ეროვნული ნაკრების ისტორია: გარდაიცვალა ნოდარ ახალკაცი

2000 წლის 18 იანვარს, ბელგიაში, ქალაქ გენტში, კონტინენტის პირველობის შესარჩევ ტურნირში მონაწილე 49 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და ეროვნული გუნდების მწვრთნელები შეიკრიბნენ. მათ შორის იყო საქართველოს დელეგაციაც სფფ-ის პრეზიდენტის ნოდარ ახალკაცის და ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმერ გუცაევის ხელმძღვანელობით. ფეხბურთის ფედერაციამ წილისყრაზე სპორტული გამოცემების რამდენიმე წარმომადგენელიც იახლა.

ღონისძიება დაახლოებით საათნახევარი გაგრძელდა და საქართველოს ნაკრების მომდევნო ოფიციალური მეტოქეებიც გაირკვევ: პირველი კალათის მაჩანჩალა ნორვეგია, მეორე კრებულის უკანასკნელი გუნდი საბერძნეთი, ლატვია მეოთხე კალათიდან და სლოვენია და ალბანეთი ყველაზე სუსტებიდან – ეს ხუთი გუნდი ერგო ჩვენ ნაკრებს B საკვალიფიკაციო ჯგუფში.

ილია ბაბუნაშვილმა, რომელიც სარბიელისთვის აშუქებდა ევრო 2000-ის შესარჩევი ტურნირის წილისყრას, გენტიდან გამოგზავნილ რეპორტაჟში დაწერა:

„18 იანვარი. ბელგიური ქალაქი გენტი, რომელიც XVI საუკუნის ევროპაში პარიზის შემდეგ მნიშვნელობით მეორე ყოფილა. დღეს აქაურები იმით ამაყობენ, რომ მათ ქალაქში ევროპის ორი მთავარი ავტომაგისტრალი E17 და E40 კვეთს ერთმანეთს. გენტი კიდევ იმით ამაყობს, რომ აქ ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა ჩატარდა.

ფლანდრიის დედაქალაქში ცივი, ქარსუსხიანი და წვიმიანი დღე იდგა. მის საერთაშორისო კონგრესის ცენტრში კი ცხელოდა როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. მოზრდილი დარბაზი სავსე იყო დელეგატებით და კალმოსანი ჟურნალისტებით.

ვლადიმერ გუცაევი, საქართველოს ეროვნული გუნდის ახალი თავკაცი მაინცდამაინც არ ღელავდა. წინა დღით ფრანკფურტიდან გენტისკენ გზაზე მითხრა, ვინც გინდა შემხვდეს, სულ ერთია, მე რომ მსგავს საკითხებზე ნერვიულობა მჩვეოდეს, ჯერ კიდევ ფეხბურთელობისას ამომხდებოდა სულიო. გუცაევი ამას გულწრფელად ამბობდა და, რაღა დაგიმალოთ, მისი პოზიცია მომეწონა. მასში არ იყო არხეინობის ნასახიც კი, სამაგიეროდ, აღსავსე იყო ნაღდი სპორტული სულით. გამარჯვება კი მარტო ნიჭს როდი მოაქვს, მას ხასიათიც სჭირდება.

რას გახდება გუცაევი, ცხადია, ყველა ჩვენგანის ხელშეწყობით, გამოჩნდება. საქართველოს ნაკრებს კი წელიწადნახევარი აქვს. კენჭისყრიდან გამოსული მწვრთნელი ასე მსჯელობდა:

„აქ იღბლიანი ხალხი ჩამოვედით, ცუდი ჯგუფი რატომ უნდა შეგვხვედროდა. ეს ხუმრობით, ისე კი, ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ყველაფერს. აქედან ევროპის პირველობის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი ორ-სამ გუნდს აქვს. ვიმეორებ, ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ საქმეს. იგივე ალბანეთი არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. ხომ გახსოვთ, კონტინენტის წინა ჩემპიონატის შესარჩევში რა ძნელი თამაშები ჰქონდა ჩვენს ნაკრებს მასთან.

ნორვეგიასა და საბერძნეთს შორის კლასში ძალიან დიდი განსხვავება არ უნდა იყოს. ვფიქრობ, ორივე კარგი გუნდია და ორივე იბრძოლებს ჯგუფიდან გასასვლელად.

ვთვლი, რომ სერიოზული მუშაობის შემთხვევაში გასვლა შესაძლებელია“.

