ეროვნული ნაკრების ისტორია: ინგლისი 2:0 საქართველო (I ნაწილი)
სირცხვილია!
კიდევ ერთი უმძიმესი დარტყმა სომხურ ფეხბურთზე!
ნგრევა თბილისში!
ძნელი გზა და დიდი სირცხვილი…
ხორენ, ბიჭები ხელს გიშლიან?
სომხური სპორტული პრესა ეროვნული გუნდის თბილისში განადგურებას მწვავედ გამოეხმაურა. ფუტბოლ პლიუსში, პოლორაკში, ჰაიასტან კომუნისტსა და სხვა გამოცემებში მატჩის მიმოხილვა ზემოთ მოყვანილი სათაურებით გამოქვეყნდა, გაზეთმა მარზაკან ჰაიასტანმა კი დაწერა:
„ჩვენ გვყავს ჩინებული მწვრთნელები: მარქაროვი, ანდრეასიანი, ზანაზანიანი… რატომ არ ვანდობთ მათ ნაკრების საჭეს? 0:7 ჩილესთან და 0:7 საქართველოსთან. კმარა წაგებები! 30 აპრილს ჩრდილოირლანდიელებს ვმასპინძლობთ და მოგება გვჭირდება“.
აპრილის პირველ რიცხვებში სომხეთის ფეხბურთის ფედერაციაში რამდენიმე საგანგებო სხდომა გაიმართა. მიზანი ერთი იყო, ნაკრების შველა და შედეგების სასწრაფოდ გამოსწორება. არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ისხდნენ უსაქმოდ, თუმცა 7 აპრილს გამართული პრესკონფერენციის მიზანი დავით ყიფიანის გუნდის თამაშის მიმოხილვა კი არა, სომხეთთან მატჩის საორგანიზაციო შეცდომები იყო. ჟურნალისტებს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ ანდრიაძემ და ფედერაციის კომერციული სამსახურის უფროსმა რევაზ შავდიამ უმასპინძლეს. ეს უკანასკნელი იმიტომ დაესწრო შეხვედრას, რომ 30 მარტს სტადიონზე გულშემატკივართა შესვლის საკითხი სწორედ მას ჰქონდა დავალებული. თავდაპირველად ანდრიაძემ ისაუბრა:
„ბევრმა გვისაყვედურა, რომ სომხეთთან მატჩზე დასასწრები ბილეთი ძვირი, ხუთი ლარი ღირდა. ეს ფასი ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში გამართული ამ რანგის თამაშის ბილეთის ფასის მხოლოდ თხუთმეტი პროცენტია. გვესმის, რომ ახლა ყველას უჭირს, აწი ამასაც გავითვალისწინებთ…
ყველას მოგეხსენებათ, რომ ეროვნული გუნდების თამაშების უკეთ ორგანიზებისთვის ქალაქის მერიაში თათბირი იმართება ხოლმე. ახლაც ასე იყო და თითქმის ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ სტადიონზე სრული წესრიგი უნდა ყოფილიყო. ჩვენი ძირითადი პრობლემა უბილეთო გულშემატკივრებია, ამას ვერაფერი მოვუხერხეთ. კიდევ კარგი მატჩის დელეგატი ქართველი იყო, თორემ ფიფას გამოგზავნილი აუცილებლად დაგვაჯარიმებდა…
ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების თამაშების ორგანიზაცია ამჯერად ოცდაექვსი ათასი ლარი დაგვიჯდა, შემოსავალი კი მხოლოდ თხუთმეტი ათასი მივიღეთ. ეს იმიტომ, რომ ტრიბუნებზე გაცილებით მეტი მაყურებელი იჯდა, ვიდრე ბილეთი გაიყიდა…
სტუმრები უმაღლეს დონეზე მივიღეთ, მათ არავითარი პრობლემა არ შექმნიათ. რაც შეეხება ჩვენ ეროვნულ გუნდს, ხომ გაგიგიათ შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვსო? ფეხბურთის ფედერაციამ შესაბამის სამსახურს სთხოვა, რომ მხოლოდ ერთი ღამით მიეცათ უწყვეტად შუქი დიღმის ბაზისთვის, მაგრამ ეს თხოვნა არ შესრულდა. ამიტომ, ნაკრების ხელმძღვანელობა იძულებული გახდა ფეხბურთელები შინ გაეშვა. მეორე დღეს ელექტროენერგიის პრობლემა მხოლოდ გენერატორის და დიზელის საწვავის შოვნით გადაიჭრა. ერთადერთი, რაც უპრობლემოდ შეგვისრულეს, ის იყო, რომ სტადიონს ცხელი წყლის პრობლემა არ ჰქონია…
სტადიონზე რომ უბილეთოებს არ შეეღწიათ, ამისთვის ძალოვან სტრუქტურებს უნდა ეზრუნათ, მაგრამ ისინი, რატომღაც, მხოლოდ მშვიდ მზერას დასჯერდნენ. თუ ასე გაგრძელდა, არ არის გამორიცხული ნაკრების ოფიციალური თამაშები ეროვნულ სტადიონზე აღარ ჩატარდეს. ჯერ ზუსტად არ ვიცით, მაგრამ მოლდოვის ეროვნულ ნაკრებს, ალბათ, ბათუმში ვუმასპინძლებთ, ახალგაზრდული ნაკრებები კი ფოთში ითამაშებენ…
ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისიცაა, რომ იტალიელებმა ეროვნული სტადიონის რეკონსტრუქცია უნდა დაიწყონ. თითქმის ყველა საკითხი შეთანხმებულია და ფინეურო კონსალტინგიც უახლოეს ხანებში დაიწყებს საქმიანობას. ამ საქმეში უეფაც დაგვეხმარება, განათების და ინდივიდუალური სკამების დამონტაჟებას სწორედ უეფა კისრულობს. მათ სტადიონზე შესაშვები ავტომატური სისტემების დაყენებაც შემოგვთავაზეს…
რაც შეეხება ინგლისთან კარსმომდგარ მატჩს, უკვე შედგენილია ხარჯთაღრიცხვა და ყოველივე ასოცდაათი ათასი დოლარი დაგვიჯდება. მგზავრობა ჩარტერული რეისით არ ხერხდება, რადგან ის საკმაოდ ძვირი, სამოცდაათი ათასი დოლარი ღირს“.
სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის შემდეგ ჟურნალისტებს რევაზ შავდიამ მიმართა:
„30 მარტს სტადიონზე შესასვლელი კარები შუადღის ოთხის ნახევრიდან ღია იყო, მაგრამ მალე უბილეთოთა შემოსვლამ მასობრივი ხასიათი მიიღო…
წარმოუდგენელია წესრიგის დამცველთა ასეთი დამოკიდებულება: მოდის კაცი და იძახის, ორგანოს თანამშრომელი ვარ, თან წითელ წიგნაკს ხსნის და შემოსვლას ლამობს. ზოგიერთი მოქალაქეთა კავშირის მოწმობით მოვიდა და გვეუბნებოდა, ჩვენმა უფროსმა კრება სტადიონზე დაგვინიშნაო. თან, მარტო კი არ მოდიოდნენ, ზოგს ორი ან სამი კაცი ახლდა! წარმოიდგინეთ, იმ კარიდან, საიდანაც მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტი შემოდის, სამთავრობო დაცვამ ხუთ ათასამდე კაცი შემოუშვა! როცა ვკითხეთ, ამას რატომ აკეთებთ-თქო, გვიპასუხეს, ხალხი შეშვებას გვთხოვს და უარს ხომ არ ვეტყვითო…
თავიდან ასე იყო დაგეგმილი: ჯერ პოლიციას უნდა მოეწყო კორდონი და ხალხის ტალღა კონტროლიორებამდე არ მიეშვა. მათ მერე ომონი უნდა მდგარიყო. პოლიციამ კი, რატომღაც, სტადიონის ტერიტორიაზე, მესერს შიგნით დგომა არჩია. კონტროლიორებად მსაჯები გავამწესეთ. ამით საქმეს არ ეშველა, პირიქით, მათ შეურაცხყოფაც მიაყენეს…
თითქოს ეს არ კმარაო, მოიყვანა გელა ლანჩავამ კურსანტები და სამასივე ტრიბუნაზე მოკალათდა. არ სჯობდა კონტროლში მოგვხმარებოდნენ“?
ფეხბურთის ფედერაციაში გამართული პრესკონფერენციის ანგარიში თითქმის ყველა სპორტულ გამოცემაში დაიბეჭდა, რასაც რამდენიმე დღეში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპასუხო წერილი, უფრო სწორად ოფიციალური განცხადება მოჰყვა. ნოდარ ანდრიაძეს და რევაზ შავდიას შსს-ის აკადემიის პრესსამსახურის უფროსმა ბორის ძნელაძემ უპასუხა:
„ფედერაციის კომერციული სამსახურის უფროსმა, ბატონმა რევაზ შავდიამ უკმაყოფილება გამოთქვა 30 მარტს, ეროვნულ სტადიონზე გამართული საქართველო-სომხეთის მატჩის წინ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მისული ძალოვანი სტრუქტურების არაპროფესიული მოქმედების გამო, რომლის შედეგადაც სტადიონზე მოხვდა უამრავი უბილეთო გულშემატკივარი და რაც მთავარია, საფრთხე შეექმნა სტადიონის შესასვლელში მოზღვავებულ მაყურებელს.
ბატონი რევაზი საოცარ დილეტანტიზმსა და, რბილად რომ ვთქვათ, არნახულ უმადურობას ამჟღავნებს აღნიშნულ პრობლემასთან მიმართებაში, რაც პირველ რიგში, ამ მატჩზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსანტებისადმი დაკისრებული მოვალეობის აბსოლუტური უცოდინარობით არის განპირობებული. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ: „ბატონმა გელა ლანჩავამ მოიყვანა შსს-ის აკადემიის სამასი კურსანტი და სამასივე ტრიბუნებზე მოკალათდა“.
ბატონი რევაზისთვის ალბათ არ არის ცნობილი, რომ შსს-ის აკადემიის კურსანტები ანალოგიური რანგის საფეხბურთო მატჩების დროს, სათანადო ორგანოებთან შეთანხმებით, წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ უშუალოდ სტადიონის ტრიბუნებზე და სწორედ იგივე მოვალეობა ჰქონდათ მათ დაკისრებული საქართველო-სომხეთის მატჩზეც. მათთვის სტადიონის შესასვლელების გადაკეტვა და, მით უმეტეს, უბილეთო მაყურებლების კონტროლი არავის დაუვალებია.
ასევე, ბატონ რევაზ შავდიას გვსურს ვაცნობოთ, რომ მის მიერ ინტერვიუში მოხსენიებული ეგრეთ წოდებული ომონი საქართველოში კარგა ხანია აღარ არსებობს და ანალოგიურ სამსახურს დღეისათვის სპეციალური დანიშნულების რაზმი ეწოდება.
ჩვენ ისღა დაგვრჩენია იმედი ვიქონიოთ, რომ სამომავლოდ, მსგავს შემთხვევაში, სათანადო ორგანოების მიერ ზედმიწევნით იქნება გააზრებული და განაწილებული თითოეული სამსახურის ფუნქცია-მოვალეობანი და მათ მიმართ უსაფუძვლო პრეტენზიები და ზედმეტი ამბიციები აღარ განმეორდება“.
სანამ სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების ბედზე ბჭობდა, საქართველოში კი ერთი მხარე მეორეს საყვედურობდა სამართლიანად თუ უსამართლოდ, იტალიის ნაკრებმა საფრანგეთი 1998-ის შესარჩევ ტურნირში პირველი ქულები დაკარგა. ჩეზარე მალდინის გუნდი 2 აპრილს პოლონეთს ეწვია და ხოჟუვში, სტადიონ სლასკიზე მასპინძლებთან პაექრობა 0:0 დაასრულა. უემბლის გმირმა, ოცდაათი წლის ჯანფრანკო ძოლამ იმ დღეს ოცდამეათედ ითამაშა ნაკრებში, პირველიდან ბოლო წუთამდე თუმცა ლონდონური გმირობა ვეღარ გაიმეორა. თამაშის შედეგმა ყველა ძალიან ინგლისელთა თავკაცი გლენ ჰოდლი გაახარა:
„პოლონეთში ფრემ ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის შანსი გაგვიზარდა. ახლა უფრო თავისუფლად შეიძლება სუნთქვა. თუ დარჩენილი თამაშები ისე დასრულდა, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, მაშინ სულ ბოლო შეხვედრაში, იტალიაში გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაგვიყვანს. რაც შეეხება მატჩს, ყველამ დავინახეთ რომ პოლონელებთან მათსავე მოედანზე თამაში ჯოჯოხეთური საქმეა…
ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ჩვენ ჯგუფში ქულები მხოლოდ ინგლისი-იტალიის და იტალია-ინგლისის დაპირისპირებებში არ დაიკარგება. ჩვენ პოლონეთში გველის ხიფათი, იტალიას კი საქართველოში…
რაც შეეხება 30 აპრილის მატჩს საქართველოსთან, ის აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ქართველებს ტექნიკური მოთამაშეები ჰყავთ და თუ მათ სივრცეს დავუთმობთ, ხელ-ფეხს გავუხსნით. მოკლედ, მათთან შეხვედრაში ძალთა სრული მოკრება გვმართებს“.
საქართველოს ნაკრების ლონდონში სტუმრობამდე ყიფიანის გაწვრთნილმა დინამომ ხუთჯერ ითამაშა ეროვნულ ჩემპიონატში და ოთხი მოგებით კიდევ უფრო გაიმყარა სატურნირო მდგომარეობა: ზუგდიდის ოდიშს ლევან ხომერიკის დუბლით და გიორგი დემეტრაძის ზუსტი დარტყმით სძლია – 3:1; რუსთავის მეტალურგი გიორგი ანჩაბაძის ერთადერთი გოლით დაამარცხა; 8 აპრილს უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო ბათუმში, კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანა გამარჯვების გოლი – 1:0; გორის დილას კი ასევე ერთი ბურთით სძლია – ხომერიკმა დაარტყა ზუსტად.
ბათუმსა და გორში სტუმრობას შორის კი იყო 16 აპრილის თამაში ქუთაისის ტორპედოსთან თბილისში, ეროვნულ სტადიონზე, რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა და 3:3 დასრულდა: ვაჩიბერაძის, აშვეთიას და შენგელიას გოლებს დინამოელთაგან ანჩაბაძემ, ხომერიკმა და დემეტრაძემ უპასუხეს.
ჩემპიონატში დაწინაურების გარდა დინამო თასის ფინალში გავიდა: 12 და 20 აპრილს ორჯერ დაამარცხა თბილისის მერანი 1991. პირველი ნახევარფინალი დინამოელებმა კახი კალაძის და დემეტრაძის გოლებით მოიგეს – 2:0, საპასუხო თამაშში კი სამი ბურთი გაუტანეს მეტოქეს, დემეტრაძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი ლევან ცქიტიშვილმა შეაგდო.
დინამო-ტორპედოს მშვენიერ მატჩამდე ორი დღით ადრე სარბიელმა სასიამოვნო ამბავი ამცნო მკითხველს და ფეხბურთის გულშემატკივრებს: ტელეკომპანია რუსთავი 2-მა ეთერში დაბრუნება ინგლისის და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა შესარჩევი მატჩის ტელერეპორტაჟით გადაწყვიტა. სარბიელელ მერაბ მამულაშვილთან ინტერვიუში რუსთავი 2-ის დირექტორმა დავით დვალმა თქვა:
„ჩვენ პარტნიორებთან მოლაპარაკება უკვე დამთავრებულია, ასე რომ, შემიძლია განვაცხადო: 30 აპრილს, ღამის თორმეტ საათზე, ტელეკომპანია რუსთავი 2 უემბლიდან გადმოსცემს ინგლისი-საქართველოს მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს. თამაშს კომენტატორები გაუძღვებიან, კონკრეტულად ვინ, ჯერ არ ვიცით, რადგან მათ ახლა ვარჩევთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ისინი ძველი, ცნობილი კომენტატორები არ იქნებიან“.
იმავე ინტერვიუში დავით დვალმა თავი შეიკავა რეპორტაჟის სანაცვლოდ გადახდილი თანხის დასახელებისგან, თუმცა თქვა, რომ ბარტერული გაცვლა მოხდა და ტელეკომპანიის პარტნიორებმა მატჩის ჩვენების სანაცვლოდ სარეკლამო ბლოკის გაშვება მოითხოვეს, რაზეც ქართული მხარე დათანხმდა.
ეს დეტალები ქომაგს ნაკლებად აინტერესებდა. მთავარი ის იყო, რომ გასვლითი თამაში ქართულ არხზე, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ასეთი რამ მანამდე არასდროს მომხდარა. სხვების არ ვიცი და, პირადად მე სტუმრად გამართულ თამაშებს საკაბელო ტელევიზიით ვადევნებდი თვალს (გერმანია, იტალია), უმრავლესობას კი მხოლოდ რადიოთი ვისმენდი.
სასიამოვნო სიახლესთან დაკავშირებით 19 აპრილის სარბიელში კიდევ ერთი ინტერვიუ გამოქვეყნდა – „რუსთავი 2 90-ის ნაცვლად 115 წუთს გვპირდება“. მერაბ მამულაშვილი ამჯერად ტელეკომპანიის პრეზიდენტს ეროსი კიწმარიშვილს ესაუბრა:
„რეპორტაჟს გაუძღვება გოგი ქავთარაძე, მას მიეხმარება გიგა ბოკერია. ისინი ჟურნალისტები კი არიან, მაგრამ სპორტში არაპროფესიონალები გახლავან…
თავდაპირველად ასე ვფიქრობდით: ხომ არ გვეთხოვა რეპორტაჟის გაძღოლა კოტე მახარაძისთვის. ანაც სარბიელის ჟურნალისტებისთვის, ან კიდევ ახალფეხადგმულ კომენტატორებისთვის?
ბოლოს მაინც ასე გადავწყვიტეთ: ისევ ჩვენ კადრებს დავეყრდნობით, რადგან ჩვენვე ვიტვირთეთ ესოდენ დიდი პასუხისმგებლობა. არ გვსურს რაიმე ნაკლის შემთხვევაში პასუხისმგებლობა თავიდან მოვიხსნათ და სხვას გადავაბრალოთ, იმან ვერ ივარგაო. ჩვენი ბრალი იქნება, თუ რეპორტაჟი კარგი ვერ გამოვიდა და სხვასაც ვერაფერს დავაბრალებთ“.
„მაშინაც კი, როცა სპორტულ თემატიკაზე მუშაობა არ მევალებოდა, მუდამ სპორტის განყოფილებას ვეხმარებოდი. თანაც, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი ვარ და ვერკვევი კიდეც მიმდინარე საფეხბურთო ამბებში…
მე და გიგა სპორტში არაპროფესიონალები ვართ, თუმცა ეს არ გვაშინებს, მით უფრო, რომ პირდაპირ ეთერში გადაცემების გაძღოლის გამოცდილება გაგვაჩნია. მოკლედ, ეს საქმე ჩვენთვის უცხო ხილი არ არის“, – აღნიშნა გოგი ქავთარაძემ სარბიელთან ინტერვიუში. წლების შემდეგ ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა, 2005-2009 წლებში უმცროსი ნოდარ ახალკაცის გუნდის წევრი იყო პირველი ვიცე-პრეზიდენტის სტატუსით.
ინგლისში სტუმრობამდე სამი კვირით ადრე დავით ყიფიანმა ლევან კობიაშვილი მოისაკლისა. ვლადიკავკაზის სპარტაკ-ალანიის ცხრამეტი წლის შემტევი მცველი რუსეთის ჩემპიონატის მესამე ტურში, სანკტ-პეტერბურგის ზენიტთან შეხვედრაში დაშავდა. თავდაპირველად ითქვა, რომ ლევანს დაახლოებით თვენახევარი გაუცდებოდა, მაგრამ საგულდაგულო შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას მხოლოდ მხრის ტრავმა ჰქონდა. კობიაშვილმა ოპერაცია გაიკეთა და აპრილის მიწურულს ვარჯიშიც განაახლა, თუმცა ყიფიანის საბოლოო სიაში მაინც ვერ მოხვდა.
დაახლოებით იმავე პერიოდში დაიწერა ტონი ადამსის შესახებაც. ლონდონის არსენალის თავკაცმა არსენ ვენგერმა დაადასტურა, რომ კაპიტანს კოჭი აწუხებდა და დიდი ალბათობით, ქართველების წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა, თუმცა ოცდაათი წლის მცველმა გამოჯანმრთელება მოასწრო და უემბლიზე ძირითადშიც ვიხილეთ. ის მხოლოდ მატჩის მიწურულს შეცვალა გარეთ საუთგეიტმა. ეს უკანასკნელი კი იმით შემორჩა ფეხბურთის ისტორიას, რომ პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ გაიყვანა გუნდი ევროჩემპიონატის ფინალში და ორივე გადამწყვეტი მატჩი დათმო, მათ შორის შინ, უემბლიზე.
გლენ ჰოდლისთვის ადამსზე მნიშვნელოვანი იყო ნიუკასლ იუნაიტედის ლიდერის ალან შირერის დროული დაბრუნება. ჰოდლმა, როგორც კი ნაკრები ჩაიბარა, კაპიტნის სამკლაური სწორედ შირერს გადასცა. იმ დროს ალანი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეც გახლდათ: ევრო 1996-ის შემდეგ ნიუკასლ იუნაიტედმა მის სანაცვლოდ თხუთმეტი მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა ბლექბერნ როვერსს.
პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს საზარდულის ტრავმის გამო მარტში რამდენიმე შეხვედრა გაუცდა და ვერც მექსიკასთან ამხანაგურ მატჩში ითამაშა, თუმცა აპრილის დასაწყისში მინდორს დაუბრუნდა და საქართველოს ნაკრებთან თამაშამდე პრემიერლიგაში ოთხი გოლიც შეაგდო: ლონდონის ჩელსის დუბლი შეუსრულა, სანდერლენდი და დერბი ქაუნთი კი თითო გოლით დასაჯა. უემბლის თამაშამდე ცხრა დღით ადრე გლენ ჰოდლმა და დავით ყიფიანმა გაფართოებული შემადგენლობები გვამცნეს. რჩეულ ინგლისელთა სია ასეთი იყო:
მეკარეები: დევიდ სიმენი (ლონდონის არსენალი), იან უოქერი (ლონდონის ტოტენჰემ ჰოთსფური), ტიმ ფლაუერსი (ბლექბერნ როვერსი), ნაიჯელ მარტინი (ლიდს იუნაიტედი)
მცველები: გარი და ფილ ნევილები, გარი პალისტერი (სამივე მანჩესტერ იუნაიტედი), ტონი ადამსი, მარტინ კიოუნი (ორივე არსენალი), გრემ ლე სო (ბლექბერნ როვერსი), გარეთ საუთგეიტი (ბირმინგემის ასტონ ვილა), სოლ კემპბელი (ტოტენჰემ ჰოთსფური), სტიუარტ პირსი (ნოტინგემ ფორესტი)
ნახევარმცველები: დევიდ ბექემი, ნიკი ბათი (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი), დევიდ ბეტი, რობერტ ლი (ორივე ნიუკასლ იუნაიტედი), სტივ მაკმანამანი, ჯეიმი რედნაპი (ორივე ლივერპული) და ნაკრების ერთადერთი ლეგიონერი, მილანის ინტერში მოთამაშე პოლ ინსი
თავდამსხმელები: ალან შირერი, ლეს ფერდინანდი (ორივე ნიუკასლ იუნაიტედი), რობი ფაულერი (ლივერპული), იან რაიტი (არსენალი), ტედი შერინგემი (ტოტენჰემ ჰოთსფური).
რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე თვრამეტი მოთამაშე მიიწვია:
მეკარეები: ირაკლი ზოიძე (თბილისის დინამო), ნიკა ტოგონიძე (ბათუმი)
მცველები: მამუკა მაჭავარიანი (დინამო), გელა შეყილაძე (ბათუმი), კახი ცხადაძე, მურთაზ შელია (ორივე ვლადიკავკაზის სპარტაკ-ალანია, რუსეთი), ნუგზარ ლობჟანიძე (მოსკოვის ცსკა, რუსეთი), გიორგი ჩიხრაძე (დონეცკის შახტარი, უკრაინა)
ნახევარმცველები: კახი გოგიჩაიშვილი (დინამო), გიორგი ნემსაძე, გოჩა ჯამარაული (ორივე ტრაბზონსპორი, თურქეთი), გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), თემურ ქეცბაია (ათენის აეკ, საბერძნეთი), გოგა გახოკიძე (სპარტაკ-ალანია, რუსეთი)
თავდამსხმელები: შოთა და არჩილ არველაძეები (ორივე ტრაბზონსპორი, თურქეთი), მიხეილ ყაველაშვილი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), გოჩა გოგრიჭიანი (სოჭის ჟემჩუჟინა, რუსეთი).
„თბილისიდან 25 აპრილს გავემგზავრებით სტამბოლი-ლონდონის რეისით. მეორე დღიდან ორჯერადი ვარჯიშები გვექნება, მხოლოდ მატჩის წინა დღეს არ ვივარჯიშებთ დილით, საღამოს მივაკითხავთ უემბლის…
სომხეთთან თამაშის შემდეგ სანაკრებო სიას მამუკა მაჭავარიანი და გოჩა გოგრიჭიანი დავამატე. მაჭავარიანი უკანა მცველის პოზიციაზე საუკეთესოდ თამაშობს, თან, ამ დრომდე გაურკვეველია ლევან კობიაშვილის საკითხი. დიდი შანსია მან უემბლიზე ვერ ითამაშოს, ამიტომ მამუკა ჩვენთან ერთად უნდა იყოს…
რაც შეეხება გოჩას, ის გამოცდილი ფეხბურთელია, სოჭის ჟემჩუჟინის ერთ-ერთი ლიდერია და რადგან გამოვიძახე, ესე იგი ვენდობი. მას დაცვის გარდა ნებისმიერ სხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში, უნივერსალია და ასეთი მოთამაშეები ძალიან გვჭირდება“, – განაცხადა ეროვნული გუნდის თავკაცმა.
26 აპრილს სარბიელმა ერთი სასიამოვნო სიახლე ამცნო მკითხველს: თემურ ქეცბაიამ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა ნიუკასლ იუნაიტედთან. საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი ოფიციალური გოლის ავტორი ჩრდილოინგლისურ კლუბს ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდებოდა. ნიუკასლი იმ წლების პრემიერლიგის ერთ-ერთი ფლაგმანი იყო: 1996 წლის გაზაფხულზე სულ ბოლოს დაკარგა ჩემპიონის ტიტული, 1997 წლის აპრილში კი კვლავ მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი კონკურენტი იყო…
იმავე დღეებში გავრცელდა ხმები, რომ არველაძეები ტრაბზონსპორს დატოვებდნენ. აჩრილის თქმით, გუნდის ახალი მწვრთნელის ხელში კლუბში სიტუაცია აირია. ამას გარდა, არჩილიც და შოთაც ხშირად ამბობდნენ, რომ სხვა, უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში ასპარეზობა სურდათ, რადგან თურქეთის პირველობაზე საკუთარი თავი საკმარისზე მეტად გამოსცადეს.
ეროვნული თამაშის გასაშუქებლად სარბიელმა ლონდონს ოთხი ჟურნალისტი მიავლინა: ზურაბ მეძველია, ილია ბაბუნაშვილი გიო ახვლედიანი და მამუკა კვარაცხელია. მათ გარდა ინგლისის დედაქალაქს კიდევ არაერთი ქართველი მიმომხილველი ეწვია. ყველამ ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებთან ერთად იმგზავრა, დელეგაცია დათქმულ დროს, თბილისი-სტამბოლი-ლონდონის ავიარეისით ეწვია ნისლიან ალბიონს.
ჩვენი გუნდი ლონდონის გარეუბანში, სასტუმრო სოპუელ ჰაუსში დაბინავდა. იქვე შეუერთდნენ გუნდს გიორგი ქინქლაძე და მიხეილ ყაველაშვილი. ნაკრებთან ერთად იყო კახი ცხადაძეც, თუმცა დავით ყიფიანი ეჭვობდა, რომ კაპიტანი უემბლიზე ვერ ითამაშებდა:
„ცხადაძის თამაში თითქმის გამორიცხულია, კუნთი აქვს ჩაწყვეტილი. მცირე ტრავმები აწუხებთ ზოიძეს და გოგიჩაიშვილს. მათი ამ დღეში ყოფნა გორში თამაშის, უფრო ზუსტად მსაჯის ბრალია, რომელმაც უხეშობა ვერ აღკვეთა“, – უთხრა მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ მეძველიას.
საავტორო სვეტში „პირდაპირ თვითმფრინავიდან“ (1997 წლის 26 აპრილი) გიო ახვლედიანმა დაწერა:
„ახლა მანდ შაბათია და საქართველოს ნაკრების უემბლიზე გასვლამდე ოთხი დღე დარჩა. ამ არცთუ დალაგებულ სვეტს რომ ვწერ, პარასკევს ადრიანი დილაა და მე მრავალ სხვა ადამიანთან ერთად ცაში ვიმყოფები. დაბლა მხოლოდ ღრუბლებია და, თქვენ წარმოიდგინეთ, არცერთი სტადიონი არ ჩანს.
სტადიონი იმიტომ ვახსენე, რომ ეს ჩემი სვეტი სპორტულია, ძირითადად კი საფეხბურთო, თორემ დილის რვა საათზე ფეხბურთზე ფიქრი და ლაპარაკი, მეტი რომ არ ვთქვათ, სისულელეა. მით უმეტეს, რომ მთელი ღამე ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყურებაში გაქვს გატარებული და თვითმფრინავშიც იმიტომ ზიხარ, რომ ფეხბურთის საყურებლად მიგიწევს გული.
მაშ ასე… ქართველი ფეხბურთელები პირველად მიემგზავრებიან უემბლიზე სათამაშოდ. მე ცოტა ხნის წინანდელი ამბავი მახსენდება: როგორ უთრთოდა ხმა რაიუნოს ტელეეკრანიდან მომზირალ ჯანფრანკო ძოლას: ხვალ უემბლიზე გავდივართ და გული მიფრთხიალებს, ამგვარი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში ჯერ არ ყოფილაო…
ამ სიტყვებიდან ოცდაოთხი საათის შემდეგ ჯანფრანკომ თავისი ბავშვობის ოცნება აიხდინა, უემბლიზე გავიდა, გოლი გაიტანა და იტალიას მოაგებინა.
დიახ, ფეხბურთელები ის ხალხია, ოცნებები რომ აუხდებათ ხოლმე, მაგრამ ამ ოცნებათა ასახდენად წლობით ღვრიან ოფლს.
რატომ გამახსენდა ეს ამბავი? იმიტომ, რომ თურქული ავიაკომპანიის თვითმფრინავი, რომელსაც მე ავედევნე, ქართველი ფეხბურთელებითაა სავსე.
ჩემი სავარძლიდან ასე ჩანს, რომ ბიჭები ჩინებულ ხასიათზე არიან. ღმერთმა ქნას, ეს ხასიათი ბოლომდე გაჰყვეთ და მსოფლიოს ყველაზე მწვანე, ყველაზე სწორ, ყველაზე მეტად გრძნეულ მინდორზე გასულებმა…
აი, აქ კი დავფიქრდი. ასე გაჩვეულ, გაცვეთილ, ფეხბურთზე მოლაპარაკე კაცთათვის ნაცნობ სიტყვებს მივადექი: „მაქსიმუმი უჩვენონ“.
განა ეს ის სიტყვებია, საქართველოს ნაკრებთან ერთად თვითმფრინავში მოხვედრილმა კაცმა რომ უნდა თქვას დილის რვა საათზე? „მაქსიმუმი უჩვენონ“ – ეს ნულია, ეს არაფერია, იმიტომ რომ, ასე ცივად ნათქვამს ცივი ამბებიც მოჰყვება.
ზოგადად, მინდოდა მეთქვა, რომ კარგია, როცა ფეხბურთელს ოცნება აუხდება ხოლმე. მე ის გამიხარდება, რომ თუ ყველას არა, ხუთს მაინც, თუნდაც ოთხს, სამს, ორს და ერთსაც კი, აუხდეს ოცნება ოთხშაბათს საღამოს.
ძოლას ნათქვამი სწორედ იმიტომ გამახსენდა ამ შუა ხმელთაშუა ზღვის თავზე, თორემ აგერ, ჩემს გვერდით ერთი ინგლისელი ძიაკაცი ზის და მეოთხე საათია იახტების გამო შედგენილ რაღაც ჟურნალს კითხულობს. ამას რა უჭირს? თავი ქუდში აქვს.
მოკლედ, მთელი თვითმფრინავი ფეხბურთელებითაა სავსე, ძიაკაცს კი თავი ქუდში აქვს. რას არ შეხვდები საერთაშორისო რეისზე ან ვის არ შეხვდები! მათ შორის ქართველებსაც, რომლებსაც ძალიან უყვართ ოცნება, თვითმფრინავის სალონში მოუსვენრად სიარული და სიგარეტის წევა, რითაც ძალიან წუხს ჩემი მეზობელი ინგლისელი ძიაკაცი.
ჰოდა, სწორედ ამაზე გამახსენდა – ეგებ შეგვეწუხებინა ინგლისელები, ოღონდ ცოტათი სხვანაირად, ცოტათი სხვაგან – ცის ნაცვლად მიწაზე, მსოფლიოს უმწვანეს მინდორზე, იქ, უემბლიზე!
ვნახოთ. ჯერ გვაცალონ ციდან მიწაზე დაშვება. იქიდან უფრო დაწყობილად მოგახსენებთ“.
არანაკლებ საინტერესო იყო სარბიელის იმავე ნომერში გამოქვეყნებული ილია ბაბუნაშვილის პირველი ლონდონური რეპორტაჟი „250 ქართველი ხუმრობაა“?!:
-მოსაგებად ჩამოხვედით?
-რა თქმა უნდა.
-მაშინ ქვეყანაში არ შეგიშვებ.
-ნუ შემიშვებ.
-კეთილი, შეგიშვებ, მაგრამ იცოდე: სამით ნოლი იქნება ინგლისის სასარგებლოდ.
-არასოდეს.
-ხუთით, ხუთით ნოლი.
ამის შემდეგ მე და ლონდონელმა მებაჟემ ორიოდ სიტყვით გიო ვახსენეთ, ბოლოს კი, გვეყო, თორემ ამ თემას თუ შევყევით, კარგა ხანს გაგვიგრძელდებაო დამშვიდობება.
ეს მებაჟე ჩვენ ფეხბურთელებს, ალბათ, არ გადაეყრებოდა, რადგან საქართველოს საფეხბურთო დელეგაციას ინგლისელი კოლეგები დახვდნენ და, თუ არ ვცდები, რაღაც სხვა გზას სწიეს. მე და სარბიელის დარბაისელი მესვეტე კი ჩვეულებრივ, სამოქალაქო წესების დაცვით მოვხვდით ქალაქში, სადაც ჩემი პირველი შთაბეჭდილებით, ინგლისელი ყოველ ათ კაცში დიდი-დიდი სამია.
ხოლო მანამდე, თბილისი-სტამბოლი-ლონდონის რეისით ჩვენ და ნაკრებმა ერთად ვიმგზავრეთ.
სარედაქციო დავალებას, ჩვენების მგზავრობა აღწერეო, რაღა დაგიმალოთ და, იმთავითვე ოდნავი ეჭვით შევხვდი. ცხადია, ქართველ გულშემატკივრებს თავიანთი გუნდის ყოფის ყოველი წვრილმანი აინტერესებთ, მაგრამ მგზავრობა ცოტა უცნაური საწერია. თავად წარმოიდგინეთ, რა უნდა ექნათ დილის ექვსის ნახევარზე თბილისის აეროპორტში მისულ ბიჭებს დაახლოებით ხუთსაათიანი ფრენისას? ცხადია, მეტწილად ეძინათ. ისინი ჩვეულებრივი მგზავრები გახლდნენ, რომელთაც ვერც შეატყობდი, რომ უემბლიზე უმნიშვნელოვანეს თამაშზე მიემგზავრებოდნენ. მე, ბუნებრივია, მათი განწყობილების „ჩავლებას“ ვცდილობდი და მაინც, იქნებ ამა თუ იმ ფრაზასა თუ გამომეტყველებაში რაიმე შემენიშნა, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
იქნებ სწორედ ესაა კარგის მანიშნებელი, თორემ დამფრთხალ ხალხს, ალბათ, კოჭებში ეტყობა.
მაინც რა იყო განსაკუთრებული? რა და, შოთამ სტამბოლ-ლონდონის აერობუსში ვიღაც შეუძლოდ გამხდარი შენიშნა და დატრიალდა, სტიუარდებსა და სტიუარდესებს აჯობა ყურადღებაში, საქართველოს ნაკრების ექიმს დიმა ზაალიშვილს დაუძახა და ფერწასული მოაბრუნებინა.
კიდევ ის, რომ ჩვენი ეროვნული გუნდის კაპიტანი კახი ცხადაძე თავიდანვე ბიჭებთან იყო, თბილისიდან ლონდონს სხვებსავით, ჩვეულებრივად ჩაფრინდა და ამგვარად, თბილისში დარხეული ხმები ნაკრები უკაპიტნოდააო, სიმართლეს არ შეეფერება.
თემურ ქეცბაია ჰითროუში დახვდა თანაგუნდელებს, აი, ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელები კი გაწბილებულები ჩანდნენ: თურმე დონეცკის შახტარის თავდამსხმელს მიხეილ ფოცხვერიას რატომღაც დონეცკ-თბილისის ბილეთი ჩაუბარებია, ახალი კი ვერ უშოვია, თუ რა იყო, საბოლოოდ შინ დარჩენილა.
სხვა თითქმის არაფერი, ამჯერად ნამგზავრზე რისი მოყოლაც შეიძლება, ესაა. დანარჩენი შემდეგ იყოს. ჰო მართლა: ჰითროუში შევიტყვეთ, უემბლიზე 250 ქართველი იქნებაო“.
რაც შეეხება მიხეილ ფოცხვერიას, მისი ამბავი მალე გაირკვა. ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ინგლისში წასვლამდე ორიოდ დღით ადრე მეუღლე გაუხდა შეუძლოდ და ამიტომ აღარ ჩამოვიდა თბილისში. ის მაინც შეუერთდა გუნდს, ოჯახური პრობლემა რომ მოაგვარა, საკუთარი ხარჯით ეწვია ლონდონს. იმ დროს ხშირად წერდნენ, რომ ქართველ შემტევს მოსკოვის ცსკა და ტორპედო აკვირდებოდა.
I ნაწილის დასასრული
(გაგრძელება 15 იანვარს)
ლაშა გოდუაძე
2026 წლის 8 იანვარი
ფოტო: ციფრული ბიბლიოთეკა ივერიელი
* – 2026 წლის 8 იანვარს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
