ეროვნული ნაკრების ისტორია: იტალია 1:0 საქართველო (II ნაწილი)
რა უნდა დაწერო, როცა გუნდი 0:6 მარცხდება და ექვსიდან სამ გოლს პენალტის ნიშნულიდან უშვებს?
კარგი ვერაფერი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეროვნული ნაკრების პერუჯაში მატჩამდე ორიოდ სიტყვით ახალგაზრდულის თამაშსაც მოგაგონებთ, მით უმეტეს, რომ ვლადიმერ გუცაევის გუნდის მეტოქე ჩეზარე მალდინის მიერ მომზადებული იტალია იყო, სწორედ ის, რომელიც 1996 წლის მაისში ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ჯანლუიჯი ბუფონი, მასიმო ამბროზინი, ფრანჩესკო კოკო, სტეფანო ფიორე, ალესიო ტაკინარდი, ტომას ლოკატელი და კრისტიანო ლუკარელი ვიხილეთ. არაერთმა მათგანმა აგვისტოში, ატლანტის ოლიმპიადაზეც ითამაშა, თუმცა იქ მალდინის გუნდს ხელი მოეცარა, ჯგუფში ჩარჩა.
ქართველთა თერთმეტეული კი ასეთი იყო: კარში დავით ასლანაძე ჩადგა, დაცვის ცენტრში კახი კალაძემ, შალვა ხუჯაძემ და გიორგი დავითნიძემ ითამაშეს, ხოლო ფლანგებზე გოგა გახოკიძემ და გიორგი ლომიძემ, საყრდენ ნახევარმცველად მწვრთნელმა გიორგი კიკნაძე გაამწესა, გარემარბებად ლევან ქებაძე და დავით მუჯირი, თავდასხმის ცენტრში კი სეხნიები, მიხეილ აშვეთია და მიხეილ ფოცხვერია. მხოლოდ მთავარ მომენტებს შეგახსენებთ:
მე-6 წუთი: მოედნის ცენტრში ამბროზინისთან ორთაბრძოლის დროს, დავით მუჯირმა ბურთი დაკარგა, იტალიელმა წამში ფაბრიციო კამარატა მოძებნა, რომელმაც დაახლოებით ოცდაათმეტრიანი გარღვევა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა, ასლანაძეს შორეულ კუთხეში გაუტანა გოლი – 1:0.
მე-11 წუთი: ქართველებმა კუთხური კი მოიგერიეს, მაგრამ ამბროზინიმ ისევ საჯარიმოში ჩააბრუნა ბურთი, იქ კი კალაძის და ლუკარელის ორთაბრძოლაში პორტუგალიელმა არბიტრმა ვიტორ მანუელ მელუ პერეირამ ქართველი დააჯარიმა და პირველი პენალტი დანიშნა. ლუკარელი ზუსტი იყო – 2:0.
მე-20 წუთი: ფიორემ კიდევ ერთხელ ჩააწოდა კუთხური, ლოკატელის და მუჯირის ორთაბრძოლაში კი მსაჯმა კვლავ ქართველი დაადანაშაულა, ხელით თამაში აღნიშნა და მეორედ მიუთითა პენალტის ნიშნულისკენ. ლუკარელიმ კვლავ ჩინებულად დაარტყა – 3:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში გუცაევმა აშვეთიას ნაცვლად გიორგი დემეტრაძე ჩართო თამაშში. მალე ზაზა ზირაქაშვილიც გამოჩნდა, რომელმაც მუჯირი შეცვალა, ზუსტად ორ წუთში კი ზირაქაშვილმა საჯარიმოში ტაკინარდი წააქცია და ასლანაძის კარში ზედიზედ მესამე პენალტი დაინიშნა. დაზარალებულმა თავად დაარტყა – 4:0.
66-ე წუთი: ლუკარელიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა. იმ დროს გუცაევის გუნდი უკვე ათი ფეხბურთელით თამაშობდა, ფრანჩესკო კოკოსთან ორთაბრძოლაში დემეტრაძემ დაიმსახურა წითელი ბარათი.
71-ე წუთი: ასლანაძის კარში უკანასკნელი გოლი გავიდა, ლოკატელიმ ლამის მთელი დაცვა მოატყუა, გოლკიპერიც არ დაინდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 6:0.
მასპინძელთაგან ყველაზე მაღალი შეფასება – 7,5 ქულა, კრისტიანო ლუკარელიმ მიიღო, რომელმაც ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეასრულა ჰეთ-თრიქი: 3 ოქტომბერს, როცა ჩეზარე მალდინის გუნდმა მოლდოვაში 3:0 გაიმარჯვა, ყველა გოლი მან შეაგდო.
ყოველკვირეულმა ჟურნალმა გუერინ სპორტივომ ასე შეაფასა ჩვენი გუნდის წევრები: დავით ასლანაძე – 5; გიორგი ლომიძე – 5; კახი კალაძე – 5; შალვა ხუჯაძე – 5; გოგა გახოკიძე – 5,5; დავით მუჯირი – 6; გიორგი დავითნიძე – 5,5; გიორგი კიკნაძე – 5,5; ლევან ქებაძე – 5,5; მიხეილ ფოცხვერია – 5,5; მიხეილ აშვეთია – 5. შეცვლაზე შესულთაგან ზირაქაშვილი და ალექსანდრე იაშვილი არ შეაფასეს, დემეტრაძეს კი 4 ქულა ერგო.
ახალგაზრდულ ნაკრებთა მატჩი საკაბელო ტელევიზიით ვნახე. 0:6 წაგება საშინელებაა, ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, დიდად არ განმიცდია. ჯერ ერთი, რომ იტალიელების მოგებას ველოდი, ამ ანგარიშით არა, მაგრამ წაგებას, ცოდვა გამხელილი სჯობს, წინასწარ ვიყავი შეგუებული. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები იმ პერიოდში საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა. მეორეც: იმ დროს ჩემი მთავარი საფიქრალი ეროვნული გუნდი იყო, მხოლოდ მათზე ვდარდობდი და ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა 9 ოქტომბრის 22:30 საათი.
იტალიის რადიოსა და ტელევიზიის კომპანიამ (RAI) რეპორტაჟი თხუთმეტი წუთით ადრე დაიწყო, კომენტატორი ლეგენდარული ბრუნო პიცული გახლდათ.
მასპინძლებმა ტრადიციული ფორმით, ლურჯი მაისურებით და თეთრი ტრუსებით ითამაშეს, ქართველებმა კი ახალი ეკიპირებით, ადიდასის თეთრი მაისურებით და შავი შორტებით. ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაში, საბერძნეთსა და ნორვეგიაში, ჩვენ ნაკრებს იტალიური კაპას პროდუქცია ემოსა (ჩემი აზრით ყველაზე ლამაზი გუნდის ისტორიაში). ვიცოდით, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადი სწორედ კაპა იქნებოდა ფედერაციის ტექნიკური სპონსორი და მოულოდნელად… ადიდასი! იმ ცვლილებაზე მაშინ ბევრი არაფერი თქმულა. რეალურად რა მოხდა და რატომ შეაქცია ზურგი ფეხბურთის ფედერაციამ კაპას, ამ თემაზე არავის უსაუბრია.
იტალიის ნაკრებმა კლასიკური ტაქტიკური განლაგებით ითამაშა – 4-4-2: კარში ფრანჩესკო ტოლდო (ფიორენტინა); დაცვაში, მარჯვნიდან მარცხნივ – ალესანდრო ნესტა (ლაციო), ჩირო ფერარა (იუვენტუსი), დებიუტანტი ჯანლუკა პესოტო (იუვენტუსი) და კაპიტანი პაოლო მალდინი (მილანი); ნახევარდაცვაში იგივე მიმართულებით – რობერტო დი მატეო (ლონდონის ჩელსი), ანჯელო დი ლივიო (იუვენტუსი), ამადეო კარბონი (რომა), ანტონიო კონტე (იუვენტუსი); მარჯვენა თავდამსხმელი პიერლუიჯი კაზირაგი (ლაციო), მარცხნივ კი პერუჯელთა კერპი, იმ ზაფხულს იუვენტუსიდან ინგლისის პრემიერლიგაში, მიდლსბროში გადასული ფაბრიციო რავანელი.
ამ თერთმეტეულიდან პაოლო მალდინი ერთადერთი იყო, რომელსაც ნაკრებში ორმოცდაათზე მეტი მატჩი ჰქონდა ჩატარებული. ძირითადი შემადგენლობის თითქმის ნახევარს ათი კეპიც კი არ ჰქონდა: პესოტო, ზევითაც აღვნიშნე, დებიუტანტი გახლდათ, ნესტა მხოლოდ მეორედ თამაშობდა ქვეყნის პირველ გუნდში, ტოლდო – მეხუთედ, კონტე – მერვედ, დი ლივიო – მეცხრედ…
ალექსანდრე ჩივაძემ ასეთი განლაგება დაუპირისპირა არიგო საკის: კარში ირაკლი ზოიძე; დაცვის ფლანგებზე ნუგზარ ლობჟანიძე და დიმიტრი კუდინოვი (მისი მეოცე მატჩი ნაკრებში), ცენტრში კახი ცხადაძის და მურთაზ შელიას წყვილი; გიორგი ნემსაძე კვლავ საყრდენი ნახევარმცველი იყო; ნახევარდაცვის ფრთებზე კახი გოგიჩაიშვილი (მეოცე სანაკრებო მატჩი) და ცხრამეტი წლის ლევან კობიაშვილი დადგნენ, წინ გამწესებული გოჩა გოგრიჭიანის უკან კი თემურ ქეცბაია და გიორგი ქინქლაძე ირჯებოდნენ.
თამაშის მიმოხილვა – „პერუჯამ იმედიც ჩაგვისახა“ (სარბიელი; 1996 წლის 10 ოქტომბერი) – ჟურნალისტმა ილია ბაბუნაშვილმა ამ სიტყვებით დაიწყო:
„ამ მატჩს ყველანი დიდი მღელვარებით ველოდით: ერთი რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი შეხვედრა გახლდათ და, საერთოდაც, ახალი ციკლის საწყისი მატჩი იყო. ახალს არას ვიტყვით, მეტოქის მხოლოდ სახელიც კი თავზარდამცემი იყო. სახელში, რა თქმა უნდა, ტიტულებს ვგულისხმობთ. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან ამ საუკუნეში, ეგებ, არც მოგვეცემოდა შეხვედრის შანსი, განგებას რომ არ ენება და შესარჩევი ტურნირის უძლიერეს ჯგუფში არ ჩავეგდეთ.
იტალია ყოველთვის იტალიაა, თავისი, მეტწილად ძლიერი და ხანდახან სუსტი მხარეებით, მაგრამ ახლა, წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ გავეშებულ მხეცს ჰგავს. ტიფოზებს წყურვილი ვერც მოლდოვაში 3:1 გამარჯვებამ მოუკლა. ამაზე უკვე ვწერდით და ბევრს აღარ გავაგრძელებთ, მაგრამ ფაქტია, საქართველოსთანაც არამარტო სასურველი შედეგი გახლდათ ნუგეში, არამედ ძლიერი თამაშიც, რომელსაც რახანია ამაოდ ელიან საკის გუნდისგან.
იტალიამ იცის საკის ფასი, გონების დაუძაბავად ახსოვს, ვინ არის იმ რეფორმის წამომწყები, საქვეყნოდ ცნობილ იტალიურ კატენაჩოს შემტევი სტილი რომ შეუნაცვლა. ისიც იციან, რომ საკი გენიოსია, ამას დაუფარავად აღიარებენ, ოღონდ მისი ექსპერიმენტები ყელში ამოუვიდათ და ითხოვენ, გენიოსი კი არა, უბრალო ადამიანი გვსურს მწვრთნელად, რომელიც თამაშს მოგვაგებინებსო. ვერაფერს იტყვი, შესაშური პრაგმატიზმია, მაგრამ იმაში შეიძლება დათანხმება, რომ საკის ტყუილად არ აკრიტიკებენ უცერემონიოდ და მის საქმიანობას საყოველთაოდ განაქიქებენ.
ყოველივეში იტალია-საქართველოს გუშინდელმა მატჩმაც დაგვარწმუნა. ვერავინ იტყვის ხელაღებით, რომელმა გუნდმა აჯობა მეტოქეს თამაშში (ამაზე მხოლოდ შედეგით მსჯელობა არ გამოგვადგება), რადგან სახიფათო მომენტები ორივე კართან საკმაოდ შეიქმნა და თუ მასპინძლებმა პირველ ნახევარში მეტოქე მხოლოდ რამდენჯერმე გადაუშვეს თავის მოედანზე, მეორე ტაიმში სულ მთლად ზედსიძედ დაისვეს“.
მე-2 წუთი: მასპინძლებმა პირველად შეუტიეს საქართველოს ნაკრების კარს, მას შემდეგ რაც კახი ცხადაძის მიერ უმისამართოდ მოგერიებული ბურთი ანჯელო დი ლივიოს მიუვიდა. ამ უკანასკნელთან ორთაბრძოლისას კუდინოვი დაჯარიმდა, სტანდარტული სიტუაცია კი რავანელიმ შეასრულა, რომლის დარტყმის შემდეგ ბურთი კუთხურზე გადავარდა…
მე-4 წუთი: ირაკლი ზოიძემ უპრობლემოდ მოიგერია რობერტო დი მატეოს დარტყმა…
მე-5 წუთი: პიერლუიჯი კაზირაგიმ კარის შორეულ კუთხეში გაგზავნა ბურთი, თუმცა ზოიძემ გაჭირვებით უკუაგდო…
მე-16 წუთი: რავანელის ჩაწოდებული ბურთი ისევ კაზირაგიმ გადაგზავნა კარში, თუმცა ქართველთა მეკარე კვლავ საიმედო იყო…
რამდენიმე წამში საკიმ პირველი ცვლილება გამოიყენა: კარბონის ნაცვლად ჯანფრანკო ძოლა ჩართო თამაშში, პარმას შემტევი ნახევარმცველი. იტალიელებს კომბინაციური თამაში უჭირდათ და მწვრთნელმაც ამიტომ უხმო ძოლას, რომელსაც ჟურნალისტები ძირითად შემადგენლობაში ელოდნენ.
22-ე წუთი: ზოიძე კვლავ საიმედო იყო, რავანელის უძლიერესი დარტყმა მოიგერია. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო იტალიელთა ყველაზე სახიფათო შეტევა…
26-ე წუთი: დი მატეომ საჯარიმოში ჩააწოდა, თბილისის დინამოს გოლკიპერი კი დროულად გამოვიდა კარიდან და რავანელის თავიდან ააცალა ბურთი…
29-ე წუთი: იტალიელთა მთავარი ფორვარდი ამჯერად კუდინოვმა შეაჩერა, რავანელი დი მატეოს დაწყებული შეტევის დაგვირგვინებას ცდილობდა…
საწყის ნახევარ საათში საქართველოს ნაკრები ძალიან წვალობდა, განსაკუთრებით შეტევაში, სადაც ერთადერთ თავდამსხმელად გამწესებული გოგრიჭიანი ფაქტიურად უბურთოდ იყო. 31-ე წუთზე ჩივაძემ გოჩა გაიყვანა და მის ნაცვლად რევაზ არველაძე ჩართო თამაშში.
„ცოტა არ იყოს გაუგებარია ის შეცვლა, 31-ე წუთზე ჩივაძემ რომ განახორციელა. მან თავდამსხმელ გოგრიჭიანს ნახევარმცველი რეზო არველაძე ამჯობინა. ამით უთავდამსხმელოდ არ დავრჩენილვართ, რადგან ქეცბაიამ გოგრიჭიანის ადგილას, თავდასხმაში წაინაცვლა, მაგრამ არც ნახევარდაცვა გაძლიერებულა. რა ცოდნა უნდა, არველაძე ქეცბაიაზე არც მეტად მებრძოლია, არც მოძრავი და არც გამოცდილი. რაც შეეხება გოგრიჭიანს, იგი ტყუილად დაასვენეს, რადგან იმაში, სახიფათო მომენტი რომ არ შექმნილა, ყველაზე ნაკლებად თავად იყო დამნაშავე. იმ ოცდაათი წუთის მანძილზე, რაც გოგრიჭიანი მოედანზე იყო, საკმარისად ბევრსაც მოძრაობდა, კიდეც იხსნებოდა, მაგრამ მისი მისამართით პასი არ ჩანდა, რადგან ეს რომ მომხდარიყო, ამისთვის ჩვენებს, სულ ცოტა, ბურთი უნდა სჭეროდათ, ამას კი, როგორც გითხარით, ვერ ახერხებდნენ“, – აღნიშნა ილია ბაბუნაშვილმა თამაშის მიმოხილვაში (სარბიელი; 1996 წლის 10 ოქტომბერი).
35-ე წუთი: ამჯერად რავანელი მოგვევლინა ასისტენტის როლში, მარცხენა ფრთიდან ანტონიო კონტეს ჩაუწოდა ბურთი, ამ უკანასკნელმა კი არაზუსტად დაარტყა. როგორც ჩანს, კონტე შელიას მოძრაობამ დააფრთხო…
მე-40 წუთი: იტალიელთა კაპიტანი პაოლო მალდინი, რომელიც იმ დღეს 73-ედ იცავდა გუნდის ღირსებას, ჩვენ საჯარიმო მოედანში წაიქცა, თუმცა მსაჯს პენალტი ვერ დასტყუა…
42-ე წუთი: ჩვენების პირველი გააზრებული შეტევა. იტალიელთა საჯარიმოს ხაზთან მდგარმა ქინქლაძემ ოსტატურად, ორ მცველს შორის გაუჭრა ბურთი თემურ ქეცბაიას, მისი დარტყმის შემდეგ კი ბურთი ძელს მოხვდა, მასპინძლები გადარჩნენ. ასხლეტილ ბურთზე დამატება ლევან კობიაშვილმა სცადა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
საპასუხო შეტევა კი იტალიელებმა გოლით დაასრულეს: ძოლამ მარცხენა ფლანგზე, აუტიდან მალდინის მიაწოდა ბურთი, კაპიტანმა უკან დაუბრუნა, ჯანფრანკომ კუდინოვს აჯობა და საჯარიმოში ჩააწოდა. შელიამ წამით დააგვიანა ახტომა და რავანელიმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა, თავურით გახსნა ანგარიში, 1:0. იმ მომენტში ისე ჩანდა, თითქოს შელიამ და ზოიძემ შეუთანხმებლად ითამაშეს და უფრო ერთმანეთს შეუშალეს ხელი.
რავანელიმ გაზაფხულზე ჩემპიონთა ლიგა მოიგო ტურინის იუვენტუსის მაისურით, რომში გამართულ ფინალში გოლიც გაუტანა ამსტერდამის აიაქსს, ზაფხულში კი პრემიერლიგას მიაშურა და მიდლსბროში დებიუტი ჰეთ-თრიქით აღნიშნა. ჭაღარაშეპარული ფორვარდი სანაკრებო პაუზას დიდებულ ფორმაში შეხვდა, მაგრამ ზოიძის კარში გატანილი გოლი მისთვის უკანასკნელი, მერვე სანაკრებო ბურთი გამოდგა.
ტაიმის უკანასკნელ წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო კუდინოვმა და ჩივაძემ სასწრაფოდ შეცვალა, დინამოელი გელა ინალიშვილი ჩართო თამაშში. ამასთან დაკავშირებით სარბიელის ჟურნალისტმა აღნიშნა:
„ინალიშვილის კარგი თამაში ყველას გვახსოვს, მაგრამ ბოლო დროს მისი ხილვა აშკარად უკეთესის სურვილის საბაბს იძლევა და ამდენად, მისი გამოჩენა მოულოდნელიც იყო. თუ მეორე ტაიმში ვინმეს გამოყვანა იქნებოდა უპრიანი, სწორედ რომ თავდამსხმელთაგან ერთ-ერთის, ყაველაშვილის ან ჯიშკარიანისა. თამაშის მეორე ნახევარში ჩვენებმა უკანდახეულ იტალიელებს არაერთხელ რომ შეუტიეს, მათ სწორედ თავდამსხმელი აკლდათ. ისეთ მომენტებს, ქეცბაიამ და ნემსაძემ რომ ვერ გამოიყენეს, თავდამსხმელი ხელიდან არ გაუშვებდა“.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები უკეთესად ათამაშდა და ფრანჩესკო ტოლდოც ხშირად ერთვებოდა თამაშში. სამწუხარო ისაა, რომ ვერც ქეცბაიამ, ვერც ნემსაძემ (ერთ მომენტში მან ეფექტურად, ნახტომში, ნახევარბრუნით დაარტყა), ვერც გოგიჩაიშვილმა და ვერც არველაძემ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს – 0:1 და მარცხით დაწყებული ზედიზედ მეორე შესარჩევი ტურნირი. გასათვალისწინებელი იყო ისიც, რომ ალექსანდრე ჩივაძის გუნდი მიჯრით მეოთხედ დამარცხდა და ეს იყო უარესი შედეგი გუნდის ხანმოკლე ისტორიაში.
„შესვენების შემდეგ ფეხბურთელებმა მოახერხეს და თავი ხელში აიყვანეს, დაინახეს, რომ საშიში არაფერი იყო და იტალიასთანაც შეიძლებოდა თამაში. ამას ტაქტიკური ცვლილებებიც დაემატა და ამიტომაც იყო მეორე ტაიმი უკეთესი“, – ასე უპასუხა ჩივაძემ კითხვას, თუ რატომ ითამაშა გუნდმა შესვენებამდე და შემდეგ რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთი.
რაც შეეხება არიგო საკის, მან თქვა: „პირველ ტაიმში შევძელით მათი შევიწროვება, მაგრამ მეორეში აშკარად ვცოდვილობდით. მიუხედავად ამისა, სამი ოქროს ქულა ავიღეთ და ამჟამად ექვსი ქულა გვაქვს, ეს რეალობაა და მთავარი ახლა სწორედ ესაა. წელს ერთადერთხელ დავმარცხდით, ევრო 96-ზე ჩეხეთთან და მაშინ მოედანზე ათი ფეხბურთელი იყო“.
პერუჯაში გამარჯვების და შესარჩევის სტარტზე ორი მოგების მიუხედავად, პრესამ არავინ დაინდო, განსაკუთრებით მთავარი მწვრთნელი:
„ამგვარი უსახური და საცოდავი, უსუსური და უნდილი თამაშის შემდეგ საკის საუკეთესო კომენტარი დუმილი იქნება“ – დაწერა ლა რეპუბლიკამ.
„მშვიდობით საკი! ძალიან ცუდი თამაშის შემდეგ საჭიროა ახალი მთავარი მწვრთნელის მოძებნა“ – კორიერე დელო სპორტი.
„საკი, წადი“! – გუერინ სპორტივო.
„მადლობა რავანელი და მადლობა ტოლდო“ – ეს უკვე გაძეტა დელო სპორტია. ამავე გამოცემამ ასე შეაფასა მატჩის მონაწილეები:
იტალია: ტოლდო – 7; პესოტო – 6; ნესტა – 5,5; ფერარა – 6; მალდინი – 5,5; დი ლივიო – 6; პანუჩი – შეფასების გარეშე; კონტე – 6,5; დინო ბაჯო – 5; დი მატეო – 6; კარბონი – შეფასების გარეშე; ძოლა – 6; კაზირაგი – 5,5; რავანელი – 6,5.
საქართველო: ზოიძე – 6,5; ცხადაძე – 6; ლობჟანიძე – 6; შელია – 6,5; კუდინოვი – 5; ინალიშვილი – 6; კობიაშვილი – 6; ქინქლაძე – 6,5; ქეცბაია – 6,5; ნემსაძე – 6,5; გოგიჩაიშვილი – 5,5; გოგრიჭიანი – 5; რეზო არველაძე – 6.
გუერინ სპორტივოს შეფასებებიც საინტერესოა:
იტალია: ტოლდო – 7; პესოტო – 5,5; ნესტა – 5,5; ფერარა – 6; მალდინი – 5; დი ლივიო – 6; პანუჩი – შეფასების გარეშე; კონტე – 6; დინო ბაჯო – შეფასების გარეშე; დი მატეო – 5; კარბონი – შეფასების გარეშე; ძოლა – 6; კაზირაგი – 5; რავანელი – 6.
საქართველო: ზოიძე – 6,5; ცხადაძე – 6; ლობჟანიძე – 6; შელია – 6,5; კუდინოვი – 6; ინალიშვილი – 6; კობიაშვილი – 6; ქინქლაძე – 6,5; ქეცბაია – 6,5; ნემსაძე – 5,5; გოგიჩაიშვილი – 6,5; გოგრიჭიანი – 5,5; რეზო არველაძე – შეფასების გარეშე.
ლა სტამპას დასკვნა ასეთი იყო:
იტალია: ტოლდო – 8; პესოტო – 6; ნესტა – 5,5; ფერარა – 5,5; მალდინი – 5; დი ლივიო – 6; პანუჩი – შეფასების გარეშე; კონტე – 6,5; დინო ბაჯო – შეფასების გარეშე; დი მატეო – 5,5; კარბონი – შეფასების გარეშე; ძოლა – 5,5; კაზირაგი – 6; რავანელი – 6,5.
საქართველო: ზოიძე – 6; ცხადაძე – 6; ლობჟანიძე – 6; შელია – 6,5; კუდინოვი – 5; ინალიშვილი – 6; კობიაშვილი – 5,5; ქინქლაძე – 6,5; ქეცბაია – 6; ნემსაძე – 6; გოგიჩაიშვილი – 6,5; გოგრიჭიანი – შეფასების გარეშე; რეზო არველაძე – 6…
10 ოქტომბერს გაძეტა დელო სპორტში იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მთავარი კანდიდატის ლუჩანო ნიცოლას (ერთი წლის შემდეგ, 1997 წლის შემოდგომით, თბილისში ჩამოსული იტალიის დელეგაციის ხელმძღვანელი სწორედ ის გახლდათ) ინტერვიუ გამოქვეყნდა. საუბრის მთავარი თემა სკუადრა აძურა და არიგო საკი იყო. ნიცოლამ განაცხადა, რომ მწვრთნელის საკითხი მხოლოდ ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის გადასაწყვეტი იყო:
„არიგო საკიმ მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება და ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნოემბერში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში დაგეგმილ ამხანაგურ მატჩში ის და არავინ სხვა უხელმძღვანელებს გუნდს. იგეგმება თუ არა რაიმე ცვლილება, ამაზე მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გიპასუხებთ“.
იგივე განაცხადა იტალიის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა მარიო პესკანტემ. მანვე მედიას დამშვიდებისკენ მოუწოდა და გულშემატკივრებს სთხოვა, 12 თებერვალს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი თამაში აქვს ინგლისში და იქნებ მწვრთნელებს და ფეხბურთელებს მოსამზადებლად შესაბამისი პირობები შევუქმნათო.
იტალიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩს მხოლოდ 14 012 მაყურებელი დაესწრო, იმავე დღეს ლონდონში გამართულ ინგლისი-პოლონეთის შესარჩევ შეხვედრას კი უემბლი გადაჭედილი შეხვდა – 74 663 ფანი ამხნევებდა გლენ ჰოდლის გუნდს. მიუხედავად იმისა, რომ მარეკ ციტკომ მე-7 წუთზე დააწინაურა სტუმრები, სამი ქულა მაინც მასპინძლებს დარჩათ, ალან შირერმა დუბლი შეასრულა, 2:1.
„დიახ, ფეხბურთი სახლში დაბრუნდა, მაგრამ შინ მხოლოდ შირერი დახვდა“ – ასე გამოეხმაურა პოლონელებთან მოგებას გაზეთი სანი.
„ასეთი თამაშით ჩვენ ვერაფერს გავხდებით მომდევნო თვეს თბილისში“, – წერდა ივნინგ სტანდარდი, დეილი მეილის საფეხბურთო მიმომხილველმა ნილ ჰარმანმა კი დაწერა: „ჰოდლს უამრავი სამუშაო აქვს ხვალიდან 9 ნოემბრამდე, როცა ჩვენმა ნაკრებმა თბილისში უნდა ითამაშოს. სხვისი არ ვიცი და, მე კი უკვე ტანში მაჟრიალებს, როცა წარმოვიდგენ, რა შეიძლება მოხდეს საქართველოს დედაქალაქში“.
ინგლისის ნაკრების სტუმრობამდე, 15 და 29 ოქტომბერს, თბილისის დინამომ ორჯერ ითამაშა უეფას თასის 1/16-ფინალში, პორტუგალიის ბოავიშტას წინააღმდეგ. ჟენევაში გამართული წილისყრის წინ საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბის მესვეურებმა ოთხი შესაძლო მეტოქის შესახებ შეიტყვეს: მოსკოვის სპარტაკი, სტამბოლის ბეშიქთაში, პრაღის სლავია და პორტუს ბოავიშტა. საბოლოოდ დინამოს ეს უკანასკნელი ერგო.
„ჩემი აზრით, დინამოს არ უნდა გაუჭირდეს ბოავიშტის წინააღმდეგობის დაძლევა. საკმაოდ ტექნიკური გუნდია, მაგრამ არც უხეში თამაში ეთაკილებათ. შანსები, ვფიქრობ, თანაბარია“, – ასეთი იყო მიხეილ აშვეთიას კომენატრი. სარბიელის ჟურნალისტი მას მხოლოდ იმიტომ დაუკავშირდა, რომ ქუთაისელი ფორვარდი აპრილში სწორედ ბოავიშტაში იყო გასინჯვაზე.
პორტუგალიური კლუბი თბილისს 13 ოქტომბერს ეწვია. ბოავიშტის სერბ მწვრთნელს ზორან ფილიპოვიჩს უფროს კოლეგასთან ერთად სასტუმრო შერატონ მეტეხში დავხვდი. ის მოკლე კომენტარით შემოიფარგლა, დინამოსა და ქართულ ფეხბურთზე ბევრი არაფერი ვიცი, მხოლოდ ის, რომ დინამომ 80-იანი წლების დასაწყისში თასების მფლობელთა თასი მოიგოო. ბოლოს დასძინა, რომ წყვილში ფავორიტად თავის კლუბი მიაჩნდა. წლების შემდეგ ის კიდევ ერთხელ ვნახე თბილისში: 2009 წლის აპრილში, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს დაუპირისპირდა. ამ უკანასკნელთ სწორედ ფილიპოვიჩი ხელმძღვანელობდა.
ფილიპოვიჩის მოლოდინი გამართლდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამართული პირველი მეთექვსმეტედფინალი დინამომ მოიგო, კახი გოგიჩაიშვილმა გაიტანა პენალტი, ორი მატჩის ჯამში პორტუელებმა გაიმარჯვეს, 5:1. 29 ოქტომბერს, პორტუში, დუ ბესაზე დავით ყიფიანის გუნდი 0:5 განადგურდა. ევროთასებზე ასპარეზობის ისტორიაში დინამო ყველაზე დიდი სხვაობით დამარცხდა. მაშინდელ კოშმარში თავის წვლილი შეიტანა პორტუელთა ნიდერლანდელმა ცენტრფორვარდმა ჯიმი ფლოიდ ჰასელბეინკმა, რომელმაც დუბლი შეასრულა. სეზონის დასრულების შემდეგ ჯიმიმ ლიდს იუნაიტედს მიაშურა და მეორე სეზონში პრემიერლიგის თანაბომბარდირიც გახდა ლივერპულელ მაიკლ ოუენთან და მანჩესტერ იუნაიტედის ტრინიდადელ ცენტრფორვარდ დუაიტ იორკთან ერთად.
ბოავიშტასთან დინამოს განადგურების შემდეგ, რვა დღეში, თბილისს ინგლისის ნაკრები ეწვია. სწორედ ამ მატჩით დასრულდა ალექსანდრე ჩივაძის პირველი მოღვაწეობა ეროვნულ გუნდში.
ჩემთვის კი ეს იყო პირველი სანაკრებო თამაში, რომელსაც ჟურნალისტის აკრედიტაციით დავესწარი. საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას 1996 წლის გაზაფხულზე შევუერთდი რიგით წევრად, ინგლისელებთან მატჩის წინ კი, როგორც გაზეთ თბილისის დინამოს კორესპონდენტმა, სსჟა-ს მაშინდელ პრეზიდენტს ელგუჯა ბერიშვილს აკრედიტაციის თხოვნით მივმართე, იმხანად ფეხბურთის ფედერაციას სწორედ ის ეხმარებოდა ჟურნალისტებთან ურთიერთობაში.
თამაშამდე ორი დღით ადრე ასოციაციის ოფისში დამიბარეს, რომელიც მაშინ რუსთაველის პროსპექტზე, გამომცემლობა მერანის მეოთხე სართულზე მდებარეობდა. იქ მისულს მოკლე რიგი დამხვდა, მალე კი კაბინეტის კარი შევაღე და სსჟა-ს პრეზიდენტის და ფეხბურთის ფედერაციის მაშინდელი გენერალური მდივნის, დავით კვინიკაძის ხელმოწერილი თეთრ-მწვანე აკრედიტაციაც მივიღე.
იმ დროს უმუშევარი მერქვა: სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ოფისში მისვლამდე რამდენიმე დღით ადრე შემატყობინეს, რომ თბილისის დინამომ საკლუბო ისტორიაში პირველი გაზეთის გამოცემა შეწყვიტა…
* * *
9 ოქტომბერი, 1996. მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი, II ჯგუფი. იტალია, პერუჯა, რენატო კური. 14 012
იტალია 1:0 საქართველო
გოლი: 1:0 ფაბრიციო რავანელი (43)
იტალია: ფრანჩესკო ტოლდო, ჯანლუკა პესოტო, ალესანდრო ნესტა, ჩირო ფერარა, პაოლო მალდინი (კაპ), ანჯელო დი ლივიო (კრისტიან პანუჩი 82), ანტონიო კონტე (დინო ბაჯო 60), რობერტო დი მატეო, ამადეო კარბონი (ჯანფრანკო ძოლა 17), პიერლუიჯი კაზირაგი, ფაბრიციო რავანელი
მწვრთნელი: არიგო საკი
საქართველო: ირაკლი ზოიძე, ნუგზარ ლობჟანიძე, კახი ცხადაძე (კაპ), მურთაზ შელია, დიმიტრი კუდინოვი (გელა ინალიშვილი 46), კახი გოგიჩაიშვილი, გიორგი ნემსაძე, ლევან კობიაშვილი, თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, გოჩა გოგრიჭიანი (რევაზ არველაძე 31)
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გაფრთხილება: დიმიტრი კუდინოვი
მსაჯები: ერიკ ბლარო; ლიოპოლდ დრიესენი, მიშელ გუტალსი (ბელგია)
ლაშა გოდუაძე
2025 წლის 20 ნოემბერი
ფოტო: თამაშის ბილეთი
* – 2025 წლის 20 ნოემბერს წერილი გამოქვეყნდა Leadersport.ge-ზე