გენტში იმყოფებოდა რევაზ ძოძუაშვილიც. დავით ყიფიანის ყოფილი თანაშემწე ეროვნული გუნდიდან წასვლის შემდეგ ბალტიისპირეთში გადაბარგდა და ლატვიის ფეხბურთის ფედერაციის მიწვევით, ამ ქვეყნის ნაკრები ჩაიბარა. წილისყრის შემდეგ მან თქვა, ყველა გუნდს თანაბარი შანსი აქვს, მაგრამ ფავორიტად საქართველო და ნორვეგია მიმაჩნიაო.

„კროიფმა ქვისლები გადაკიდა“ – ასე დაასათაურა ევრო 2000-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრის მიმოხილვა სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის გაზეთმა საქართველოს სპორტმა. ამავე გამოცემაში გამოქვეყნდა ინტერვიუ ყიფიანთან, რომელმაც ჯგუფი მიმოიხილა, რევაზ ძოძუაშვილის გუნდზე კი თქვა:

„თუ ვინმეს ლატვიასთან რაღაც არასაფეხბურთო დახმარების იმედი ექნება, ძალზე ცდება. მე რეზოს კარგად ვიცნობ, იგი საქმის მცოდნე და ნაღდი პროფესიონალია. მე ვიტყოდი, ლატვია ერთიორად საშიშია ჩვენთვის. რეზომ ქართული ფეხბურთი კარგად იცის, თითქმის ყველა ჩვენი მოთამაშის შესაძლებლობები შესწავლილი აქვს.

არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი მომენტი, რომელმაც, შეიძლება, გადამწყვეტი როლი ითამაშოს. რეზო გულნატკენი წავიდა საქართველოდან და შეეცდება ყველას დაუმტკიცოს თავის სიძლიერე. მას ამის შანსი მიეცა და ყველანაირად შეეცდება მის გამოყენებას“.

საქართველოს სპორტმა ჯგუფის შეფასება სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, კახი ასათიანსაც სთხოვა:

„სპორტული თვალსაზრისით ბრწყინვალე ჯგუფია. უკეთესს ვერც ვინატრებდით. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების დიდი შანსი გვაქვს. ერთადერთი, რაც სამწუხაროა ჩვენთვის – ფინანსური თვალსაზრისით ჯგუფი მეტად არახელსაყრელია, თუმცა ყველაფერი ბელგიაში წასული დელეგაციის მარიფათზეა დამოკიდებული“.

ასათიანის ეს კომენტარი, უფრო კონკრეტულად კი ფინანსებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება, სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით კვინიკაძემ წლების შემდეგ, დავით თავართქილაძესთან ინტერვიუში გაიხსენა (ლელო; 2008 წლის 22 ოქტომბერი):

„ჩვენ გვადანაშაულებდნენ იმაში, რომ ძალიან დაბალ ფასში გავყიდეთ ტელეტრანსლაციის უფლებები. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის წინ ცხონებული კახი ასათიანი აცხადებდა, ბევრად უკეთესი კონტრაქტის მოპოვება შემიძლიაო. წილისყრაზე ლელოს მთავარი რედაქტორი თენგიზ გაჩეჩილაძეც წავიყვანეთ და დავასწარით მოლაპარაკებას იმ ფირმასთან, რომელთანაც კონტრაქტს ვაფორმებდით. მან ისიც ნახა, რომ ჩვენთან სხვა შემოთავაზებებით არავინ მოსულა. მაშინდელი პირობების გათვალისწინებით, საკმაოდ ხელსაყრელი კონტრაქტი გავაფორმეთ“.

იანვრის მიწურულს თბილისის დინამო მოსკოვში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ჩემპიონთა თასზე საასპარეზოდ გაემგზავრა. საქართველოს ჩემპიონი 1993 წლიდან მონაწილეობდა ამ ტურნირში. დავით ყიფიანის ბიჭებს ჯგუფში მეტოქეებად ბიშკეკის დინამო (ყირგიზეთი), პავლოდარის ირტიში (ყაზახეთი) და რიგის სკონტო (ლატვია) ერგოთ. პირველ ტურში დინამომ 7:0 დაამარცხა ყირგიზელი „სეხნია“. ლევან ხომერიკმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი მიხეილ აშვეთიამ, ალექსანდრე გოგობერიშვილმა, კლიმენტი წიტაიშვილმა და დავით პეტრიაშვილმა გაიტანეს, ერთი ბურთიც საკუთარ კარში შეაგდო ბიშკეკელმა ფეხბურთელმა.

მეორე დღეს, 25 იანვარს, დინამომ აშვეთიას, ხომერიკის და პეტრიაშვილის გოლებით ირტიშს 3:2 სძლია. იმ დროს დინამოელებმა არ იცოდნენ, რომ არმიის სპორტული კლუბის მანეჟისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი გარდაიცვალა.

ეპოქის დასასრული – ასე დაასათაურა სარბიელმა 1998 წლის 26 იანვრის ნომრის პირველ გვერდზე გამოქვეყნებული სამძიმრის წერილი:

„გუშინ მოსკოვში ქართული ფეხბურთის ერთი დიდი ეპოქა დასრულდა – ნოდარ ახალკაცი გარდაიცვალა.

წუთისოფელს გამოეთხოვა საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, ქართველთათვის ყველაზე დიდი სიხარულის მომნიჭებელი გუნდის თავკაცი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ქართული ფეხბურთისთვის და არა მარტო მისთვის უდავოდ გამორჩეული პიროვნება, უეფას ტექნიკური კომიტეტის წევრი – ნოდარ ახალკაცი.

ეს ცნობა გუშინ ელვის სისწრაფით გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ნოდარ ახალკაცი მოსკოვში ძმის ორმოცის გამო ჩასულა. აეროპორტში მანქანა დახვედრია და ცსკას მანეჟისკენ გაუწევია დინამოს მატჩზე დასასწრებად. მოულოდნელად კი…

სააგენტო როიტერის ინფორმაციით, ნოდარ ახალკაცს გულმა უმტყუნა.

ქართველებს კიდევ ერთხელ დაგვიდგა მძიმე დღეები.

მიმდინარე წელი ნოდარ ახალკაცისთვის მესამოცე გახლდათ. სულ ახლახანს, 2 იანვარს, ბედობის დღეს, ნოდარ ახალკაცს სამოცწლიან იუბილეს ულოცავდნენ…

სხვა არაფერი დაგვრჩენია – დიდი მადლობა, დიდი და უსაზღვრო სიხარულის მონიჭებისთვის.

ნოდარ ახალკაცი რჩეულთა შორის რჩეული იყო, რომლის ხსოვნის წინაშეც ბევრი, ძალიან ბევრი ადამიანი მოიხრის ქედს“.

როიტერმა ცნობა საქართველოს დროით 16:28 წუთზე გაავრცელა. მაშინ სარბიელის რედაქციაში ჭავლური პრინტერი გვედგა, რომელიც მსოფლიო სპორტის ახალ ამბებს ინგლისურად გვაწვდიდა. სასურველ ტექსტს თაბახის ფურცელზე ვბეჭდავდით და შემდეგ საგაზეთოდ ვთარგმნიდით. ნოდარ ახალკაცის შესახებ გავრცელებული ცნობაც ჩვეულებრივ ამოვბეჭდე, თუმცა რატომღაც შევინახე. ამ წერილისთვის რომ ვაგროვებდი მასალებს, ის თეთრი ფურცელი ჩემს არქივში ვიპოვე:

როიტერი
მოსკოვი, 25 იანვარი
ფეხბურთი

გარდაიცვალა თბილისის დინამოს ყოფილი მწვრთნელი

სააგენტო იტარ-ტასის ცნობით, ნოდარ ახალკაცი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვეტერანი ფეხბურთელი და დიდებული მწვრთნელი კვირას გარდაიცვალა. ის 60 წლის გახლდათ.

სააგენტოს ცნობით ის გულის შეტევით გარდაიცვალა, როცა მოსკოვში, საფეხბურთო ტურნირზე მიემგზავრებოდა.

ახალკაცი ორ თბილისურ კლუბში თამაშობდა, თუმცა უდიდეს წარმატებებს სამწვრთნელო ასპარეზზე მიაღწია, თბილისის დინამოში 1976 წლიდან 1983 წლამდე.

მისი ხელმძღვანელობით დინამომ 1981 წელს თასების მფლობელთა თასი მოიგო, 1978 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგა, ხოლო 1976 და 1979 წლებში საბჭოთა თასი. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატზე ის საბჭოთა კავშირის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ.

ნოდარ ახალკაცის ცხედარი საქართველოში 26 იანვარს, საღამოს ჩამოასვენეს. აღსანიშნავია, რომ როგორც კი მისი გარდაცვალების ამბავი გავრცელდა, მოსკოვის ქართული დიასპორა ფეხზე დადგა და ყველაფერი გააკეთა, რას საჭირო იყო. ყველა საკითხი რომ უმოკლეს დროში გადაწყდა, ეს დინამოს პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას და მისი მეგობრების დიდი დამსახურებაც იყო. ამის შესახებ იმ დღეებშივე ითქვა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ასობით სამძიმრის წერილი მიიღო. თბილისში ფაქსი გამოაგზავნა უეფას ყველა წევრმა ასოციაციამ, ფიფა-უეფას ხელმძღვანელობამ, პირადად იოზეფ ბლატერმა და ფეხბურთისგან შორს მდგარმა უამრავმა ორგანიზაციამ, კავშირმა თუ ადამიანმა. მათ შორის იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

გაზეთმა ქართულმა ფეხბურთმა 30 იანვრის ნომერი (#3) პრეზიდენტის ხსოვნას მიუძღვნა, ხოლო სარბიელში ზედიზედ გამოქვეყნდა ლეგენდარულ მწვრთნელთან დაკავშირებული მოგონებები. დამამახსოვრდა თამაზ ალკაბაძის წერილი „ახალი კაცი“, რომელიც 29 იანვარს დაიბეჭდა (ავტორმა ის ჯერ კიდევ 1977 წელს დაწერა და ჟურნალ მართვეშიც გამოაქვეყნა). ჩანახატი ნოდარ ახალკაცს ეძღვნებოდა, რომელიც თბილისის დინამოში ერთი წლის მისული გახლდათ, მაგრამ იმ მოკლე პერიოდში უკვე ფლობდა სამ ჯილდოს – საკავშირო თასს და ჩემპიონატის ორ ბრინჯაოს მედალს.

თამაზ ალკაბაძის წერილი ამ აბზაცით მთავრდებოდა: „ამ სტრიქონების ავტორი ერთშია დარწმუნებული – ნოდარ ახალკაცი ყოველგვარი განსაცდელის ჟამს ღირსეულად იდგება შტურვალთან, რამეთუ იგია HOMO NOVUS, არა მერმე განვითარებული პარვენიუს, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით – ახალი კაცი“.

31 იანვარს, შაბათს, სარბიელის პირველ გვერდზე (#13) ჩანახატი გამოქვეყნდა: „გახსოვთ?.. როგორ არა… მშვიდობით“!

„უამრავი ხალხი. უამრავი ცრემლი. უამრავი სამძიმრის სიტყვა. კიდევ, მწუხრიანი ღიმილიც, წარსულის ტკბილადმოსაგონარი ამბების გახსენებისას…

დღეს, ორ საათზე, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში ნოდარ ახალკაცს დაკრძალავენ. კაცს, რომელმაც მთელი საქართველო არა ერთხელ და ორჯერ აზეიმა, 81-ში კი სიხარულით ზეცას სწია. ამიტომაც ემადლიერება და აფასებს მას ყველა, მის მიმართ კრიტიკულად განწყობილნიც კი. დღეს ბოლო დღეა მისთვის პატივის მისაგებად. გუშინ და გუშინწინ ხაბეიშვილის ქუჩაზე მწუხარეთა ტევა არ იყო. დღეს კი მოზღვავება იქნება. ხალხისაც და ცრემლისაც.

წერილები, დეპეშები, სამგლოვიარო ბარათები… მათ თვლა არ აქვთ. ადრესატები ახალკაცების ოჯახი, ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები არიან.

ხაბეიშვილის ქუჩის 75ა კორპუსი. მერვე სართული. კარი ღიაა. ნაცნობ-უცნობი, ფულიანი თუ უფულო, მოსწავლე თუ პროფესორი, ფეხბურთელი თუ მოჭიდავე, მინისტრი თუ რიგითი, ყველა ამ კარის ზღურბლს აბიჯებს. ჭირისუფლებს სამძიმარს ეუბნებიან და უკან, ეზოში ბრუნდებიან. ჯგუფ-ჯგუფად დგებიან, სალაპარაკო თემა ერთია – ნოდარ ახალკაცი. პანაშვიდი ოთხ საათზე იყო დანიშნული, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. სამი, ოთხი, ხუთი… ხალხის ნაკადი არ წყდება. ზოგი გვირგვინით, ზოგი თაიგულით, ზოგიც უბრალოდ, მხოლოდ გულისტკივილით, ყველა წუხს.

ისევ მერვე სართული. ფედერაცია, დინამო, მერანი, მეტალურგი, თსუ, ასკ… ეროვნული და სხვა ნაკრებები, ყველანი ჭირისუფლები არიან, ხელის ჩამორთმევით უსიტყვო სამძიმარს იღებენ. მერე? მერე რამდენიმე ნაბიჯი ოთახისკენ, სადაც ჩვენი ფეხბურთის უგამოჩენილესი კაცის ცხედარი ასვენია, კიდევ სამი-ოთხი ნაბიჯი და ქვითინი.

