამაშის ფიზიკური კონდიციები არ გვაკმაყოფილებს. ეს ლეგიონერებს არ ეხებათ, ისინი ჩინებულ ფორმაში არიან…

აქამდე ჟურნალისტებთან შეხვედრაზე თავს იმიტომ ვიკავებდი, რომ ყველაფერზე ლაპარაკი არ შეიძლებოდა. ნაკრების წევრებს ტაქტიანად უნდა მოვეპყრათ. ჟურნალისტებმა სიტუაციაში ღრმად ჩახედული სპეციალისტის პოზიციიდან უნდა წეროთ რეცენზიები“.

ღია ვარჯიშის დაწყებამდე მთავარმა მწვრთნელმა ისიც გაამხილა, რომ მისი ერთ-ერთი თანაშემწე ვლადიმერ პანოვი ბულგარეთის ნაცვლად მოლდოვაში გაემგზავრებოდა, რათა კიშინიოვიდან მომდევნო მეტოქის, უელსის ნაკრების შესახებ, მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია ჩამოეტანა.

გაზეთმა სარბიელმა სოფიაში ჟურნალისტი ილია ბაბუნაშვილი მიავლინა, რომელმაც რეპორტაჟში „ავად თუ კარგად, ჩვენ ჩვენი ვიცეკვეთ“ (1994 წლის 14 ოქტომბერი), თბილისის აეროპორტში, გამგზავრების წინ მომხდარ უსიამოვნებაზე ვრცლად დაწერა. მის სიტყვებს თუნდაც იმიტომ გაგაცნობთ, რომ ნათლად დავინახოთ, თუ როგორ საქართველოში ვცხოვრობდით 90-იან წლებში:

„თბილისის აეროპორტში მისულ ფეხბურთელებს, ფეხბურთის ფედერაციისა და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელებს, ჟურნალისტებს და რამდენიმე გულშემატკივარს გამოგვიცხადეს, ნამეტანი გვებევრებით და ბულგარეთში ყველას არ გაგიშვებთ, ასე ოცი კაცი დარჩითო. საინტერესოა, რომ ამას ეუბნებოდნენ იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველა ფორმალობა გაიარეს, თანხა გადაიხადეს და თვითმფრინავში ჩასხდომის გარდა არაფერი აკლდათ.

ატყდა ერთი ამბავი! შემდეგ ნელ-ნელა დაუკლეს და სამი კაცი დარჩეს, თქვენი არაფერი გვინდაო. რა აღარ თქვეს, ერთი ადამიანით მეტი რომ იყოს, თვითმფრინავი ჩამოვარდებაო (გეგონება ეს თვითმფრინავები არ იყოს, თბილისი-მოსკოვზე მეტროსავით გაჭედილი რომაა), რაღაც ნებართვა არა გვაქვსო და სხვა.

არადა, სრულიად გაუგებარი იყო რატომ ებევრათ ხალხის ის რაოდენობა, რომელიც წინასწარ უწყოდნენ და რომლის შესაბამისადაც განსაზღვრეს, რა თვითმფრინავით მივფრინავდით. ერთი პირობა ისიც კი თქვეს, მოდი პასპორტები ვნახოთ და, ვისაც „სლუჟებნი“ ბეჭედი აქვს ჩარტყმული ისინი გავუშვათ, ვისაც „ტურიზმი“ – დავტოვოთო.

გამოდიოდა, ჟურნალისტების ერთი ნაწილი და გულშემატკივრები, ისე, უბრალოდ, უნდა დავრჩენილიყავით. ყველაფერი ერთ ძველ ანეკდოტს ჰგავდა, ქუდი რატომ არ გახურავსო, შარიანი კაცი რომ ამბობს. საბოლოოდ, საათნახევრიანი დავის მერე, მაინც მოახერხეს რამდენიმე მგზავრის დატოვება.

ამ ისტორიაში კონკრეტულად ვის რა ბრალი მიუძღვის, რაში ტყუოდა ავიაკომპანია ორბი და რაში აეროპორტის თანამშრომლები, არც აქ უნდა გვაინტერესებდეს, რადგან როდესაც ყველაფერი წინასწარ არის ცნობილი და შეთანხმებული, მგზავრს საბუთიც წესრიგში აქვს და ფულიც გადახდილია, ბოლო წუთში მისი ჩამოსმა და რეისის დაგვიანება ადამიანის უფლებათა ელემენტარული შელახვაა“.

საინტერესოა, რომ ამ ისტორიის ვიდეოჩანაწერი არსებობს. კინოდოკუმენტალისტმა გოგი თორაძემ მართლაც რომ ფასდაუდებელი მასალა შემოგვინახა ქართული ფეხბურთის მოყვარულებს. ბულგარეთში ჩვენი ეროვნული და ახალგაზრდული გუნდების თავგადასავალზე მისი ათწუთიანი ჩანახატი თამაშის მომენტებით, კოტე მახარაძის მცირე ინტერვიუთი და ნოდარ ახალკაცის და უცნობის კამათით, ჯერ კიდევ 1994 წელს გადაიცა საქართველოს ტელევიზიის მეორე არხით. აქვე გეტყვით, რომ აეროპორტში მომხდარ უსიამოვნებაზე გაამახვილა ყურადღება თავის რეპორტაჟში კიდევ ერთმა ჟურნალისტმა, გაზეთ ქართული ფეხბურთის მიმომხილველმა გია ტუხაშვილმა (#17; 1994 წლის ოქტომბერი).

ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების პირველ ოფიციალურ გასვლით მატჩებს ცხრა ქართველი ჟურნალისტი დაესწრო. ილია ბაბუნაშვილის და გია ტუხაშვილის გარდა დელეგაციაში მოხვდნენ კოტე მახარაძე და დავით ქლიბაძე (საქართველოს ტელევიზია), ჯემალ ჭიპაშვილი (ფეხბურთის ფედერაციის პრესცენტრი), ავთანდილ გურასაშვილი (საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური გამოცემა გაზეთი ოლიმპიელი), გია პლატონიშვილი (გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა), სოლომონ გულისაშვილი (გაზეთი რეზონანსი) და მიხეილ აბაიშვილი (გაზეთი დრონი).

მასპინძლები საქართველოს ნაკრებს ანგარიშგასაწევ ძალად არ აღიქვამდნენ, განსაკუთრებით თბილისში მოლდოვასთან წაგების შემდეგ, და ამას არც მალავდნენ. ქართველი ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას ფიქრობდნენ კარსმომდგარ დაპირისპირებაზე, ბულგარელთა ლიდერები კრასიმირ ბალაკოვი, იორდან ლეჩკოვი, ტრიფონ ივანოვი და მთავარი მწვრთნელი დიმიტარ პენევი თითქმის ერთნაირად პასუხობდნენ: აუცილებლად მოვიგებთ… ერთ-ორ გოლს აუცილებლად გაგიტანთ… მოლდოვასთან მატჩი ვნახეთ და თქვენზე სრული ინფორმაცია გვაქვს…

რაც შეეხება ბულგარელთა მთავარ ვარსკვლავს, იოჰან კრუიფის დიდებულ ბარსელონაში მოთამაშე მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის ბომბარდირ ხრისტო სტოიჩკოვს, ის ქართველ ჟურნალისტებს კი არა, თანამემამულეებსაც არ იკარებდა. ბაბუნაშვილი წერს:

„ძნელია გადმოსცე ის ტრაბახი და ბაქი-ბუქი, მასპინძლებს რომ ჰქონდათ ატეხილი. იქნებ ვინმემ თქვას, რომ იქადნებოდნენ, შნოც ჰქონდათ და აკი მოგვიგეს კიდეცო. კი ბატონო, ეს ასეა, მაგრამ მათ ბაქიაობას მაინც უნახაობისა და პროვინციულობის ელფერი დაჰკრავდა.

აბა წარმოიდგინეთ, მარად ძლიერი გერმანელი ან იტალიელი იმას იკადრებს, იცოდე ასე გიზამ და ისე გიზამო. უბრალოდ მოგიგებს და მორჩა. თანაც, შეხვედრამაც დაგვარწმუნა, რომ ქართველები იმაზე ძლიერნი აღმოჩნდნენ, ვიდრე მასპინძლები ვარაუდობდნენ“.

ამ სიტყვების დასტურია გაზეთ ვეჩერენ სპორტის პირველ გვერდზე დაბეჭდილი მოცეკვავე ჩოხოსნების კარიკატურა წარწერით „ქართველებს ჩვენ დაკრულზე ვაცეკვებთ“.

ეროვნული ნაკრები გუნდების პაექრობამდე ერთი დღით ადრე, 11 ოქტომბერს, ახალგაზრდებმა ითამაშეს. მატჩი სოფიაში, ბულგარეთის არმიის სტადიონზე გაიმართა, შეხვედრას ხუთასამდე მაყურებელი დაესწრო.

შოთა ჭეიშვილმა ასეთი ძირითადი შემადგენლობა შეარჩია: დავით გვარამაძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ალექსანდრე ბურნაძე, ზვიად პაპიძე, მამუკა ბუცურეიშვილი, გიორგი კიკნაძე, მოლდოვასთან მატჩის გმირი გიორგი ღუდუშაური, ამირან მუჯირი, გურამ ასპინძელაშვილი, გიორგი ანჩაბაძე და ზაზა ჯანაშია. შეცვლაზე მხოლოდ გიორგი დემეტრაძემ ითამაშა, რომელიც 59-ე წუთზე გამოჩნდა მუჯირის ნაცვლად.

ერთადერთი გოლი მე-3 წუთზე გავიდა. სარბიელის რეპორტაჟში აღნიშნულია: „ჩვენმა ნაკრებმა ტიპიური ქართული გოლი გაუშვა: მოთამაშეთა უმრავლესობა მეტოქის ნახევარზე გადავიდა, სადაც ბულგარელებს ზონები გადაკეტილი ჰქონდათ. დინჯი შეტევა უცებ ჩაგვეშალა და ორპასიანი და ერთდარტყმიანი კონტრშეტევის შემდეგ ბურთი ჩვენ კარში აღმოჩნდა. მასპინძელთა ამ სწრაფი და მარტივი კომბინაციის წარმატებით დასრულებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ზვიად პაპიძეს და გურამ ასპინძელაშვილს ფეხი დაუსხლტათ და პირველმა მოედნის ცენტრში, მეორემ კი საჯარიმოში ვერ შეძლეს რუმენ ივანოვისთვის ხელის შეშლა“.

„ქართველებს გოლი რომ გაეტანათ და მატჩი ფრედ დამთავრებულიყო, გასაკვირი არაფერი იქნებოდა“, – განაცხადა მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა დინკო დერმენჯიევმა, ჭეიშვილმა კი დაიჩივლა, რომ მარცხის მთავარი მიზეზი ფსიქოლოგიური მოუმზადებლობა აღმოჩნდა.

მეორე დღეს, 12 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 19 საათზე, სოფიის ვასილი ლევსკის სახელობის სტადიონზე, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანმა ბულგარეთმა ევრო 1996-ის შესარჩევი ტურნირი ქართველებთან მატჩით დაიწყო. მასპინძლებმა თეთრი მაისურებით, მწვანე შორტებით და წითელი გეტრებით ითამაშეს, ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა კი წითელ-შავ-თეთრი ფორმით. ბულგარელთა კაპიტანმა, ოცდარვა წლის ხრისტო სტოიჩკოვმა იმ დღეს ორმოცდამეათედ მოირგო ნაკრების მაისური, მასზე ორი წლით უმცროსმა კახი ცხადაძემ კი მხოლოდ მეცხრედ ითამაშა ნაკრებში. ქართველებიდან ყველაზე გამოცდილი, ერთადერთი ათზე მეტი სანაკრებო მატჩით, გიორგი ნემსაძე გახლდათ, იმ საღამოს მან მეცამეტედ ითამაშა ქვეყნის მთავარ გუნდში. რაც შეეხება დებიუტანტს, ასეთი ჩვენ შორის ერთი იყო: შეპეტივკას ტემპის მცველი გიორგი ჩიხრაძე.

ბულგარელებმა, რომლებიც ბევრს იქადნებოდნენ და არასაფეხბურთო ანგარიშით გამარჯვებით იმუქრებოდნენ, პირველ ტაიმში ვერაფრით გაიხარეს. ჩივაძის გუნდმა არაფერი დაუთმო მეტოქეს და, თუ აკაკი დევაძის კარში მასპინძლებმა ცხრაჯერ დაარტყეს, სტუმრებმა ბორისლავ მიხაილოვის შემცვლელი დიმიტარ პოპოვი შვიდჯერ შეაწუხეს.

რაც შეეხება ხრისტო სტოიჩკოვს, ჩივაძემ მისი მეურვეობა ზაზა რევიშვილს დაავალა და არჩევანმა გაამართლა. ილია ბაბუნაშვილი აღნიშნავს (სარბიელი; 1994 წლის 14 ოქტომბერი):

„ზაზამ ურთულეს ამოცანას ჩინებულად გაართვა თავი. აქვე უნდა ითქვას, რომ მას, ისევე როგორც სხვა მცველებს, საიმედოდ აზღვევდა კახა ცხადაძე და საკმარისი იყო სტოიჩკოვი ან მისი რომელიმე მეგობარი მეურვეს დასხლტომოდა, რომ ფრანკფურტის აინტრახტელი დროულად ჩნდებოდა საჭირო ადგილზე და ყველაზე გონივრულ გადაწყვეტილებას იღებდა.

სტოიჩკოვი დიდ ფეხბურთელობასთან ერთად თვალთმაქცობის დიდოსტატიც ყოფილა. თუ შეატყობდა რომ ბურთს კარგავდა, ისე ეფექტურად გაიშოტებოდა, თანაც მეტოქეს შეუღრენდა კიდეც, რატომ წამაქციეო, რომ მსაჯი, აქაოდა ამხელა ვარსკვლავს რა უქნესო, უმალ ჯარიმას ნიშნავდა“.

პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარიც თანაბარი თამაშით განახლდა, შემდეგ კი, 54-ე წუთზე, ლა კორუნიის დეპორტივოს ოცდაშვიდი წლის თავდამსხმელი ემილ კოსტადინოვი გამოჩნდა და სწორედ ეს აღმოჩნდა გარდამტეხი მომენტი: რვა წუთში ტაბლოზე 2:0 ენთო, ორივე ბურთი კოსტადინოვმა გაიტანა! ის გახდა მეხუთე, რომელმაც საქართველოს ნაკრებს დუბლი შეუსრულა, მაგრამ პირველი, ვინც ეს ოფიციალურ, შესარჩევ მატჩში მოახერხა.

ანგარიში ასე გაიხსნა: გიორგი ნემსაძემ მოედნის ცენტრთან ახლოს დაკარგა ბურთი, კონტრშეტევა ჰამბურგის ნახევარმცველმა იორდან ლეჩკოვმა დაიწყო და წამში კოსტადინოვი აკაკი დევაძეს შეატოვა. დანარჩენი ოსტატობის საქმე იყო – 1:0.

რაც შეეხება მეორე გოლს, იმ დროს საქართველოს ნაკრები ათი ფეხბურთელით იყო მოედანზე, რადგან დაშავებულ გიორგი ჩიხრაძეს ექიმები მოედნის კიდესთან მკურნალობდნენ. ამჯერად გიორგი ქინქლაძემ დაკარგა ცენტრთან ბურთი და სანამ მსაჯისგან ჯარიმას ითხოვდა, მასპინძლებმა სწორედ ჩიხრაძის ფლანგიდან შეუტიეს: ნასკო სირაკოვი, შემდეგ ლეჩკოვი, კვლავ პასი კოსტადინოვზე და – 2:0.

ვასილი ლევსკის სახელობის სტადიონზე მყოფი მიმომხილველების თქმით, ეს იყო ურთულესი შვიდწუთიანი მონაკვეთი, რომელმაც გადაწყვიტა კიდეც შეხვედრის ბედი. თამაშის შემდეგ ალექსანდრე ჩივაძემ განაცხადა:

„დღეს ჩვენი პირველი გასვლითი მატჩი იყო, რომელმაც გოლამდე თანაბარ თამაშში ჩაიარა. პირველი ბურთის ფაქტორი კი ძალზე მნიშვნელოვანია, ჩვენ რომ გაგვეტანა, თამაშს სხვაგვარად წარვმართავდით…

ჩემი მოთამაშეების საკმაო ნაწილს საერთაშორისო შეხვედრების გამოცდილება აკლია. ერთადერთი გუნდი საქართველოში, რომელიც უცხოეთის კლუბებს ეთამაშება, თბილისის დინამოა…

დღეს მასპინძლებს ბედიც სწყალობდათ და ცხადია, გამოცდილებამაც თავისი გაიტანა“.

საქართველოს ნაკრების დამრიგებელი რუსულად პასუხობდა კითხვებს, ხოლო თარჯიმანი, რომელიც ქართული მედიისთვის ასევე რუსულად თარგმნიდა დიმიტარ პენევის კომენტარს, მთელი პრესკონფერენციის მსვლელობის დროს სიგარეტს აბოლებდა. მადლობა ბატონ გოგი თორაძეს კიდევ ერთხელ, რომ ეს კადრები შემოგვინახა. დამეთანხმებით, მწვრთნელებს შორის მოკალათებული მწეველი თარჯიმანი, რბილად რომ ვთქვა, ძალიან უცნაურია.

ჩვენი გუნდის კაპიტანმა კახი ცხადაძემ კი ჯერ კიდევ თბილისში ნათქვამი სიტყვები გაიმეორა:

„გულშემატკივრებს ერთს ვეტყვი: ეს სრულიად ახალი, გამოუცდელი გუნდია. არა მგონია რეალურად მზად ვიყოთ ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის საბრძოლველად. ჯერ ბევრს ნუ მოსთხოვენ ნაკრებს, რამდენი მატჩი ვითამაშეთ, რომ საერთაშორისო გამოცდილება მიგვეღო? ამ ციკლის შემდეგ, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის კი გულშემატკივრებმა აუცილებლად უნდა მოსთხოვონ ნაკრებს საფრანგეთის საგზური“.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები ნული ქულით, არცერთი გატანილი და სამი გაშვებული ბურთით უკანასკნელ, მეექვსე ადგილზე იყო. ლიდერი კი მოლდოვა გახლდათ, რომელმაც იმავე დღეს კიშინიოვში უელსს 3:2 აჯობა. ბრიტანელებმა ორჯერ გაათანაბრეს ანგარიში, თუმცა 78-ე წუთზე მესამე ბურთი გაუშვეს და თამაშის გადასარჩენად ძალა აღარ ეყოთ.

ალექსანდრე ჩივაძის ბიჭებმა მესამე ოფიციალურ მატჩში, 16 ნოემბერს, სწორედ უელსელებს უმასპინძლეს.

* * *

12 ოქტომბერი, 1994. ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, VII ჯგუფი. ბულგარეთი, სოფია, ვასილი ლევსკის სახელობის ეროვნული სტადიონი. 48 000
ბულგარეთი 2:0 საქართველო
გოლები: 1:0 ემილ კოსტადინოვი (55), 2:0 ემილ კოსტადინოვი (62)
ბულგარეთი: დიმიტარ პოპოვი, ილიან კირიაკოვი, ტრიფონ ივანოვი, პეტარ ჰუბჩევი, ცანკო ცვეტანოვი, ზლატკო იანკოვი, იორდან ლეჩკოვი, კრასიმირ ბალაკოვი, დანიელ ბორიმიროვი (ემილ კოსტადინოვი 54), ნასკო სირაკოვი (ლუბოსლავ პენევი 69), ხრისტო სტოიჩკოვი (კაპ)
მწვრთნელი: დიმიტარ პენევი
საქართველო: აკაკი დევაძე, ზაზა რევიშვილი, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, გიორგი ჩიხრაძე, დიმიტრი კუდინოვი, გიორგი ნემსაძე (გელა ინალიშვილი 71), კახი გოგიჩაიშვილი, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე (გია გურული 77)
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: დიმიტრი კუდინოვი, კახი ცხადაძე, ზლატკო იანკოვი
მსაჯები: ლადისლავ გადოში; ი.ფაშენგი, გ.ზვოლანეკი (სლოვაკეთი)

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 24 ივლისი
ფოტო: UEFA.com
* – 2025 წლის 24 ივლისს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian