ეროვნული ნაკრების ისტორია: იტალია 1:0 საქართველო (I ნაწილი)

უფრთხილდით საქართველოს!
ასე დაასათაურა გაძეტა დელო სპორტმა 1995 წლის 13 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებული ინტერვიუ ხრისტო სტოიჩკოვთან. ევროპის 1994 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარებული ბულგარელი იმ დროს სერია ა-ს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, პარმაში თამაშობდა.

ერთი დღით ადრე, პარიზში, ლუვრში, საფრანგეთი 1998-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იტალია II ჯგუფში მოხვდა საქართველოსთან ერთად და იტალიელი ჟურნალისტებიც სწორედ ამიტომ დაინტერესდნენ სტოიჩკოვის აზრით. მისი ბულგარეთის თბილისში მარცხის შემდეგ ორი თვეც არ იყო გასული და იტალიელებს ძალიან აინტერესებდათ რა გუნდი იყო საქართველო, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ორი წლით ადრე გამოჩნდა.

ჩვენი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბმა ჯგუფი ყველაზე ძლიერ ხუთეულად მონათლეს. ისინი ერთ აზრზე იყვნენ: ბრძოლა ყველასთან შეიძლებოდა, სათანადო რაოდენობის ქულების მოპოვების შემთხვევაში კი არც ფინალური ეტაპი ჩანდა მიუწვდომელი. რაც შეეხება ფავორიტს, უმრავლესობა ასეთად იტალიის ნაკრებს მიიჩნევდა. არაერთი მწვრთნელის და მოთამაშის აზრით, ჩვენ გუნდს თავისუფლად შეეძლო მოლდოვასთან და პოლონეთთან ექვსი ქულის დაგეგმვა, საშინაო შეხვედრაში ინგლისის გამწარებაც არ განეკუთვნებოდა ფანტასტიკის სფეროს, ხოლო თუ იტალიასთან და ინგლისთან დარჩენილ სამ შეხვედრაში გუნდი კიდევ მოიპოვებდა ქულებს, უარეს შემთხვევაში ქულას, ქართველები აუცილებლად ითამაშებდნენ მსოფლიო ჩემპიონატზე.

„ვარშავის ხელშეკრულება: საქართველო იტალიით იწყებს“ – ეს უკვე სარბიელის სათაურია. გაზეთის რედაქტორის, ზურაბ მეძველიას წერილი, რომელიც შესარჩევი ჯგუფის კალენდარს მიეძღვნა, 1996 წლის 19 იანვრის ნომრის პირველ გვერდზე გამოქვეყნდა.

იტალიის, ინგლისის, პოლონეთის, მოლდოვის და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელები და ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლები თარიღებზე მოსალაპარაკებლად პოლონეთის დედაქალაქში შეიკრიბნენ. ორდღიანი შეხვედრის შემდეგ მათ განრიგი შეათანხმეს და დასამტკიცებლად უეფას გაუგზავნეს. შესარჩევი ჯგუფი 1996 წლის 1 სექტემბერს მოლდოვა-ინგლისის თამაშით გაიხსნებოდა, 5 ოქტომბერს მოლდოველები უკვე მთავარ ფავორიტს, იტალიას უმასპინძლებდნენ, ოთხ დღეში კი, 9 ოქტომბერს, ერთბაშად ორი შეხვედრა დაინიშნა: ინგლისი-პოლონეთი და იტალია-საქართველო. ნოემბერში თბილისს ინგლისი ესტუმრებოდა, დანარჩენ ექვს მატჩს კი ჩვენი გუნდი 1997 წელს გამართავდა.

„ძალიან მეშინოდა შემოდგომამდე თამაში არ დაგეგმილიყო. კალენდარს დავხედე და მართალი გითხრა, გამეხარდა, ჩვენი ნაკრებისთვის თითქმის იდეალურია“, – ალექსანდრე ჩივაძის თანაშემწემ ვლადიმერ პანოვმა ეს სიტყვები ზურაბ მეძველიას განუცხადა.

ამ უკანასკნელმა წერილში მეორე პუნქტად ესეც დაწერა: „ვფიქრობ, თუ ჯგუფის უპირველეს ფავორიტთან, იტალიასთან სტუმრობისას რაიმე შანსი გვაქვს, სწორედ შესარჩევი ტურნირის დასაწყისში. იტალია, ტრადიციულად, მძიმედ იწყებს და ბრწყინვალედ ამთავრებს. თან კალენდარი აშკარას ხდის, რომ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები, რომელთაც, ალბათ, ევროპის ჩემპიონატის მერე ნაკრების საგრძნობი გადახალისება ელით, მოერიდნენ დასაწყისშივე ინგლისთან და პოლონეთთან თამაშს და ორ აუტსაიდერთან „გასეირნება“ ირჩიეს.

ამას ისიც დაუმატეთ, რომ იტალიის მწვრთნელი ჩვენ ნაკრებს „საქმეში“ ურთიერთშეხვედრამდე ვერ იხილავს, ჩივაძის რომელიმე თანაშემწეს კი შეუძლია მშვიდად, ოთხი დღით ადრე ჩავიდეს კიშინიოვში და იტალიის ახალი ნაკრების თამაში იხილოს. მოკლედ, ეს ის პლუსებია, რომლებზე მობღაუჭებაც შეიძლება.

არანაირი მინუსი იმას, რომ იტალიასთან გასვლით ვიწყებთ, ჩემი აზრით, არ გააჩნია. ვინმემ იქნებ თქვას – საშინლად რომ წავაგოთ, თამაშის ხალისს დავკარგავთო, მაგრამ მოლდოვასთან თბილისში წაგებაზე საშინელი, არამგონია რაიმე იყოს“.
სარბიელის რედაქტორის ვარაუდი ნაწილობრივ გამართლდა – ევრო 1996-ის შემდეგ იტალიის ნაკრებში მართლაც ბევრი ცვლილება მოხდა, გარდა ამისა მთავარი მწვრთნელის, არიგო საკის გუნდში დარჩენის საკითხი დაისვა.

ევროპის ჩემპიონატს სკუადრა აძურა ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად შეხვდა. საკის ბიჭებმა პირველი თამაში 2:1 მოიგეს: 11 ივნისს პიერლუიჯი კაზირაგიმ ორი გოლი გაუტანა რუსეთის ნაკრების მეკარეს სტანისლავ ჩერჩესოვს.

მომდევნო შეხვედრაში, 14 ივნისს ლივერპულში, ენფილდ როუდზე, იტალია მოულოდნელად დამარცხდა ჩეხეთთან – 1:2. პაველ ნედვედის და რადეკ ბეიბლის გოლებს მხოლოდ ენრიკო კიეზამ უპასუხა.

გერმანიის ნაკრებთან უკანასკნელი შეხვედრის წინ იტალია ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. გადამწყვეტი თამაშის წინ თითოეულმა იცოდა, რომ თუ ფლეი ოფში თამაში სურდა, აუცილებლად უნდა დაემარცხებინათ მეტოქე, ჩეხეთს კი რუსეთთან ქულები უნდა დაეკარგა. ხოლო თუ საკის ბიჭები ბუნდესგუნდთან ფრედ ითამაშებდნენ, ამ შემთხვევაში იტალიას მხოლოდ ჩეხეთის მარცხი იხსნიდა.

მანჩესტერში, ოლდ ტრაფორდზე გამართული იტალიურ-გერმანული დაპირისპირება 0:0 დასრულდა. სკუადრა აძურამ კარგად კი ითამაშა, მაგრამ ბერტი ფოგთსის გუნდის დაცვის წინააღმდეგობა მაინც ვერ დაძლია. უნდა გავიხსენო ჯანფრანკო ძოლას მიერ ვერგატანილი პენალტიც, ნახევარმცველს იმ ჩემპიონატზე დიდებულად მოთამაშე ანდრეას კეპკემ აჯობა. ლივერპულში, ენფილდზე კი ჩეხებმა რუსებთან მატჩი 88-ე წუთზე გადაარჩინეს ვლადიმირ შმიცერის წყალობით და მეოთხედფინალში გავიდნენ. გრანდების ჭიდილის არ იყოს, ესეც ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოდგა: ჯერ ჩეხები იგებდნენ ორი გოლით, შემდეგ რუსები დაწინაურდნენ, თამაში კი ფრედ დასრულდა, 3:3.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი იტალიის ნაკრების ევროჯგუფში ჩარჩენას რა რეაქცია მოჰყვებოდა, იოლად წარმოსადგენია. პრესამ საკი და მისი გუნდი მიწასთან გაასწორა, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს კი მათი გათავისუფლება და ახალი სამწვრთნელო შტაბის მოძებნა მოსთხოვა. იმ დღეებში ორ სპეციალისტზე საუბრობდნენ, დინო ძოფზე და ჩეზარე მალდინიზე.

ძოფი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი ფეხბურთელი გახლდათ, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში წარმატებით წვრთნიდა ტურინის იუვენტუსს. რაც შეეხება ჩეზარე მალდინის, ის 60-იან წლებში მილანის კაპიტანი იყო, „რკინის მცველს“ ეძახდნენ, 1982 წელს კი, როცა იტალიამ მესამედ მოიგო ფიფას ოქროს თასი, მთავარ მწვრთნელს, ენცო ბეარზოტის ეხმარებოდა, მისი მარჯვენა ხელი გახლდათ. ამას გარდა, უფროსი მალდინის ხელმძღვანელობით იტალიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა 90-იან წლებში სამჯერ მოიგო ასაკობრივი ევროპირველობა.

ნაკრების ინგლისში შერცხვენიდან თითქმის ერთი თვის თავზე, 6 აგვისტოს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანტონიო მატარეზე თანამდებობიდან გადადგა. კალჩოს მმართველი სახლის თავკაცი არიგო საკის მთავარ მფარველად ითვლებოდა, რადგან მწვრთნელს ახალი, ორწლიანი კონტრაქტი სწორედ მისი ინიციატივით გაუფორმეს ჯერ კიდევ ევრო 1996-ის დაწყებამდე. ამ ნაბიჯის გამო მატარეზე იმ დღეებში ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, მას ვერ წარმოედგინა, რომ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ჯგუფში ჩარჩებოდნენ. კრახის შემდეგ მატარეზემ მცირე ხანს ითმინა და ბოლოს ის ნაბიჯი გადადგა, რაც მედიამ აიძულა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ შემოდგომით ისედაც დანიშნული იყო ახალი საპრეზიდენტო არჩევნები.

მატარეზეს გადადგომიდან სამ დღეში ფეხბურთის ფედერაციაში საგანგებო სხდომა დაინიშნა ახალი პრეზიდენტის ასარჩევად. ამ თანამდებობისთვის ორი გამოკვეთილი საფეხბურთო მოხელე იბრძოდა: პროფესიული ლიგების პრეზიდენტი ლუჩანო ნიცოლა და სერია C-ს კლუბების ფავორიტი ჯანკარლო აბეტე. ნიცოლამ გაცილებით მეტი ხმა მიიღო, მაგრამ პრეზიდენტად მაინც ვერ დამტკიცდა. საქმე ისაა, რომ წესდებით, რჩეულს ყველა ლიგაში ხმების მესამედი მაინც უნდა მიეღო, სერია C-ს წევრებმა კი მას მხარი არ დაუჭირეს.

„მაინტერესებს, სხვაგან სად შეიძლება მოხდეს ასეთი რამ? ერთმა კანდიდატმა მხოლოდ ოცდაათი ხმა მიიღო, კონკურენტმა – თითქმის ოთხი ათასი, გამარჯვებული კი ვერ გაირკვა“ – ირონიულად ჩაილაპარაკა ნიცოლამ და დასძინა, რომ უკან დახევას არ აპირებს, ბოლომდე იბრძოლებს თანამდებობისთვის.

გაძეტა დელო სპორტი იმ დღეს განვითარებულ მოვლენებს ასე გამოეხმაურა: „ეს იყო იტალიური ფეხბურთის ყველაზე გრძელი და მდაბალი დღე. ჩატარდა არჩევნების ორი ტური, სიმართლე კი ერთია – ფეხბურთის ფედერაციას პრეზიდენტი არ ჰყავს. არ ჰყავს მთავრობაც. სამაგიეროდ, სავსეა სკანდალით, სიმდაბლით და დაძაბულობით“.

ორი კვირის შემდეგ, როცა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი მარიო პესკანტე ატლანტის თამაშებიდან დაბრუნდა, ფეხბურთის ფედერაციაში ახალი სხდომა შედგა. შეკრებილებმა დაადგინეს: ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 5 ოქტომბერს უნდა გაიმართოს, მანამდე კი ფედერაციას დროებით უხელმძღვანელოს რაფაელე პანიოციმ.

სარედაქციო წერილში გაძეტა დელო სპორტმა აღნიშნა: „თუ ფეხბურთის ფედერაციაში ეს არეულობა არ მოისპობა, არიგო საკი მუდმივად ნაკრების მთავარ მწვრთნელად დარჩება“.

პანიოცის მეთაურობით კალჩოს მმართველმა სახლმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო: საკის და მის თანაშემწეებს წლის ბოლომდე მისცეს დრო. მწვრთნელებს ერთადერთი პირობა წაუყენეს: იტალიას საფრანგეთი 1998-ის შესარჩევი ეტაპის სტარტზე ორივე თამაში უნდა მოეგო.

აგვისტოს მიწურულს გაირკვა იტალია-საქართველოს თამაშის მასპინძელი ქალაქიც, შეხვედრა პერუჯაში დაინიშნა. რამდენიმე დღეში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა გამოცემამ, გაზეთმა ქართულმა ფეხბურთმა ისიც ამცნო გულშემატკივრებს, რომ 9 ნოემბერს თბილისში, საქართველო-ინგლისის შესარჩევი მატჩი 16 საათზე დაიწყებოდა…

სარბიელში კი ივარაუდეს იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ქართველებს უშუალო დაპირისპირებამდე საქმეში ვერ იხილავსო, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა: 1996 წლის 1 სექტემბერს, როცა ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა ამხანაგურად ითამაშა ოსლოში ნორვეგიასთან, მატჩს არიგო საკი პირადად დაესწრო. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნო, რომ 1996 წლის იანვარში, როცა გაზეთში ზემოხსენებული წერილი გამოქვეყნდა, სარბიელში კი არა, ნაკრებშიც არაფერი იცოდნენ ნორვეგიაში სტუმრობის შესახებ, ამხანაგური მატჩი იმ დროს დაგეგმილიც არ იყო.

სანამ ჩვენი ეროვნული გუნდი იტალიის ნაკრებთან შეხვედრისთვის მზადებას დაიწყებდა, თბილისის დინამომ უეფას თასის გათამაშებაში კიდევ ერთი ევრომეტოქე დაამარცხა, ბათუმმა კი თასების მფლობელთა თასზე ასპარეზობა დაასრულა.

დავით ყიფიანის გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპებზე ლუქსემბურგის გრევენმახერთან და ნორვეგიის მიოლდესთან გამარჯვების შემდეგ, 1/32-ფინალში მოსკოვის ტორპედოს სძლია! საქართველოს ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა რუსეთის დედაქალაქში, 10 სექტემბერს, გოჩა ჯამარაულის ერთადერთი გოლით გაიმარჯვა, ორი კვირის შემდეგ კი თბილისში, ეროვნულ სტადიონზე გამართული პაექრობა 1:1 დასრულდა. ჯამარაულის ეფექტურ გოლს რუსებმა მხოლოდ თამაშის მიწურულს უპასუხეს. რაც შეეხება ბათუმს, შოთა ჭეიშვილის ბიჭებმა პსვ ეინდჰოვენს მხოლოდ აჭარაში გაუწიეს წინააღმდეგობა, ამირან მუჯირის გოლით იგებდნენ კიდეც, მაგრამ საბოლოოდ 1:1, ბელგიის ნაკრების თავდამსხმელმა ლუკ ნილისმა პენალტით გაათანაბრა ანგარიში. ნიდერლანდებში მასპინძლები აშკარად უკეთესები იყვნენ – 3:0 (ნილისი, რენე აიკელკამპი, მარსელო რამოსი).

3 ოქტომბერს, როცა ეროვნულ ნაკრებში მიწვეულმა ფეხბურთელებმა დიღმის საწვრთნელ ბაზას მიაშურეს, ჩვენი ფეხბურთის ყველა გულშემატკივარმა იცოდა დინამოს მომდევნო მეტოქის შესახებ: პირველად ისტორიაში, ქართულ კლუბს მეტოქედ პორტუგალიური გუნდი ერგო – პორტუს ბოავიშტა. ორივე შეხვედრა იტალია-საქართველოს შესარჩევი თამაშის შემდეგ დაინიშნა.

დინამოს და ბათუმის ევრომატჩებს შორის, 18 სექტემბერს, ფეხბურთიდან გააცილეს ეროვნული ნაკრების პირველი მეკარე ასლან ბალაძე. ვეტერანი, რომელიც 1990 წლის 27 მაისს, ლიეტუვის ნაკრებთან პირველ თამაშში იცავდა გუნდის კარს, ერთი წლით ადრე, რუსთაველებთან სათასო შეხვედრაში გამოეთხოვა ბათუმს. ასლან ბალაძის გაცილების ოფიციალური ცერემონია ვეტერანთა ტურნირის პირველ დღეს გაიმართა. აჭარაში ბათუმის და თბილისის ნაკრებმა გუნდებმა, ასევე მოსკოვის სპარტაკის და რუსეთის ვეტერანთა ნაკრებებმა ითამაშეს…

სანაკრებო შეკრების დაწყებამდე ალექსანდრე ჩივაძე დანიას ესტუმრა. უეფას მიერ ორგანიზებული ეროვნულ გუნდთა თავკაცების სემინარი მეორედ კოპენჰაგენში გაიმართა. სამდღიან ღონისძიებას შოტლანდიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, უეფას ტექნიკური კომიტეტის ხელმძღვანელი ენდი როქსბურგი გაუძღვა, სპეციალური სტუმრის სტატუსით კი დანიის დედაქალაქს უეფას პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი და ფიფას გენერალური მდივანი იოზეფ ბლატერიც ეწვივნენ.

რაც შეეხება საქართველოს დელეგაციას, მის შემადგენლობაში იყვნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, ეროვნული გუნდის ტექნიკური დირექტორი რამაზ შენგელია და სფფ-ის საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი დავით პეტრიაშვილი.

სარბიელელ მამუკა კვანტალიანთან ინტერვიუში (1996 წლის 28 სექტემბერი) ალექსანდრე ჩივაძემ ჯერ კოპენჰაგენური შეკრება შეაჯამა, შემდეგ კი ეროვნული გუნდის მზადებაზე ისაუბრა:

„დანიაში საქმიანი შეხვედრები გვქონდა, უეფამ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა ბერტი ფოგთსი, არიგო საკიმ კი საინტერესო მოხსენება წაიკითხა…

ვისაუბრეთ „ოქროს გოლის“ წესზეც. საბოლოოდ ყველა მწვრთნელი ერთ დასკვნამდე მივიდა: თამაშის ასე დასრულება არაობიექტური და არასწორი გადაწყვეტილებაა. უეფას ჩვენი დასკვნა გაეგზავნა და ალბათ, შესაბამის განაჩენსაც გამოუტანს ამ წესს…

რაც შეეხება ნაკრებს, შეკრებას ტრადიციულად თბილისში დავიწყებთ, 4 ოქტომბერს თურქეთსა და რუსეთში მოთამაშე ლეგიონერები შემოგვემატებიან, შემდეგ კი ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები ჩარტერული რეისით იტალიაში გავემგზავრებით…

ზაზა რევიშვილი ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება. რაც შეეხება მოსკოვის ტორპედოსთან თბილისში დაშავებულ დიმიტრი კუდინოვსა და გოჩა ჯამარაულს, დიდი იმედი მაქვს საშიში არაფერი იქნება…

აკაკი დევაძემ ტრავმა კი მოიშუშა, მაგრამ ამდენი ხანია არ უთამაშია და ჯერ სათანადოდ მზად არ არის…

გული მწყდება, რომ შოთას თამაში საბოლოოდ გამოირიცხა, მან ოპერაცია გაიკეთა“.

2 ოქტომბერს ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტური დასრულდა. თბილისის დინამომ, რომელიც პირველივე ტურიდან დიდებულ ფორმაში იყო, ხაშურის ივერიას 8:2 მოუგო. ლევან ცქიტიშვილმა და გიორგი ანჩაბაძემ, რომლებსაც არასდროს უთამაშიათ თავდასხმაში, იმ დღეს ჰეთ-თრიქები შეასრულეს, თითო გოლი კი გელა ინალიშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა გაიტანეს.

ეს დინამოს ზედიზედ მერვე გამარჯვება იყო და კლუბი ერთპიროვნულად ლიდერობდა ჩემპიონატს. ეს ამბავი არავის უკვირდა, აი შედეგიანობა კი მართლაც გასაოცარი იყო: ყიფიანის ბიჭებმა მეტოქეებს რვა თამაშში 38 გოლი გაუტანეს! ჩემპიონებმა ხაშურელებზე არანაკლებ აჯობეს წყალტუბოს სამგურალს (6:0), სამტრედიას (6:0) და რუსთავის მეტალურგს (6:2), ქუთაისში ტორპედოსთან და შინ გორის დილასთან კი ოთხ-ოთხი გოლი „იკმარეს“.

შეკრების პირველ დღეს მხოლოდ ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეები, ასევე თურქეთის და რუსეთის კლუბებში მოთამაშეები შეიკრიბნენ. იმავე დღეს შეაღეს ბაზის კარი ახალგაზრდულ და 18-წლამდელთა ნაკრებში მოხვედრილებმაც. ვლადიმერ გუცაევის გუნდი იტალიელ ახალგაზრდებთან სათამაშოდ ემზადებოდა, ვახტანგ კოპალეიშვილის ბიჭები კი ევროპის 1997 წლის პირველობის საკვალიფიკაციო ჯგუფისთვის, ჭაბუკებს ბულგარეთში უნდა ეთამაშათ მასპინძელ და სომეხ თანატოლებთან.

პირველად 18-წლამდელები გავიდნენ მინდორზე, მათ შემდეგ კი ახალგაზრდები გიორგი დემეტრაძის და დავით მუჯირის გამოკლებით. გუცაევმა ისინი რეჟიმის დარღვევის გამო დასაჯა და პირველ დღეს ცალკე ავარჯიშა. სულ ბოლოს ეროვნული ნაკრების ჯერი დადგა. ვლადიკავკაზის სპარტაკ-ალანიის მცველი მურთაზ შელია, რომელმაც წინა დღეს ვოლგოგრადის როტორთან პრინციპულ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, მწვრთნელებმა დაასვენეს, გოჩა გოგრიჭიანი კი უცნობი მიზეზით დააკლდა პირველ ვარჯიშს.

საწვრთნელ ფორმაში იყო ჯამარაულიც, თუმცა მოედანზე არ გასულა. ის, რომ გოჩა ნაკრებს ვერ დაეხმარებოდა, ჩივაძემ გუნდის ექიმისგან, დიმიტრი ზაალიშვილისგან შეიტყო.

„მოსკოვის ტორპედოსთან მატჩში გოჩა საკაცით გავიყვანეთ მინდვრიდან. თავიდან ვფიქრობდით, რომ ტრავმა მძიმე არ იყო, მაგრამ რენტგენზე გამოჩნდა, რომ მას ტერფის ძვალი აქვს ატკეჩილი. მკურნალობას სულ ცოტა ათი დღე დასჭირდება. შესაძლებელია გოჩამ ნემსები გაიკეთოს და იტალიაში ითამაშოს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, მერწმუნეთ, მინდორზე ნამდვილი ჯამარაული არ იქნება. თან, შესაძლოა, ამის გამო მას ბოავიშტასთან ორივე შეხვედრა გაუცდეს“, – ასეთი იყო გუნდის ექიმის კომენტარი.

პირველი ვარჯიში დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, ზუსტად 18:30 საათზე კი ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები, მწვრთნელები, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები და თბილისის დინამოს თავკაცი დავით ყიფიანი სახელმწიფო კანცელარიაში ქვეყნის პრეზიდენტს ესტუმრნენ.

დღეს სპორტული დღე მაქვს, – იხუმრა ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც ფეხბურთელებამდე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს და ჭადრაკის ფედერაციის მესვეურებს უმასპინძლა. რამდენიმე დღით ადრე ქალთა ნაკრებმა ზედიზედ მესამედ მოიგო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელსაც იმ შემოდგომით ერევანმა უმასპინძლა.

„მამაშვილურად დაგილოცავთ გზას! მოიგებთ თუ სხვა შედეგი იქნება, მთავარია ღირსეულად ითამაშოთ. მოედნიდან რომ გამოხვალთ, საკუთარი თავით უნდა იყოთ კმაყოფილი. იქ, მოედანზე რომ შეაბიჯებთ, გახსოვდეთ, თქვენ აფხაზეთისთვის იბრძვით“! – ასე მიმართა პრეზიდენტმა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების წევრებს.

მანამდე ედუარდ შევარდნაძემ ქვეყნის აღმშენებლობაზე გაამახვილა ყურადღება: რომ საქართველო უკვე სახელმწიფო იყო ყველა ატრიბუტით, რომ ქვეყანა ნელ-ნელა აღწევდა სტაბილურობას და ეკონომიკურად ვითარდებოდა.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ფეხბურთელებს სახელმწიფო მინისტრმა ნიკო ლეკიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ უმასპინძლეს. ამ უკანასკნელმა იტალიაში თავგამოჩენილებს ხუმრობით დეპუტატობაც აღუთქვა.

„იქნებ ბოლოდროინდელმა გამარჯვებებმა გამათამამეს, მაგრამ ვგონებ, ჩვენები მეტოქეს არცერთ კომპონენტში ჩამოუვარდებიან, შეიძლება ოდნავ გამოცდილებაში. ფეხბურთელებმა მხოლოდ მოგებაზე უნდა იფიქრონ და თამაშში გული და სული ჩააქსოვონ. მე რომ ოცი წლით ახალგაზრდა ვიყო და ამ ბიჭებთან ერთად იტალიაში მივდიოდე, იქ, მატჩის წინ, საქართველოს ჰიმნის მოსმენით ბედნიერი ვიქნებოდი. მრავალჯერ მითამაშია საბჭოთა კავშირის ნაკრებში და ის ჰიმნიც მომისმენია, მაგრამ რეაქცია არ მქონია“, – ეს უკვე დავით ყიფიანის სიტყვებია.

შეხვედრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცმა შეაჯამა, რომელმაც ჯერ ქართული ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრა, მათ შორის ეროვნული სტადიონის არასრულფასოვან განათებაზე, ბოლოს კი ფეხბურთელებს მიმართა:

„რომ დაბერდებით, დღევანდელი დღე განსაკუთრებულ მოგონებად დაგრჩებათ. ფაქტია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველად მონაწილეობს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, ჩვენი პირველი მეტოქე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი იტალიაა და თქვენ ამ გუნდის წინააღმდეგ ითამაშებთ“.

ქართული ფეხბურთის მმართველი სახლის პრეზიდენტს იმ დროს უკვე მიღებული ჰქონდა კაპას ფაქსი, რომლის შესახებ ფართო საზოგადოებამ მხოლოდ იტალია-საქართველოს მატჩის შემდეგ შეიტყო. სპორტული ეკიპირების მწარმოებელი იტალიური კომპანია შეშფოთებას გამოთქვამდა გაზაფხულზე გაფორმებული ხელშეკრულების უეცარი შეწყვეტის გამო და ფეხბურთის ფედერაციაში ნოდარ ახალკაცის სახელზე გაგზავნილ წერილში მოსალოდნელ პრობლემებზე იწერებოდა.

სფფ კაპას ოთხი წლით ტექნიკურ სპონსორობაზე 1996 წლის 1 აპრილს შეუთანხმდა. მომდევნო ამხანაგურ მატჩებში, მათ შორის საბერძნეთსა და ნორვეგიაში, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა სწორედ კაპას სპორტული ფორმით ითამაშა, რომელიც იტალიური მხარის თქმით „უმოკლეს დროში დამზადდა ახალი დიზაინით“. ფაქსში ისიც ნათქვამი იყო, რომ: „საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ბევრად მეტი სპორტული პროდუქცია გაეგზავნა, ვიდრე ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული“.

იტალიელებს, როგორც იმ წერილიდან ირკვევა, საქართველოსთან დაკავშირებით შორსმიმავალი გეგმები ჰქონდათ, თუმცა 29 სექტემბერს მათ თბილისიდან უარი შეუთვალეს. სწორედ ამიტომ, კაპას ლიცენზიებსა და საგარეო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი ჯანპაოლო ლეპრონი 30 სექტემბერს საქართველოში გამოგზავნილ ფაქსში ნოდარ ახალკაცს სიტუაციაში გარკვევას სთხოვდა.

როგორ დასრულდა ფეხბურთის ფედერაციასა და იტალიურ კომპანიას შორის წარმოქმნილი დავა, ამის შესახებ დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით. ნოდარ ახალკაცმა კომენტარისგან თავი შეიკავა, მის ხელქვეითებს კი, ცხადია, არაფერი უთქვამთ. ფაქტი კი ისაა, რომ იტალიაში ჩვენმა ეროვნულმა და ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუნდებმა ადიდასის ნაწარმით ითამაშეს.

საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები იტალიაში შაბათს, 5 ოქტომბერს, დილით გაემგზავრნენ. კახი ცხადაძე, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე და მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციას რომში დახვდნენ, სადაც გუნდების გზები გაიყო: ვლადიმერ გუცაევის ბიჭებმა არეცოს მიაშურეს, ჩივაძის რჩეულები კი მატჩის მასპინძელი პერუჯისკენ გაემგზავრნენ. რამდენიმე საათში გუნდი სასტუმრო ლა ვილაში დაბინავდა, რომელიც სოფელ ხასტიაში, პერუჯიდან თხუთმეტი წუთის სავალზე მდებარეობდა.

ნომრებში განთავსების, დასვენების და მსუბუქი ვარჯიშის შემდეგ ყველა სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში შეიკრიბა: იტალიის დროით 19:15 საათზე კიშინიოვიდან პირდაპირი ტელერეპორტაჟი დაიწყო, არიგო საკის ბიჭები მოლდოვის ნაკრებს დაუპირისპირდნენ.

3:1 – ასეთი ანგარიშით გაიმარჯვა სკუადრა აძურამ და საფრანგეთი 1998-ის შესარჩევი დაგეგმილი სამი ქულით დაიწყო. ფაბრიციო რავანელიმ დუბლი შეასრულა, მის ორ გოლს შორის კი ჯერ ალექსანდრუ კურტეიანმა გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი პიერლუიჯი კაზირაგიმ დააწინაურა იტალია. იმ დღეს პირველად მოირგო ნაკრების მაისური ალესანდრო ნესტამ, რომის ლაციოს ოცი წლის ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

ფრანჩესკო ტოლდო – 6; ალესანდრო ნესტა – 5; ჩირო ფერარა – 5; ალესანდრო კოსტაკურტა – 5,5; პაოლო მალდინი – 5,5; ანტონიო კონტე – 6,5; რობერტო დი მატეო – 6; ამადეო კარბონი – 5; ენრიკო კიეზა – 5; პიერლუიჯი კაზირაგი – 6,5; ფაბრიციო რავანელი – 6,5. ასე შეაფასა ყველაზე ძველმა იტალიურმა სპორტულმა ჟურნალმა გუერინ სპორტივომ საკის ბიჭები. შეცვლაზე შესული ჯანფრანკო ძოლა რედაქციამ შეფასების გარეშე დატოვა, ანჯელო დი ლივიოს კი, ვინც შესვენების შემდეგ გამოჩნდა კიეზას ნაცვლად, 6,5 ქულა დაუწერა.

სარბიელმა იტალიაში ორი ჟურნალისტი მიავლინა, ილია ბაბუნაშვილი და გიორგი ოქრომჭედლიძე. მათ მატჩამდე მოინახულეს ეროვნული გუნდის წევრები და მოლდოვა-იტალიის შეხვედრაზეც დაეკითხნენ.

კახი გოგიჩაიშვილი: „კარგი პირობები გვაქვს, ერთადერთი პრობლემა ამინდია – ძალიან გაფუჭდა. საბედნიეროდ, ყველანი ჯანზე ვართ, იტალიის ნაკრებს კი კიშინიოვში ნამდვილად არ დაუტოვებია განსაკუთრებული შთაბეჭდილება. ვფიქრობ, ისინი ევროპის ჩემპიონატზე უკეთესად თამაშობდნენ“.

დიმიტრი კუდინოვი: „ფეხი კვლავ მაწუხებს, მაგრამ თამაშში ხელს არ შემიშლის, მთავარია მწვრთნელი მენდოს“.

თემურ ქეცბაია: „სათამაშოდ მზად ვარ. დავარტყამ თუ არა პენალტს? ბოლო შეხვედრაში, უეფას თასზე, მეკარემ ამიღო, მაგრამ ახლა მთავარია ჩვენს სასარგებლოდ დაინიშნოს და არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ შეასრულებს. ბურთთან ის მივა, ვინც იმ მომენტში ფსიქოლოგიურად მზად იქნება“.

გიორგი ქინქლაძე: „მსაყვედურობენ, რომ ბურთის წასართმევად ბრძოლა არ მიყვარს, მაგრამ ჩემი ამპლუა ასეთია, არ მევალება ბურთისთვის ბრძოლა. თუმცა, ისეც არაა საქმე, ვინმემ ჩამირბინოს და უბრძოლველად გავატარო“.

9 ოქტომბერს, მატჩის დღეს, გაძეტა დელო სპორტმა საქართველოს ნაკრების მისეული სავარაუდო შემადგენლობა ამცნო მკითხველს:

მეკარე – ირაკლი ზოიძე; ლიბერო – დიმიტრი კუდინოვი; დაცვის ფლანგებზე ნუგზარ ლობჟანიძე და კახი ცხადაძე(?), ცენტრში მურთაზ შელია და ლევან კობიაშვილი(?); ნახევარდაცვაში, მარცხნიდან მარჯვნივ – კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ქინქლაძე, გიორგი ნემსაძე და თემურ ქეცბაია, თავდასხმაში კი მიხეილ ყაველაშვილი. ამას გარდა რამდენიმე გვერდი დაეთმო საქართველოს – მთავრობით დაწყებული სახელგანთქმული სპორტსმენების მიმოხილვით დასრულებული.

შუადღით ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი დაიწყო. თამაში არეცოში, სტადიო კომუნალეზე გაიმართა.

I ნაწილის დასასრული

ლაშა გოდუაძე
2025 წლის 13 ნოემბერი
ფოტო: გაზეთი სარბიელი
* -2025 წლის 13 ნოემბერს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე

ka_GEGeorgian