ცრემლი გულისტკივილია, მონატრებაა, ცოტა მომავლის შიშია, იმ მომავლისა, რომელიც უახალკაცო იქნება. ხაბეიშვილის ქუჩა მანქანებითაა სავსე, ავტოინსპექტორებიც არიან, ქუჩის გარკვეული მონაკვეთი გადაკეტილია, იქ ადგილი არ არის. მინისტრები ერთმანეთს ესალმებიან, გვერდი-გვერდ დადგებიან და, იქით, მერვე სართულისკენ.

დღეს მოსალოდნელია, რომ ახალკაცების ოჯახი საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ასევე საელჩოთა და უცხოელი ფეხბურთის მოხელეთა სამძიმარს მიიღებს.

ყველასგან გამორჩეული ვეტერან ფეხბურთელთა ჯგუფი გახლდათ. გუშინ, პარასკევს, ნოდარ ახალკაცის მეგობრებს მისთვის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ქეიფის გადახდა ჰქონდათ დაგეგმილი. საამისოდ ერთ-ერთმა მათგანმა გერმანიაში ოცი ცალი იმ თასის ასლი დაამზადებინა, 81-ში ახალკაცის თავკაცობით დინამომ თბილისში რომ ჩამოიტანა.

ნოდარ ახალკაცი ამ დღეს ვერ მოესწრო. როგორი თავშეკავებული, კაცური სიხარულით შეხვდა 13 მაისის იმ ღამეს საქართველოს გამხარებელი ვერცხლის თასის მთავარი შემოქმედი. ის თასი საქართველოსია. ის თასი ნოდარ ახალკაცის ხსოვნისა და არდავიწყებისაა.

გახსოვთ? როგორ არა!

ყველაზე ხშირი კითხვა და პასუხი ბოლო დღეებში. დღეს კი, მშვიდობით…

დღეს ყველაფერი მოზღვავდება. ხალხიც და ცრემლიც. დიდ მწვრთნელს ორ საათზე საბურთალოს პანთეონში დაკრძალავენ“.

სარბიელის იმავე ნომრის მეორე გვერდზე დაიბეჭდა გიო ახვლედიანის და ილია ბაბუნაშვილის ჩანახატები. ამ ორი ავტორის სტატიები იმიტომ აღვნიშნე, რომ ნოდარ ახალკაცის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე წიგნი და კრებული გამოიცა და ისინი ყველა გამოცემაში შევიდა.

ამონარიდი გიო ახვლედიანის წერილიდან „გვეთხოვება ქართული ფეხბურთის გაუცინარი ხელმწიფე“:

„ახალკაცის დინამო, ჩვენი ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანი და სტაბილური გუნდი. ეს გუნდი ახალკაცმა შექმნა, მის ხელშივე დაიწყო დაშლა. მაგრამ დიდი და საყვარელი გუნდები ხომ მალე ქრებიან. ასე ამბობდა ელენიო ერერა და ასეცაა.

ნოდარ ახალკაცი ფეხბურთის გაუცინარი ხელმწიფე იყო. ის იცავდა და უვლიდა თავის სამყაროს მთელი ძალითა და ხასიათით, რადგან ეს სამყარო ძვირფასი იყო მისთვის. ის ჭკვიანი და ფიქრიანი კაცი გახლდათ. დღევანდელ ქვეყანაში ალბათ, არავინ იცოდა ბურთის ავან-ჩავანი ისე, როგორც მან. მას უყვარდა ფეხბურთი. ფეხბურთი ხომ მისი სამყარო იყო. ამ სამყაროში კი ქუდმოუხდელს არავის შეუშვებდა.

მისი ფეხბურთი გამარჯვებული იყო. მისი სამყარო რთული და ძლიერი. ეგებ, სხვაგან და სხვა ეპოქაში სულ სხვაგვარი ადგილი სჭეროდა, მაგრამ ის თავისი დროის შვილი იყო. მისი ღონიერი და ძლიერი ფიგურა მისი ფეხბურთის საზღვართან იდგა. ნოდარ ახალკაცი იცავდა თავის სამყაროს, სამყაროს, რომელიც თავადვე შექმნა და რომელიც გასაოცრად და ჩუმად უყვარდა. აკი არ იყო ლამაზი სიტყვების, მოხდენილი კოსტიუმების, იაფი ნაბიჯების მოყვარე.

ის ფიქრის კაცი გახლდათ. ფიქრის და ფეხბურთის“.

ილია ბაბუნაშვილმა კი ჩანახატში „ასეთი დამამახსოვრდა“, ევრო 2000-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრის დროს სფფ-ის პრეზიდენტთან შეხვედრა გაიხსენა:

„ნოდარ ახალკაცზე ლეგენდები არ შეთხზულა. თავად არ აძლევდა მსურველთ ამის საშუალებას. იმარჯვებდა იმიტომ, რომ შეეძლო. შესაძლოა, ვინმე უხეში პასუხით გაენაწყენებინა, მაგრამ ამას რაიმეს დასამტკიცებლად არ აკეთებდა. ხმას არ ამოიღებდა და არა იმიტომ, რომ ამ დუმილით თავის დიდკაცობას ამტკიცებდა, არამედ იმიტომ, რომ დუმილი უნდოდა, მეტი არაფერი. უცბად თუ დაიწყებდა ლაპარაკს, მოყვებოდა მთისას, ბარისას, იხუმრებდა. მოკლედ, იყო კაცი თავისებური და უთუოდ ძლიერი. ჩემზე ასეთი შთაბეჭდილება დატოვა.

იმ დილით, გენტში, სასტუმროში გამოგვიარა ჟურნალისტებს და ბრიუსელის აეროპორტში წაგვიყვანა. მთელი გზა ხმა არ ამოუღია. ფაქტია, ბრიუსელში მის გარეშეც ჩავიდოდით, მაგრამ მგონი, რომ არ გამოევლო, ნოდარ ახალკაცი არ იქნებოდა. გამოგვიარა და ხმა არ ამოუღია.

ბრიუსელის აეროპორტში გრძელი დერეფანია, ალბათ კილომეტრზე მეტი. მოძრავი ესკალატორი შიგადაშიგ წყდება, მგზავრები თავიანთ ჭიშკრებთან რომ ჩამოვიდნენ. ჭიშკრებთან თვითმფრინავებია მიყენებული, შენობიდან პირდაპირ ლაინერში შედიხარ. ჩვენი თვითმფრინავი დერეფნის ბოლოს იდგა.

შედგები ესკალატორზე, გასრიალდები ორმოცდაათ მეტრზე მეტს, ჩამოხვალ, გაივლი ხუთ-ათ მეტრს და ისევ ესკალატორზე შედგები. ახალკაცს სიარული უჭირდა. დერეფანში მარტო მე და ის მივდიოდით, სხვები ჩამოგვრჩნენ. გაფრენამდე წუთები იყო დარჩენილი. მივდივართ ნელა, ესკალატორის სისწრაფით. ცხადია ჩუმად. ვცდილობ ისე ვიდგე, ესკალატორიდან ჩასვლა-შედგომისას თუ საჭირო გახდა ხელი შევაშველო. თან არ მინდა ეს ვაგრძნობინო. ხმა არ ამოუღია. არც მე.

ასე მგონია ნოდარ ახალკაცი სიკვდილს ლოგინში ვერ დაელოდებოდა. ალბათ, კარგად იცოდა რაც ელოდა. მაგრამ ასეთი იყო.

ვფიქრობდი, როგორც ჟურნალისტი, წესით მომენტით უნდა ვსარგებლობდე, უნდა ვცდილობდე ინტერვიუ ჩამოვართვა-მეთქი, მაგრამ გული ჩუმად ყოფნას და დაკვირვებას მკარნახობდა. რაც შევნიშნე, ეს იყო. მეტის გახსენება აღარაა საჭირო.

ჩემზე უკეთ ის იტყვის, ვინც წლების განმავლობაში იცნობდა. მოგონება მოგონებას ხელს არ შეუშლის. არც ამ წერილს აქვს ჩანახატზე მეტის პრეტენზია“.

გაზეთმა 11X11-მა 28 და 30 იანვრის ნომრები თითქმის მთლიანად ნოდარ ახალკაცს დაუთმო. გამოქვეყნდა იმ ვრცელი ინტერვიუს სრული ჩანაწერი, რომელიც ჟურნალისტებმა ფედერაციის პრეზიდენტთან 24 იანვარს, მისსავე კაბინეტში ჩაწერეს. ახალკაცს დავით ცაბაძე, მიხეილ ჯაში და ფოტოკორესპონდენტი ზურაბ გენგიური ესტუმრნენ, ის კი სტუმრებს ვიცე-პრეზიდენტის, ნოდარ ანდრიაძის თანხლებიტ დაუხვდა.

90-იანი წლების ქართული სპორტული პრესა ნამდვილად კარგად მახსოვს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ფეხბურთის დამოუკიდებლობის პირველ ათწლეულში, 1990 წლიდან გარდაცვალებამდე, სფფ-ის პრეზიდენტს ასეთი ვრცელი ინტერვიუ სხვა გამოცემისთვის არ მიუცია.

11X11-ის ორ ნომერში განაწილებული ტექსტი ძალიან საინტერესოა, თუმცა დღევანდელ ჩანახატში იმ ინტერვიუს მხოლოდ მცირე ნაწილს შემოგთავაზებთ, ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანს, სადაც ახალკაცი მთავარ საკითხებს მიმოიხილავს, მათ შორის 1997 წლის მიწურულს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან გახმაურებულ დაპირისპირებას.

„ვინც ეს დაპირისპირება წამოიწყო, მას ქართული ფეხბურთის კეთილდღეობა არ უნდა. ისინი რვა წლის განმავლობაში მარტო ნეგატიურს ხედავენ, პოზიტიური კი არაფერი დაუნახიათ…

სფფ ასწრებს მოვლენებს, ეგაა, ეკონომიკა და დემოკრატია ვერ გვიწყობს ხელს, რის გამოც ხდება ასეთი ლაფსუსები. თქვენ ამას დაპირისპირებას ეძახით. ეს დაპირისპირება კი არაა, არამედ სახელმწიფო მანქანის მოქმედება პატარა ორგანიზაციის მიმართ, რომელიც მონურად მორჩილი არ აღმოჩნდა და არ დაუკრა თავი იმას, რასაც დიდი ზიანი შეეძლო მოეტანა ქართული ფეხბურთისთვის…

ჩვენ არ გავჩერდებით. იმ ხალხმა, ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი უნდა აგონ. ისე კი არა, რომ ორიოდ სიტყვით გაიკიცხონ. თუ სახელმწიფოს მოვლენების სწორი ხედვა აქვს, აანალიზებენ და დასკვნებს აკეთებენ, უნდა მიხვდნენ, რომ სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის და იუსტიციის მინისტრის მოადგილის ხელმოწერებმა, ფაქტიურად, დიდი დარტყმა მიაყენა ხელისუფლების ავტორიტეტს, შეარცხვინა ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო მასშტაბით, რამაც გამოიწვია ძალიან დიდი ვნებათაღელვა, რომელიც საერთოდ არ იყო საჭირო…

ასეთი თამაში და ვაკხანალია ჩვენ ქვეყანას წინ ვერ წაიყვანს. უფრო მეტიც, ვიტყოდი, რომ ეს ტერორია. ჩვენ ქვეყანას სტაბილიზაცია, მოვლა-პატრონობა და საქმის კეთება სჭირდება. თქვენ იცით, რომ რაიონის სასამართლომ აბუჩად აგვიგდო. ქალაქის სასამართლომ რაიონულის გადაწყვეტილებას ცოტა სხვაგვარი შეფასება მისცა. გვითხრეს, რადგან პრეზიდენტმა რეაგირება მოახდინა და თითქოს პრობლემაც აღარ არსებობს, ამით უნდა დავკმაყოფილდეთ, მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით. ის მორალური ზიანი, რომელიც სფფ-მ განიცადა, კომპენსირებული უნდა იყოს…

ქვეყნის პრეზიდენტი იძულებული გახდა ჩარეულიყო საქმეში, მაგრამ ამას გაგრძელება უნდა მოჰყვეს. დესტაბილიზაციის გამომწვევებმა პასუხი უნდა აგონ. ბატონი შევარდნაძის იდეა იყო და ჩვენც დიდი ხანია გვსურს შემუშავდეს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა. შეიქმნა კომისია, რომელშიც ისევ ის ხალხია თავმოყრილი, ვინც ყველაფერი ეს მოაწყო. როგორ გგონიათ, ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ? არასდროს! რა უნდა ისეთ კაცს ამ კომისიაში, რომელმაც გუშინ ასეთ რამეს მოაწერა ხელი? ან კი შეუძლია მას რაიმე პროგრამის შედგენა?

სახელმწიფოს ფუნქციაა ქვეყნის პოლიტიკური მართვა და არა ორგანიზაციების საკადრო საქმეში ჩარევა. იცით, რომ ჩვენთან უკანონოდ შემოსულები არიან შესამოწმებლად. საფუძველი კი საპარლამენტო კომისიის გადაწყვეტილებაა. ვინ ჰკითხავს საპარლამენტო კომისიას, რომ აქ კონტროლის პალატა შემოიყვანა? ერთ უკანონობას მოჰყვება მეორე, მეორეს მესამე და ამგვარად, უკვე მთელი რგოლია ჩამოყალიბებული…

ზოგს ჰგონია, რომ რახან დიდი ფეხბურთელი იყო, მისი აზრი ჭეშმარიტებაა. ფეხბურთელობა სხვა პროფესიაა და მწვრთნელობა – სხვა. ბევრს უნდა ფეხბურთის ისტორია თავისი პერსონიდან დაიწეროს. ისინი ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ…

ვისაც არ ეზარებოდა, ყველამ მაკრიტიკა. ჩემგან სადმე გაგიგიათ მეთქვა, ხახალეიშვილი ვერ აწონეს, ან საერთოდ, ვინმეზე, როდისმე რამე მითქვია?! არ არის ჩემი საქმე სპორტის დეპარტამენტის შეფასება. შე კაი კაცო, შენ რომ გავალია რაღაცა და ვერ აკეთებ, მე რომ მავალია და ვაკეთებ, ამასთან ჩემი სწავლებაც გინდა… მომრავლდა საქართველოში უვიცი ხალხი. ამიტომაა პროგრესი რომ არ არის. ყველამ თავის საქმე რომ აკეთოს, წინ წავა საქმე…

აქ ჩამოიყვანესო მიფსუდი და იუჰანსონი, დაგვცინოდნენ. მიფსუდი იურიდიულ და მსაჯთა კომიტეტების თავმჯდომარეა, უეფას აღმასკომის წევრია, დიდი ხანია მალტის ფედერაციას უდგას სათავეში. ევროპის ერთ-ერთი წამყვანი იურისტია. უეფა 32-დან 51 წევრიანი რომ გახდა და ახალი წესდება დასჭირდა, სამი წელი იმუშავა ახლის შესაქმნელად. ჩამოვიდა ეს კაცი და ეუბნება, ნუ ერევით სფფ-ის საქმიანობაში, თორემ დაისჯებითო. ვინ არისო მიფსუდი…

51-მა ქვეყანამ წარადგინა იუჰანსონი ფიფას პრეზიდენტობაზე. ყველა წესის მიხედვით, მისი საქართველოში ჩამოსვლა დიდი პატივი უნდა იყოს. და განა მარტო საფეხბურთო წრეებისთვის, ეს სახელმწიფოსთვისაც დიდი პატივია. რა გააკეთა მან ცუდი აქ ჩამოსვლით? ნახა სტადიონი, სადაც უეფამ 250 ათასი შვეიცარიული ფრანკი გადმორიცხა. ეს ხომ მათი ფულია და არა ჩვენი. გახსნა თბილისში პროგრეს-კურსები, ბავშვებს ჩააცვეს ფორმები… აქ კი დასცინიან, ვინ არის იუჰანსონი, რა უფლება აქვს ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში რომ ერევაო. როგორ უნდა წავიდეს საქართველოს საქმე წინ, როცა ამხელა პიროვნების ჩამოსვლას ასეთი შეფასება ეძლევა?

სკამს არ ვებღაუჭები, არც ჯანმრთელობის მდგომარეობა მიწყობს ხელს და არც ახალგაზრდა ვარ. ნელ-ნელა ცხოვრება დალაგდება. ეს უტვინო ხალხი წავა. აბა როგორ ძმებო, ამხელა ამბიციებითა და ბოღმით სავსე ხალხი უნდა წავიდეს. უნდა მოვიდნენ სათავეში ისეთები, ვისაც მუშაობა შეუძლია და შედეგს მოიტანს მათი სამსახური“.

როცა ნოდარ ახალკაცი უცხოეთში მკურნალობდა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობას ალექსანდრე ჩივაძე ასრულდებდა.

31 იანვარს, აღმასრულებელი კომიტეტის თანხმობით, სფფ-ის წესდების შესაბამისი მუხლი ამოქმედდა და დიდი დინამოს დიდი კაპიტანი კიდევ ერთხელ გახდა ჩვენი ფეხბურთის პირველკაცი, ამჯერად ივლისში დანიშნული საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის დასრულებამდე.

1998 წელი ქართული ფეხბურთისთვის მძიმედ დაიწყო.

ლაშა გოდუაძე
2026 წლის 2 აპრილი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
* – 2026 წლის 2 აპრილს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian